ორი ქელეხი | რატომ არ უშვებენ მძიმე ავადმყოფებს თბილისში სამკურნალოდ სამხრეთ ოსეთიდან?
07.10.2020 | 7 წუთიანი საკითხავირატომ არ უშვებენ მძიმე ავადმყოფებს თბილისში სამკურნალოდ სამხრეთ ოსეთიდან?
ინტერვიუ თამარა მეარაყიშვილთან
მარგო მარტიაშვილს მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავდა. ერთი ადრე გარდაეცვალა, მისი საფლავი ვერ დატოვა და მეუღლესთან ერთად, ახალგორში დარჩა. დანარჩენი სამი შვილი კი თბილისში წავიდა.
2019 წლის 5 სექტემბერს, ახალგორში შემოსასვლელი გზა ჩაკეტეს. თითქოს სწავლის დაწყების გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ჩვენ კი წინა დღეს გვითხრეს, 6 სექტემბერს ისევ გაიხსნებაო, მაგრამ არ გახსნეს.
დაახლოებით ერთ თვეში, მარგო ინსულტის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში მოხვდა. შვილები დედის თბილისში გადმოყვანას ითხოვდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. როგორც ჩანს, საავადმყოფოს თავისი ინსტრუქციები უკვე ჰქონდა: გზა არც მძიმე ავადმყოფებისთვის არ უნდა გაეხსნათ. მარგო მარტიაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცხინვალი ახალგორიდან 62 კილომეტრშია. დახვეული სერპანტინით რამდენიმე მთას გადიხარ. ახალგორში მარგო ჯერ გონზე იყო და ლაპარაკობდა. ცხინვალში ჩაყვანისთანავე კი რეანიმაციაში მოხვდა, გამთენიას გვითხრეს, რომ გარდაიცვალა.
მარგოს დაკრძალვაზე შვილები არ შემოუშვეს. ასე სასტიკად იქამდე არასდროს მოქცეულან, ძალიან გაგვიკვირდა.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ყოველთვის ხსნიდნენ გზას. რაიონის მთავარი ექიმი ადგილობრივ „ეფ-ეს-ბეს“ ხელმძღვანელს შეატყობინებდა, რომ მძიმე პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდებოდა. საავადმყოფო გამოიძახებდა 112-ს ქართულ გამშვებ პუნქტთან. ახალგორის საავადმყოფოდან გამშვებ პუნქტამდე პაციენტი 7 წუთში მიჰყავდათ, იქ კი მას 112-ის ექიმები ხვდებოდნენ და თბილისში გადაჰყავდათ.
შოთა დრიაევი თბილისში სეფსისზე მკურნალობდა. 73 წლის კაცი ექიმებმა იმ პირობით გამოუშვეს ახალგორში, რომ ექვს თვეში გეგმიურ პროცედურებზე ისევ დაბრუნდებოდა. ზუსტად ექვს თვეში ჩაიკეტა გზა. შოთას ნათესავებმა ბევრი ირბინეს, იბრძოლეს, მაგრამ შოთა თბილისში სამკურნალოდ მაინც არ გაუშვეს. მალე შოთას მდგომარეობა დამძიმდა და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სათანადოდ ვერ უმკურნალეს. დეკემბერში, უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფს მისცეს თანხმობა თბილისში გადაყვანაზე. შოთა თბილისში საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
ახალგორში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა 52 წლის კაცი. არც ის გაუშვეს თბილისში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. აქ მარტო მოკვდა.
ოჯახის წევრები გასვენებაშიც არ შემოუშვეს. კაცი მეზობლებმა დაკრძალეს. ქელეხი ორივე მხარეს გამართეს, ერთდროულად ახალგორში და წეროვანში.
პანდემიის გამო ჩაიკეტა მეორე გზაც - სინაგურის, ანუ პერევის გადასასველიც და ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. წამლებიც ვერ შემოუგზავნეს შვილებმა ნელი ქისიევას. ნელის პარკინსონის დიაგნოზი აქვს. აქამდე სიარული, საუბარი, მსუბუქი საოჯახო საქმეების გაძღოლა შეეძლო, მაგრამ სამი თვეა წამლებს ვეღარ უგზავნიან. მისი მდგომარეობა უცბად დამძიმდა - ვეღარ დადის, ვეღარ მეტყველებს.
ავდექი და ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ალა ჩოჩიევას დავურეკე. ვუთხარი ახალგორში კი არაჩვეულებრივი ექიმი გვყავს, და ეს მართლაც ასეა, მაგრამ ეს ქალი ყველაფერს ხომ ვერ უშველის, გთხოვთ, ქისიევას ოჯახს, მისი გადაყვანის უფლება მიეცით-მეთქი. ცივად მიპასუხა, თქვენ ამ გზის გახსნას ძალიან მარტივად უყურებთ, ჩვენ ჩვენი წესები და კანონები გვაქვსო. ნეტავი, ვისთვის წერთ-მეთქი ამ კანონებს?! თქვენ, ალბათ, ექიმი არა ბრძანდებით, ამდენი ახსნა როგორ გჭირდებათ-მეთქი. გაღიზიანდა და ყურმილი დამიკიდა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსაც ველაპარაკე. თუ ამ ქალს არ გაუშვებთ, ხმამაღლა დავიწყებ ლაპარაკს მთელ იმ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებზე, რასაც ადამიანებს უქმნით და მერე გარდაცვლილებს ითვლით-მეთქი. ამ საქმეს აუცილებლად გავარკვევო, დამპირდა, მაგრამ ნელი ქისიევა დღემდე თბილისში გადაყვანას ელოდება.
შარშან, მახსოვს, პირდაპირ ეთერში შერიგების ყოფილი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ამბობდა, ჩვენი ორი მოქალაქე ახალგორში ძალიან ცუდადაა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ შემოდიანო. იმ დროს, ის ხალხი წინა დღეს უკვე გადმოსულები იყვნენ თბილისში. რამდენიმე დეპუტატმა და მე ვიმოქმედეთ დროულად, ხელისუფლებას კი ამაზე ჯერ ინფორმაციაც არ ჰქონდა.
ახლა მეც 21-ე დღეა სინათლის გარეშე ვარ. პროკურატურამ დენის სადენები ჩამიჭრა, თითქოს, დავალიანება მაქვს. რადგან სასამართლოები ისევ უვადოდ იწელება, ახლა ასე ახდენენ ზეწოლას (თამარი სამი წელია უკვე შინაპატიმრობაშია. მას დეფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის წევრები, „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მიღებას ედავებიან. ცხინვალის სასამართლომ ის სამჯერ გაამართლა და ბრალდების მხარემ სამივეჯერ გაასაჩივრა).
2019 წლის სექტემბრის შემდეგ, იმის გამო რომ ადამიანებს აქ ვერ უმკურნალეს და არც გაუშვეს, რაც მე ვიცი, ოცზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ამ პრობლემით არავისთვის მიმიმართავს - მათთვის ეს პრობლემები მოუგვარებელია. არც აინტერესებთ. ან არ იციან როგორ მოაგვარონ. მაგათ მარტო ის იციან სხვების ტრაგედიები „რუსეთის სახის წარმოსაჩენად“ როგორ გამოიყენონ.