მოგზაურობა ოკაცეს კანიონზე
22.06.2019მანძილი თბილისიდან: 230 კმ.
მგზავრობის დრო: 3 სთ. 45 წთ.
ბილეთის ფასი: 5 ლ. (მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის: 3 ლ.).
ბოლო საზოგადოებრივი ტუალეტი: კანიონის ბილიკთან.
* * აუცილებლად! ვიზიტორთა ცენტრში ინიშნავ რომელიმე რეინჯერის ნომერს.
* * მიჰყვები მდინარის ხეობას და ლომინის ტბასაც ნახავ.
ზარმაცებისთვის: ტაქსი კანიონამდე და უკან 25 ლ.
ენერგიული მოგზაურებისთვის: კანიონამდე სულ 2 კმ-ია და ფეხით გავლაც შეიძლება.
აქ შეგიძლია გამოსცადო, რას ნიშნავს თავისუფალი ვარდნა; დაიკარგო ნისლის სქელ ფენაში ციდან დაშვებულ საცალფეხო ბილიკზე; ან მდინარის ფსკერზე, ცამდე აჭრილი კლდეების დერეფანში, სადაც ძლივს აღწევს მზის სხივი, შეეხო საუკუნეების განმავლობაში უცვლელ ფაქტურას. აქ, ამ სიღრმეზე, სულ მარტო რჩები სამყაროსთან.
ყველაზე ახლოს ვიზიტორთა ცენტრთან, 250 მეტრში დადიანების საზაფხულო რეზიდენციაა. სვეტებისა და თაღებისგან, დარბაზებისა და სალონებისგან ნანგრევებია შემორჩენილი. მხოლოდ დაახლოებით მიხვდებით, როგორი იქნებოდა მე-19 საუკუნის ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორებისა და მებაღეების – ბაბინისა და ძამბერლეტის გაშენებული ბაღი.
დადიანების სასახლის შემდეგ, კლდეზე გადაკიდული აივნის სანახავად მიდიხარ. აივანთან ორკილომეტრიანი ფილაქნიანი (აღმართ-დაღმართიანი და კიბეებიანი) ბილიკი მიდის. ქვევით გაშლილი ხეობის სიღრმე ხან 100, ხან კი 750 მეტრია.
ყოჩაღი მოგზაურისთვის სანახაობა ამით არ მთავრდება – ვიზიტორთა ცენტრში ბრუნდება და კანიონის ძირამდე ტყეში სახელდახელოდ მოწყობილი ბილიკით ჩადის. არავითარი ინფრასტრუქტურა, ფილაქნები და კიბე – ეს უკვე ველური ტყეა, რომელიც ჩაგიყვანს იმ ადგილზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზევიდან გადაჰყურებდი და ტკბებოდი.
დაღლილი, მაგრამ ჭეშმარიტი მოგზაური ამის შემდეგ ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარე ასხის ქარაფიდან გამოფრქვეული, სამდონიანი ჩანჩქერის სანახავად წავა. ეს არის სათავე. ჩანჩქერების კასკადი შემდეგ ტბაში ეშვება, იქიდან კი წყალი კანიონის ფსკერზე მდინარედ მიედინება. ჩანჩქერის საფეხურების სიმაღლე ასეთია: პირველი – 25, მეორე – 70, მესამე – 35 მეტრი.
ვათევთ ღამეს:
- საკუთარ კარავში;
- საოჯახო სასტუმროში კანიონთან ახლოს ან წყალტუბოში (40-50 ლ.);
- „წყალტუბო პლაზაში“ (ორადგილიანი ნომერი – 130-200 ლ.).
გასტრონომიული რუკა:
- პიკნიკი ბუნებაში
- რესტორანი „სტალაქტიდა“, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვილიშორში (პრომეთეს მღვიმესთან) ნამდვილ იმერულ ღუმელში უსწრაფესად მომზადებული უგემრიელესი იმერული კერძები. წყალტუბოდან მანქანით 5-6 წუთი.
- ქუთაისის ზემოთ (მოწამეთისკენ), სოფელ სორმონში საოჯახო რესტორანი, სადაც მხოლოდ იმერული ყველით შეგიძლიათ ისადილოთ და აუცილებლად გასინჯოთ ბჟიტი მაყვლით.