ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

მზე | მაიკლ პალმერი

ამერიკელი პოეტი და ესეისტი, ბევრის აზრით,

ე.წ. ენის (The L=A=N=G=U=A=G=E) 
პოეტური სკოლის წარმომადგენელი.

 

„მაიკლ პალმერი წერს გამორჩეულ პოეზიას, გადაადგილების, მონაცვლეობისა და გვერდიდან გვერდზე მომთაბარე ტექსტის პოეზიას. მისი ოპერატიული სემანტიკა იზოლირებულ ერთეულებს შეაკავშირებს (წმინდად სინტაგმატურად), ერთეულებს, რომლებიც ჯერაც ინარჩუნებენ მოლეკულურ დამოუკიდებლობას. ის წერს ორმაგ თავდასხმას: საკუთრივ გვერდზე და მიმართების ვექტორზე. მის ნაწერებში არ არის ადგილი, რადგან იქ ქრება ყველა მიმართება. პალმერის პოეზიაში გამიზნულად უგულებელყოფილია მიზანი...“  – სტივ მაკკაფერი, კანადელი პოეტი, მკვლევარი.

 

დაწერე. ჩვენ გადავწვით ყველა მათი სოფელი

დაწერე. ჩვენ გადავწვით ყველა მათი სოფელი და მათში მცხოვრებნი

დაწერე. ჩვენ ავითვისეთ მათი ადათები და ჩაცმის სტილი

დაწერე. სიტყვა შეიძლება მოიხაზოს როგორც საწოლი, ცრემლების

წნული ან X

დღიურში ნათქვამია, ეს არის დრო მუტაციების, ხუმრობებზე სიცილის,

მეტყველების მიღმა არსებული საიდუმლოებების

ახლა მე ვუბრუნდები ჩემ მიერ სუფიქსებისა და პუნქტუაციის

გამოყენებას, რომელიც ერთი ხელის მოსმით კრავს ბ-ნ წრეს,

ჩამოახსნის კედელს შეხორცებულ სურათებს, გამოცდის იმავე

ფიქრებს იმავ წამს, აღბეჭდავს მათ მუშმალას ფოთლებზე

დაწერე. ჩვენ დავიწყეთ სხეულის ქონა, სხეულის ახლა აქ და ახლა

აღარ აქ, დაკარგულის და მოსაპოვებლის

გამიშვი, რადგან მე მოვკვდი და ვარ რომანში და ვიყავი პოეტი-

ლირიკოსი, ის, ვისაც ხალხი მთის მწვერვალებისკენ მიჰყავს. ხუთ

ცენტად ამ ყუთიდან ამოვალ. ერთ დოლარად მე მექნება შენთან

ტექსტი და სამ შეკითხვას ვუპასუხებ

პირველი შეკითხვა. ჩვენ შევედით ტყეში, ვიარეთ ხვეული ბილიკებით

და აღმოვჩნდით ბრმები

მეორე შეკითხვა. ჩემი საკუთარი სახლი მოდერნის სტილში,

დარმშტადტზე მდებარეობს

მესამე შეკითხვა. მან იცის, თავს დააღწევს ამ ძილს, რომელიც

მშობლიურ ენაში გაატარა

მესამე შეკითხვა. მან იცის, მისი სუნთქვის ორგანოებით მანიპულირებს

ღმერთი იმდენად, რომ ის იძულებულია, იყვიროს

მესამე შეკითხვა. მე არავის დაველაპარაკები კვირის იმ დღეებში,

რომლებიც ხმოვანზე მთავრდება

დაწერე. არის სიამოვნება და ტკივილი და არიან ნიშნები და

სიმბოლოები. სიტყვა შეიძლება ფორმირდეს როგორც ღორი ან

მორი, როგორც ვერცხლი ან კვერცხი

მაგრამ მხოლოდ მარხვის და სურვილის, პროექტის და დიზაინის

დროა, კიდურების, ორგანოებისა და სახის გარეშე სამეცნიერო

სიჩუმეში, შუქის ჭუჭრუტანაში ჩაბრუნების დროა

თქვი. მე დავიბადე კუნძულზე მიცვალებულთა შორის. მე ვსწავლობდი

ენას ამ კუნძულზე, მაგრამ არ ვლაპარაკობდი ამ კუნძულზე. მე გწერ

ამ კუნძულიდან. მე ვწერ მოცეკვავეებს ამ კუნძულიდან. მწერლები არ

ცეკვავენ ამ კუნძულზე

თქვი. ჩემს პირში არის წინადადება, ჩემს პირში არის ეტლი. არის

კიბე. არის ნათურა, რომლის შუქი ავსებს ცარიელ სივრცეს და

სივრცე, რომელიც ყლაპავს შუქს

სიტყვა საკუთარი თავის მიღმაა. ამ ლექსს ეწოდება რისი თქმა უნდა

მეტყველებას,

თუმცა მე არ მახსოვს ჩემი სახელი

ამ ლექსს ეწოდება რეალობის თეორია, ამის სახელია ასე დავარქვათ

და ამის სახელია ხის ჯოხი. ის ამბობს კი-კი, არა-არა, ის ამბობს ერთ-

ერთი.

მე ვწერდი წიგნს, არამშობლიურ ენაზე, ვიოლინოებისა და

თამბაქოს შესახებ, ხაზებისა და წერტილების შესახებ, თავისუფალი

მეტყველებისა და იმად ქცევის შესახებ, რასაც ვამბობთ, გვერდების

შესახებ, რომლებიც დგებიან, მიმოიხედავენ და გაბედულად

ჩამწკრივდებიან ჩამავალი მზისკენ

ამოხეული და სამგლოვიარო კოცონს შეკეთებული გვერდების

შესახებ, რომ ისინი დაემსგავსონ აზრებს

გვერდების შესახებ, რომლებიც მელანს არ იკარებენ

გვერდების შესახებ, რომლებიც არასდროს გვინახავს – პირველს

ერქვა ვიწრო ქუჩა, შემდეგს ფრაგმენტის ნახევარი, თრთოლვის

ველი ან ლერწმის ველი, რომელიც ყოველ მარცვალს პირში იღებდა,

უცვლიდა მდებარეობას და გადასცემდა მას

ნება მომეცით, ვთქვა. ნიკ ლუონგი კვამლში გაეხვია. ახლა

სამშაბათია მაგარმერქნიან ტყეში. მე აქ სტუმრად ვარ, ხელში

რვეულით

რვეული მიითვლის ჩემს ახალ სიტყვებს და დროშას თეთრ ფერს

ზემოთ. ის იჟინებს,

რომ არაფერს შეიცავს, მხოლოდ ნიშნებს – როგორიცაა A მისსავე

საწინააღმდეგოდ,

B, C, L და N, სემი, ჰანს მაგნუსი, სფერო T. – სიბნელეში ხელებით

მოსაუბრეებს

G როგორც გრამში და გებელსი, ლურჯი მთები, ქალაქები, მთიანი

ქალაქები,

თანამედროვენი და დროის კიდეზე მყოფნი

F როგორც ანბანი, Z როგორც A, ჩრდილი, უხმო მსხვრევა, W ან M

ვარსკვლავთა შორის

რა არის ბოლოს. პრანწია. ტესერაქტი. X, ალბათ, X-ს ნაცვლად.

სოფლები ცნობილია როგორც ეს ასოები – ნოტიო, უმზეო. ნაწერი

ჩნდება მათ კედლებზე

 

1987 წელი

თარგმანი :ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა