ორი ლექსი - ინგებორგ ბახმანი
როცა პირველად შევხვდი ამ ქალს – და მე მას შევხვდი, როგორც თავზარს – რადგან ეს იყო მოულოდნელი, უადგილო, აუცდენელი შეხვედრა, მე არ მქონდა წარმოდგენა მისი სახელის შესახებ.
ეს მოხდა სარკეში, სადაც, ჩვეულებრივ დგება ხოლმე გამომშვიდობების მწარე რიტუალი სამყაროზე წარმოდგენის შესახებ უკანასკნელ ბაზისურ ილუზიასთან. მან მკვახედ და მოურიდებლად თქვა – არ არსებობს მშვიდობა, არსებობს მხოლოდ ომი.
როგორც წესი, ეს ხდება საბოტაჟის შემდეგ, თანამოაზრეების მიერ გათხრილ საფლავში ჩაწოლამდე. მოგეხსენებათ, საბოტაჟი ომის განსაკუთრებული ფორმაა – გამოუცხადებელი ომის. გამოუცხადებელ ომს განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოაქვს, როცა ფაშიზმი იმარჯვებს.
დღეს, როცა ვიცი ინგებორგ ბახმანის სახელი, ვიცი ისიც, რომ ის ასევე ამბობს: ფაშიზმი არ იწყება პირველი ბომბებიდან, რომლებიც ციდან იწყებს ცვენას. ის იწყება ადამიანებს შორის.
ვინც ფაშიზმის წარმოშობას არ აღიარებს, პოლიტიკურ ფაშიზმსაც ის მოიტანს, იდეოლოგიის განურჩევლად.
გადაჭარბებული იქნებოდა გვეთქვა, რომ წინამდებარე თარგმანი უკეთესი სამყაროსთვის მებრძოლებს ეძღვნება. უკეთესი იქნება, თუ დავაზუსტებთ: მიძღვნა ეკუთვნის მას, ვინც ჭეშმარიტ პოლიტიკურ რეალობას საკუთარ ცხოვრებაში აღმოაჩენს.
ალექსანდრა აროშვილი
ყოველი დღე
ომი გამოცხადებული აღარ არის,
მხოლოდ გრძელდება. საზარელი
იქცა ყოველდღიურობად. გმირი
ბრძოლის ველს ტოვებს. ფრონტზე
სუსტები გადიან.
დღის მუნდირი მოთმინებაა,
მედალი საცოდავი ვარსკვლავია
იმედის,
გულთან ცოტა ზემოთ.
მედალს გადასცემენ
როცა აღარაფერი ხდება
არტილერია სიჩუმეში იძირება
მტერი უხილავია
და მარადიული შეიარაღების ჩრდილი
ცას დაფარავს.
მას გადასცემენ
დროშის მიტოვებისთვის
სიმამაცისთვის
მეგობრების წინაშე,
უღირსი საიდუმლოების გაცემისთვის
და დაუმორჩილებლობისთვის
ყოველი ბრძანებისადმი.
მე არ ვიცი უკეთესი სამყარო
ვინც უკეთესი სამყარო იცის, წინ გამოვიდეს.
გამოვიდეს მარტო, სიმამაცის გარეშე. იმ ფურთხის მოუწმენდავად,
სახეზე რომ ატარებს,
თითქოს კურთხევაზე მიდიოდეს,
როგორც ის, ვინც გამოისყიდა, და ახლა ზიარება ელის,
ძმათა შორის. მხდალი კურდღელი,
ვირთხა, და ისინი, ვინც იქ დაეცა, ისინი, ყველა.
მარტო აღარ, მეტიც, როგორც ერთი, უკვე თავზარი.
შინ დაბრუნების ზმანება
შეიარაღების ოცნებაში
შინ დაბრუნების სიზმრიდან.
გერმანულიდან თარგმნა ალექსანდრა აროშვილმა
ფოტო: HEINZ BACHMANN