ზამთრის მზებუდობის დღესასწაული
ხალხური რწმენა-წარმოდგენებით, ზამთრის მზებუდობა ზამთრის მზის მდგომარეობის და, შესაბამისად, ზამთრის ასტრონომიული დასაწყისის აღმნიშვნელია. ეს წელიწადის ის დროა, როდესაც მზე სამხრეთის ყველაზე უკიდურეს წერტილს აღწევს, სინათლე იმატებს და მზის გაზაფხულისკენ მობრუნება იწყება და მასთან ზამთრის დღესასწაულების ციკლია დაკავშირებული. ხალხური აღქმით (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გარდა), ეს ასტრონომიული მოვლენა მოიცავს წმინდა ბარბარეს დღესაც, როგორც შემოდგომიდან ზამთარში გადასვლის ზღვრულ დღესასწაულს და იწყება 4/17 დეკემბერს.
ეს ასტრონომიული მოვლენა საქართველოს სხვადასხვა კუთხის რწმენა-წარმოდგენებში განსხვავებულად აისახა. მაგალითად, სვანების წარმოდგენით, ბარბოლის (წმ. ბარბარეს) დღეს მზე მამლის სამ ნახტომს აკეთებდა. დღის ყველაზე უფრო დიდი ზრდა შობას, სვანურად ქრისდეშს, ემთხვევა, რადგან ამ დროს მზე ვერძის სამ ნახტომს აკეთებს. მესტიური გადმოცემით, ბარბლაშის (ბარბარობის) განმავლობაში (ე.ი. სამი დღე) მზე ერთ ადგილზეა გაჩერებული. სამაგიეროდ, შობას ორი ღამე ერთდება, რადგან ლამარიას (წმ. მარიამს) არ ჰყოფნის ერთი ღამე ქრისტეს შობის თვის, დღე კი ვერძის ერთი ნახტომით მატულობს. სვანებისგან განსხვავებით, მეგრელებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და დღის გადიდება იწყებოდა. ჩვენამდე მოღწეული მასალის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თუშეთში, ნიკოლოზობას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩასახვის დღეს, 9/22 დეკემბერს, მზის მობრუნებას უკავშირებდნენ. მათი რწმენით, 6ში მზე ბუდეში ჩაბრძანდებოდა, თუ იქ ბატკანი დახვდებოდა, 3 დღე რჩებოდა და 9ში ამოვიდოდა, ხოლო თუ გველი დახვდებოდა – იმდენზე გადახტებოდა, რამდენზეც სამი დღის ბატკანს შეუძლია გადახტომა. 9/22 დეკემბერს, მზის ბუდიდან ამოსვლის დღეს, ყველა ოჯახი მზისთვის შლიდა სუფრას და მზის სადიდებელს ამბობდა.
ფოტო: კონგრესის ბიბლიოთეკა. „საზღვაო ასტრონომია“, უილიამ თომსი, 1902 წ.