ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მოკლე მოთხრობა ლევანზე | გიორგი ხასაია და ვაკო ნაცვლიშვილი

ფრაგმენტი გიორგი ხასაიას და ვაკო ნაცვლიშვილის წიგნიდან „მარტო პური

 

ლევანის ბაბუა საწირიდან ტყიბულში მეორე მსოფლიო ომამდე ჩამოვიდა, როცა აქ მუშების დიდი დენადობა იყო. ომის დროს მეშახტეობა მეომრობას გაუთანაბრდა _ სსრკ-ს ნახშირი ჭირდებოდა, ნახშირს კი _ ამომღები. ომის შემდეგ ბაბუამ ბინა მიიღო, შვილი სკოლაში გაუშვა, ცხოვრება როგორღაც აეწყო. მეშახტე გახდა ლევანის მამაც _ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ტყვარჩელში გაანაწილეს. რამდენიმე წელიწადში მშობლიურ ტყიბულში დაბრუნდა და შახტში ჩავიდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნახშირის წარმოება თითქმის გაჩერდა. ტყიბულელი კაცები და ქალები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ ოჯახების სარჩენად.

2006 წელს, ბეჟუაშვილის კომპანიამ საბადოს დამუშავების ლიცენზია მიიღო. ძველ მეშახტეებთან ერთად ახალგაზრდა ტყიბულელებიც ჩავიდნენ შახტში. თბილისში მშენებლობაზე დასაქმებული ლევანიც ტყიბულში დაბრუნდა და პროფესიულ სასწავლებელში სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მათ რიგებს შეუერთდა.

მაშ ასე: ლევანი თავის სამუშაო ძალას ყიდის კომპანიაზე, რომელიც ტყიბულში ნახშირს მოიპოვებს და ყიდის მას ფაქტიურად საკუთარსავე ცემენტის ქარხანაზე _ დავით ბეჟუაშვილი ფლობს 25%-ს ჰაიდელბერგცემენტის ქარხანაში.

სამუშაო ძალას ყავს თავისი გამყიდველი და მყიდველი.

მას ყიდის ის, ვისაც სამუშაო ძალის მეტი გასაყიდი არც არაფერი აქვს, ხოლო მას ყიდულობს ის, ვისაც აქვს წარმოების საშუალებები.

ლევანის სამუშაო ძალა ჩაკირულია მის ცოცხალ პიროვნებაში _ მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებში. არ არსებობს ფიზიკური შრომა, რომელიც სრულად დაცლილია ინტელექტუალური ძალისხმევისგან და 65 პირიქით _ ყოველგვარ გონებრივ სამუშაოს ფიზიკური ძალისხმევაც ჭირდება.

ლევანს, იმისთვის რომ შეძლოს სამუშაო ძალის აღდგენა და არსებობის შენარჩუნება, ჭირდება საარსებო საშუალებები _ საკვები, ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურება. გადასახადებიც უნდა გადაიხადოს. დროთა განმავლობაში კი მისი სხეული ისევე ცვდება, როგორც საბურღი დაზგა ან ლიფტის ბაგირი. ამიტომ ის უნდა ჩაანაცვლოს სხვამ _ შეიძლება ეს იყოს ლევანის შვილიც, რომელიც ახლა სკოლაში დადის და რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ჭირდება საკვები და ტანსაცმელი, წიგნები, სამედიცინო მომსახურება _ შემდეგ რაიმე სახის განათლება ან კვალიფიკაცია, რომ მერე შრომის ბაზარზე გავიდეს.

მაგრამ ეს პროცესი ლევანის და მისი შვილის სასარგებლოდ არ მიდის.

დამქირავებლისთვის მოგება უპირველესი მიზანია. სხვანაირად მისი საწარმო ვერ იმუშავებს _ მან საკუთარი ეკონომიკური საქმიანობით რაც შეიძლება მეტი ფული უნდა იშოვოს, რომ საკუთარი ცხოვრების კიდევ უფრო უკეთესად მოწყობის გარდა, ბიზნესიც მოაწყოს, საკუთარ ბიზნესს კონკურენტული უპირატესობები შეუქმნას, რომ ბაზარზე მკვიდრად იგრძნოს თავი, კონკურენციას გაუძლოს და განვითარდეს. კონკურენციის ზეწოლა აიძულებს მას მოგება ნახოს და გაფართოვდეს. მეტი მოგება რომ ნახოს, დამქირავებელმა ხარჯები უნდა შეამციროს. და ხარჯების შემცირებას ის, პირველ რიგში, ეცდება იმით, რომ ცოტა გადაუხადოს დაქირავებულებს _ იმდენი, რამდენიც დაქირავებულების ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებას, ცხოვრების არსებული სტანდარტის დაკმაყოფილებას არ ეყოფა. მაგრამ ეს ხომ არცაა მისი უპირველესი მიზანი. მისი მიზანი მოგებაა.

როგორც უკვე ვთქვით, ლევანს ჭირდება საბაზისო მატერიალური სიკეთეები, რომ, უბრალოდ, ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობები ქონდეს. თუ ის ხელფასის სიმცირის გამო მხოლოდ ოჯახისა და საკუთარი თავის გამოკვებას ძლივს ახერხებს, მაშინ მისი ცხოვრება აუტანელი და დამამცირებელი ხდება. ის გრძნობს, რომ აღარ არის თავისუფალი, რადგან მიაჯაჭვეს დამამცირებლად მცირე ანაზღაურებას და სიცოცხლისთვის სახიფათო შრომას, რომელზეც უარს მაინც ვერ ამბობს, რადგან ქართული შრომის ბაზარი უკეთესს არაფერს თავაზობს. ეს იცის დამქირავებელმაც და ამით სარგებლობს. ეს გარდაუვალ ზეგავლენას ახდენს ლევანის სხვა ადამიანურ მიზნებსა და მოთხოვნილებებზე, ფრთებს უკვეცავს და აკნინებს მის ცხოვრებას.

მაგრამ ლევანს არავინ მიართმევს უკეთეს ცხოვრებას. მან ის უნდა მოიპოვოს ბრძოლით, რადგან არსად, არასდროს, არცერთი მშრომელისთვის უკეთესი ცხოვრება საჩუქრად არ მიურთმევიათ.

ლევანი ხედავს, რომ მისი და მისი მეგობრების ოფლის მარილით ივსება სხვების სამარილეები, მათ სახლებში კი სამარილეები ცარიელია. ლევანი და მისი მეგობრები მოიპოვებენ ტონობით ნახშირს, მაგრამ ამ ნახშირის ენერგია და სიმხურვალე მათ სახლებამდე ვერ აღწევს და გათბობის გადასახადს ძლივს იხდიან.

ლევანი აცნობიერებს, რომ ის მუდამ მოქმედებაში მყოფი ჭირდება თავის დამქირავებელს: მისი კუნთების მუშაობის, მისი გონების დაძაბვის, მისი ხელების მოძრაობის გარეშე ის მოგებას ვერ ნახავს და ლევანი ხვდება, რომ უნდა გაჩერდეს!

გაფიცვა ეს გაჩერებაა. პრინციპული უმოქმედობა, რომელიც სინამდვილეში ყველაზე ძლიერმოქმედია _ მისი საშუალებით დამქირავებელს მოგება ხელიდან უსხლტება, ფულს კარგავს. ეს ხდება მაშინ, როცა გულისა და გონების შახტებიდან ამოდის უკმაყოფილება და იღებს ღია წარმოებითი დაპირისპირების სახეს. ხოლო წარმოებითი დაპირისპირება კლასობრივი დაპირისპირების გამოვლინებაა.