გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

OREO COOKIES | ძინა, 40 წლის | ნიუ იორკი

ძინა, 40 წლის 
ნიუ იორკი

მარტივი იყო ჩემს მომავალს ვხედავდი საზღვარგარეთ, საქართველოში კი მარტო უიმედობას და უპერსპექტივობას. ამაზე დავფიქრდებოდი თუ არა, სევდა მაწვებოდა.

18 წლის ვიყავი და მანდ საერთოდ ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა აქ, ვგრძნობდი, რომ მექნებოდა very sad life. 

სიღარიბე, სიბნელე და სიცივე ასე მახსოვს ის წლები და დღემდე ასე ვხედავ საქართველოს. თითქოს თან დამსდევს, რა რამდენჯერაც ჩამოვდივარ, იმდენჯერ ხან შუქი მიდის, ხან წყალი.

ყველაფერი მაშინ ამოტრიალდა, როცა სკოლის ბოლო კლასი ამერიკაში high school-ში ვისწავლე. იქ დავინახე, როგორ შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს ადამიანურად, რამხელა მომავალი ქონდეს. ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო ხელმისაწვდომად დავინახე იმასთან შედარებით, ვისაც საქართველო დატოვებული არ ჰქონდა. შეიძლება ეგ იყო ამერიკაში წასვლა ამის მერე უფრო ადვილად მიმაჩნდა და უფრო ვცდილობდი მაქსიმალური გამეკეთებინა, რომ მივმწვდარიყავი მაგას.

ჩემი სკოლისდროინდელი მასპინძელი ოჯახი დამეხმარა. აიდაჰოს შტატის კოლეჯში სწავლის ჩემი პირველი წელი ამ ოჯახმა დააფინანსა. საქართველოში შეჩვეული რომ ხარ პირველ სექტემბერს ვითომ რომ იწყება სწავლა და პირველი ორი კვირა არაფერი ხდება, აქ პირველივე დღიდან მომაყარეს სამეცადინო და ეს რთული იყო. თან მე ძაან ამბიციურად 4 თუ 5 რთული კლასი ავიღე და პირველივე კვირაში მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. თან გაუჩერებლად მენატრებოდა ყველა და ყველაფერი მშობლების სახლი, ოჯახი, მეგობრები, დღე და ღამ რომ ერთად ხართ, ერთმანეთს რომ ყველაფერს ეუბნებით. სანამ ჩემი შვილი ანა არ გავუშვი პირველ კლასში, ვერ მივხვდი, რა იწვევს ამ ამერიკული მეგობრობის ზედაპირულობას. პირველ კლასში ვისაც უმეგობრდები, მეორე კლასში შეიძლება აღარ იყოს შენთან ერთად, შემთხვევითობის პრინციპით ადგენენ კლასებს და წინასწარ არასდროს იცი, წინა წლის მეგობარი ისევ იქ დაგხვდება თუ არა. ამიტომ ყოველ წელს გიწევს ახალი მეგობარი გაიჩინო. კავშირები ამიტომაც ზედაპირულია მიჯაჭვას ვერ ასწრებ და რომ მოასწრო, გაგიჭირდება. 

პირველი სემესტრი საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ეს სოციალიზაციაში დამეხმარა. კოლეჯში გვქონდა საერთაშორისო კლუბი, სადაც ყველა არაამერიკელი სტუდენტი იკრიბებოდა. ჩემი პირველი მეგობრებიც ამერიკაში ისინი გახდნენ, რადგან ჩვენ ვიპოვეთ ის, რაც დამეგობრებისთვის აუცილებელია საერთო გამოცდილება ყველანი ვიყავით უცხოელები კოლეჯში, სადაც, ჩვენ გარდა, ყველა ამერიკელია. 

როცა გავიგე, რომ ერთ წელზე მეტხანს შემეძლო დარჩენა, ძალიან გამიხარდა ეგ იყო ჩემი მიზანი, წარმოიდგინე, რა დამემართებოდა.

ამ დროს გოგაც ჩამოვიდა, დავქორწინდით, 19 წლის ვიყავი, აქ ასე ადრე არავინ ქორწინდება ეგ იყო ქართული კულტურის ნაწილი, რომელიც თან ჩამოგვყვა. 

გოგას სხვანაირი ადაპტაცია დასჭირდა, მაგრამ, რაც მთავარია, არ ჩაიკეტა, ალღოს აღება სცადა, ბევრს მუშაობდა, ჩემს მეგობრებს ემეგობრებოდა. მეც ვსწავლობდი და ვმუშაობდი რაღაცნაირად რომ გვეხადა ქირა. გოგამ დამანახა, რომ, უცხოელობის გარდა, საერთო ენა შეიძლება აღმოჩნდეს სპორტიც. გოგამ ეგ ენა მონახა, თავისი წრე გაიჩინა. 

90-იანების გამოცდილება დაგვეხმარა იმაში, რომ სირთულეები გადაგველახა. ტრაგედია არ შეგვიქმნია იმისგან, რომ ოთხშაბათ დღეს ველოდებოდით, რომ ერთ სუპერმარკეტში სასისკი იაფად გვეყიდა, მეორე სუპერმარკეტში დავლოდებოდით დღეს, როცა პიცა 1 დოლარი ღირდა. ეს რთული იყო, მაგრამ ისეთი რთული არა, როგორც 90-იანების საქართველოში ცხოვრება.

ძალიან დიდი ცვლილება იყო აიდაჰოდან წასვლა. უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, სამსახურის პოვნის დრო დადგა. სიეტლში გადასვლაზე ვფიქრობდით, ყველაზე ბუნებრივი ეგ იქნებოდა, კოლეჯის ბევრი მეგობარი იქ ცხოვრობდა, მაგრამ მერე რაღაც ჩატში ქართული ჯგუფი აღმოვაჩინეთ ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში იყო მაშინ მხოლოდ ინტერნეტი, იქიდან ველაპარაკეთ. ერთ-ერთს ტელეფონი გამოვართვით, წავედით სახლში და გოგამ დაურეკა. მანამდე მიჩვეულები ვიყავით, სულ ორ-ორწუთიან ზარებს საქართველოში. ეს კიდევ ადგილობრივი ზარი იყო და შეგვეძლო, დიდხანს გველაპარაკა. ძალიან კარგად მახსოვს, ერთმანეთის პირდაპირ ტახტებზე ვისხედით მე და გოგა. ტელეფონი სპიკერზე ქონდა. იმ ბიჭმა გოგას უთხრა, ქართული რესტორანია აქ, ვსხედვართ ახლა სასტავი, აი, აგერ ხაჭაპური მოიტანესო და ვუყურებთ მე და გოგა ერთმანეთს, ნერწყვი გვადგება სამი წელია საქართველოში არ ვარ ნამყოფი და მომენტალურად ვთქვით, ნიუ-იორკში ხომ არ გადავიდეთო. 

არც გუგლის რუკა, არც რამე სხვა, ჩვენით დავხაზეთ ამერიკის რუკა და შევადგინეთ მარშრუტი ნიუ-იორკისკენ. მანქანით წავედით. ხუთი დღე ვიყავით გზაში. იმ ბიჭმა პირველ დღეებში თავისთან დაგვიტოვა და დავიწყეთ ბინის ძებნა. გაზეთებში ვკითხულობდით განცხადებებს, მაგრამ ჩავიქნიეთ ხელი. გვითხრეს, თქვენ ნიუ-იორკი აიდაჰო ხომ არ გგონიათ, ეგრე ადვილად ვერ იშოვით ბინას, კომნატა უნდა ეძებოთო. ერთ დღესაც წავედით ასეთი კომნატის სანახავად. გამოაღეს კარი და კინაღამ გული წამივიდა რამდენიმე ხნით ადრე იმ ოთახში კაცი მომკვდარა და 3-4 დღის შემდეგ უპოვიათ გვამი. ამას მირჩევნია, ქუჩაში ვიცხოვროთ-მეთქი, მაგრამ მერე ძლივს ვნახეთ ოთახი ერთი მოხუცი ქალის ბინაში და გადავედით მასთან. 

სამსახურში ძაან გამიმართლა. პარასკევი იყო, როცა ნიუ-იორკში ჩავედით, ვიყიდე „ნიუ-იორკ ტაიმსი“, მოვნიშნე განცხადებები სამუშაოების განყოფილებაში, კვირას წავედი 42-ე ქუჩაზე, ნიუ-იორკის ბიბლიოთეკში, რადგან ვიცოდი, ბიბლიოთეკები ნიუ-იორკში არის უფასო და აქვთ ინტერნეტი, დავჯექი კომპიუტერების დარბაზში და დავგზავნე ჩემი მონაცემები რამდენიმეგან. ორშაბათს დამირეკეს. ოთხშაბათს უკვე უოლ სტრიტზე სამსახური მქონდა. 

ეგ ხო ეგრე მოხდა, მაგრამ ნიუ-იორკზე პირველი რეაქცია მაინც იყო შოკი და იმედგაცრუება, სინანული, რომ აქ ჩამოსვლა იყო შეცდომა. გადაადგილება, ორიენტირება, ყველაფერი გამიჭირდა. ამხელა და ასე ბინძურ ქალაქთან მანამდე არ მქონია შეხება. 

როდესაც მუშაობა დავიწყე და გავიაზრე ნიუ-იორკის კულტურა, ეს ფიქრები გაქრა. ტურისტად რომ მიდიხარ, ეს ძაან განსხვავებული რაღაცაა, როცა აქ ცხოვრობ და მუშაობ, თავიდან შეუძლებლად წარმოგიდგენია, როგორ შეიძლება მოგეწონოს და აღფრთოვანდე აქაურობით. ისე გიყვარდება აქაურობა, რომ ვერ იაზრებ ამას. მახსოვს, წლების შემდეგ შვებულების დროს ვესტუმრე ერთ ლამაზ ქალაქს და 5 დღის შემდეგ მომენატრა ნიუ-იორკი, და ახლა როცა სადმე მივდივარ, სულ მენატრება. უნდა იცხოვრო და გაატარო დრო აქ, რომ შეგიყვარდეს. ამისთვის აუცლებელია გყავდეს შენი წრე, გიყვარდეს შენი სამსახური, რესტორნები, სადაც დადიხარ, კულტურა, მაგრამ ამ ყველაფერს მაშინვე ხო ვერ იპოვი, დრო სჭირდება.

ამ ქალაქში ახლა ჩემთვის ყველაფერია. საქართველო და ქართული რომ გვენატრებოდა, ქართველ ადამიანთან ურთიერთობა, მაგიტომ ჩამოვედით, ახლა ყველანაირი მეგობრები გვყავს, მაგრამ გვყავს ქართული წრე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ წრის ყოლა.

სხვათა შორის, რომ გვიფიქრია სხვა შტატში გადასვლაზეც, სულ მაგას მახსენებს გოგა, რომ იქ მოსაბეზრებელი BBQ ფართის გვექნება, რადგან იქ არ იქნებიან ქართველები. 

ჩვენთან ყველას წამოსვლის სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ მე აქ დასარჩენად არ ჩამოვსულვარ. ნიუ-იორკში გადმოსვლის მომენტშიც ვფიქრობდი, რომ კიდევ მივიღებ რაღაცებს და უკან წავალთ. წლების შემდეგ იაზრებ, რომ მოგწონს აქ ყოფნა და ყველაფერს გააკეთებ, რომ აქ დარჩე. ერთ სინგაპურელი მეგობარი მყავს და ვეუბნებოდი, ვერ ვხვდებოდი, შენისთანა ქალაქიდან ნიუ-იორკში რატომ უნდა ჩამოვიდეს ადამიანი საცხოვრებლად-მეთქი. დავიწყეთ მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არის ის აქ და რატომ ვარ მე და საერთოც გამოჩნდა აქ არ გრძნობ ადამიანების კრიტიკას, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი და იყო ისეთი, როგორიც გინდა იყო და არავის არ აინტერესებს ეს. აქედან რომ გავიდე და თავდაყირა დავდგე, ან შიშველმა გავიარო, არავის აინტერესებს ეს. ამ ზაფხულს რომ თბილისში ვიყავი, ქუჩაში მივდივარ და მესმის, როგორ ელაპარაკება ბებია შვილიშვილს ტელეფონზე როგორ იქცევი, რას იტყვიან მანდ მეზობლები, არ გრცხვენიაო. დავიწყებული მქონდა, რატომ შეიძლება გაინტერესებდეს, მეზობლები როგორ შეგაფასებენ შენ და შენს ქმედებას.

მე არ მივიჩნევ თავს ამერიკელად, არც მათთვის არ ვიქნები ამერიკელი არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ამერიკელ მეგობრებს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.

პირიქით, მომწონს კიდეც, განსხვავებული ღირებულებები რომ მაქვს, ამის გამო ძალიან საინტერესო საუბრები გვაქვს. მაგრამ თან არც ტრადიციული ქართველი ვარ. მგონია, რომ კარგი მიქსი გამოვიდა, ამას წინათ ერთმა ავსტრალიელმა კლიენტმა თქვა, დაიანა სხვანაირია, ძალიან თბილი პერსონააო. მომწონს ეს სითბოს გაცემის უნარი, რაც ქართული კულტურიდან დამრჩა, მაგრამ მომწონს ისიც, რაც არ არის ქართული ჩემში ხალხს არ ვაკრიტიკებ. როდესაც ცხოვრობ ნიუ-იორკში, იმდენ რაღაცას ხედავ და ისეთ ისტორიებში გადაიხლართები, რო შოკში ჩავარდები. უფრო მარტივად ვუყურებ იმას, რაც ხდება. 

ჩემი შვილი უკვე ასე იზრდება. მას ბუნებრივად უყვარს „ორეო“. „ორეო“ ამერიკელს უყვარს. „ორეო“ არის ყველგან სკოლის ზეიმებზე, დაბადების დღის ფართიზე, „ორეო“ არის ამერიკული იდენტობის ნაწილი ისეთივე, როგორც ჩემთვის, მაგალითად, ვაშლის პეროგია, რომელსაც დედაჩემი ბავშვობაში მიცხობდა.

ამიტომ მე ვერ ვიქნები ბოლომდე ამერიკელი. თან, მეორე მხრივ, არც ემიგრანტია ჩემთვის ნეგატიური სიტყვა. ამ სიტყვას ვუკავშირებ ადამიანს, რომელიც შრომობს დაუღალავად, რომელმაც გაბედა და სამშობლო დატოვა უკეთესი ცხოვრების საძიებლად და ამ ცხოვრების მისაღწევად თავს არ ზოგავს. მაგრამ მე არ ვარ ემიგრანტი იმ გაგებით, რომ მე ეს გადაწყვეტილება სამშობლოს დატოვების არ მიმიღია.

კონცეპტუალურად სახლი ჩემთვის ნიშნავს ადგილს, საითაც შენი გული მიიწევს, სადაც შენი ოჯახია და მნიშვნელობა არ აქვს, სად დგას ეს სახლი ჯომოლუნგმაზე თუ თბილისში. დღეს ეს სახლი ნამდვილად აქ არის და მე ის მიყვარს, საქართველო სახლი აღარაა.

როდესაც ქუჩაში და თბილისში დავდივარ, თავს ვგრძნობ უცხო ქვეყანაში. ყველაფერი სხვანაირია, ყველაფერი სხვანაირად კეთდება, კულტურა სხვანაირია, ეს არ არის გარემო, სადაც მე გავიზარდე. ძაან მეუცხოვება, როცა ვლაპარაკობ მანდ ქართველებთან და ყველაფერში რო ხმარობენ, აუ, ეს იცი რა თემაა? მე როცა გავიზარდე, ასე არ ვლაპარაკობდით და ჩვენ ისევ ის ძველი სლენგი გვაქვს. ჩემი მეგობრები, რომლებიც ასევე 90-იან წლებში ჩამოვიდნენ, ისევ იმ ენაზე ვართ, თუ ქართული ენა განვითარდა ჩვენში, მარტო იმ მხრივ, რომ ქართულ-ინგლისური გვაქვს, როგორც ვლაპარაკობთ აქ ყველა. ჩემთვის ახლა ასეთი ქართული გახდა ძალიან მშობლიური, ამიტომ ენასაც ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს.

არც ახალ ამბებს ვუყურებ, საქართველოში რა ხდება, თითქმის არ ვიცი, პრეზიდენტი ვინაა, არც ეგ მაინტერესებს. აქაურ სისტემაში ბოლომდე ჩართული ვარ, სამსახურის გამოც პოლიტიკურ და ფინანსურ ინდუსტრიაში ვარ და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდე, ვთქვათ, დაიდო თუ არა China Deal.

როდესაც ხმას ვაძლევ კანდიდატს, მისი პროგრამის შესახებ ყველაფერი ვიცი, საქართველოდან მახსოვს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ არჩევნებზე რომ დავდივარ, სულ თან დამყავს ჩემი შვილი, მინდა აქედანვე იცოდეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს დემოკრატიაში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა