
„მწარე სულის“ ანატომია | ქრისტინე ცირეკიძე
ადამიანი თავისი არსებობის ისტორიაში კიდევ ერთხელ მოესწრო პანდემიის დროებას – „ნიღბიან დროს“. კიდევ ერთხელ შეხვდა ადამიანი პირისპირ ვირუსს, რომელმაც ერთმანეთს გაანაპირა, მაგრამ ჩააღრმავა კი საკუთარ თავში, აჩქარებული სამყაროს რუტინიდან ამოაგდო და მიაბრუნა საკუთარ თავთან. ამ ადამიანური თვითჩაღრმავების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია ბესიკ ხარანაულის მეტაპოეტური წიგნი „ბოლოშემართული შაშვი გრძნობას ვერ აგნებს“.
წიგნის მთავარი პერსონაჟი ვირუსია, რომელიც ქვეყნად „ხეტიალსა და წანწალშია“ გადმოგდებული. როგორც დაცემული ანგელოზი, ისიც ნადირობს სულებზე. იგი ადამიანთა მებადურია. ვირუსისა და ადამიანის შეყრა არის უკვდავისა და მოკვდავის ჭიდილი, თუმცა არც ვირუსია უკვდავი უადამიანოდ. ადამიანი არის ის ჭურჭელი, რომელშიც ჩაძრომის შემდეგ ის უკვდავი ხდება. ამიტომ დადის ვირუსი დედამიწაზე და სწავლობს ადამიანს; როგორც მებადურს მართებს თავის მსხვერპლზე დაკვირვება, ასევეა ვირუსიც. ის უკვე ოთხმოცი ათასი წელია აკვირდება ადამიანთა ცოდვა-მადლით სავსე სამყაროს. ეს წიგნი სწორედ ამ დაკვირვებათა, რეფლესიათა კრებულია, მოხუცი ვირუსის ამქვეყნად წანწალით შეგროვებული. მოხუცი ვირუსი ფიქრობს, რა არის ადამიანი, რა ვნებები წარმართავს მას, რატომაა ასეთი „მწარე სულისა“. და თითქოს ამასობაში იგი თანშეეზრდება კაცობრიობას, მისთვის „არაფერი ადამიანური უცხო აღარ არის“, ისიც გამხდარა ცოდვის თანაზიარი, ადამიანის თანამზრახველი.

ბესიკ ხარანაულის ახალ წიგნში უხვად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხდება ცხოვრება და ადამიანი, გამოხატული აქსიომებად, პარადოქსებად, აბსურდებად, ალუზიებად, სენტენციებად, შეკითხვებად, წინასწარმეტყველებებად... ბიბლიური მთესველის ალუზიური სახეა თავად ვირუსი. მორალური აქსიომაა: „ღირსებაა, შენს ეთნოსში რომ ხარ, მაგრამ უღირსობაა, რომ ხარ შენი ეთნოსის ფარშში“ – რაც ასევე სინდისზე გვაგდებს, ვინ ვართ ადამიანები: ღვთის ხატი თუ უბრალო ფარში სხვადასხვა დაფასოებით? „სახე აქვს კაცს სახიობისთვის და არა პირადობის მოწმობისათვის“ – ასევე დიდი დამუნათებაა ადამიანისა. მარადიულ, მარადსაფიქრალ შეკითხვებად გვრჩება: „ღმერთო, ნუთუ ვინც კვდება, ყველა მწარე სულით კვდება?“; „სულის უკვდავება მომხიბვლელია, მაგრამ რა უნდა აკეთოს სულმა უსასრულოდ?“ და გონებაში მარტივ ჭეშმარიტებებად გვებეჭდება სიტყვები, რომლებზეც, ალბათ, ჩვენც გვიფიქრია, მაგრამ ვერ კი გამოგვითქვამს: „სიტკბო რა ალმაცერია და სიმწარე რა პირდაპირი“, „სინანული კაცზე ხანგრძლივია“, „მოლოდინი მკვდრების დროა“ და სხვაც ბევრი.
ეს მეტაპოეტური ტექსტი მეტაენითაა დაწერილი და მეტააზროვნებას საჭიროებს გასაშიფრად, ანუ ესაა რაღაც მიღმა პოეზიისა, მიღმა ენისა, მიღმა აზროვნებისა; მხატვრული, მეტაფორული აზროვნება კი ამ მიღმიერებასთან გვაახლოებს.
იქნებ გამოცანების კრებულია ეს წიგნი? მაშინ, თითოეული მკითხველი ყველა იმ გამოცანას გამოიცნობს და ის მოხვდება გულზე, რაზეც თვითონ უფიქრია; ყველა გამოცანას პასუხს ვერ ვუპოვით და არც პასუხების გვერდი მოჰყვება წიგნს, მაგრამ გამოცნობის ცდაში, ფიქრი მაინც დაგვრჩება ფიქრად.
ავტორი: ქრისტინე ცირეკიძე