„ნაპერწკლიდან ცეცხლი აინთება“
18.12.2017 | 8 წუთიანი საკითხავი„გახსენებების მომძახოდა მტანჯველი ლანდი:
შენ და მოსკოვი, პეტროგრადი, ლენინი, კრემლი!“
გალაკტიონ ტაბიძე
ლენინის მოედანი
ჩემი ადრეული ბავშვობიდან, რომელიც სოლოლაკში, დადიანის ქუჩაზე გავატარე, ყველაზე ამაღლებული მოგონება ლენინის მოედანს, უფრო ზუსტად, მოედნის ცენტრში აღმართულ ლენინის გიგანტურ ძეგლს უკავშირდება, რომლის ყოველი დანახვაც ჩემში აღტაცებას და სიხარულს იწვევდა. ყოველთვის, როცა სახლიდან გამიყვანდნენ, ვითხოვდი, რომ ლენინის მოედანზე გავეტარებინე. თუ ვინმე სხვა გზით შეეცდებოდა ჩემს წაყვანას, ხმამაღლა ვტიროდი. იმ დროს მხოლოდ ის ვიცოდი, რომ წითელი მარმარილოს კვარცხლბეკზე მდგარი კაცის სახელი ლენინი იყო და შეიძლება მას დიდ თოჯინადაც აღვიქვამდი.
მალე ლენინი ჩემთვის იმდენად ყველგანმსუფევად იქცა, რომ მას, როგორც ჰაერს და მიწას, ვეღარც კი ვამჩნევდი. ძეგლები, ბიუსტები, პორტრეტები, გამონათქვამები თუ წიგნის სქოლიოებში მისი სახელის მოხსენიებები ლენინს პირობით ნიშნად აქცევდა, რომელიც საბჭოთა სისტემის აღმნიშვნელი, მისი სამარკო ნიშანიღა იყო.