
ნეირონების კაკანათიდან გაფრენილი მტრედები
27.04.2018სპეციალურად ამ პროექტისთვის ფოტოები გადაღებულია Lomography-ს ფოტოაპარატითა და ფირებით. პროექტში მონაწილეობისთვის „ინდიგო“ მადლობას უხდის Lomography Georgia-ს, ულა მელაძეს და გვანცა კიკალიშვილს.
დედაჩემი მთხოვს, ქუდების ქსოვა ვასწავლო.
ქუდების ქსოვა ბავშვობაში დედაჩემმა მასწავლა.
ცხადად მახსოვს თითებზე შალის ძაფის გადახვევა, სპილენძის ჩხირებზე პირველი თვალის ოთხ ხელში ამოყვანა, ერთი შეცდომის გამო მთელი მწკრივის მორღვევა, მარყუჟების ფრჩხილით გადათვლა და თოჯინისთვის მწვანე ქუდის მოქსოვა. დედას ქუდების ქსოვასთან ერთად ეს ამბავიც დაავიწყდა. სამაგიეროდ კარგად ახსოვს, როგორ შეეძლო ერთ ღამეში ჩემთვის ჯემპრი მოექსოვა და დილით საწოლის თავზე გადაფენილი დაეხვედრებინა.
დედა იმ დღესაც იხსენებს, როდესაც მე და ჩემი უმცროსი და ვერავისთან დაგვტოვა, სამსახურში წაგვიყვანა და ამის გამო ხელმძღვანელისგან შენიშვნა დაიმსახურა. ხშირად იმეორებს, რომ არასოდეს დაავიწყდება ჩვენი შემცბარი სახეები. მე კი ის დღე სხვაგვარად დამამახსოვრდა: თვითმფრინავების გუგუნი, დიდფანჯრებიანი შენობა, დედაჩემის სამუშაო ოთახი, რადარები და უამრავი ღილაკი, ჭერამდე მონიტორები და მოციმციმე წერტილები. დედა თარგმნის ეთერს ცას და მიწას შორის და წამოსვლის წინ გვეუბნება, რომ აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება – არც ღილაკის დაჭერისას და არც სიტყვის წარმოთქმისას. დედაჩემისთვის ეს ყოველდღიურობაა, ამიტომაც აეროპორტს ჯადოსნურ სამყაროდ ვეღარ აღიქვამს და მხოლოდ ჩვენს შეშინებულ თვალებს იმახსოვრებს. არც თავისივე ნათქვამი ებეჭდება გონებაში, რადგანაც გამოცდილი თარჯიმანია და რთულ საქმეს მარტივად ასრულებს. ჩემს დას ვთხოვ, იქნებ ის დღე გაიხსენოს და მიამბოს. მოკლედ მპასუხობს – ჩვენ სხვადასხვა ბავშვობა გვქონდაო, თუმცა იქვე დასძენს: „დუბროვსკი, დუბროვსკი იყო იმ კაცის გვარი“. ეს იმას ნიშნავს, რომ დედაჩემის, ჩემი დისა და ჩემი მოგონებები ერთმანეთს არ ემთხვევა და ყველას დიდი „ფაზლის“ მხოლოდ თითო ნაჭერი გვერგო წილად. ამიტომაც იმ დღის დავიწყება კიდევ უფრო მაფრთხობს. მოგონების გასამკვეთრებლად და წარსულთან ხელშესახებად დედას საავიაციო ლექსიკონს ვართმევ. Pan-Pan, Roger, Over and Out, – იმდენჯერ ვამოწმებ, რა შემთხვევაში წარმოითქმის ეს სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყნის საჰაერო ტრასაზე საერთაშორისო რეისს ახლაც წარმატებით ვუმასპინძლებ.
.jpg)
დედა ზაფხულის იმ დღესაც ხშირად იხსენებს, როდესაც მთელი ოჯახი ვაკის პარკში წავედით სასეირნოდ. სახლიდან გასვლისას ისევ შევავლე თვალი ბარნოვის და რიგის ქუჩების კუთხეში ღვინის მაღაზიის მანათობელ ორენოვან წარწერას: ღვინო Вино. მზერის გასამახვილებლად წარბები შევჭმუხნე და კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ ტრაფარეტის რუსულ ვარიანტში Г (ღ) გამორჩენიათ. დედა ჰყვება, რომ პარკში შესვლისთანავე ფენოვან ხაჭაპურსა და ვანილის ნაყინზე შევიპირეთ და საქანელებისკენ მიმავალ ხეივანს გავუყევით. ამასობაში შადრევანთან შეკრებილი მტრედები დამინახავს, მათკენ გავქცეულვარ, უკან მოხედვისას მოსეირნე ხალხის ნაკადში ჩემები თვალებით ვეღარ მომიძებნია და ცხარე ცრემლით მიტირია. მე კი მხოლოდ მარტოობის უიმედო შეგრძნება მახსოვს და ვაკის პარკის წითელი ქვიშა, რომელსაც ტირილისას თავჩაღუნული დავცქეროდი. მტრედებსა და სხვა ჩიტებს ნეირონების კაკანათიდან თავი დაუღწევიათ და ჩემი მეხსიერებიდან სადღაც გაფრენილან.
დედა ჰყვება ღვეზელებზე, რომლებსაც, დრო რომ შეიცვალა, დილაუთენია აცხობდა და გასაყიდად აბარებდა. მე არც დედაჩემის გათენებამდე გაღვიძება მახსოვს და არც ცომის მოზელა, სამაგიეროდ იმ ღვეზელების ფულით ნაყიდი შავი ქლიავის ტკბილ გემოს ახლაც მძაფრად ვგრძნობ. დედას ვეუბნები, რომ ჩვენ ორივე მართლები ვართ და ამავდროულად ორივე ვცდებით. ჩვენი პირადი გამოცდილება ისევე გვივიწროებს თვალსაწიერს მთლიანი სურათის დასანახად, როგორც იმ უსინათლოებს ინდური იგავიდან, სპილოს პირველად რომ შეეხნენ – ერთმა ცხოველის ფეხზე თქვა ხის ტოტს წააგავსო, მეორე ხორთუმს შეეხო და გველს მიამსგავსა, მესამემ სპილოს ყურზე – მარაოაო, მეოთხემ კი უცხო სხეულის ფერდი სალ კლდედ აღიქვა.
ამიტომაც ჩემთვის ორივე ბავშვობა თანაბრად ძვირფასია – ის, რომელიც მე მახსოვს და ისიც, რომელსაც დედა მიყვება.
რახან ჩვენი ავტობიოგრაფიული მეხსიერება მოგონებათა ერთ ნაკადად ვერასოდეს იქცევა, საკუთარ მოგონებებთან მარტო ვრჩები, საგანთა სამყაროში ვინაცვლებ და სამხილებს ვეძებ. ყველა იმ ნივთის გახსენებას ვიწყებ, რომელიც წარსულისკენ გამიძღვება და არასოდეს დამავიწყებს ამბებს და ადამიანებს. ან სულაც იმაში დამარწმუნებს, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო და სწორედ ისე მოხდა, როგორც ეს ჩემმა გულმა და გონებამ შემოინახა. გამოგონილ პერსონაჟზე ამოფარებული ვწერ, ვშლი და ისევ ვწერ: „პარიზი ეიფელის კოშკით, ლონდონი ბიგ-ბენით, რომი კოლოსეუმით იცნობა, ამ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს კი თავიანთი სიმბოლოები გააჩნიათ – ნივთები, რომლებიც საოცარ სურნელს ინახავენ და ოთახის ტემპერატურაზეც შეუძლიათ ჩემი გულის დადაღვა: მამაჩემის წიგნის სანიშნე, ინისა და იანის გამოსახულებით, რომელიც განსაკუთრებით უყვარს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, სულ სადღაც ემალება; დედაჩემის ვერცხლის საყურე მალაქიტის ქვებით, ცალს რომ ინახავს მეორის ნახვის იმედით; ბებიაჩემის სახლის გასაღები, ზღაპრების ილუსტრაციებში რომ მინახავს, ისეთი; ჩემი მეგობრის საშაქრე, რომლის დანახვაც გასაოცრად მიწვევს გულწრფელი ვიყო, თუნდაც იმ წუთას; ჩემი დის ოქროს კულონი, რომელიც დედამ აჩუქა დაბადების დღეზე, ყელიდან არ იცილებს და ამბობს, ჩემი ბედის ბორბალიაო; ამ ნივთებს ხატებად ვინახავ ჩემს წარმოსახვით ზარდახშაში და ის მეორე საყურეც რომ დაკარგოს დედაჩემმა, ჩემი ძვირფასი კოლექცია მაინც ხელუხლებელი დარჩება“.

იმ ნივთებზე, რომლებიც აღარ არსებობს, მცირე ჩანაწერებს ვაქვეყნებ ფეისბუკზე, რომ მეხსიერების ფუნქციამ ყოველ წელს შემახსენოს ან სულაც მარტივად მოვძებნო ჰეშთეგით #საგანთასამყარო, მათ შორის, #საშლელი, #ქილისმოსახუფი ან #რადიო. საგნების წარმოსახვითი კოლექცია, რომელსაც მხოლოდ დაწერილი სიტყვები ინახავს, მათთან შეხების სურვილს კიდევ უფრო მიმძაფრებს და ძველი ნივთების მოძებნას ვიწყებ. მახსენდება, როგორ შევიპარე ერთხელ საპირფარეშოში სათამაშოდ, ვითომ მეტრო იყო, მეტროსადგური „რუსთაველი“ და კაფელის ფილებს შორის ხურდის ნაცვლად თმის სამაგრის ყვავილი ჩავაგდე. თამაშის დასრულების შემდეგ მგზავრობის საფასური უკან ვეღარ დავიბრუნე, თუმცა მდუმარე ბავშვს დედასთან არც ამაზე დამიჩივლია. მას შემდეგ ის „მონეტა“ სულ მახსოვდა, ტყვეობიდან კი 35 წლის შემდეგ დავიხსენი. ყვავილი, რომელიც ჩემს მოგონებებში მწვანედ ანათებდა, ვერცხლისფერი აღმოჩნდა. ამან კიდევ უფრო გაართულა პასუხი მუდმივ შეკითხვაზე – მოგონებები, რომელსაც ასე ვუფრთხილდები, მომხდარის ასლია თუ გადასხვაფერებული წარსული.
ვგრძნობ, რომ ჩემს საგანძურს მთავარი ნივთი აკლია – საგანი, რომლითაც დედას დავიმახსოვრებ. ფიქრისას არჩევანის წინაშე ვდგები, რადგან ბავშვობის მოგონებებში დედაც ორია. პირველს შინდისფერი კაბა აცვია თეთრი ორნამენტებით. იმ ქალს უკვე ორი შვილი ჰყავს და ძველი კაბები აღარ ეტევა. შემოდგომის ერთ დღესაც ამბობს – საზამთრო კაბა უნდა ვიყიდოო და მე მთელი კვირა ველოდები, რომ დედა მწვანეზოლებიანი, გაბერილი კაბით დაბრუნდება და საზამთროს დაემსგავსება. საზამთრო კაბა კი აღმოჩნდა ნატიფი, თბილი და შინდისფერი. დედაჩემის ახალგაზრდა სხეულის სილუეტი სწორედ ამ კაბამ შემოინახა. მაშინ არც მე ვიცოდი და არც დედამ, რომ საზამთრო კაბა ახალი სამყაროსკენ გამიძღვებოდა, სიტყვებით თამაშს დავიწყებდი და ამ საქმეს ვეღარასოდეს შეველეოდი.

მეორეს თეთრი მაქმანის კაბა აცვია და მოკლე თმაში მძივებით შემკული ყვავილები აქვს ჩაბნეული. ეს კადრი უკვე საოჯახო ალბომიდან მახსოვს, მათ შორის, მიხაკები და ქალბატონი მმაჩის ბიუროდან. მაშინ, როცა დედა ღვეზელებს აცხობდა, დედაჩემის ქორწილის კაბა შუაზე გადავჭერი და გამჭვირვალე ბლუზა შევიკერე. მეორე ნახევარი კი მორჩენილი ნაჭრებისა და ძაფების გუდაში შევინახე. ცოტა ხნის წინ, როცა დედამ ქუდის მოქსოვა მოისურვა, ჩემი ბავშვობის დროინდელი სპილენძის ჩხირების ნაცვლად ისევ იმ კაბის კალთას დავუწყე ძებნა.
ალაგ-ალაგ გალეული ქსოვილი მაგიდაზე დავაფინე, ერთი და იმავე ზომის მართკუთხედები გამოვჭერი, მეორე დღეს ნამზეური კანის ფერი პასპარტუები შევურჩიე და ოქროსფერ ჩარჩოებში ჩავასმევინე.
პეპლებიანი „მოწმობები“ ჩვენს შვილებს ვაჩუქე და ვუთხარი – გავა წლები და ერთ სახლში გატარებული ბავშვობა სხვადასხვაგვარად მოაგონდებათ, მაგრამ სულ უნდა ახსოვდეთ, რომ სამივე ერთი კალთიდან არიან. ასე გავინაწილეთ დედა, რომელიც ჩვენ არ გვიცნობდა და რომლის სხეულიც მე და ჩემს დას ჯერ კიდევ არ გამოგვევლო.
სანამ მე ჩემსას ვყვები, დედაჩემი სხვა მოგონებებით ცხოვრობს, თავის ძველ კაბებს ორცხობილების ყუთში შენახული სათადარიგო ღილებით იხსენებს და ოთახის მცენარეებს უვლის. თითქოს ყველა ყვავილი გადმომირგო თავისი ბაღნარიდან, მაგრამ ჩემთან ყველამ არ იხარა.