ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მიმოწერა კოშკასთან

I. დროის მანქანა 

კოშკა,

ღამე მშვიდობის, როგორ ხარ? იმედია, დღემ კარგად ჩაიარა.

შენი არ ვიცი და მე ცოტათი მძიმე დღე მქონდა – შვიდიათას მესამედ დავანებე სიგარეტს თავი, ვიყიდე ელ. სიგარეტი, რომლის გემოც არ მომწონს საშინლად, მაგრამ წარმოვიდგენ, ვითომ მომწონს და ზოგჯერ ცოტათი ჭრის. ამას იმიტომ გწერ, სათქმელი რომ შემოგაპარო და შენც რამე წარმოგადგენინო. მაგალითად, წარმოიდგინე მომავლის საქართველო. ისეთი მომავლის, რომელშიც ან იარსებებს რეალურად ჩვენი ქვეყანა, ან არა, მაგრამ წარმოდგენას წინ რა უდგას. ჰოდა, წარმოიდგინე, რომ ამ საქართველოში შენ ხარ უკანასკნელი მწერალი. არავინ არ წერს სხვა. ოფიციალურად წერა კარგა სამასიოდე წლის წინ დამთავრებულა და მთავრობას გამოუცხადებია საჯაროდ, რომ სათქმელი ამოწურულია და აღარაფერია საწერი. ამ ცვლილებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ძველი მწერლების დევნა დაუწყიათ და საბოლოოდ გაუნადგურებიათ ისინი. ერთი ლაშა ბუღაძე და შენ გადარჩენილხართ მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას. ლაშა სიმღერას გადაურჩენია და საოპერო ხელოვნების კრიტიკოსად გაუვლია პერეკვალიფიკაცია. შენ კი გაჯიუტებულხარ და სადღაც ბუნკერში იმალებოდი თურმე, რამდენიმე ასეული წლის მერე გამოძვერი. მეხსიერება გაქვს, ჯანმრთელობა გაქვს, სუნთქავ, საჭმელს ინელებ, ერექციასაც არ უჩივი, სავარაუდოდ, და მოკლედ, სიკვდილის დროც ჯერ არ მოსულა – იმ მომავალში ადამიანები თითქმის უკვდავები არიან, თუ ძალით არ მოკლა ვინმემ.

ჰოდა, მაინტერესებს შენგან, როგორ მოიქცეოდი – ერთ მხარეს არის სათქმელ/საწერი, რომელიც სამასი წელიწადია გიგროვდება და გიგროვდება და გინდა ამოხეთქო საჯაროდ. მეორე მხარეს – უზრუნველი, ჩვეულებრივი უკვდავება მთელი თავისი ბენეფიტებით. მესამე მხარეს კი, ბუნკერის რეალობა, რაც უკვე მაგრად მოგბეზრდა. ზომბები არ არიან და არაფერი. ჰოდა, რომელს აირჩევდი? და ოდესმე თუ დამდგარხარ მიახლოებული არჩევანის წინაშე რეალურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი დევნილი მწერალი არ ხარ აქ და ახლა იმიტომ, რომ დევნილი და მწერალი მარტო ზურა ვიცი მე რთველიაშვილი, ოღონდ როგორ მოახერხა ეს – წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეგ ცალკე საუბრის თემაა ან საერთოდ არაა თემა.

ჯაბა

ღამე მშვიდობისა,

დღეს არა უშავდა, ისე ჩაიარა, როგორც ღამეს უნდა ჩაევლო, რაღაცას ვწერდი და ჩამეძინა, თანაც სახლში კი არა, ოფისში. რო გამეღვიძა, ჩემ გარშემო ხალხი იჯდა და ლუდს სვამდა, როგორ შეგიძლია პუფზე გეძინოსო და ვერაფერი ვუპასუხე.

საერთოდ „ჩაძინებები“ არ მახასიათებს, თუ საწოლზე არ ვწევარ, ვერ ვიძინებ. მეზიზღებიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ტრანსპორტში დაიძინონ, იმიტომ რომ ეგ ჩემი ოცნებაა და სხვები იხდენენ.

მაგის მერე წამოვედი სახლში და დავწექი და საცაა კიმარის ღმერთი შემომიძვრებოდა, რომ დამირეკეს – გამო დასალევადო, ვახ, მეთქი, როდისღა დავიძინო ეს დედამოტყნული, გავიფიქრე, მარა მაინც ავდექი და წავედი, ღამის პირველი იყო მაგ დროს.

ბუნკერში ცხოვრება სამასი წელი, თანაც მარტო სამეცნიერო ფანტასტიკისთვისაც ზედმეტად არარეალისტურია. სადღაც წავიკითხე, რომ თუ ადამიანს ვინმე სხვა ადამიანი არ შეეხება ხუთი წლის განმავლობაში, ის მოკვდება. არ ვიცი, რამდენად მართალია. ამ სიტუაციაში ცოტა მიჭირს ჩემი თავის ჩაყენება, ეგ ადამიანი შთაგონებული და პოტენციური გმირია, რომელსაც თავი გადადებული აქვს წიგნის და მომავალი კაცობრიობის სასარგებლოდ, რაც მე საერთოდ არ მგავს, თითქმის არასდროს ვარ შეპყრობილი. თუმცა შანსი არსებობს, მასეთად ვიქცე, თუ ამ საქმეს რაღაც სექს-ფეტიშის მაგვარად ვაქცევ. სექს-ფეტიში ისაა, რასაც ვერავინ ვერასდროს გაუწევს წინააღმდეგობას ან თუ გაუწევს, საბოლოო ჯამში, დამარცხდება. ჰოდა, ვთქვათ, მე სრული სიგიჟე მჭირს წერაზე და იმაზე, რომ ადამიანებს „სათქმელი“ გადავცე, ასეთ შემთხვევაში ალბათ სქემას მოვიფიქრებდი, პირველ რიგში, მაგალითად, როგორ გავხადოთ კვლავ წერა ლეგალური. ნუ,, მაგალითად ერთი სქემა იქნებოდა, რომ რამდენიმე მაღალჩინოსან ხელისუფალს ჩავუდებდი (ოღონდ ჯერ არ ვიცი როგორ) უკანონო ტექსტობრივ ნამუშევარს და გამოვუქვეყნებდი, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას, როგორ ფლობენ ისინი მხატვრულ ტექსტებს, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება და ჩვენთვის, გლეხი ხალხისთვის არავინ არ არი. ეს ჩვენში არსებული პოლიტტექნოლოგიებია საზოგადოების გაღიზიანებისა, რაღაც თემაზე, რომელიც არ ვიცი რამდენად არამოძველებული და დროის ავთენტურია, მარა ხუი სნიმ. ზუსტად ვიცი, რო ინ რიალ ლაიფ, ჩემგან არ დადგება პოლიტიკური ექსპერტი და ტენდენციების ანალიტიკოსი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ.

ადრე მქონდა ასეთი არჩევანი, ლიტერატურა თუ მუსიკა, და ლიტერატურა ავირჩიე, რეალურად ბევრი არ მიფიქრია. ძალიან სენსიტიური ვარ ეგეთ რამეებში და არ მინდა იმ სფეროში მოღვაწეობა, სადაც უმეტესად განდონი უვიცები რულავენ პონტს. ლიტერატურაში ბევრად უკეთესი ხალხი მოღვაწეობდა, – ასე მომეჩვენა მაშინ და დღემდე ვფიქრობ, რომ არ შევცდი, – ამიტომაც ავირჩიე. ჯერ ჩემი სიცოცხლე არავის დაუყენებია საფრთხის ქვეშ, მხოლოდ ჯანმრთელობას აყენებდნენ ხოლმე, თუ რამდენიმე მუქარას არ ჩავთვლით. მშიშარა არ ვარ, ასე მგონია, დიდი ბნელი ტალპის მეც შემეშინდება ალბათ, რო რამე, მარა, მაინც...

მგონი სულ ეგაა, რაც მომინდა მომეწერა. აბა, ჰე.

პ. ს. ისე, რა მაგარი ყოფილხარ, ამდენჯერ რო დაანებე მოწევას, მე ერთხელ ძლივს დავანებე და მას მერე არ მომიწევია :დდდდ

 

II. ბრბო

ჰმ, მუქარა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი? თუ საიდუმლო არ არის, რითი და რატომ დაგმუქრებიან? ლიტ. საქმიანობის თუ რამე სხვა თემების გამო?

მე არასდროს არავინ დამმუქრებია და უცხოა ჩემთვის ეს შეგრძნება. როგორი ტიპები იყვნენ, ვინც გემუქრებოდნენ? ოღონდ მუქარაში მოდი ის არ ჩავთვალოთ, რა, 13 წლის მუწუკებიანი ბავშვები რომ „იუთუბის“ ვიდეოების ქვეშ ყველას და ყველაფერს აგინებენ. სერიოზულ მუქარას ვგულისხმობ, ტეტ-ა-ტეტ ნათქვამს თუნდაც. ყოფილა მასეთი შემთხვევა? როგორ გამომძვრალხარ?

მე ჩემი ბავშვობა და თინეიჯერობა 90-იან წლებში გავატარე, დღე არ გადიოდა, ტეტ-ა-ტეტ მუქარა და ფიზიკური ჩხუბი არ მქონოდა ვინმესთან. სხვანაირად არსებობა წარმოუდგენელი იყო. არადა, არ ვიყავი ჩხუბისთავი, არასდროს. იმ მუქარაში ლიტერატურის გამო დამუქრება ვიგულისხმე, დეისაძის საიდუმლო სირობა ახალი გამოსული იყო და გემახსოვრება რაც ტრიალებდა ხალხში. ქალაქში ფუნდამენტალისტი ყლეები დარბოდნენ და ეკოს მოკვლა უნდოდათ, სცემდნენ ყველას, ვინც სადმე ეკოს პოზიციას იცავდა. მე ჩემს უბანში დამხვდნენ. მაშინ წიგნის მაღაზიაში ვმუშაობდი და დილით მივდიოდი სამსახურში, როცა ორი წვეროსანი მომიახლოვდა და დამემუქრა მოკვლით და ათასი ყლეობით, ქრისტიანობის და ქართველობის მტრობის გამო. სიგიჟე იყო. ვერ ვიჯერებდი, რო ასე განაგლდნენ. იდეაში იქვე აპირებდნენ ჩემს ცემას, მარა საბოლოოდ ჩემი უბნის ბიჭები მოგროვდნენ ჩემ გარშემო და სიტუაცია ჩვეულებრივ ქუჩის ბაზარში გადაიზარდა, რის შემდეგაც ის ორი ყლე სახლში გააბრუნეს. ერთხელ კიდევ ბლოგი დავწერე ნეტგაზეთზე, იმის შესახებ, თუ როგორ გაყარეს 90-იანი წლების დასაწყისში ქართველებმა ეთნიკურად ოსი ოჯახები საქართველოდან. ამას მოჰყვა მუქარების სერია, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო წვინტლიანი თინეიჯერობა, ეს „ქართველი ვაშკაცების“ ბრბო იყო, რომელიც შემოტეხვას ლამობდა... რო გითხრა, რამის შემშინებია-მეთქი, ნაკლებად. არ ვიცი რატო. არადა, მართლა საშიშია ეგზალტირებული მასა, ყველაფერზე წამსვლელია. შეუძლიათ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ხოცონ და საკუთარი ქალაქები ანადგურონ.

ამ თემის განვრცობა მინდა ცოტათი.

პერიოდულად, წელიწადში ერთხელ ან უფრო ხანგრძლივი ინტერვალებით წამოუვლის ხოლმე საზოგადოებას ნაციონალისტური მუხტი და დგება ქართველობის სადარაჯოზე. ბოლოს აგერ მარში გვახსოვს.

შენი აზრით, არის თუ არა რეალურად პოტენცია ჩვენს საზოგადოებაში სრულფასოვანი ნაცისტური ორგანიზაციების ჩამოსაყალიბებლად? მე მგონია, რომ არა. მაინც ჰედონისტები ვართ ბუნებით, კარგი ჭამა, კარგი სმა და კარგი გართობა ყველაფერს გვირჩევნია. ნაცისტური მოძრაობა კი ზედმეტ სერიოზულობას მოითხოვს და აუტკივარი თავის ატკივებას. ერთი-ორჯერ წამოვიყვირებთ რამეს სოციალური პრობლემებით გატანჯულები და მერე ვჩერდებით. მგონია, რომ აქ ის კატასტროფა ვერასდროს დატრიალდება, რასაც ნაციზმის ბოლომდე გაფურჩქვნა ეწოდება, რადიკალიზმი გვაკლია საამისოდ, რაც ძალიან კარგია. შენი აზრი მაინტერესებს, გგონია, ოდესმე ისე დავბნელდებით, რომ სხვადასხვა უმცირესობის მიმართ ღია ფიზიკურ აგრესიას, ტოტალურ აგრესიას დავიწყებთ ქუჩებში და სახელმწიფო ამას ვერ გააკონტროლებს?

აბსოლუტურად გეთანხმები.

ეს ხალხი არაფერშია გულწრფელი, მათ შორის, არც ამ სიძულვილში. გოგი გვახარიას ეწერა, მგონი, ადრე ძალიან მაგარი სტატუსი: პატრიარქმა ქმრისთვის ფეხების დაბანისკენ რომ მოუწოდა ქალებს, ვინმემ დაუჯერაო? რა თქმა უნდა – არა. სისულელეა და ყალბია ეგ პატრიარქის სიყვარულიც და თურქების სიძულვილიც. სრული სისულელე. ძალიან მეცოდება ეს ქვეყანა, არავის უყვარს, არც იმ „პატრიოტებს“ და არც „აზზემოსულ სვეცკებს“, რომლებიც პირველივე დისკომფორტის შემთხვევაში გარბიან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად.

საქართველოში სულ ოდნავ უნდა მოიმატოს ცხოვრების დონემ და ყველაფერი სწორი გზით დაიწყებს სვლას. დარწმუნებული ვარ ამაში.

 

III. პატრიოტიზმი

შენ გიყვარს ეს ქვეყანა? რატომ?

ჰოლივუდმა რომ მიგიწვიოს ჰორორ ფილმების სცენარისტად, კარგი ანაზღაურებით და ამბებით, ოღონდ პირობა რომ იყოს სამუდამოდ დარჩენა, წახვიდოდი დაუფიქრებლად? ოღონდ მოდი ასე ვთქვათ – დავუშვათ, ისეთ დროს მიგიწვია, როცა აქ არც შენ, არც შენს ოჯახს არ უჭირს მატერიალურად და პრინციპში აქაც კარგად ხარ.

ახლა გამახსენდა, ადრე მქონდა ეგეთი ფრაზა: „ახლა სამშობლოს სიყვარული არის მხოლოდ ნეკროფილია...“ ერთხელ ბიბლიოთეკაში, რაღაც ივენთზე ვიყვირე ეს ფრაზა, დიიდი პოეზიის საღამო იყო და ყველა გამოდიოდა, ვინც კი წერდა მგონი. მახსოვს ხალხის სახეები, დიდი სიამოვნებით მომკლავდნენ ალბათ. მერე ვფიქრობდი, მართლა ნეკროფილიას გავდა საქართველოს სიყვარული, ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოდ ვერ შედგა, რომელიც დღემდე კონკრეტული ადამიანების სიამოვნებას ემსახურება და შეუძლია ამას შესწიროს თაობები. ძალიან მეცოდებიან ადამიანები, ვფიქრობ ხოლმე, მაინც გენიალური ხალხი ვართ, ეს გატაქსისტებული ყოფილი პროფესორები და ა.შ. რო არ გამოდიან და მასობრივ მკვლელობებს არ აწყობენ ქუჩებში. ერთი ცხოვრება რომ გაქვს, რომელიც ვერ იცხოვრე ვიღაცების გამო, ეგ უფრო დიდი ტრაგედიაა ალბათ, ვიდრე ომში სიკვდილი ან რამე მსგავსი. ამას ყოველთვის ძალიან ცუდ დროს აცნობიერებ და მაგ დროს ალბათ ყველაფერზე ხარ წამსვლელი.

ვფიქრობ ხშირად მაგაზე. ზუსტად ვიცი, რომ მიყვარს ეს ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად. საქმე სხვა რამეშია. მეც მაქვს პოსტსოვიეტიკუსის ნიშნები. ზოგჯერ ვერ ვაცნობიერებ სამოქალაქო აქტივიზმის როლს, ვერ ვაცნობიერებ ბოლომდე, რომ ყოველთვის აქვს აზრი ხმაურს და ზოგჯერ შეიძლება ინდიფერენტულიც ვხდები ყველაფრის მიმართ. ეს ჩვენი წყევლაა და მთავარი გამოწვევა. მომავალი თაობები ამას მარტივად დაძლევენ, მჯერა.

IV. დღეების გაცვლა

ზოგჯერ მიკვირს ხოლმე. აი, რამდენიმე წლის წინ უფრო აქტიური ვიყავი სოციალურად. ძალიან ვღიზიანდებოდი იმით, რაც ირგვლივ ხდებოდა, ყველაზე მეტად კი, ტოტალური პროპაგანდით, აგრესიული და ყოვლისმომცველი პროპაგანდით. ახლა ასე არ ვარ. რაღაცნაირად აღარ ვრეაგირებ მწვავედ მიმდინარე კვერცხობებზე, რაც ირგვლივ ხდება საკმაოდ დიდი დოზებით. არ ვიცი, რატომ დამემართა, ასაკის მატებასთან არის კავშირში თუ რასთან, მაგრამ თითქოს ყველაფერი მკიდია, ნუ, ბევრი რამე ყოველ შემთხვევაში და ზოგჯერ ეს განცდა მაგრად მძაბავს. შენც იმავენაირად ყოფილხარ, აგერ მეუბნები. რაღაც საერთო კანონზომიერებასთან უნდა გვქონდეს მგონი საქმე.

ახლა ეს ყველაფერი იქით იყოს და მინდა ჩვენი მიმოწერის ბოლოსკენ ჩვენი დღეები გავცვალოთ. ავიღოთ, მაგალითად, გუშინდელი დღე. ვუალა (ვეცდები გავიხსენო მაქსიმალურად ზუსტად):

09:30-ზე გამეღვიძა, მაგრამ 11:00-ზე ვაპირებდი გაღვიძებას იმიტომ, რომ წინა დღეს სიცხე მქონდა და სამსახურში გვიან მისვლას ვგეგმავდი. თუმცა მერეღა გამახსენდა, რომ ორი პაციენტი მყავდა დაბარებული, ოფიციალურ ვიზიტზე არა, მაგრამ უნდა დამეკვალიანებინა და რეგიონიდან ჩამოდიოდნენ ამისთვის. ჰოდა, მივხვდი, რომ სახლში დარჩენა არ გამოდიოდა და დავიწყე სახლიდან გასვლის რუტინული პროცედურა – აბაზანა, ყავა, სიგარეტი (ელექტრო რამდენიმე დღე ისევ გვერდით გადავდე : )))).

კლინიკაში ყველაფერი წესრიგში იყო. არაფერი გაუთვალისწინებელი არ მომხდარა.

საღამოს წერა მინდოდა, რაღაც მაქვს დაწყებული (ბევრი რაღაც, პრინციპში) და მეთქი, რომელიმეს გავაგრძელებ, მაგრამ ჩემი ფეხები – ჯერ იყო და პანაშვიდზე მომიწია წასვლა, მერე კიდევ სტუმრად და როცა სახლში დავბრუნდი, წერის მუღამი აღარ მქონდა უკვე. ხოლო როცა წერის მუღამი არ გაქვს, მაქსიმუმ პრეფერანსი ითამაშო. ვითამაშე ონლაინ, ვიღაც ბანძ რუსებთან წავაგე და ასე უნაყოფოდ დავასრულე დღე. მოკლედ, ჩემი ერთი რენდომ დღე დიდი ვერაფერი გამოდგა და შენი მაინტერესებს როგორი იყო.

არც ჩემი დღე იყო დიდად გამორჩეული, აგვისტო თბილისში ძალიან მოსაწყენია, ერთი დადებითი ისა აქვს ამას, რომ „მარშრუტკები“ ცარიელია და ვიღაცის იღლიაში არ გიდევს ცხვირი მგზავრობის პროცესში და არც არავის უდევს რამე შენს იღლიაში. სამსახურში ვერ წავედი, მოწამლულივით ვიყავი. ტუალეტში დავრბოდი წუთში ერთხელ. მერე მაინც მომიწია გასვლა, საქმეზე. გავედი და რაღაცის თრითმენთი ვწერე. სადღაც თერთმეტისკენ ბიჭები ვნახე, ნავერა და ალექსა, ლუდის დასალევად წავედით, სადაც შენც შეგხვდი. იქვე, მაგიდის ფეხბურთი ვითამაშეთ. მე და ალექსამ ნავერა და გაგარინი დავანგრიეთ, ოცით სამი მოვუგეთ თუ რაღაც ეგეთი. მერე მე დავანგრიე ცალკე ნავერა და ბარიდან გამოვედით. გზადაგზა სარაჰაჰზე ერთ გოგოს ვაინტრიგებდი, ვხედავდი, იმაზე ფიქრით დაიწყო ცხოვრება, თუ ვინ წერდა იმას, რასაც მე ვწერდი. ქმარი ყავს და ვოლზე კომენტარებში დაწერა ჩემი მისამართით, შეხვედრა გამორიცხეო. მარა თან მთხოვს გამოჩნდიო, არ ვიცი, რა უნდა ვქნა. თავისუფლების მოედანზე ჩავედი, ჩემი მეგობრის ცოლმა გამომიარა და ჰორუმზე წამიყვანა. მანქანაში ძალიან ლამაზი გოგო ეჯდა, ბავშვობის მეგობარი, ისიც ჩვენთან ერთად იყო ჰორუმზე. რამდენჯერმე შევხედე, გავუცინე, იმანაც გამიღიმა, რაღაც ვუთხარი კიდეც, არ მახსოვს რა. თუმცა დიდ ყურადღებას არ იჩენდა და მე კიდე დიდი ხანია მიჭირს ნაბიჯების გადადგმა, როცა ვინმე მომწონს. მით უმეტეს კლუბში, მგონია, რო ადამიანი საცეკვაოდ მოვიდა და შენ კიდე ტვინს უტყნავ. არადა, ალბათ ვიღაც ახალი ნაცნობის შესაძენადაც დადის, რატომაც არა. მერე აღმოჩნდა, რომ უკვე ყავს ვიღაც იმ გოგოს. დილით გამოვედით და უზარმაზარი ბურგერი ვჭამეთ. სახლში მოვედი და დავიძინე. სიზმარში ვიღაც გოგო მოვიდა და მითხრა, შენ წინ ვცეკვავდი და რატო ვერ შემამჩნიეო. მოკლედ, ასე ფოკუსირებულიც არ ვარ ცნობიერად ქალებზე, როგორც ამ წერილით ჩანს, უბრალოდ, დეკემბერის მერე, რაც გოგოს დავშორდი, საკმაოდ იშვიათად მაქვს სექსი, არც კი მცალია პრინციპში. ეს ალბათ ილექება და კონკრეტულ მომენტებში ვლინდება ჩემს ქცევაში. არც ისე ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზია, მაგრამ საკმაოდ ახლოს მგონია რეალობასთან.

კოშკა,

დიდი მადლობა მიმოწერისთვის.

წარმატებები ყველა ფრონტზე

ჯაბა

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა