მოკვდი, პუტინო!
1.
წაქცეულს წაუქცეველი
ისე ჩაუვლის, ზედ არ მიაფურთხებს.
რა იცის, რომ გამრავლების კანონია:
ერთი ვაცი თუ გასწვდება,
შეეწიროს ლექსების
დედალ-დედალ, მთელ არმია, ფურ თხებს.
მსუყე ყლორტების მაძებარი
კიბეს აირბენს არვე ლოდების.
ოდესღაც მაგიდა მე ჩემიანად გარეთ გამიდგამს.
მეც მიმაყოლა, დრო რომ გამოხდა,
ზედ გადასმული კი არ გაახუნა,
არამედ დაწვა,
მზემ გაამუქა ლაქი.
წავედი, მომსვლელს არ ველოდები.
დროის დალევა თუ გინდა,
უნდა იკადრო სივრციდან მისი
არყად გამოხდა.
სხვას რომ წაქცეული ეგონა,
გულაღმა თურმე თვითონ დაწვა,
რომ არ დაკარგოს ცა,
რომელიც ასე ეუცნაურა, ცხელი;
ის ცა, რომელსაც კბილების ღრჭენით მისდევს ქალაქი.
ამასობაში ირგვლივ გროვდება უხმო ნაბიჯი, აურაცხელი.
2.
რადგან თვითონ და თავისით,
ენის მოკიდებით როგორც ამბობენ,
დამოუკიდებლად არც არასოდეს უარსებია,
ის თუ დარჩება, სხვა არაფერი,
შენი საზღვარი, დრო როცა დაგიქნევს
და მოისპობი. და თუ დარჩება,
მხოლოდ ის საზღვარი დარჩება,
რომელიც ნებით თუ უნებლიეთ
შენ შემოივლე და შემოირტყი.
თუმცა არა, არა,
მხოლოდ ის, რომელიც
სხვების შეხებით შენ გაიარხე, ინდობა.
რატომ არ მიქმრეთ? მე თითს დაგიქნევთ,
ჰე, ვარსკვლავებო, რომ გამაცილებთ, გვიან იქნება,
თუმცა ინანებთ თქვენ მაგ აი, არხეინ დობას.
მე რომელიმე თქვენგანი, თუნდაც არაერთი,
თვითონ რომ გამომერჩია, როგორ დავარღვევდი
თქვენს კოსმოსურ სოლიდარობას.
უკვეა გვიან, ბნელი ვარსკვლავის ახლა კერძი ვარ.
კაცმა არ იცის, ის თქვენგანი -
მის სახელს აბა, რომც ვიცოდე,
როგორ გავამხელ - ჩვენ ერთმანეთზე
მართლა უშეცდომოდ თვალი თუ დაგვიდგამს,
ის ერთადერთი ან არც თუ ისე,
ვინ იცის, ნახოს
ამ უმასპინძლო და ფარდის ხელით
მოჩრდილულმა სუფრის თვალმა,
ვსვათ რომ ნელ-ნელა
და სად გვეჩქარება,
ჩრდილსაც კი ვეღარ გაგვიპობს
დროის სოლი და ადგილის ცული.
3.
როცა და საითაც უნდა წახვიდე,
ყველგან, ყოველთვის გადაეყრები,
როგორც ძარღვი, კუნთში განასკვული
ფსკერისკენ ძირავს უბედურ მოცურავეს,
შენს გონებაშიც ასე გაკვანძულს ცნობიერებად,
რომელიც გეამაყება უგრძნობი ქვების და პლანეტის
შენ მედიდურად ასე შემხედვარეს. სწორედ ეგ ცნობიერება,
თვითონ საითაც არ უნდა ხელს გააყოლო, გააფარფატო,
იგი შეხვდება ცოცხალი არსების ანდა აბიოგენ დოსტს.
ცრუ და გაიძვერა რომ ხარ პოეტი, მაინც გირჩევენ
წინაპარი შენნაირები - ცოტა ხნით მაინც,
გასტრიქონებულ დროს რომ
ეყოს და გასწვდეს,
მკითხველი ისე დაკერე,
სიტყვასთან დააბიო, გენდოს.
გამეორება ცოდნის დედაა?
ცოდნის დედაც მე!
გამეორებაც ჩიხის ენაა
და ყველა ენა, რომლითაც
თავს ასე იწონებს მოადამიანო,
ღრმად გამეორების არის ინსტრუქცია.
და არაფერი აღარც ეშველება, თუ ჯადოქრობამ
ლექსად მას სტროფი არ უქცია.
ადამიანო, შენ ხარ
თუთიყუში
და მაგ აი, გალიის
კარს გაგიღებს სიკვდილი,
გამოხვალ არიფი, მხრებაფხორილი.
რაფასაც რომ თავზე გადაევლები,
გარეთ არ დაგხვდება ელისეს
მინდვრები, გმირების
არ ნახავ ელადას,
არამედ დაგკორტნის
ხროვა უმცირესი ბეღურის,
თითოეული მათგანიც, ყველა და
ვინღა დაითვლის მერე თქვენს ბუმბულს,
თუთიყუშებო, ასე გაშლილს, გაფანტულს ველადა.
4.
თეთრი ოთახი მქონოდა
თავისი სააბაზანოთი,
შუა ოთახში ნათურის ქვეშ დავიდგამდი
შავ მაგიდას შავი სკამით,
კედელთან საწოლიც განისვენებდა.
თეთრი ოთახი მქონდეს და
შავ მაგიდაზე დავიწყო
და დავილაგო მე, მოციმციმე
სიახლის გამო, აპარატურა.
დამიტოვებდა ხოლმე კართან კურიერი
თუთუნს, ყავას, რამე კერძს და სხვა წვრილმანებს,
ნაგვის პარკს ხელს გააყოლებდა.
როცა შეწყდება ჩემი მაჯისცემა,
უცბად შეიტყობს ჭკვიანი ოთახი,
საწოლს მოაწყობს საკრემაციო ღუმლად და
ასე ბოლომდე დაფერფლავს,
ჩემგან რაც დარჩა.
შეიკრიბება ფერფლი ჯამში და
მექანიკური ხელი
გარეთ გადაყრის, გაფანტავს
მას მინერალურ სასუქად.
თუმცა მოიცა, კი არ ვიცოდი,
ფანჯრის გადაღმა
თურმე მე ბაღი მქონია.
ბარემ ავდგები, ჩავალ,
შევხედო, დავათვალიერო.
სადაურსა სად წაიყვანს ლექსის ჯადო.
თურმე ამ ბაღმა ზოოპარკიდან
ციყვებთან ერთად
გადმოიბირა სხვაც კიდევ ყველა,
მათ შორის ძაღლისებრებიც,
მგელი, მელა და გამოაპარა ტურა.
ისინი მე ვერ მხედავენ,
ჩემს სუნს ბუნდოვნად თუღა იკრავენ,
ჩემი ფერფლით ხომ
მე მცენარეებს ვეკვებე.
ქალიც წასულა, მოუსვლელი,
სადმე სხვისასა, თუნდაც იმავე კვებეკს.
5.
აჰყვება, ამოისუნთქებს ოტროველა დროც,
შეტრუსული მეტროში.
გვირაბიდან ბარგიანი ძუ აბრები და გერბები
მზისქვეშეთში, გარეთ თახ-თახ არბიან.
როცა მშფოთვარე ვითომ ცხოვრება
დათვრება, გამოგიტყდება,
რომ არაფერი დიდად არ უღირს,
არამედ უბრალოდ
ეპისკოპოსივით ყველაფრის ხარბია.
როცა გამოგყავს დღის სინათლეზე და მზისქვეშეთში,
როგორც რომ ფოტო გაზეთიდან
წამოაცვა, მიაკიდო, გულგრილი და ცივი, ლურსმანს.
საქმე თოფია, გრძნობა - ჩახმახი,
აზრია ტყვია, გასროლილი.
ხოლო შენ ხარო თვითონ სამიზნე.
მაღალფარდოვნად ბრენდირებული
იცდის ასე სუიციდი,
თავი როდის დაგებრედინება.
ყოფნა, არყოფნა, მათ შორის ყოყმანი,
ცრუ წმინდა სამების მაგივრად
ეგეც შენ სუფთა სამი ზნე.
აზრი ჰქონდეს, ვეღარ გამოიკეროს
ეს ცამ ოხერი!
რასაცა გასცემ, შენია,
რასც არა, დაკარგულია.
მაინცდამაინც ან ტყვია რა სავარგულია,
გამოდგა ზოგჯერ კაშნე, მოხერის.
სულაც არ ჰგავსო ცხოვრება
გაზეთიდან ამოგლეჯილ ფოტოს, რომ
წამოაცვა, მიაკიდო, გულგრილი და ცივი, ლურსმანს.
რწმენაში გაველურებულ ტყიურ გურჯებს მე არ მივმართავ.
გაისარჯოს იგი და
გაილაღოს,
აზრიანი გრძნობების
ვინც კი გახსნის მარაოს,
უღმერთოს და ცივილურს, მან.
6.
არ ჰგავდეს პორტრეტი თავის დორიანს.
გაწი-გამოწიე, მთავარი სიტყვა ორად-ორია.
და ხარ ერთის კერძი ხან, ან ხარ მეორის ლუკმა,
რომ ვერსად წაუხვალ, აქეთ-იქიდან ჩასაფრებულები
გიცდიან სცილა და ქარიბდა.
ერთი რომ დაგტოვებს სახტად,
დაგაფრთხობს, შიშით გაგაშეშებს;
მეორე გიტყუებს, რადგან ცბიერია,
გაგაცუცურაკებს და გაგაცურებს.
ერთი მათგანია „მხოლოდ“,
და მეორეა „ხოლმე“.
ის, რასაც ეთქმის
„მხოლოდ“,
გინდა თუ არა,
მოულოდნელი და სახიფათო
ანუა გაუგებარი.
და რაც კი მოდის თავისი ხოლმეთი,
იგი გგონია გასაგები,
როგორც შეჩვეული ჭირიც კი
მაინც რაღაცით სანდო და იმიანია.
ხოლმეთი დაიწყო მკითხაობა
და ყოველგვარი მეცნიერებაც.
მათემატიკა ხოლმეს მწვერვალია,
მისი უცვლელი სახეა,
რომლის პორტრეტები
ყველა და
თავისებურად ყველაფერია.
ჩემი ცხოვრების ჩაფიქრებული
საუკეთესოდ წლები კი
შიშმა ტკივილის ურიკაზე დადო, წაიღო,
მე მაინც დავრჩი ორმოდ და
მასში ჩაგდებულ მხოლოდად.
7.
შინდის გასხეპილი
ტოტის მაგივრად
სახრედ აზრი იხმარე,
გადაუჭირე და ფეხათრეულ
ომახიანად დასძახე გრძნობას -
„რომ წინ მძიმე აღმართია,
გაინძერი აბა, ზანტო!“.
ჩვენ კი ვართ ზიარი
უდავოდ ჭურჭლები,
მაგრამ ჩვენ შორის
უღიმილობით
უღელ-მილები
დაგმანულია.
გრძნობის კარგად
გამოქნილი ტყავისგან
შეკერილი საბერველი
მაინც მარდად მომიმარჯვე,
რომ სული ისე ჩავბერო,
სულ გაიტანოს საცობები,
მილები დაასუფთაოს,
მერე ჩავიდგამთ
სიხარულის უხმარ წყალს,
აბაზან-აბაზან ტოლს.
სამსხვერპლოდ
თავისუფალი აზატის მიერ
გამეტებული საკლავიც გრძნობაა
და რომელსაც შესწირავ,
ის გამძლე კერპიც,
ჯიუტი და კერპი,
ისიც გრძნობაა.
დრო მოგადგა,
კაცო, და
გაინძერი, თორემ
რაღა დაგრჩა,
უჟანგავო ჩამჩავ, ბერო.
აზრი გამჭრელ რიტუალს,
წეს-ჩვეულებას გვიქვიან,
გრძნობა თავის თავს
რომ ეწირება,
თავი თუ ოღონდ
არავის აცოდა.
8.
რაც ყურს არ გჭრის,
თავს გჭრის.
ხმები მოხოხდა, ხეშეში.
ცეცხლის დიდედა,
დედაა ხე შეშის.
ბუნების ფესვების ბუნებამ
ბეჭებზე დასცა, გონებას გამოსდო კვიმატი კვანტი.
და მაინც, ენაჭარტლობას ვერ დააბრალებ ენაკვიმატებს,
რა მათი ბრალია, ბინდი რომ
სულ უფრო იმატებს.
რომ ცნობიერია, ცხადია, ვერ იტყვი იმაზე, რასაც
არ გააჩნია მე, განმზრახავი,
რომელზეც იტყოდი,
ტანში აი, თუ რა ხავის.
მაგრამ ეს არ ნიშნავს,
და ამის დანახვა უჭირთ,
რომ ცნობიერება იყოს შეიძლება
სრულებით ისე, რომ
არავინ იყოს, არც არაფერი, მისით ცნობიერი.
წვივების, ტერფის
და ოსტატური კვანტის
ზემოთ რაც ხარ შენ, სამყაროვ,
ფიზიკურად კლასიკურო,
არაფერია შენში ზებუნებრივის გარდა.
ოღონდ ასეა იმ აზრით არა, რომ
სადმე დალანდონ ღმერთი და
დაუკლან და შესწირონ უწყინარი ასი კურო.
არამედ უმეო და უგანზრახვო ცნობიერების შინაარსებია
მთელი ეს საგან-ნივთები, გუბე-კენჭები,
მზეები, გალაქტიკები. ერთ რომელთაგანშიც
დავსახლებულვართ არსებები,
რომლებშიც აბიოგენური ცნობიერების
ანუ მატერიის ზოგი ჩამონაჭრის ზედმეტმა სირთულემ
ჩვენს ბიოგენურ ცნობიერებად ამოჟონა და
უადგილობის გამო
სამყაროს საზღვარზე გადასროლილ იქნა.
რომ ეს საზღვარი ცულის პირია,
შენთვის და ჩემთვის უსაზღვროდ საკმარისია.
რადგან ვყოფილვართ საზღვრის აბორიგენები,
არც მოგონილ ღმერთზე ტიტინს,
არც სხვანაირ ფოლორცს,
არ დაუთმო გარიყულის
როლი ლიქნას.
რაც ყურს არ გჭრის,
თავს გჭრის.
9.
შიში აბოროტებს არა იმათზე,
ვისიც ეშინიათ,
არამედ იმათზე,
ვისაც უბრალოდ არ ეშინია
და უშიშრობა,
შიშის მორევა ან ნაკლებობაც კი
უპატიებელი დანაშაულია ბრბოს თვალში.
და საერთოდაც, ხომ ბრბო თვალია,
ბრბოელის შუბლზე ახელს
რომელიც ბნელ ხახას.
ბრბო მოგონილია
ბრაზში რომ შიშის
გასაზავებლად,
ბრბო ბოროტების უბრალო ბუდე გუბეა
და შიშის სიმწრისგან ისეთიც ავია,
როგორც მომწყვდეული ავაზაკი.
გონების ღამეში ვერ დაიმალება
ალებად ცეცხლი,
შავი ავაზა - კი.
შიშში გაბედვა კი არ იბადება,
ის სხვა ფსკერიდან მოდის.
თავს ვერ დააღწევ
გაუვალ,
თუ იფარჩაკე, ტევრს.
ბრბო ბოროტების ტევრია.
ადექი, მიდი და ღია დატოვე:
ქუჩა იწყება საწერ მაგიდასთან,
კარი თუ არ ჩაკეტე.
10.
ანგარების გარეშე გრიგალია გარშემო.
არაფერს არ იტაცებს, არაფერი არ მიაქვს.
არ გაურბის, არადა არის ჯარი არმია.
დრო კი უწყინარია, თუ გაჭირდა, თავების
წამოსაცმელ გამოდგება სარადაც.
კედელ-კედელ მთვრალია და
შელოცვების ბურუსით
ბარბაროსი ბარბაცებს.
სულ არ მერქვა მე ომარი,
მაინც გავხდი მეომარი,
ოღონდ არა იმ ჯარის,
შეტევასა და უკან დახევას
რომ შორის,
შეხედე, დად დგას,
არამედ იმ რაზმის, რომელშიც
ვერ ნახავ თანაბარ ბაცებს.
და ჩემზე უფრო ცა რომ ბეცია,
ეს მოედანი თვალთან მიიტანა
და მისი ქუთუთო-წამწამებია,
ირგვლივ რაც დაბალი სახლების
კაბელებ-ანტენებიანი სახურავებია,
ქარი თუ არა, წერა აგვიტანს,
ავუვარდებით თვალში და
ხელსაც არ ამოისვამს,
ისე დაახამხამებს.
ჩაჭიდებული აქ ვინც დარჩება,
ჩემი სახელი იმათ რად უნდათ,
მერქვას მამუკა ამ უკანასკნელს.
მათთვის ნათქვამი ცივი უარიც
ედიახებათ ამ ხამებს.
11.
ამინ და ოსანა!
და მინდა თუ არა,
ამ ენოსანი სხეულის
მეც ვირუსი კორონა ვარ:
შევუცვალე
როგორ სუნთქვა.
ყველა ენა რომ ჩიხია,
ასეთს მაინც პოვნა უნდა.
მეტი რა გზაა, ჯანი გავარდეს,
სადამდეც ვეყოფი, იქამდე გავთხრი.
გლუვ სარად და ვირუსად ასე რაც შევეყარე,
ყური დაუგდე, აღარც ახველებს.
შევეცი ჩვენს მნახველებს.
გადავითვლი სიყვარულს
და მასავით ძლიერ სიკვდილს,
ფიქრების
წინ ამ
გამრეკ ორ ონავარს.
ამ ენოსან ქვეყანაში
წესიერად ვერც ვირუსი მრავლდება,
პოეტივით სულს ღაფავს.
ჯერ ჩიხი გეხილოს,
მერე კი კეთილსაც ინებებ,
რომ კენკრაც ატმებად გეხილოს.
გადმოუპირქვავებელმა
ღრუბელმა
დარჩენილი დღის სინათლე
სახურავზე დაწნეხა.
წვენი უმილო კედლით
მოწურწურებს.
ფსკერზე ქალები
ფორიაქობენ.
12.
როგორც მათხოვარს უყრია ქუდში ხურდა ფული,
მთელი ცხოვრების შენ განმავლობაშიც
დაგაქვს გუნებით იერარქია.
თუ მართლა გინდა,
პოეტის იყო რომ ამხანაგი,
მაგ მოერიე რა, რქიანს.
ძალაუფლება სტერეოა და არა მონო!
მასში თანასწორად მთელი არსებით
მონაწილეობენ მეფეც, რომელშიც
მსახური მეფობს და მსახური,
რომელშიც მეფე მონობს.
ძალაუფლება ამღიარებელ-აღიარებულის
ერთხმად აშლილი საღერღელია.
ერთადვე ეგვამებ-ეგვემებიან
მიწას,ჭაობ და ღელიანს.
ხმალდახმალ ვერ მიხვალ, გასაგებია,
როგორმე მაინც გაქურდო იქნებ ეგ აკორდი,
რომ აღარ გიგავდეს აზრი მოლს
ასეთ გაკრეჭილ, გაკორდილს;
შენი ხმა მოპარე, აწაპნეც,
ჯერ კიდევ იქნებ,
რა იცი,
ამოგეღებინებოდეს.
დაბზარულობა კი კლდის გერჩივნოს,
ვიდრე თიხნარი რომ იყო ფაფუკი,
სულ უბაზალტო, უტინო.
მე უშენოდაც თორემ მშვენივრად ვიტყვი:
შაირის შორი შელოცვის შრიალით
სადმე შენ უკვე დამარცხდი,
ყირაზე დაგირჩა სალტო,
მოკვდი, პუტინო!