ნატურალური პანკი | ნიკა ხოჭოლავა
“ჩვენთან ნამდვილი, ნატურალური პანკები არ არიან. უნდათ რომ იყვნენ პანკები, მაგრამ ვერ არიან” - ამბობს ყოფით ქანცგამოლეული ახალგაზრდა, ვანდა ხუციანიძის 2004 წელს გადაღებულ ვიდეომასალაში “ტუსოვკა” - დოკუმენტური ფილმი ქართველ პანკებზე. ნეტავ ვის მოისაზრებს ნატურალურ პანკად, ნახევარი საუკუნით დაგვიანებულ ბრიტანელს, “ნადსატის” ენაზე რომ მეტყველებს? იქნებ, პანკ მუსიკაში კარგად გათვითცნობიერებულ ადამიანს, დიდი ხნის განმავლობაში ცენზურადადებულ გამოცემებზე ხელი რომ მიუწვდებოდა? პანკს ალბათ უფრო ფართო მეტაფიზიკური მნიშვნელობა აქვს, თუმცა, არავინ დავობს იმაზე, რომ როგორც კულტურულმა მოვლენამ, ტოტალიტარულ ქვეყნებში ახალგაზრდულ ენერგიის კონსერვს თავი მოხადა ერთ დროს.
19 ივნისის ცხელ შაბათ დღეს, ამ ფიქრებში გართულმა იპოდრომზე წასვლა გადავწყვიტე. “Punk Activity” ასე ერქვა ღონისძიებას, რომელშიც ექვსი ბენდი იღებდა მონაწილეობას. როცა მივედი, გაშლილ მინდორზე მდგარი ორად-ორი ხის ქვეშ პანკები ზაფხულის მცხუნვარე მზეს ემალებოდნენ და სათანადოდ მობილიზებულ ალკოჰოლს უცერემონიოდ შეექცეოდნენ; Ხის ფოთლების შრიალის ფონზე, ნელ-ნელა ქართული და ბრიტანულ-ამერიკული სახატე პანკ ჯგუფების მაისურებში გამოწყობილ, თვალებმოხატულ, პირსინგასხმულ ახალგაზრდებს ხალხი ემატებოდა. იქვე, ოთხი პატარა ხმის გამაძლიერებლით და ორი მიკროფონით სცენა მოეწყოთ, რომელსაც ელექტრობით საწვავის გენერატორი უზრუნველყოფდა. მალე დვიჟოკიც ამოიქოქა და დიდი ხნის უნახავი პანკ აქტივობაც დაიწყო.
პირველად გამოვიდა თინეიჯერებით დაკომპლექტებული “ნუ მიეყრდნობით”, რომელთა ნორჩმა მუხტმაც გარდი-გარდმო გაფანტული პანკერები უბარიერო სცენასთან შეკრიბა. ტექსტებს, რომლებსაც ინფანტილიზმი და მოუთვინიერებელი ენერგია ასაზრდოებს, ჩემდა გასაოცრად, აუდიტორია უშეცდომოდ იმეორებდა. მუსიკას ვყვებოდი და თან ვფიქრობდი, რა კარგია მოსწავლეებს ხელში გიტარა რომ უჭირავთ, ალბათ როგორ დაამშვენებდა სკოლის დარბაზებს მათი მისამღერი თქო:
ბენდის ერთ-ერთმა შემქმნელმა საუბრისას გამიმხილა, რომ ძალიან წუხს, რადგან არც მანამდე და მითუმეტეს არც ახლა, პანდემიის პირობებში როკ-ჯგუფებს არ ეძლევათ საშუალება ხშირად დაუკრან მსმენელისთვის, რომელთა რიცხვი თბილისში არც თუ ისე ცოტაა.
თვითორგანიზებული, არაკომერციული ღონისძიების სილამაზით დამტკბარს, ხალხში შერეული სახეზე ნიღაბაფარებული, მილიტარისტულ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანების შემჩნევა გამომრჩა. შიშველ ტანზე სვირინგებით - ACAB, SS, ბორჯღალი, სვასტიკა, ადვილად მივხვდი, რომ საქმე ნეო-ნაცისტებთან გვქონდა. “ნუ მიეყრდნობით” ბოლო, მეოთხე სიმღერას ასრულებდა, როცა ნეო-ნაცისტებმა ერთი, სლემში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა “Black Flag”-ის მაისურით, თან იროკეზით რომ იწონებდა თავს, ალყაში მოაქციეს და ხელჩართული ჩხუბი ატეხეს. აი რა აკლდა ამ კონცერტს! როგორც, ნამდვილ პანკ ღონისძიებას შეშვენის: White Supremacists VS Antifa!
კონცერტი შეჩერდა, უკმაყოფილო ფანები ხმამაღლა და მოურიდებლად აგინებდნენ პაუზაში ბრალდებულებს და მათ “ფაშისტებს” ეძახდნენ. მალევე პოლიცია მოვიდა, კონფლიქტი განმუხტა და ჩხუბში მონაწილეები ტერიტორიას განარიდა. კონცერტიც განახლდა და სცენაზე, როგორც შემდგომ გავარკვიე იმ აგრესიული ხალხის მთავარი სამიზნე ჯგუფი, “გერჩი” გამოჩნდა.
Საბა ვაშაყმაძე, “გერჩი”-ს სოლისტი, მომიყვა რომ ჯგუფი 2019 წელს შეიქმნა. ამ დროისთვის უკვე გერმანიაში და ქუთაისში გასტროლიც მოუსწრიათ და სულ მალე პირველ ალბომს, სახელწოდებით “აგრესია” გამოსცემენ უცნობ ქართულ ლეიბლზე. მისთვის ნეო-ნაციზმზეც მინდოდა შეკითხვის დასმა, თუმცა პასუხი ჯგუფის ყველაზე ხმაურიანი სიმღერაში “ყარს (Georgien über allen)” უკვე ხომ მქონდა ნაპოვნი:
ბოლოს, ძველი, ლეგენდარული ქართული როკ-ჯგუფის: ”კონტრაბანდას” ყველაზე ცნობილი სიმღერა - “მოკვდა, მოკვდა” შეასრულეს და ამით კარი გაუხსნეს ქართულ პანკ სცენაზე არანაკლებ ლეგენდარულ სპანდერას თავისი “მინდა და ვთხრით”. ამ ბენდის თითქმის ყველა სიმღერა თავის დროზე ზეპირად ვიცოდი, გამიკვირდა, რომ მახსოვდა. განა მარტო მე?! ჩემთან ერთად, აბსოლუტურად ყველა იქ მყოფი სინქრონულად იმეორებდა:
“Ჩაყავი თავი უნიტაზში!
მიკროფონის ხმა პერიოდულად აგვიანებდა და ისეთ ეფექტს ქმნიდა Squarpusher-ს რომ შეშურდებოდა, თუმცა გამოცდილი პანკერის იმპროვიზაციამ მარტივად მოიხელთა ტექნიკური პრობლემა და აქცია საშუალებად ახლებურად შეესრულებინათ მუსიკა, რომელიც მანამდე არაერთხელ დაუკრავთ მსმენელისთვის.
სპანდერას შემდეგ ქუთაისური “ოთახში შავი კატაა”-ს წევრებმა დაინაწილეს დრამი და გიტარები. ბევრი მელომანი ქუთაისს ქართული როკის დასაბამად განიხილავს, ამიტომ მათი თბილისში ხილვა ჩემთვის განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს. იმედები არ გაუცრუებიათ, თუმცა ჯგუფის ჟღერადობა უფრო Post punk-ის იყო.
Პანკი, როგორც თვითგამორკვევის მუსიკალური გზამკვლევი, დიდი ხნის განმავლობაში ტოვებდა გიტარის ჟღარუნის ხმას სიახლემოწყურებულ ახალგაზრდებში. მაგრამ, ბოლო ათწლეულია როკ-ჯგუფები გაინფლუენსერებულმა ჰიპ-ჰოპ არტისტებმა და დიჯეებმა ჩაანაცვლეს. Მათი ღონისძიებები, კარგად ორგანიზებული და პოლიტკორექტულია. ასეთ სტერილურ გარემოში, დაკარგულია ის ველური სინამდვილე, რაც ხშირად კონფრონტაციასაც იწვევს. იპოდრომზე შევეცადე გამერკვია ჩანაცვლებული იერის დარად, შეიცვალა თუ არა ამბოხის სულისკვეთებაც. სულხან-საბა ორბელიანი “ლექსიკონი ქართულში” ამბოხს უწოდებდა დუღილის პროცესში მყოფ ღვინოს, დაუმდგარ მაჭარს. იპოდრომზე შეკრებილ ახალგაზრდებში, სწორედ ეს აქტი ამოვიკითხე. Მათ დღეს აქვთ ყველაფერი, რაც “ტუსოვკა”-ს გმირებს არასოდეს ჰქონიათ, თუმცა უკუსვლის, დამყაყებულ წერტილში ყოფნის განცდა მათ მაინც საერთო ქვაბში ხუფავს. დაუბრუნდება ამბოხი როკ-ჯგუფების ფორმას? ეს არ ვიცი, თუმცა “Punk Activity”, მისი ნატურალური ენერგიით ამის პირველ ნიშნად ცალსახად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ფოტო: Tbilisi Underground