
მთავარი დანაშაული
08.06.2019წინა თვეში ჩემი დაწყებითის მასწავლებელი მოკვდა. ფეისბუკით გავიგე, ერთი წერდა, გარდაიცვალა და პანაშვიდზე წავიდეთო, სხვები გულებსა და ცრემლებს უკომენტარებდნენ. მე, როგორც ბევრჯერ, ახლაც გამახსენდა მეხუთეკლასელი ჩემი თავი.
მაშინ მეგონა, რომ დაწყებით სკოლას რახან მოვრჩი, ამ ქალს აღარასდროს დავინახავდი. არადა, შემხვდა: სკოლაში, დერეფანში მარჯვენა მხარეს კიბეებთან პირველ სართულზე წყლის სოკო იდგა, დავლიე, ავიხედე და დავინახე. მერე აღარაფერი მახსოვს. გონზე რომ მოვედი, სკოლის ექიმი მასულიერებდა კიბეებზე გულწასულს (ექიმის კაბინეტიც იქვე იყო).
რატომ წამივიდა გული? მეშინოდა და მძულდა, ისე მეშინოდა და მძულდა, ამდენი წლის შემდეგ რომ გავიგე, მოკვდაო, ჩავთვალე, რომ ოდნავ უკეთესი გახდა სამყარო. ალბათ ბოღმა ვარ. არადა, ასევე ფეისბუკზე შარშან გამომიგზავნეს ფოტო – ძალიან საყვარელი მოხუცი ტორტზე სანთლებს როგორ აქრობდა. აღარაფერი ჰქონდა საერთო იმ მონსტრთან, რომელზეც ეტყობა ვერასდროს გავიმარჯვებ, იმიტომ რომ არ მავიწყდება.
არადა, ჩემი კლასელების უმრავლესობა მშვენივრად იხსენებს: ჰო, მკაცრი იყო, ზოგიერთს ურტყამდა კიდეცო (ჩემთვის არასდროს დაურტყამს) და ლაღობენ, აგრძელებენ ბაასს შემრიგებლური ღიმილით, ეტყობა, არ ვიცი რატომ, ისინი ისე არ დაზარალდნენ, როგორც – მე. ალბათ სხვებზე მეტად მშიშარა ვიყავი.
ერთი კლასიდან კი არა, ერთი ოჯახიდან მომავლებს აქვთ ხოლმე სრულიად სხვადასხვა გამოცდილება. მე და ჩემი და რომ დავსხდებით და ბავშვობას ვიხსენებთ, ძალიან ბევრ რამეში ისე განსხვავდება ჩვენი მოგონებები, გულისტკენები, სიხარულები – გეგონება, სხვადასხვა პოლუსზე გავიზარდეთ.
მშობლები დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან. იმ საბჭოთა ეპოქაში იშვიათი ფუფუნება იყო მამაჩემის ოჯახში დაბადება. დროება რომ გამოიცვალა, ჩემ ირგვლივ ბევრმა შეიცვალა სასიკეთოდ შეხედულებები, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების თემაზე. მე ასეთი არ მომწევია, ბავშვობიდან მიხსნიდნენ, რა იყო ადამიანური და რა – არა. მაგრამ რომ წარმოვიდგენ, პატარა, ექვსი წლის, სიყვარულსა და ფერებაში გაზრდილი უმცროსი შვილი, მოკლე სასკოლო კაბითა და შუბლზე შეკრული სასაცილო „ანტენა“ ვარცხნილობით როგორ მიმიყვანეს და დამტოვეს იმ სკოლაში, იმ ქალთან, ვერაფრით ვპატიობ! მთიული ბებიასგან, რომელსაც ქმარი მეორე მსოფლიო ომში ჰყავდა დაკარგული, ეროვნული მტრის ორი ხატი 6 წლისას უკვე მკაფიოდ მქონდა ჩამოყალიბებული. ერთი იყო „ნემცები“, რომლებზეც ხშირად იტყოდა ხოლმე, ქმარი მაგათ მომიკლესო, და მეორე რუსები, მთიულურ ცივ ზამთარში სახლში შეცვენილი ბავშვები კარს რომ ღიად დავტოვებდით, მოგვაძახებდა, რუსები შემოცვივდნენ, კარი დაკეტეთო. ამ ჩემს დაწყებითების მასწავლებელს სლავური სისხლი ერია, ლამაზი იყო, ცივი, ნაცრისფერი თვალებით, დგომისა და სიარულის მედიდური მანერით და ამ „ნემცებს“ და „რუსებს“ ერთდროულად ჰგავდა.
და რომ ვფიქრობ ხოლმე, ხომ ნახეს, ხომ მიხვდნენ, ვინც იყო და როგორი? რატომ დამტოვეს, რატომ მკერდით არ გადამეფარნენ, რატომ არ დამიცვეს? ამაზე ახლაც არ შემიძლია ცრემლების გარეშე ფიქრი და კიდევ იმაზე: ჩემი შვილები რაზე მომთხოვენ პასუხს, მე რომ აღარ ვიქნები, რას ჩამითვლიან უპატიებელ შეცდომად, რაზე მეჩხუბებიან ცხრა მთასა და ცხრა სამყაროს იქით მყოფს?!
მე ახლა ორი შვილის დედა და ერთი შვილობილის დედობილი ვარ. დიდები არიან, 16, 20 და 21 წლისანი. ჩვენ არ ვჩხუბობთ. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, ალბათ უფრო კარგია. პედაგოგიკის მიმართულებით მიწევს მუშაობა, სწავლება, ძიება, კვლევა – ამიტომ ბევრი რამ ვიცი ამათი აღზრდის შესახებ, ამათ ასაკობრივ თავისებურებებზე, ამათ შეცდომებზე, რომლებიც გარდაუვალია, ჩემს შეცდომებზე მათ მიმართ, რომლებიც კიდევ უფრო გარდაუვალია. ვიცი და რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ეს ცოდნა, რა თქმა უნდა, მეხმარება, თუმცა ისიც ვიცი, სადაც გული და გრძნობებია, გონება კარგად არა ჭრის.
სინამდვილე მუდმივად ცვალებადი რამაა, განსაკუთრებით, როცა საქმე საკუთარ წარსულს ეხება. ერთი მხრივ, ვაანალიზებ, დედობა არასდროს ყოფილა ჩემი ოცნება, მეორე მხრივ, მახსოვს, მინდოდა, ბიჭი შვილი მყოლოდა და ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეში“ ემღერა, მერე მოსულიყვნენ სტუმრად და სუფრაზე უეცრად წამოეწყოთ: „გლესავ და გლესავ, ნამგალო, ნამგალო ჩემო რკინაოო“, თუმცა, ეს ოცნებაც ფრაგმენტული იყო. ახლა ძალიან მშურს იმათი, ვინც შვილები საკუთარი, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებით გააჩინა. მე ასეთი არაფერი მქონია. დღეს კი მიხარია, რომ მყვანან, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ არ მომეცა შესაძლებლობა, უფრო გააზრებულად, მომზადებულად გამეჩინა. ალბათ უკეთ გავზრდიდი.
საერთოდ, თუ რამე მაოცებს ამქვეყნად, ერთ-ერთი ისიცაა, როგორ გვყოფნიდა სითავხედე იმ 90-იანებში, ოჯახებიც შეგვექმნა და ბავშვებიც გაგვეჩინა. ალბათ განვითარების სხვაგვარ სცენარს საერთოდ ვერ ვხედავდით და ინსტინქტებს მინდობილნი ბრმად ვმოქმედებდით, სიბნელე კი იყო, ყველას მოგეხსენებათ, დაბრმავებისთვის განსაკუთრებული მონდომება არ იყო საჭირო.
კიდევ უფრო მაოცებს, რომ ეს ბავშვები მართლა დავზარდეთ, არც ნავთქურით გაჩენილ ხანძრებში დავწვით, არც სიცივით დაგვეთოშნენ, არც ვირთხებმა დაგვიჭამეს. (პირველი რომ მეყოლა, ერთი თვის არ იყო, საავადმყოფოში, ჩვილ ბავშვთა რეაბილიტაციის განყოფილებაში მოვხვდით, ორი კვირა ვიწექით და ვებრძოდით ვირთხებს, ბოლო ღამეს სკამზე ვიდექი და ბავშვი ხელში მეჭირა).
მიუხედავად მათი ცხოვრების ასეთი მძიმე დასაწყისისა, მაინც თავისუფალი ქვეყნის შვილები არიან და, რა თქმა უნდა, გვჯობიან, უფრო ლაღებიც დადგნენ და უფრო ჭკვიანებიც, მარტო ჩემები არა, მთელი მათი სამეგობრო, ჩემი მოსწავლეები, სტუდენტები... მართალია, ვხვდები, რომ ეს მაინც ერთი ჯგუფია და, სამწუხაროდ, ბირჟები ისევ ივსება ახალწვეულებით, მაგრამ არც ესენია ცოტა.
ალბათ ამის ბრალია, ზედმეტად რომ მომწონს ახალგაზრდები და გაბრწყინებული ვყვები ხოლმე მათზე, ხშირად მეკითხებიან: თეონა, როგორ გაზარდე ასეთებიო? სინამდვილეში ჩემი შვილები კი არ ხიბლავთ, მე რომ დაძაბული და უკმაყოფილო არა ვარ, ეს იზიდავთ. თავად ხშირად არ მოსწონთ თავიანთი შვილები, რაღაც სხვა უნდოდათ, სხვა გამოუვიდათ, მაინცდამაინც ამაყები უნდათ იყვნენ შვილებით, მუდმივად უკმაყოფილოები და შეწუხებულები არიან, სევდიანი ისტორიებია ხოლმე. ანდა გკითხავენ რამეს უმცროსკლასელის სწავლა-განათლებაზე და როგორც კი ეტყვი, რომ ასე არ უნდა გადატვირთო, მაშინვე აღარ გისმენს, უნდა ჩატენოს რაც შეიძლება ბევრი, უნდა არავის ჩამორჩეს, უნდა წარმატებული გაზარდოს, ბავშვი როგორაა, საბოლოოდ რა შედეგს მიიღებს, გარდატეხის ასაკში სანამ თავზე არ ჩამოამხობს ის შვილი ყველაფერს, მანამ არ აინტერესებს. არც მაშინაა გვიან, საერთოდ არასოდესაა გვიან, მოძალადე მშობელიც კი შეიძლება გამოსწორდეს და ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალოს.
შვილებით სიამაყით ცდუნება განა მე არ დამრევს ხოლმე ხელს, მაგრამ ვცდილობ, მოვთოკო, ხან გამომდის, ხან – არა. ამას წინათ განსაკუთრებით მხრებში გაშლილი ვიყავი. ვაკის პარკის საბოლოო გამარჯვების აღსანიშნავად წავედით ყველანი. ექვსი წელი დავრბოდით, SOS-ს რომ დაწერდა პარტიზანული მებაღეობა, მე თუ არ მეცალა, ბავშვები მიდიოდნენ. ამასობაში დაიზარდნენ, 6 წელი მათი ასაკისთვის ძალიან ბევრია.
იმ დღეს ვიდექით გამარჯვებულები, ფოტოებიც გადავიღეთ, მზიანი დღე იყო, ირგვლივ ყველას უხაროდა და ვფიქრობდი, ძალიან მაგარია, როცა დედას და შვილებს საერთო ბრძოლა აქვთ გამოვლილი და კიდევ უფრო მაგარია ამ ბრძოლაში გამარჯვება-მეთქი. იმ დღეს მადლობა მინდოდა მეთქვა თითოეული აქტივისტისთვის და საერთოდ სამყაროსთვის, რომ ეგეთი ბრდღვიალა წუთები მაჩუქეს.
საერთოდ ძალიან ბევრი მაგარი წუთია დედაშვილობაში. ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ამიტომ გვაქვს დიდი ტახტი, რომელზეც ყველანი ვეტევით, წამოვწვებით ხოლმე, ვკოტრიალობთ, დღის ამბებს ვყვებით, ვმაიმუნობთ, ხან სერიოზულ რამეებსაც ვლაპარაკობთ. ასე მგონია, ახლა ყველაზე სასიამოვნო ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში, იმდენი ზრუნვა არ სჭირდებათ და თან ჯერ ჩემ გვერდით არიან. არაფერი შეედრება ამ კოტრიალობებს.
რა თქმა უნდა, მშვენივრად ვიცი, ბევრი რამე მეც მეშლება, ამათაც, დღეებიც ყოველთვის ბრდღვიალა არაა, მაგრამ როცა მე აღარ ვიქნები და ჩემი შვილები ჩემ მიერ მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულზე ილაპარაკებენ, ძალიან არ მინდა, თქვან, რომ უჭირდათ და მნიშვნელოვნად არ მივიჩნიე, ეშინოდათ და არ დავიცავი. დაე, სხვანაირი იყოს ჩემი მთავარი დანაშაული!