
მორაგბე საკუთარი სტილით
12.11.2015გავა დრო და ჩვენში ყველა დროის საუკეთესო ქართული სპორტული ნაკრებების სიას შეადგენენ. იქნებ წელსვე გააკეთოს ვინმემ. ან, იქნებ, ორმოცი წლის შემდეგ. არა აქვს მნიშვნელობა. შეუძლებელია, „კარლ ცაისის“ დამმარცხებელი „დინამოს“ და კიდევ სხვა რამდენიმე საამაყო გუნდის გვერდით, 2015 წლის რაგბის ეროვნული ნაკრები არ მოხვდეს.
გიჟური იყო სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი. დავამარცხეთ ტონგა და ნამიბია, თავაწეულები დავმარცხდით არგენტინასთან და კიდევ უფრო თავაწეულები – ახალ ზელანდიასთან. უფრო მთავარი კი ალბათ ის იყო, რომ ქართველმა გულშემატკივარმა (მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გულშემატკივარი ვიყავით, მათ შორის ისინიც, ვინც თამაშის წესებში გზადაგზა იწყებდა გარკვევას) დიდი ხნის დავიწყებული გრძნობები გამოსცადა – სპორტული სიამაყე, თავდაჯერებულობა, გუნდის რწმენა. იმის განცდა, რომ შენმა ნაკრებმა შეიძლება წაიფორხილოს, თამაში არ წაუვიდეს, წააგოს, ძლივს მოიგოს... მაგრამ, არასოდეს გაფიქრებინებს, რომ მათი ადგილი იქ არ არის. ხშირად არ გვაქვს ხოლმე, რომ გუნდს ამ ნაკრების სიყვარულის გამო გულშემატკივრობ და არა – საქართველოს სიყვარულის.
რაგბი განსაკუთრებულად გუნდური თამაშია და წარმატება ყველას დამსახურებაა, მაგრამ არავინ კამათობს, რომ ნაკრებს უდავო ლიდერი ჰყავს – საფრანგეთში მოთამაშე ქართველი გოლიათი, გორგოძილა, გულივერი... 31 წლის მამუკა გორგოძე რაგბის, ასე, 14 წელია თამაშობს (16-17 წლამდე კალათბურთელი იყო) და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ჯილდო, პრიზი თუ ტიტული მიუღია. საუბარი სწორედ აქედან დავიწყეთ. რომ საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებულ წარმატებას მაინც სულ სხვა გემო აქვს.
გორგოძე: მინდა გითხრათ, რომ ასეთი მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს არასოდეს უთამაშია. ამას ვამბობ ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ისტორიული შედეგი მივიღეთ – პირველად მოვიგეთ ორი თამაში და ახალ ზელანდიასთანაც კარგი შედეგი ვაჩვენეთ. არგენტინასთანაც არ გვითამაშია ცუდად. ერთი საწყენი ის იყო, რომ ამ ჩემპიონატზე მსაჯები ნამდვილად არ გვწყალობდნენ. ზოგადად, მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს. სხვები რომ ლაპარაკობენ, არც მიმაჩნია სწორად, მაგრამ რთულია გაჩუმდე, როდესაც ხედავ, რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში არ გვინდობდნენ.
ინდიგო: ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ნამიბიასთან შეხვედრის დროს იყო. მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თქვით, კომენტარს არ გავაკეთებო, მაგრამ სახის გამომეტყველებაზე ყველაფერი გეტყობოდათ – ეგეც ერთგვარი კომენტარი იყო. ინტერნეტში წერდნენ, მსაჯმა გორგოძეს უთხრა – ისეთი სახით მიყურებ, თითქოს ჩემი მოკვლა გინდაო. მართლა ასე თქვა, თუ მერე მოიგონეს?
გორგოძე: რაღაცას მართლა მეუბნებოდა, მაგრამ რას – ვერ გეტყვი. ინგლისური კი ვიცი, მაგრამ იმ მომენტში ისე მქონდა ყველაფერი გადაკეტილი, რომ არცერთი სიტყვა არ გამიგია. ის თამაში გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ნამდვილად მართალია, რომ ბოლო შეხვედრაში კარგად ვერ ვითამაშეთ. გვქონდა შეცდომები, მაგრამ მაინც... ჩვენი დონის გუნდს რომ არ წაუვა თამაში ისე, როგორც საჭიროა და მსაჯი ზევიდან დაუმატებს – იქ ძალიან რთული ხდება მოგება. მსაჯს რომ ნორმალურად ემსაჯა, ეგ თამაში სულ ცოტა 25-30 ქულის უპირატესობით უნდა მოგვეგო.
კიდევ ერთ ფოტოზე, რომელიც ახალ ზელანდიასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, გამოსახულია ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელიც მატჩის დაწყების წინ ჰაკას ‒ მაორების ტრადიციულ საბრძოლო ცეკვას ‒ ასრულებს. ძალიან ეფექტიანი და შთამბეჭდავი რამაა. თუმცა იქვე, გვერდით ჩანს ქართველი რაგბისტების, მათ შორის მამუკა გორგოძის გულგრილი სახეები. ფოტოზე არ ეტყობათ, რომ ეს უძველესი საბრძოლო ცეკვა მათზე რაიმე გავლენას ახდენს.
გორგოძე: ეგრეც უნდა ვყოფილიყავით. რა საჭიროა ზედმეტი მსახიობობა. არ მესმის, რად უნდა რაგბის კბილების კრეჭა, როდესაც ახალი ზელანდია ისედაც უძლიერესი გუნდია. ჩვეულებრივად გავატარეთ, ისე, როგორც უნდა გვექნა. კაცურად.
ინდიგო: მართლა არ ახდენს გავლენას ჰაკა? სხვა თუ არაფერი, წინ თვით ახალი ზელანდიის ნაკრები გიდგას.
გორგოძე: არანაირი გავლენა არ ჰქონდა ჩვენზე. მე ასე ვუყურებ – ეგ არის კარგი სპექტაკლი. დიდ პატივს ვცემ მათაც, ფიჯელებსაც, ტონგელებსაც... ახალი ზელანდია კიდევ სხვა არის, მაგრამ მაინც... ეგ მედიაზე თამაში უფროა, ვიდრე რამე სხვა. ეგეთი რამეები ცოტა სასაცილოდაც მეჩვენება ხოლმე. ახალი ზელანდია უმაღლესი დონის და უძლიერესი გუნდია, მაგრამ ჩემზე ჰაკამ შემაშინებლად კი არა, ცოტა გამაღიზიანებლადაც კი იმოქმედა. ჩვენმა მწვრთნელმა გვირჩია კიდეც – თქვენც მიიღეთ რაღაც სახეები და ისე დადექითო, მაგრამ მე ნამდვილად არ მიყვარს ეგეთი მსახიობობები. ჰაკასთვის ყურადღება არ მიგვიქცევია და მერე ჩვენი მაქსიმუმი ვითამაშეთ.
ინდიგო: ამ თამაშში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წააგო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. კადრში ჩანდა, რომ თან არ ელოდით, თან გაგიხარდათ...
გორგოძე: თავხედი უნდა იყო, რომ როდესაც ახალი ზელანდიის გუნდს ეთამაშები, რაგბის ისტორიაში უმაღლესი დონის ნაკრებს, რომელშიც მართლა პროფესორები არიან და ერთი თავით მაღლა დგანან, როგორც რაგბის ცოდნით, ისე ტექნიკით და ყველაფრით... ჯერ ამ გუნდს რომ ეთამაშები, უკვე დიდი სიხარულია. მერე, ეთამაშები 48 წუთს, 40 ქულით აგებ და ბოლოს მაინც შენ გასახელებენ საუკეთესო მოთამაშედ... აი, კიდევ არ მქონდა ისეთი რეაქცია, როგორიც უნდა მქონოდა.
მე მიჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა. ყველას კაციჭამია ვგონივარ ხოლმე, მაგრამ ისე ძალიან მორცხვი ვარ. გუნდშიც კი, პირველი 3-4 წელი ბიჭებთან კონტაქტში ვერ შევდიოდი. ახალ გუნდშიც მიჭირს ჯერ, ისევ და ისევ ჩემი სიმორცხვის გამო.
მამუკა გორგოძეზე ქართულ მედიაში ბევრი დაწერილა. რაგბის მცოდნეები აღნიშნავენ მის ფიზიკურ ძალასა და აგრესიას. იმასაც წერენ, რომ გორგოძილას ძალასთან ერთად ტექნიკაც კარგი აქვს ‒ რომ წლიდან წლამდე იხვეწება და ფიზიკურ მონაცემებს სტილსაც ამატებს.
გორგოძე: ჩემს თავზე ასეთ რამეს ვერ გეტყვით, ჯობია სხვამ ილაპარაკოს. ტექნიკურობას რაც შეეხება – მე რაგბი ცოტა გვიან დავიწყე, 16-ის რომ ვიყავი, და აქამდე სულ ჯანის და ჩემი ხასიათის ხარჯზე გამქონდა. ისე, ალბათ მართლა მოვიდა დრო, რომ ცოტა რაგბის ცოდნაც მივამატო. დანარჩენი სხვას ჰკითხეთ, ჩემ თავზე ლაპარაკი მიჭირს.
ინდიგო: მაინც, რამდენს ვარჯიშობთ, აი, ვთქვათ, ერთ საშუალო დღეს?
გორგოძე: ხომ ვთქვი, თავის ქება არ მჩვევია.
ინდიგო: არ შეაქოთ, ისე აღგვიწერეთ.
გორგოძე: ყველაზე მეტად ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ამის ნიჭი მომცა – რაც უფრო მეტს მივაღწევ, მით უფრო მეტი ვარჯიში მინდება. ახლა იმდენს ვეღარ ვვარჯიშობ, როგორც ადრე შემეძლო – ასაკი რომ გემატება, ისეთი აღდგენა აღარ გაქვს, მაგრამ თავიდან ჩემთვის იყო მხოლოდ ვარჯიში და მეტი არაფერი. დილიდან მქონდა ჯერ ერთი ვარჯიში, მერე მეორე, მერე მესამე და სხვა არაფრისთვის დრო არ მრჩებოდა. ამასთან ერთად, ღვთის ბოძებული ნიჭიც მაქვს ალბათ და ბუნებრივი ძალაც და ეს ყველაფერი ერთად შედეგს იძლევა. 16-17 წლის ასაკში რომ თამაშს დაიწყებ, მერე კი ასეთ გუნდში მოხვდები და თამაში კარგად გამოგივა – არ არის ადვილი საქმე. თან, ჩემს ადგილზე გუნდში ყველაზე დიდი კონკურენციაა. მესამე ხაზში ძალიან ბევრი ხალხია და ეს ორმაგად გირთულებს საქმეს.
ინდიგო: მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა აღნიშნავდა ხოლმე, რომ საქართველოს ნაკრები კრიოთერაპიის მეშვეობითაც ემზადებოდა – ანუ ტანს განსაკუთრებულად დაბალ ტემპერატურაზე ამყოფებ მცირე ხნით. ეს როგორია?
გორგოძე: ახლა ეგ მოდაშია. შედიხარ კამერაში, სადაც მინუს 100 გრადუსია და ამ მშრალ ყინვაში დადიხარ სამ წუთს. ამბობენ, აღდგენას უწყობს ხელსო და მგონი მართლა ეგრეა. მაგრამ, რომ გითხრათ – ვაი, ეს რა ვნახე, რა სასწაულად გამოვდივარ, სულ აღდგენილი მაქვს ენერგია-მეთქი – ტყუილი იქნება. უბრალოდ, რომ გაიგებენ ამ მინუს ასი გრადუსის შესახებ, ყველას აინტერესებს ხოლმე რა და როგორ.
ინდიგო: მტკივნეულია ან უსიამოვნო ეს მინუს ასი?
გორგოძე: არა, არც მტკივნეულია და არც არაფერი. უბრალოდ, მართლა ძალიან ცივა და დადიხარ იმ კამერაში სამი წუთის განმავლობაში, რომ არ გაიყინო.
რაგბიში საშუალო საპენსიო ასაკი 31 წელია – რამდენისაც მამუკაა. მართალია, საშუალოს გამოყვანისას იმითაც ხელმძღვანელობენ, რომ ბევრ მორაგბეს ტრავმების გამო ადრეულ ასაკში უწევს თამაშის დატოვება, მაგრამ მაინც...
ინდიგო: ცეცხლი ხომ ისევ გაქვთ? მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ხომ გნახავთ?
გორგოძე: ცეცხლი არის, კი. ასეთი მსოფლიო ჩემპიონატი არასოდეს მითამაშია და მგონია, რომ ჩემი ფორმის პიკში ვარ. მაგრამ აი, შევხედავ. გააჩნია, ვიქნები თუ არა სათანადო ფორმაში. ჯერ წლებია წინ. თუ კარგად ვიქნები, ხომ აქა ვარ. მაგრამ, თუ ფორმაში არ ვიქნები, ყველას ძალიან დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ სახელს ვერ გავიფუჭებ. როგორც ვახსოვარ ხალხს, იმაზე დაბლა არ მინდა, რომ მნახონ.
ინდიგო: ახალგაზრდები ახსენეთ, და ვასკა ლობჟანიძე იყო ყველაზე ახალგაზრდა რაგბის მოთამაშე, ვინც კი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსულა. როგორი ურთიერთობა გქონდათ? ყველანი თითქმის ვეტერანები ხართ, ის კი 18 წლისაა...
გორგოძე: საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდაა, ეტყობა, რომ შრომისმოყვარეა და პერსპექტიული. ისე ითამაშა, როგორც 9 ნომერს შეეფერება – შეიძლება ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, მაგრამ არ უნდა გეტყობოდეს – „შპილკა“ ტიპები არიან 9 ნომრები. ახლა მისი ბედი მისსავე ხელშია და ღმერთის ხელშია – სპორტულად როგორ გაუმართლებს და თვითონაც როგორ იმუშავებს თავის თავზე. თვითონ უნდა გამოიყვანოს თავისი კარიერა.
მამუკა გორგოძე განსაკუთრებული სიყვარულით ლაპარაკობს თავის ოჯახზე: მეუღლეზე ‒ ციცი ბოხუაზე და შვილებზე ‒ ლიზიზე და ნიკოლოზზე. ისევე, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევრ ქართველს, მამუკასაც აწუხებს შვილების აღზრდის საკითხი ‒ ერთი მხრივ, გინდა, რომ შვილები გარემოში ჩაეწერონ და თავი უცხოდ არ იგრძნონ. ამავე დროს, ისიც გინდა, რომ სამშობლო შეინარჩუნონ.
გორგოძე: ბავშვებზე ძალიან ვწუხვარ ხოლმე. სახლში რომ მოდიან, ძირითადად ფრანგულად ლაპარაკობენ ერთმანეთში. ვცდილობ, სულ ქართულად ველაპარაკო და ვითხოვ, რომ თვითონაც ქართულად მიპასუხონ, მაგრამ ყოველთვის ასე მაინც არ გამოდის. წარმოიდგინეთ, დილის რვა საათზე ბავშვი რომ გავა სახლიდან და საღამოს 6 საათამდე სკოლაშია, იმას ვეღარ დაუშლი ფრანგულად ლაპარაკს. მე მაინც ჩემსას ვცდილობ. მაინცდამაინც არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ.
ეგ მედიაზე თამაში უფროა, ვიდრე რამე სხვა. ეგეთი რამეები ცოტა სასაცილოდაც მეჩვენება ხოლმე. ახალი ზელანდია უმაღლესი დონის და უძლიერესი გუნდია, მაგრამ ჩემზე ჰაკამ შემაშინებლად კი არა, ცოტა გამაღიზიანებლადაც კი იმოქმედა.
ინდიგო: ისე, მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება გაქვთ შვილებთან? რომ, აი, სკოლაში ისწავლეს რამე ან გარეთ და ეგ თქვენთვის მიუღებელია? კამათი თუ მოგსვლიათ ეგეთ საკითხებზე?
გორგოძე: ჯერ მაგ ასაკისა არ არიან, რომ პრინციპებზე ვეკამათო, მაგრამ ვიცი, რომ მომიწევს. მე არა ვარ ის კაცი, ვინც იტყვის, გინდა თუ არა, ყველაფერი ქართულია ყველაზე კარგიო, მაგრამ მაინც უფრო ქართული რამეები მომწონს, ვიდრე აქაური და ვიცი, რომ კამათის დროც დადგება.
ინდიგო: სპორტულები არიან? როგორც წავიკითხე, ვაჟს ფეხბურთს ათამაშებენ, გოგო კი რაგბიზე დადიოდა...
გორგოძე: არა, რაგბი ერთხელ ითამაშა გოგომ. ბიჭი კი დადის ფეხბურთზე. მაქსიმალურად ვცდილობ, მთელი ოჯახი დატვირთული იყოს – ჩემი მეუღლეც ტრენაჟორებზე დადის და სულ ვცდილობ, რომ ოჯახმა სპორტულად ვიცხოვროთ.
ინდიგო: გრჩებათ დრო, რომ აქტიურად იყოთ ჩართული ოჯახში?
გორგოძე: კი, დრო ყველაფრისთვის მრჩება. ვარჯიშები დილით ადრე იწყება და პირველისთვის მთავრდება. მერე ხშირად თავისუფალი ვარ ხოლმე.
ინდიგო: რაგბისა და ოჯახის გარდა, რამისთვის დრო გრჩებათ? აი, მაგალითად, რაგბის გარეთ მეგობრები თუ გყავთ თქვენ და თქვენს მეუღლეს?
გორგოძე: მე მიჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა. ყველას კაციჭამია ვგონივარ ხოლმე, მაგრამ ისე ძალიან მორცხვი ვარ. გუნდშიც კი, პირველი 3-4 წელი ბიჭებთან კონტაქტში ვერ შევდიოდი. ახალ გუნდშიც მიჭირს ჯერ, ისევ და ისევ ჩემი სიმორცხვის გამო. ჩემი მეუღლე კი უფრო კონტაქტურია, გაიცნო ვიღაცები. მე ნაკლებად – ქართველების გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია აქა ვარ, ურთიერთობა მაინცდამაინც არავისთან მაქვს.
ინდიგო: თქვენ ხართ ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მორაგბე. მოედანს გარეთ მიგყვებათ ეგ აგრესია? თუ, აი, მაგალითად, მანქანა ცუდად ჩაგიჭრათ ვინმემ გზად ან, რავი, უზრდელურად მოგმართათ.
გორგოძე: ძალიან ფეთქებადი ვარ. ძალიან. ბევრი შემიძლია ადამიანს ვაპატიო. ყველაფერს ვაპატიებ, მაგრამ ჩემს მეობას თუ შეეხება – არ ვაპატიებ. თან ძალიან თავმოყვარე ვარ, შეიძლება ზედმეტადაც კი. აი, ვინმე თუ ჩემს თავმოყვარეობას შეეხო... არაფერი მიღირს იმ ფასად, რომ ჩემი თავმოყვარეობა ვინმეს შევალახინო, არც სიცოცხლე და არც არაფერი. ისე, ადრე უფრო ფიცხი ვიყავი. ასაკთან ერთად ნელნელა გამიარა, მაგრამ ფეთქებადობა ისევ დამრჩა. ადამიანი თუ მართალი ხარ და ფეთქებადობის მიუხედავად თავს მოთოკავ, ღმერთი ყოველთვის შენს მხარეს იქნება და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
რაგბის მოყვარულები ხშირად წერენ ხოლმე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს რაგბი ასე კარგად გამოგვდის, მას ბევრი მაინც არ უყურებს. ჩივიან ხოლმე, რომ სტადიონები უფრო სავსე უნდა იყოს, შეძახილი ‒ უფრო ხმამაღალი... ნანობენ, რომ ბევრმა ან წესები არ იცის, ან ვერ აღიქვამს სათანადოდ, ანაც, შეიძლება, "პირუტყვულ" სპორტად მიაჩნიათ და მის სილამაზეს ვერ აფასებენ.
ინდიგო: როგორ გგონიათ, ეს დამოკიდებულება შეიცვლება, თუნდაც ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ამ სპორტს საქართველოში მეტი დამფასებელი გამოუჩნდება?
გორგოძე: ხანდახან ეშლებათ და ძალიან დიდი დონის გუნდი ვგონივართ. ჩვენ რა დონის გუნდიც ვართ და რა ფანჯარაშიც ვთამაშობთ, იმის გათვალისწინებით, ათჯერ მეტი გულშემატკივარი გვყავს. ვერ დავეთანხმები, როცა ამბობენ, რომ საქართველოში რაგბის არ აფასებენ და ის დაჩაგრული სპორტია და ასე შემდეგ... საქართველოში ჰგონიათ რაგბი იმაზე მეტი, ვიდრე ვართ, იმაზე მეტად გვგულშემატკივრობენ, ვიდრე გვეკუთვნის, და თუ კიდევ წარმატებას მივაღწევთ რამეს, გულშემატკივარიც უფრო მეტი გვეყოლება...