
მოდი და ნუ გაგაჟრიალებს
12.05.2016ავტორი: გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი
არ არსებობს დედამიწაზე მეორე ქვეყანა, სადაც ბიუჯეტიდან იმდენი ფული იხარჯებოდეს შარდის ანალიზზე, რამდენიც ჩვენთან.
არანებაყოფლობითი ნარკოტესტირება საქართველოში 2006 წელს დამკვიდრდა, 2013 წელს კი იძულებით შარდის ანალიზი ყველაზე მეტ – 60 000 ადამიანს ჩაუტარდა, მათ 70%-ს ნარკოტიკული ნივთიერება ვერ აღმოუჩინეს.
თავის ბოლო რეკომენდაციებში ევროკომისია პოლიციის დაუგეგმავ ნარკოტესტირების პროცესში სასამართლოს როლის გაძლიერებას გვირჩევს და სწორედ ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი. მისი დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს ნებართვის გარეშე პოლიცია ნარკოტესტირებას ვერავის აიძულებს.
კანონპროექტს შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელდახელო ბრძანებით უპასუხა, რომელშიც იგი, ერთი შეხედვით, ცდილობს ე.წ. გონივრული ეჭვი გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს. თუმცა ლოგიკურ ბრძანებას პროცედურული შავი ხვრელი ასრულებს და ამით ლოგიკურ დასაწყისს აზრს უკარგავს.
„ამასობაში კი“ – როგორც დავით უსუფაშვილი იტყოდა, ქუჩაში კვლავ გრძელდება ღირსებისშემლახავი, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და, შესაბამისად, ნადირობა ნარკოტიკების შემცველი შარდის მოსაპოვებლად.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა, 56 წლის ქუთაისელი ტაქსის მძღოლის, ლევან აბზიანიძის ისტორიას აღწერს. ტესტირების ჩასატარებლად პოლიციელებმა ის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაიყვანეს და წნევიანს 3 აბი შარდმდენი პრეპარატის დალევა აიძულეს. სახლში დაბრუნებული ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა, შარდში მას ნარკოტიკების კვალი არ აღმოაჩნდა.
მაშინ სად იყავი, თქვენს დროს რომ ეგეთი ამბები ხდებოდა?! – იშვიათად, მაგრამ მაინც მესმის ხოლმე ეს კითხვა.
ახლა სად ვართ?! – მინდა კითხვითვე ვუპასუხო ხოლმე.
მაშინაც და ახლაც კონკრეტული პოზიცია მქონდა და იმედი მაქვს, მალე გაირკვევა დღეს სად ვართ.
ბოლო წლებში, საზოგადოება აქტიურად მსჯელობს ამ პრობლემაზე, ცალკეული ჯგუფები აქციებს მართავენ, ვუყურებთ სატელევიზიო დებატებსა და საინფორმაციო ლექციებს. გააქტიურდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საჯაროდ განიხილება ეს საკითხი.
თემას ტაბუ ეხსნება, პროტესტი მატულობს.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვიდეორგოლი ვნახე, სახელწოდებით – „მოფსმაზე გვაჟრიალებს“.
მოდი და ნუ გაგაჟრიალებს!