ომის დღიურები | ბესო დოიაშვილი |1991 წელი, ცხინვალი
01.08.2020 | 10 წუთიანი საკითხავიქართულ-ოსური კონფლიქტი, 1991 წელი, თებერვალი/მარტი, ცხინვალი
ბესო დოიაშვილი, 65 წლის, ქართული მილიციის კაპიტანი
[ტექსტში განსხვავებული სტილით გამოყოფილი ფრაგმენტები, ამონარიდებია მებრძოლის დღიურიდან. ინტერვიუ კი 2020 წელსაა ჩაწერილი.]
აი, წეღანაცა ვთქვი, ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. რო ჩავდიოდით ვიღაცეები იწერდნენ, ხოდა ერთ ჩასვლაზე მეც დავიწყე ჩაწერა, მეთქი, კაცო, 30 წლის შემდეგ რაღა უნდა მახსოვდეს. ერთი სიტყვით, აქაა 28 თებერვალი, 1991 წელი.
მე გამანაწილეს მეორე პოსტზე. სამი კაცი ვდგავართ. ეს ყველაფერი ხდება ერთ-ერთ, განთქმულ ცხინვალის რესტორანში. ბელეტაჟია რამოდენიმე საფეხურით, როგორც ჩემთან. მანდ გაგვანაწილეს მილიცია ქუთაისიდან, რუსთავიდან, კახეთიდან, სხვებიც. ცოტა მოზრდილი ოთახები მოგვცეს. იქ უნდა დავიძინოთ.
ჰო, რესტორანი გარედან ძალიან ლამაზია, ჩემი სახლი მგონია.
დამნიშნეს მეორე პოსტის უფროსად, მომცეს 500 ტყვია. მთელი ღამე უნდა ვიმყოფინოთ.
8 საათია. დაიწყო სროლები, რომ არ დაგიმალოთ, ავტომატის ხმა ჩემზე ცუდად მოქმედებს. თავს ვუფრთხილდები, დედაჩემი ისე იყო დარდით, ლოგინში დავტოვე.
სმენა მიწევს ღამე, ორიდან რვა საათამდე.
ცხინვალის ქვემო მხრიდან დაიწყო გასაგიჟებელი სროლები. შუშები სულ დაიხვრიტა, ნათურები თავზე მეყრება, სნაიპერის ტყვია მოხვდა სტოლბას. ყურადღება არავინ არ მომაქცია, ამ დროს კ. დაიჭრა, ჩვენი სნაიპერი. მთელი ბიჭები იმას დაეხვივნენ. მე ამ დღიურს ვავსებ.
1 მარტი
ღამის თორმეტი საათია. ცხინვალიდან ისროლეს რაკეტა, მოხვდა ბაზალტის კიბეებს, ასკოლკები კიდე ფანჯარას. ესე იგი საგიჟეთია.
იანვრის 20 იყო პირველად რო ჩავედი.
მანამდეც უკვე ჩამოდიოდნენ ეროვნული მოძრაობა, მართავდნენ მიტინგებს. ეს აგრესიული ტონი კიდე, არავის არა სიამოვნებს, არც შინაურს, არცა გარეულს. არაფორმალებიც დადებით როლს არა თამაშობდნენ, აი, პადჟიგაწელივითა იყვნენ.
35 წლისა ვარ უკვე ამ დროს. მილიციის განყოფილებები ცხინვალში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შეგვიყვანეს. იქვე, გვერდზე რუსების ბეტეერები ეყენა, რუსი სამხედროებიც, 8 თებერვალს უკვე შემოსულები იყვნენ. გასაქანს არ გვაძლევდნენ. აბა, მარტო ოსები წინააღმდეგობას როგორ გაგვიწევდნენ, საღამომდე ყველაფერს დავამთავრებდით. როგორც კი სადმე გართულდებოდა საქმე, ეგრევე ბეტეერით მოვარდებოდნენ რუსები. ჩვენ იქა, უკვე ხელებსა ზემოთ ვწევდით - არ დაგვინდობდნენ.
12:20
ვხედავ ექსტრემისტი მობობღავს ჩვენსკენ. ვიცი, რომ კაცის ცოდვა უკვე უნდა დავიდო, მაგრამ თავს ვიკავებ. მეც მეშინია, კაცი როგორ მოვკლა. მიზანში ამოვიღე, ვერ ვესვრი. ...დავიწყე სროლა. ღრიალებს, წაქცეულია მგონი.
კვდება ექსტრემისტი. მიცვივდნენ თავისიანები და დაბლა წაიღეს.
დღისით იმ ადგილზე მივდივარ. სულ მისი სისხლითაა სავსე.
განუწყვეტელი სროლები იყო, მარა ტოტალური ომი და რაღაცა არ ყოფილა. ჩემ დროს დაიღუპნენ კალინინის რაიონის [ახლანდალი მთაწმინდა] ორი გამომძიებელი, ჭირიპაშვილი და ქირია - ხიდზე აფეთქდნენ. იქამდე დაიღუპა კევლიშვილი, შენობაში სნაიპერის ტყვია მოხვდა.
უკვე ძალიან აგრესიული ბრძოლები მიდიოდა შიგ შუა ქალაქში, სასაფლაოების მხრიდან. ეს რესტორანი, სადაც ჩვენ ვიყავით, ესე იგი, სადაც საბჭოთა მილიციის განყოფილებები და ავღანეთის ომის მონაწილე ვეტერანების ოცეული იდგა, სულ ნაწილ-ნაწილ დაიშალა. ავღანეთში ნაბრძოლი ხალხი ძალიან მომზადებულები იყვნენ, ყველაფერზე წამსვლელები, ნაღდი პატრიოტები. იქ მხედრიონის ნაბრძოლი მე არც გამიგია. ფეხიც არ ჰქონდათ ჯერ მოკიდებული. ეგ უფრო მერე და მერე იყო.
იმათი სნაიპერის ტყვიამ ერთ ქუთაისელს მარცხენა ხელი გაუგლიჯა. ოთხი ცხვირსახოცი მაქვს წაღებული. ამოვიღე და ხელზე გადავახვიე. მერე მეორე მხრიდან დაიწყო სროლა. ყველამ დასტაცა ავტომატს ხელი და გაიქცა. მე თან ავჩქარდები, ჯერ ჟილეტი ჩავიცვი და უკვე მივდივარ. კარებთან ადიელაა ჩამოფარებული, სამი მეტრიღა დამრჩა და უცბად თვრამეტი ტყვია მოხვდა ადიელას. ეხლა უკვე, ღმერთს ვენაცვალე, არაფერი არ მომხვედრია. გაშტერებული ვდგევარ, რუსთაველმა ბიჭმა ხელი მკრა და მოპირდაპირე მხარეს შემაგდო. ერთი ცხვრის დაკვლა უკვე მეკუთვნის. ალბათ, დედაჩემმა ილოცა და იმან გადამარჩინა. მოვტრიალდი და კრაოტზე წამოვწექი შეშინებული.
მახსოვს სანამ წავიდოდით, სამმართველოში ინსტრუქცია ჩაგვიტარეს, იქ წვეთი არ დალიოთო. მარა ჩავიდოდით და დაგვხვდებოდა ყველაფერი - არაყი გინდა, სპირტი გინდა. იქ სვამდა ყველა. უნდა გვებრძოლა. არყით ბრძოლა კიდე ადვილია - ყველაფერზე მიდიხარ.
თორემ ისე სუ გეშინია. მერე რო იციან გულადობა, ეგ სხვაა, სახლიდან ადვილია. იქ სულ შიშია. არაყზე და სპირტზე მერე დაიძახებდა ერთი წავედითო და ეგრე თუ გაგიმაგრდებოდა გული. ერთმანეთსა მივდევდით.
ერთხელ, კაცო, ორი ბავშვი მოვიდა, უფროსკლასელები, გორის რომელიღაც სოფლიდან, გადაჭრილი თოფებით ქამარში - მოხალისეები ვართო. რას ამბობთ, კაცო, ვიძახით, მოგზავნილი ხომ არ არიან ეს ბავშვები?! წავიყვანეთ კომენდანტთან. შტაბის უფროსიც იქ იყო. დაელაპარაკა კომენდანტი და გამოართვა ორივეს ეს თოფები, შეყარა სეიფში და მისცა რაღაც პატარა ავტომატები, არც დააწერა, არც არაფერი.
აი, ამათ უნდა გვიშველონ ჩვენო, ეგეთმა ახალგაზრდებმაო. რო გავიდნენ მერე, ჩვენა გვითხრა ჩუმად, საბრძოლოდ არ გაიყვანოთ, არავის დაახოცინოთ, ისე გვერდზე გყავდეთო. ხოდა, სულ გვერდზე გვყავდა, აბა, ის მომიტანე, ეს მომიტანე, მერე საღამოს შორს რო გავდიოდით ოპერაციაზე, ბრაზდებოდნენ, მაიტა, გაგვიყოლე ჩვენცა და რაღაცა. ვატყუებდით, ეხლა პირდაპირ ხო არ ვეტყოდით, ბავშვი ხარ და იქ შარი არ გაგვიხდეთო.
მესამე დღეს ამოვიდა ერთ-ერთის ბიძა, ძლივს მოვაღწიე, ტეკზე არ გვიშვებდნენო. ბავშვები უნდა წავიყვანოო, კაცო, ერთი ჩემი ძმის შვილია და მეორე კიდე მაგის კლასელიო. თურმე სახლიდან არიან გამოპარულები. ძლივს გავატანეთ, არ მიდიოდნენ. ავტომატები ჩამოვართვით, თოფები ისევ დავუბრუნეთ და შევაგულიანეთ: ამ ბრძოლის ველზე რო იყავით, ესეც ძალიან დიდი რაღაცაა-თქო.
მერე ახალი სმენაც ჩამოგვივიდა, ხოდა, ჩვენ წამოვედით. მცხეთაში შევედით პურის საჭმელად სალობიეში და ვხედავ, გატენილია იქაურობა. გვგონია, ალბათ მთელი დარბაზი ომზე ლაპარაკობს, ამ დროს, რა ცხინვალი, რის ცხინვალი, საგრიალოდაა ხალხი შესული. რამდენიმე კაცი უკვე მკვდარი გვყავს ჩვენ იქ, ფსიქოლოგიურად მოშლილები ვართ. ჩხუბიც მოუვიდათ ბიჭებს მანდა. აბა, ქვეყანაში მთლიანი ამინდი ხომ უნდა იყოს, კაცო?! პოლიცია, ჯარი იქ იმ დღეშია, იმოდენა ხალხი იკარგება, მთელი ამბავი. შენ კიდე, ჩამოდიხარ და რესტორნებში ხალხი ქეიფობს. ეგრე რა უნდა გამოვიდეს?!
ეს ისევ 28 თებერვალია, ეტყობა ერთ დღეს ჩავწერე.
მოკლული ყოველთვის თან მიჰქონდათ. ბევრი ზედაც დააკლა ჩვენმა სამტრედიელმა სნაიპერმა, გვარი არ მახსოვს.
ეს რაკეტები ტრუბასავითაა, უკან რგოლები აქვს ასხმული. ასე 55 ბრიტვასავით რკინის თხელი ფირფიტაა შიგ ჩაწყობილი. რო გაატოკებდი, სუ ჟღრიალებდა. გაისროდი და გასკდებოდა - სამოცივე კაცის სიმაღლეზე მიდიოდა. რაკეტა მოხვდა კიბეებს, ასკოლკები შიგნით შემოვარდნენ.
შე კაი კაცო, დედაშენს დაუჯერე, სად მიდიხარ, რო მიდიხარ, რა გეგონა? კრაოტიდან გადმოვვარდი და ავტომატი გამივარდა. რესტორნის შკაფი სულ დაიცხრილა. კინოში მგონია თავი. კიდევ კარგი ცოტა დავლიე, თორე ჭკუაზე შევიშლებოდი. თუ ცოცხალი გადავრჩი აქ ძალიან გამიმართლა. 12 დაიჭრა. დაინგრა და დაიქცა ყველაფერი, ლიმონკა აფეთქდა. პარკეტი ზედ დამეყარა. არ ვიცი, სად გავიქცე.
ზემოდან კიდე ბიჭები მგლებივით იყურებიან. ოსი კაცი რომ მოღალატეა, ეს უკვე მთელმა საქართველომ გაიგო.
ღამის ორი საათია, ნაძვებთან დამაყენეს საგუშაგოზე, ნაძვებმა უნდა გადაგარჩინოსო. მე კიდე მეცოდება დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი სიკვდილი ორივეს გაანადგურებს. სროლები დაიწყო, წერას ვწყვეტ.
ექსტრემისტებს ვხედავდით ოც მეტრში, თხუთმეტ მეტრში, ათ მეტრში. მერე გათენდებოდა და ეგერ, სამი მკვდარი გდია. დაგვირეკავდნენ, მაიტა, გაგვატანეთო ესენი. ჩვენ თვითონ მოვალთ მანქანით და წავიღებთო. მერე ჩვენ მოვთხოვდით გაცვლას - აი, ასეთი მოლაპარაკებები მიდიოდა დღისით. თან ხალხი იყო ქალაქში. ამიტომ, შეთანხმება გვქონდა რო დღისით არ ვისროდით.
მარა იმ ღამით ბოდბელი ბიჭი დაგვეღუპა. მეშოკებზე იწვა, რაკეტა რო მოხვდა. იმხელაზე ააგდო მაღლა, დააგდო მერე და იქვე მოკლა. მოვიყვანეთ ჩვენი ბეტეერი და ჩავასვენეთ შიგა. მუცელი სუ გაგლეჯილი ქონდა. ეს ნაწლავები ვერ დავიჭირეთ ხელში. სრიალებდა. ხოდა აბა, ნაწლავების ზედ დალაგებას მოვუნდით ალბათ ოცი წუთი. იმ დღესა ძალიან აგრესიულად ვიყავით და სნაიპერს ვუთხარით, ეს რო დაგვეღუპა, ერთი კაცი დაკრძალვაზე უნდა გააგორო-თქო. რას ლაპარაკობთო, კაცო, თქვენ, უცებ შეეშინდა. მარა მერე უთხრეს, თუ არ ისვრი, მაშინ, მოსყიდული ყოფილხარო.
ააგდეს ეს ბიჭი, ვინაა თქვენი მოსყიდულიო, გადმოიღო თოფი და აწყობს ნელ-ნელა. შუა ცხინვალში კიდე დაკრძალვაა, დღის 2 საათია.
აქედან მეორე დურბინდით უყურებს. გავიდა ორი წუთი და აჰა, მოვკალიო, დაიძახა. შლაპიანს მოვარტყი, შლაპა აქეთ გადმოვარდა, კაცი კიდე იქით გადავარდაო. მეორე ბიჭი დურბინდთან ამბობს ხალხმა კუბო დააგდო, ყველა გაიქცა-გამოიქცაო. აი, შენ გენაცვალე-თქო, შევძახეთ. მხარზე ხელს ვურტყამთ. კაცი მოკლა, ჩვენ კი გვიხარია.
ატყდა მთელი ამბები იმ ღამით. ოსები ყველა მხრიდან წამოვიდნენ. გაბრაზებულები. დღისით, დაკრძალვაზე კაცი მოვუკალით.
ეს ფურცლები სულ ხელიდან გამივარდა. არ ვიცი რა ვქნა. ჩემი სიცოცხლე ბეწვზე კიდია.
რაკეტა აფეთქდა. 17 კაცი წავიქეცით, 11 დაიჭრა. მე არაფერი მომივიდა, ალბათ, ისევ დედაჩემის ლოცვა მომეხმარა.
დიდი სროლებია. ოთხმოც მეტრზე მოვიდნენ. დაახლოებით 150 ექსტრემისტი. შენობაში ყველაფერი ინგრევა, საით გავიქცე არ ვიცი. დაიჭრა ბეტეერის მძღოლი გოჩა არჩვაძე.
კიდე კაი დავლიე. ფხიზელი გონებით ამის დანახვა ძნელია. ბეტეერმა ორი მკვდარი ექსტრემისტი მოიტანა. ერთ-ერთს შუბლი აქვს გახვრეტილი. კიბესთან დაყარეს და ელოდებიან ცხინვალიდან როდის ამოვლენ მოლაპარაკებებზე, რო მკვდრები გავატანოთ.
იდევ ოსი სნაიპერი გვყავდა ტყვეთა, ერთი ხელის მტევანი არა ჰქონდა, იმათა კიდე ყავდათ სოფლის თავმჯდომარე. გავცვალეთ ეგენი. მარა თავმჯდომარე ისეთი ნაცემი იყო, ორ კვირაში გარდაიცვალა. ის სნაიპერი შეიძლება დღესაც ცოცხალია.
ეგ გადაცვლა რო არ ყოფილიყო, ავდგებოდით და ალბათ სნაიპერს მოვკლავდით.
თებერვლამდე 85 კაცი დაიღუპა. მაშინ დილარ ხაბულიანი იყო ჩვენი მინისტრი. მაგან უთხრა ზვიადას, ბატონო ზვიადო, რა გვეშველებაო. უკვე 85 კაცი მკვდარიაო, იმათ რუსები ეხმარებიან, ვერაფერს ვერ ვაკეთებთო და ავდგეთ და გავიდეთ, გავანებოთ თავიო. არაუშავრაო, ზვიადამ უთხრა, ეხლაო, მილიციაო თავის ცოდვებს ინანიებსო. ესეთი რაღაცა სისულელე წამოცდა მაშინ. წამოცდა და ძალიან ცუდად დაუჯდა ბოლოს. 22 დეკემბერს რომ თბილისში ომი დაიწყო, კალინინის რაიონში დარეკეს: ათივე განყოფილება, პარლამენტთან, პრეზიდენტის დასაცავად გამოცხადდითო. გადარეკეს-გადმორეკეს და არავის არა აქვს სურვილი, რო ავიდეს იქა. აბა, ეგრეც უთხრეს, ზვიადამ ეხლა თქვასო, მილიცია რა ცოდვებს ინანიებდაო. არადა, მაშინ თითო განყოფილებაში 150 თანამშრომელი იყო, ყველაზე გაწერილი ავტომატით. სულ მცირე 1500 კაცი ავიდოდა და თბილისის ომის ბედი შეიძლება სხვანაირად გადაწყვეტილიყო.
დაიწყო სროლები, ამდენი ტყვიაწამალი ვინ მისცა ამ შობელძაღლებს. ყურებიდან არაფერი მესმის. პირდაპირ გვიშენენ, ტყვიამფქრევევი გვესვრის.
1 მარტია. ვაი, რა ცუდად ვხვდებით გაზაფხულს.
ჩვენი პოზიციის წინ 11 ექსტრემისტია, აქეთ 6 კაცი ვართ. იმათ არ იციან, რო ვუყურებთ. თეთრი სპეცოვკები აცვიათ. თოვლში არ ჩანან. ვესვრით. სამი კაცი მოვკალით. ფეხებში წაავლეს ხელი და ჩაათრიეს ქვევით. მე კასკაში მომხვდა ტყვია და ქუდიანად გადამაძრო. მეგობარმა მომაწოდა, ძმაო, ბედი გქონიაო.
ჩვენს კორპუსს, შენობას, უკვე აღარაფერი შერჩა. სამ მარტს უნდა წამოვიდე. ეხლა ქუთაისელები და ბათუმელი ბიჭები დაერივნენ ერთმანეთს, ესროლეს, შევვარდით ოთახში და გავაშველეთ.
ერთ-ერთი ჩემი ძმაკაცია. როგორც კი დამინახა, გაშველდნენ. დამიძახა, ბესოს ვენაცვალეო, პოლიციის ზბორებზე თურმე ერთად ვყოფილვართ.
პესოკის მეშოკთან ვდგავარ და სნაიპერმა ამ დროს გვესროლა. მეშოკს მოხვდა. პესოკი თვალებში შემეყარა. ეხლა კი ძალიან გადავრჩი. რამდენჯერ უნდა გადავრჩე? ვახო ჯ.-ს ტყვია გაუთავდა. გარედან ყვირის, ბესო, შენ, ტყვიები მომახმარეო. - მაგარი მებრძოლი, კაი მაგარი ბიჭი, გარეგნობითაც ისეთი, ალენ დელონსა გავდა. დაიჭრა.
ფანჯრიდან გადავედი, ძალიან მოვტყუვდი, ეს როგორ გავაკეთე, კორპუსის უკანა მხრიდან ოსებმა დაგვიშინეს, იძულებული გავხდი იარაღი ამომეღო ჯიბიდან და ექსვჯერ ვისროლე. ჩემი თვალით დავინახე კიბეზე როგორ წაიქცა ოსი. ისე გამიხარდა, რომ კინაღამ სიხარულით გული გამისკდა.
აბა, როგორია! კაცი მოკვდა, შენ კი გიხარია. ...ასე მგონია სხვის ნაწერსა ვკითხულობ. ეს რამ დამაწერინა.
...ვყვირივარ: ბიჭებო, ერთი დისკი მაინც მომეცით, თორემ უკვე ვკვდები. ღმერთმა უშველოს, ზემოთ კოშკიდან ქუთაისელმა გახსნა ცეცხლი. ოსები გაიქცნენ სასაფლაოსკენ.
ჩემს ცხოვრებაში პირჯვარი არ გადამიწერია და ეხლა ჩამოვჯექი და პირჯვარი გადავიწერე. საზენიტო ტყვიამფრქვევების კედლებიდან ქვები ცვივა. ამდენი წერა აღარ შემიძლია, დავიღალე, მაგრამ აქ ისეთი რაღაცები ხდება, უნდა დაიწეროს, ეს ცხოვრებაში ერთხელ მოხდება, შეიძლება ერთხელაც არა.
ღამის სამი საათია, მეორე პოსტზე ვარ, ოთხი კაცი ავტომატებით, რაციაში ოსები და ქართველები ერთმანეთს აგინებენ. ზუსტად ამას რომ ვწერ, ჩემ წინ ოთხას მეტრში ორსართულიანი სახლი იწვება. ეხლა დაუშინეს ერთმანეთს. სამი პატარა ბავშვი დაიწვა სახლში, სამივე გოგონები. ჩემ თვალწინ დანახშირებულები გადმოალაგეს ჩვენმა ბიჭებმა. ჩემზე ძალიან იმოქმედა, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს
უკვე მეშინია ჭკუაზე არ შევცდე. ჩვენები ტყვიამფრქვევიდან ისვრიან. ხევისკენ გაიქცნენ. გივი შ. დაიჭრა. ერთი, რვა კაცი ვართ დაწოლილები. მე დამიძახა, ბესო, მიშველე, ბინტი მომაწოდეო. ასფალტზე სისხლის ზოლებს ტოვებს, ნერვი არა მაქვს. ვახო გ. იმის ბიძაშვილმა ჩემი ავტომატი აიღო და სასაფლაოსკენ გაიქცა. ფერი აღარ აქვს, საით გარბის თვითონაც არ იცის. წერის ხასიათზე აღარა ვარ, მაგრამ რასაც ვხედავ, როგორ არ დავწერო. ყველა წერს თითქმის, სასწაული რაღაცები ხდება. ვახომ ავტომატი მომიტანეო, ორივე დისკი ცარიელია, ჩვენს კამანდირს ვეძახი, ტყვიები მომიტანოს, ჟილეტი არ მაცვია და გარეთ ვერ გავდივარ. სროლები... უკვე ბნელდება, ვეღარ ვხედავ, წერა მინდოდა, ოთახში ორი სიმპათიური გოგონა შემოდის, ბათუმელი კორესპონდენტები, ჩემი გვარი და სახელი ჩაიწერეს. ვერაფერს ვერ ვხედავ, დაიწყო მაგარი სროლები. ბიჭები პოლზე წვებიან. ეს რა ჯოჯოხეთია.
ექვსჯერ მომიწია ჩასვლა-ჩამოსვლა. 1991-ის ბოლოს ცხინვალში უკვე შიმშილობდა ხალხი. გზები სუ შეკრული იყო - აქედან-იქიდან ქართული პოსტები იდგა. ეგ შიმშილობა კარგა ხანს გაგრძელდა. მერე რუსების დახმარებით როკიდან შეუტანეს ხალხს პროდუქტები. გვიყურეს, გვიყურეს და ბოლოს ისევ რუსებმა უშველეს..
თითქმის დაბნელდა, ვუმატებ წერას, რომ კიდევ მოვასწრო. 45 კაცი ავდივართ სასაფლაოზე, მივდივართ სროლით. კაცი ისე ადვილად მოკვდება რომ ესენი ვერც გაიგებენ. ჟილეტი მაცვია, სამჯერ მოხვდა ტყვია შორიდან ნასროლი. ამას არ უნდა ვწერდე, მაგრამ რა ვქნა, არავის წავაკითხებ, ჩემთვის მექნება. დილამდე ვისვრი. ეს ჩემი ბოლო წერილია.
14 კაცი მოვდივართ თბილისში. მოგვივიდა პატარა ავტობუსი, ყვითელი ფერის. ბიჭები დანაღვლიანებულები არიან. ყველა კარგი ბიჭია, არ მეგონა თუ ქართველ მილიციელს ამდენი კაცობა შეეძლო. ღმერთმა გაგიმარჯოთ ბიჭებო. გამოვდივარ დაწყევლილი ყოფილი რესტორნიდან, გარშემო სულ ნატყვიარებია, მინგრეულ-მონგრეული. გული მტკივა, რომ როლანდა კ.-ს დაჭრილს ვტოვებ, ტყვიავის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ფეხებში მოხვდა სნაიპერის ტყვია, ისეთი კარგი ბიჭია, რომ გადაირევა კაცი. ავტობუსში ავდივარ და თვალებიდან ცრემლები მომდის, წინა ღამეს თავისი ბუშლატი დამახურა, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ. რომ არ დაგიმალოთ, ფსიქოლოგიურად თითქმის მოშლილი ვარ. არა ძმაო, მე აქ თუ ძალიან არ გაჭირდა, რა ვიცი, რატო წამოვალ...
რესპოდენტის თხოვნით, ტექსტში ნახსენები ადამიანების გვარები დაფარულია.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
__________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტრანსკრიპტზე მუშაობდნენ: ანა სურგულაძე, მართა მელიქიძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან