ომარ ფურცელაძე | სინდისის ადვოკატი
03.10.2025ყველაფერი დაიწყო 28 ნოემბერს ჩვენი კოლეგის, ასევე სინდისის პატიმრების ადვოკატის, რეზო ვაჭარაძის ზარით. ეს, დაახლოებით, ათის წუთებია, 28 ნოემბერია და რეზო მირეკავს ასეთი წინადადებით: თუ საბურთალოდან მიდიხარ პარლამენტთან, გამომიარე და ყველაფერი იწყება აქედან. აღმოვჩნდი 28 ნოემბრის აქციაზე პარლამენტის შენობასთან და იქიდან მოყოლებული თითქმის ყოველი დღე ვბრაზდებოდი ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. ჩემი დამოკიდებულებაც იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. უბრალოდ, რაღაც მომენტში არასამთავრობო სექტორი, რომელიც ეხმარებოდა, მათ შორის ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს, შემომთავაზეს, რომ ხომ არ შეგიძლია დაგვეხმარო. მე იქამდე შეხება არ მქონია არასამთავრობო სექტორთან, ჩემი საქმიანობის სფერო წმინდად კერძო იყო ყოველთვის. ის შემოთავაზებაც პრინციპში მივიღე ასივე პროცენტით იმიტომ, რომ მეგონა, ჩემი პროფესიული იქნებოდა ეს თუ შესაძლებლობა, უფრო სარგებლიანი ვიქნებოდი, ვიდრე ცალკე აღებულს შემეძლო სხვა ფორმით რაიმე გამეკეთებინა ამ ადამიანებისთვის.
ჯანო არჩაიას და დანისთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება, რომ იყვნენ დაკავებულები, ოჯახმა არაფერი იცოდა. დანის შემთხვევაში შვიდი საათის განმავლობაში ვეძებდით, სად იყო ან როგორ იყო დაკავებული. არც ბევრად ნაკლები ჯანო არჩაიას შემთხვევაში. რაც შეეხება გური მირცხულავას, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ პატიმრის მოსანახულებლად შესვლისას იზოლატორზე გავიცანი გური მირცხულავას დედა. ისინი ცდილობდნენ გურისთვის პროდუქტების, სანდროსთან ერთად - ქალბატონი ინგა და სანდრო, გურის ბიძაშვილი, ცდილობდნენ გარკვევას, რისი შეგზავნა შეიძლებოდა იზოლატორში და იზოლატორის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შინაარსიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ადვოკატთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ერთმანეთს გავესაუბრეთ, ვკითხე ეს ამბები, მოვინიშნე გური მირცხულავას სახელი და გვარი, რომ მიმეწერა სხვა ადვოკატებისთვის, თუ შეძლებდნენ მის დახმარებას, რადგან ადვოკატი არ ჰყავდა და ჩავედი იზოლატორში იმ ადამიანთან შესახვედრად, ვისთანაც პირველად მივდიოდი, მაგრამ როცა ამოვედი და ისევ დამხვდა ქალბატონი ინგა მაღლა, შემდეგი ორდერი უკვე ამოვწერე გური მირცხულავაზე და დავბრუნდი და სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ამის შემდეგ პრინციპში ცხრა თვე გავატარეთ ერთად.
მე ვასრულებდი იმ დანაპირებს, რაც მივეცი ბიჭებს. მე ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შანსები ალბათ ნულთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ოდესმე ჩემს წარმოებაში არსებულ რომელიმე საქმეზე ყოფილა, მე ვუთხარი ბიჭებს, რომ შედეგზე ბუნებრივია, ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას, მაგრამ შემეძლო ამეღო პასუხისმგებლობა პროცესზე. ჩვენი მსაჯული არასოდეს ყოფილა მოსამართლე, ასე არ განვიხილავდით, ჩვენი მსაჯული იყო საზოგადოება. ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენი სიმართლე გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის. ჩვენი მიზანი იყო მოგვემზადებინა საქმე სამართლებრივად, ისე, რომ მაშინ, როდესაც დადგება რეაბილიტაციის შესაძლებლობა და ეს აუცილებლად დადგება, ნებისმიერ დაინტერესებულ ობიექტურ პირს ჰქონდეს საშუალება, ნახოს საქმის მასალები და დაასკვნას იქიდან, რომ ბიჭები პოლიტიკური პატიმრები არიან.
ყველაზე მძიმე მაინც იყო იმის ნახვა, ადამიანებს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, წამითაც არ სჯეროდათ არც ბრალდების, არც არაფრის, როგორ პატარავდებოდნენ და ინულებდნენ საკუთარ თავს. საუბარი მაქვს მოწმის სახით მოსულ გამომძიებლებზე, ექსპერტებზე, თუნდაც მიწყინონ ალბათ ცოტათი პროკურორებზე, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველას ამ ცხრა თვის განმავლობაში ზედ შუბლზე ეწერა, რომ წამით არ ჯერ სჯეროდათ იმის, რომ ბიჭები იყვნენ დამნაშავეები ან თეორიულად შეიძლება მათ რამე ჰქონოდათ ჩადენილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, უტეხად აგრძელებდნენ მათ დადანაშაულებას. ცუდი სანახავია, ცუდი კადრია, ცოტა სევდიანიც.
ყველაზე მეტად რითაც ვიყავი გაკვირვებული, ეგ იყო ბიჭების სიმტკიცე, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებდით, რომ სისტემას ჩვენზე არანაკლებ სურდა, ეს სხდომები არ მისულიყო გადაწყვეტილებამდე. თუ ბიჭები აღიარებდნენ, თავის თავზე აიღებდნენ, სახლში დაბრუნების სურვილით თუ რაღაც მსგავსი და ითხოვდნენ პატიებას და ითხოვდნენ შეღავათებს - ამას არც პოლიტიკური თანამდებობის პირები არ მალავენ - ისინი მიიღებდნენ ამ შეღავათებს. ყოველ შემთხვევაში, დაპირება ასეთი იყო. ძალიან მარტივი იყო, ვინმე გატეხილიყო. მიუხედავად იმისა, მე რას ვფიქრობდი სუბიექტურად მათი მხრიდან აღიარება ან არაღიარებაზე, მე ვიცი, რომ ბიჭები იყვნენ ისეთი მტკიცე, ამ საკითხის განხილვასაც კი არ ჰქონდა აზრი მათთან. ხშირი არ არის პრინციპში ადვოკატის პრაქტიკაში შემთხვევა, როცა იცავ ადამიანებს, რომლის ადგილასაც შეიძლება შენ ყოფილიყავი. ხშირი არ არის შემთხვევა, როცა კონკრეტული სახელები და გვარები წარმოადგენენ ძალიან, ძალიან დიდ და ღირებულ იდეას და რეალურად თანაბრად იცავ კონკრეტულ სახელს და გვარს და იცავ იდეას, რომლის გამოც ეს ადამიანები ციხეში სხედან.
ალბათ დიდი ხანი გავიხსენებ იმ ამბავს, გური მირცხულავასთან ერთად რამდენჯერ გამოვუგდივართ შეხვედრების ოთახიდან, იმიტომ, რომ სხვებს ვუშლიდით მუშაობაში ხელს ჩვენი ხმამაღალი სიცილით ან რამე ისეთი, არასათანადო ფორმით კომუნიკაციით. რაღაც მომენტში ზღვარი წაიშალა სასამართლოს სხდომის დარბაზშიც, იყო შემთხვევები, რომ ვიღებდით შენიშვნებს, იმიტომ, რომ არ ვუსმენდით ვიღაც მოწმეს, რომელიც ჩვენს დანაშაულს განმარტავდა. არაფერი არ იყო მოსასმენი, გაცილებით უფრო კომფორტული იყო გურის და მაგალითად, იკა ქერაშვილის იუმორის მოსმენა.
არცერთი წამით არ გვაინტერესებდა, რას გამოაცხადებდა მოსამართლე. როდესაც მე ვამბობდი, რომ ჩვენ სასამართლოს წავართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება, ვგულისხმობდი ზუსტად ამას. ნინო გალუსტაშვილს და ვერცერთ სხვა მოსამართლეს, ვერ ჰქონდა უფლება და ვერ ჰქონდა შესაძლებლობა, ჩვენთვის განაჩენი გამოეცხადებინა. ჩვენ ფანტასტიკურად ვიცოდით, რომ ვიყავით მართალი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას გამოაცხადებდა მოსამართლე, როცა ამ გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური თანამდებობის პირები თვეების განმავლობაში ისედაც აცხადებდნენ პროპაგანდისტული მედიების მეშვეობით.
იმ საქმეებზე, სადაც პოლიტიკური ან სხვა მხრივ ინტერესი არ არსებობს და სასამართლო მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია, ყოველ შემთხვევაში, რაღაც გადაწყვეტილების მიმართ მოლოდინი არ აქვს არავის. ისეთ საქმეებზე ჩვენ ვნახულობთ განხილვებს, ჩვენ ვნახულობთ, რომ სამართალწარმოება მიდის, მუშაობს და მერე სხვა დროსაც სხვა დაინტერესების მქონე საქმეებზე, ანუ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე და ა.შ. ხვდებით, რომ იგივე მოსამართლეები, იგივე პროკურორები თიშავენ საერთოდ ამ ყველაფერს, აღარავითარი წესი აღარ მოქმედებს, აღარავითარი პროცესუალური ნორმა არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ გვერდით დარბაზში შეიძლება ნიშნავდეს და არის სრული განუკითხაობა. კარგია, რომ ეს საზოგადოებამ გაიგო და ნახა. მინიმუმ ეს პროცესი ისტორიული იმით მაინც უნდა იყოს, რომ ალბათ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, აუცილებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, წაიშალა. ის ვიცით უკვე, როგორც აქსიომური მოცემულობა, რომ სასამართლო არ მუშაობს, სასამართლო თვითმიზანს არ ემსახურება. სასამართლოს ამხელა ნაკლი და ტრაგედია საზოგადოებამდე რომ მოგვეტანა, ეს დაჯდა ადამიანური ტრაგედიების ფასი, იმიტომ, რომ სრულიად, არ ვიცი, ხვალ, რომ გამოუშვან ბიჭები, ჩვენ, თქვენ ხომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, რომ ისინი ცხრა თვე უკანონო პატიმრები იყვნენ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ჩვენ ხომ ვერ შევძლებთ ამის კომპენსირებას და ამის რეაბილიტირებას. ჩვენ შევძლებთ ბიჭების რეაბილიტირებას სამართლებრივად, მაგრამ ცხრა თვეს ხომ ვერ დავუბრუნებ მე გურის და ჯანოს.
______________________________
სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.