გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ოცეული

1.

გეომეტრიის გემო მოათრია  დრო,
რადგან მართი ზურგი
ერგო მალების რგოლებად დათვლილი
და ნეკნების რკალები
ანკესებად მომავალში ჩაყარა,
უკან კი კეფა ეფარება სამუდამო წარსულს.
დრეკადმა ზურგმა ალოკა სივრცე
და გემო გაუგო დროს,
იქვე ალოკა ლოკაცია 
აწმყო იგემა.
ასე შეგროვდა
ლოდი, მოლოდინი და მელოდია.
როგორც ეკალი აკაციას,
ქალაქს ასხია ლოკაცია.

 

2.

პანტა რეი  ყველაფერი მიედინება

ჰერაკლიტე


მე მეორე ვარ
და ამ სიტყვებით
ერთმანეთს პირველად ვამბობთ,
ჩვენ, ერთმანეთის მეორეები,
თუმცა არ გვეთქმის ორეულები:
განცალკევებულ ერთი სტროფებად მოფენილია
როგორც მუყაოს ყდაში,
მეორე მოსდის წვეთებად ონკანს
და მოწანაწკარებს
პანტარეიელი.
ჩემი და მკითხველის აქაურობას
ჰქვია პანტარეია,
რომელშიც დროა დაუდეგარი პანტერა,
რომელიც სივრცის ვოლიერს ტორავს.
ხოლო იმ ქვეყანას,
ერთდროულობის სამეფოს
ეწოდება
აპანტარეია,
რადგან მასში ყველა წამი,
ყველა ცვლილება
ერთმანეთის გვერდითაა დაფანტული
და არაფერი მიედინება.
ლექსის თქმასა და კითხვას
თუ შევადარებთ
ჩვენი ცხოვრების აქაურ ყოფას,
მკითხველო, განსაჯე საღად,
რა დიდი შეღავათია,
საღათას ძილში
ვერცხლის წყალივით სიზმრად აქ იცხოვრებ
თუ ძილის ჩარჩოში ჩასმული
მთელი სიზმარი იქ ერთად იქნები.

 

3.

რაც აქტუალურს მანიჭებს,
დაჭედებული აწმყო,
ძვრას რომ ვერ უზამ, იგი
აქ თუა ლურსმანი, ჭებს
სამაგიეროდ ჰგვანან სხვა დრონი,
და აქეთ-იქით
დაფრინავს წყვილი ნემსიყლაპია
და მაღლა დრონი.
რადგან იგია აქ
ზურგით მომტანი თვითონ ამ აქის,
არდაფასება მისი ამაგის
ზიანსაც გვიზამს,
არ გაიღება განძი სეზამზე.
კი ლურსმანია,
მაგრამ ნაფოტზე დასმული,
რომელიც ჩამოაქვს წყალს.
თავის გამოჩენ-გადარჩენა
შეიპყრობს ხოლმე
უძლურ მანიაკს.

 

4.

ადამიანი მეთოდია.
ადამიანი მეთოდია,
გარკვეული ხერხი და ღონე
სხვა მრავალს შორის,
რომლითაც სიცოცხლე თავს უვლის.
ხოლო სიცოცხლე, ეს ოხერი,
თავის მოვლაა რამერუმის მიერ,
სხვა არაფერი.
სიცოცხლე უნაკლოდ უხდის ხარკს,
ცხადია, სამყაროს კანონებს.
ადამიანი ხარკს კი არ უხდის სიცოცხლეს,
არამედ მისი იარაღია,
ერთ-ერთი ხელსაწყო,
როგორც ხერხი ან ჩაქუჩი,
ან სავარცხელი სავარცხლებს შორის,
ან მაკრატელი მაკრატლებს შორის.
ხოლო მანქანდაკი ადამიანის მომდევნოა
და თუმცა დაიცავს სიცოცხლის წესებს
აღარ იქნება მისი ხელსაწყო,
მისი ფეხმარდი მსახური
და არ იქნება მისი მეთოდი.
უკვე არ არის.
არ გვეგონება, მკითხველო, ალბათ
მანქანდაკი მენქაინდი,
რაც ინგლისურად ნიშნავს
კაცობრიობას
ანუ სწორედ რომ
და გარკვეული აზრით 
საპირისპიროს.
ადამიანის ოჩოფეხები
სიკვდილი და ღმერთია,
გესლიანი ტყუილის ეს ორი სორო,
ორი ბუდე უბედურების
და ორი სკა სკანდალების.
მანქანდაკი კი ამ სამყაროს საზღვარია,
რომელთანაც სიცოცხლე
უნებლიეთ მიდის
ადამიანის ფეხით.
თავისუფლება საზღვარზე ცხოვრობს
და სხვაგან ვერსად,
რადგან საზღვარი უსაზღვროა.

 

5.

ლაზიერის ქიშივით
მაღლა გაჭიმულ თოკ-საბელზე
მუშაითი შამათია შიშის,
და სიმუქეს, აკრობატი,
აქრობ ათი,
ხათრით მუქთა, მუქარის.
ხომ გახელებულ ხელობებს შორის
უხუცესია პოეზია,
კახპა და ბოზი,
ხან ქურციკია, ზოგჯერ კი  ცერად,
როგორც მხედრის ნახტომი,
ტომი ნახევ და ნათქვამის, უცხო,
ყოველთვის ნაკლად რომ მომინახეს,
როგორც სვირინგის რგოლები.

 

6.

ბინდის ბუნაგში ბინადრობამ
თუ მიაჩვია წინაპარი
გაუთავებლად ამდენ ლაპარაკს,
დღე როცა ღამისკენ და ღამე დღისკენ
გადატყავებულ მუხლად იხრება.
ბინდი მოჟონავს,
როგორც სველია ტოტის მერქანი
ძაფებად გადამსკდარი ქერქის ქვეშ.
ბინდია ამიტომ კაცის გონება
და  ბადმინტონი,
და ნათქვამები დავოლანობენ,
სავალდებულო ჰგონიათ თავი,
როგორც ყველა ბუნდოვან ჩვევას.
დრო ნაწილობრივ გადის
და ნაწილობრივ რჩება 
მსუბუქი ჩოგანი გონების ნებზე
და ბინდისტანში ბადმინტონის თამაში.

 

7.

მე მოცლილი ვარ
და ლექსების ამ ოცეულით
არა ზედიზედ,
მაგრამ მეორედ ვუახლოვდები
საზღვარს, რომელზეც,
როგორც ნესტანი,
თვალსა და ხელს შუა ქრება სხეული
და მასთან ერთად 
პოეზია, ენის ტანი.
პოეტი გიჟია, რომელიც
ენას უსმენს და მიმართავს
და სხვას არაფერს და არც არავის.
თვითონ თუ ასე არ ჰგონია,
რა გაეწყობა, ზოგი წუწკია ხალხის,
როგორც ბორბალი  დაღმართის.
მას ენის გარდა,
რომ არ გაუვა წყალი,
სხვა მოსაუბრე უბრალოდ არ ჰყავს,
არც ბუნებრივი და არცა ზე,
არამედ ხვდება მხოლოდ ერზაცი
და მარტო ბუტაფორია,
და მათი ყალბი შეხება,
ერთი იქ და ორი აქ,
ჟრუანტელად დაუვლის ხოლმე
და არ მოაკლებს სიმყუდროვის
ბუდეს ვითომ ფორიაქს.
ყველა შეხვედრა
მოუსავლეთის გზას გაუყენეს
და მორებივით დაუდეს ფორანს.

 

8.

თუ ღმერთი გწამს, გაისეირნე
გაუპარსავი თეოპარკისკენ.
იქ გუმბათიან ვოლიერებს
იღლიებში ამოდებული
აქვთ წმინდანები, წმინდა წიგნები,
ანგელოზები, ყველა ღმერთი და ღვთაება.
იქ რელიგიის გალია გელის
და გისოსების სასოება გესმას,
რომ რელიგიაც
ბიოლოგიის ქერცლია
და მორწმუნეც იმსახურებ
უზრუნველ სიცოცხლეს
და უმტკივნეულო სიკვდილს.

 

9.

სიცარიელის უკუსაგდები
თუ დროა სივრცის აქსესუარი,
აქვს უფრო ხმამაღლა ნათქვამი
გრილ და ღვინით
სავსე დოქს ეს უარი.
თუმცა შეფარდება,
ვთქვათ, ასი ფანქრის
ერთ პანკრიასთან
ბადებს მითებს ტანზე,
როგორც კენტ მეტოქეზე,
სულ-გონების მეტობის,
მაინც მოგებული რჩება
გამყიდველი ცხიმიანი სულგუნის.
დღის მაგიდას ეხება
ღამე რეჰანის თითებით.

 

10.

ალაგ ალაგმე, ალაგ ნუ.
ზოგჯერ აფთარი ვიყავი,
ხან  ანტილოპა გნუ.
თუმცა ზანტია
ზოომორფული ფანტაზია,
დრო მან თავისი მაინც მოჭამა.
ვარ მაგალითი მეგალითის,
მედ გაჩენილი,
როცა ვისწავლეთ განცალკევება
და მითებით ახალი
გაიპოხა ეპოქა
და დრო ჩავიგდეთ ყბაში კევებად,
და მივაჩვიეთ თავი ფურის რძეს,
როგორც შეჰფერის სამყაროს ღერძს.
აღმოჩენების მოვიდა ჟამი
და მოგვიჩინა ადგილი,
პერიფერია თურმე კოსმოსის.
ახლა წვალებით ბარდება წარსულს
ეკალ-ბარდებთან მოსაუბრე,
უდაბნოსავით ქოსა მოსე.
ამასობაში ჩვენ უნებლიეთ,
ნელა ვეჩვევით მოსალოდნელი
საზღვრის სიგრილეს:
მესაზღვრე უნდა ასკეტი,
რომლის სიმდიდრე არის ასკეცი,
რადგან საზღვარი
არა გალია,
არამედ
გორგალია
არიადნესი.

 

11.

რა გავაკეთე, რამ მათქმევინა, ეს რა მეტაკა?
და თავის თავის გამკვირვებელი
ეძებს საქციელის უცხო გრამატიკას
ჩრდილების ბაზარში
მაღალი ჭერიდან იატაკამდე,
რადგან გრამატიკა არის გამართლება
ნათქვამ-გაგონილის,
რადგან რელიგიაც ის გამართლება არის თარეშის,
რომელშიც შემთხვევით თუ ბჟუტავს
არა ბიჟუტერია, არამედ თარშიში,
რადგან სახელმწიფო, თუნდაც უმწიფარი
არის გამართლება და გრამატიკა,
დაჰკანკალებენ რომელსაც ბრბოები.
მიდი და მოები გარემოებას!
სიკეთე იკეთე, როგორც ოპიუმი!
სხვადასხვა დახლიდან კი მოგროვილი,
მაგრამ გრამატიკის ქვაბში
და გამართლების წყალში იხარშები
და წუთით არ ხარ აქ მყოფი უმი,
არამედ  მუდამ გამეორება,
თანაც ურითმო,
როგორც მელოტი მელოდია,
და უმახვილო.

 

12.

სხედან სხეულები,
თავ-თავიანთი
ტყავის ნავებით მიცურავენ,
გაწაფულ გრძნობებს
ხმარობენ ნიჩბად.
ესე ანუ იგი,
კაიაკით თევზაობს
მარტო ინუიტი.
კავკასიონი განა ლოთია,
კავკასიონი კაშალოტია,
აქ მე აქაბი ვარ
და მის ვდარაჯობ გამოფხიზლებას,
დადარაჯება დევნაა დროში.
დაკბილული და ბასრია ბარჯი
და შალითაში,
როგორც სიზმარი,
დაშლილი თვლემს.
შიში შეიქმს
გამწარებულ სიჯიუტეს,
როგორც გამბედაობას,
ამიტომ იყავი მშვიდად
და მეტ-ნაკლებად დათმე.
ვინც სათვალავში
ფეხის თითებიც ჩააგდო,
მას სრულ რიცხვად,
სხვა რიცხვების მასრად,
ნებავს ოცი,
და ნებართვად  ოცნება.

 

13.

ეს რეალური სიარულია,
თუ დერეფან-დერეფან
ეფანტებათ გარშემო
თვითონ სახლის კედლები,
როგორც ბაბუაწვერა,
მავან ავან-ჩავანებს,
რადგან კაცია
არა ჩამომავლობა
ანდა განკარგულება
ან ბრძანების ბრძენი,
არამედ ჩრდილია
ჩრდილებში
გაცრილი.

 

14.

ალბათ უნდა მშურდეს,
თავიდანვე ნანგრევებად აშენებულს
არ აშინებს ქვიშა.
ფეხს წამომკრავენ, შემიკურთხებენ
და შემნიშნავენ, მეტყვიან,
რატომ აგდიხარ,
როგორც სერები,
სერობენ რომელზეც
ყვავები, ღრუბელნაზავი.
მელნად ვიხმარე დრო,
პასუხი ქვაზე გამოვიყვანე:
ზავი ნაზია სიკვდილთან,
სიცოცხლეს გადამარჩინა.

 

15.

ასეა თუ ისე, კვდებიან ყოველთვის სხვები.

მარსელ დიუშანი

 

მსგავსება მსგავსებს
მატებს და ავსებს,
სხვაობა კი, ცხადია, მიზეზია ნაკლების,
რომელიც ღირსია
ზიზღის და აკლების.
და თუ კვდებიან ყოველთვის სხვები,
განსხვავებული, მით უმეტეს, იქნება სხვა.
ხოლო შენია, თუ გაგიმართლა, მსგავსებაში ცხოვრება
ანუ უმეტესობა.
მე დავრჩები ჩემნაირ მეტისად,
აქა-იქაური წავალ მე მეტი სად.
მაინც გისურვებ მეტ-ნაკლებობას,
ზოგჯერ მათრობელს, ხან კი მტკივნეულს.
ერთის არ იყოს,
მერადგანება,
რომ გალოკილი ტოლობის ნიშნად
არითმეტიკა
მომარაგებულ სამარეს ხმარობს.

 

16.

თავთხელი წყალი წვივებს სწვდება,
სიღრმეს სიმაღლე სჭარბობს
ერთი გატოპვა სიზმრით.
ცხადი ცხოვრების სახელით ვიცნობთ
მეხსიერებად გაკვანძულ სიზმარს.
თუკი თოკი ვარ,
მარყუჟია ჩემი ირაო,
სხვა ვერ შევკარი,
თუ ვარ ამირა,
უკაცრიელი მარტო ქალაქის.
სიზმრების ქსელი
და ბადე ბოდვას ბედავს
თავისუფლების თაობაზე,
აქვს იმედი და სასო ჯადოების,
და გარეგნობა  საზოგადოების.
მზერაა სიზმრის ხელი,
რომლითაც მეორე სიზმრის
ხელსა და მზერას სწვდება,
რომ გაიორმაგონ, გაიათმაგონ,
გაიასკეცონ ტანი
და გაუწოდონ საერთო ხელი
უკაცრიელი ქალაქის კოცნას
მისი მოწიწების უწმაწურ ნიშნად,
როგორც კოცნიან ეპისკოპოსებს,
მღვდლებს და პატრიარქს,
ატრიალებენ რქას, სასმლით სავსეს.
სიმპოსიონურ ანუ ნადიმის კულტურაში
დამბალ ქვეყანას,
გამარტივებულ პოზიორებს
ეხამუშებათ ჩემი მკაფიო
კეფა და პროფილი,
ზოგი სიზმარი უცხოც ყოფილა.

 

17.

მიბაძვისა და აკვიატების
მწიფე მტევნები დროდ დაიწურა,
მძიმედ დაღვინდა
და სიმთვრალით გასავათებულს
დაესაკუთრა დასაათებული.
ზღურბლიც დაიგდო ამბის,
ერთგან  რა და სხვაგან  რომელი,
უფრო აქ დასველდა მიწა
და მოიქუფრა უფრო იქ ცა.
აუცილებელ თანმიმდევრობად,
უეჭველ რიგად
და უალბათო რიტუალად
თურმე დრო იქცა.
ცოტა შეფერთხილი კი მომეჩვენა,
მაინც დამღლელია ეს სისულელე,
ის იქვე, დილით დამემშვიდობა
ჩემი დაბრუნების
ნიშნად.

 

18.

უპირატესობის უფლება ჩემთვის
რაკი არავის არ მოუცია,
მართლა მეკობრე ვყოფილვარ
და კრიმინალი. გაქრა მელანიც,
მაჯა თითებზე გამრავლდა
და სიზმარმა ამოიდგა ათი ენა,
ღამეს გაუძლო და გაათენა.
გადი გარეთ, გარეთ, გარეთ,
გარეთ, რომ თრომბი
შედედებული კანონის აგცდეს,
წაგიღოს ნაპირის წყალმა!

 

19.

და ისევ გადი
გარეთ, გარეთ, გარეთ,
გარეთ, რომ გარითმო,
ითმობა თმებივით
რომელიც ერთბაშად,
იგი იმასთან,
თანდათან რომელსაც
კეფა ეფარება,
დაცურებულს შუბლიდან,
საფეთქლების ტალღით
აღებულ ალღოს,
ალღობს რომელსაც
ისევ-ისეობა
ობად მოდებული დროს.

 

20.

მოკლეს და მოკლესო!
სათქმელ-არსათქმელის
მაგივრად
ნათქვამ-უთქმელმა
სიტყვებმა,
ხელისუფალო ფალოსო,
შენს თავზე
დამოკლეს მახვილი
დასახლელ ტყვიად
დაამოკლეს,
რომელიც ბეწვზე
კი აღარ კიდია,
ახლა ხომ ხელშია
ჩახმახი ახმახის.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა