ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პაგანური კრიზისი: სახეები და სტრატეგიები

ომის აპოთეოზი: „ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს - წარსულის, აწმყოსა და მომავალს“.

ვასილი ვერეშჩაგინი, 1871


„მეფე ისტორიის მონაა.“

ლევ ტოლსტოი, „ომი და მშვიდობა“



წმინდა ნაწილები

- პატრიარქი: ვყარვარ, როგორც ბინძური მყინვარი. ცივი ვარ, ყინულზე მეტად გავცივდი.

- მღვდელი: ჩვენ კი ვხურვართ. ვხურვართ, როგორც ხანძარი ობლების ქოხში.

ამ დიალოგით შემოდის პატრიარქი და სამღვდელოება ვალერი ოთხოზორიას პიესაში „წმინდა ნაწილები“, რომელიც 20-21 აპრილს ილია ქორქაშვილმა და დათა თავაძემ სამეფო უბნის სცენაზე დადგეს. პიესის გროტესკული და კლასიკური ტრაგიკომედიის ელემენტები ინსტიტუტების ეთიკურ კოლაფსს აღწერდა - სცენაზე პაგანური კრიზისი გათამაშდა.

„წმინდა ნაწილები“ რევერსიული სპექტაკლია: სპექტაკლში პაგანი და ქრისტიანი, ქრისტე და ანტიქრისტე, წმინდანი და ტერორისტი ერთმანეთში ირევა - ნაზიც კი უხეშია. ყველა ნიშანი ანტიპოდზე ენარცხება, ყველა გემი თავდაყირა მიცურავს. სცენა ჩამობნელდა: კანონი ეთიკურ სიცხადეს მოკლებულია და ძაღლივით ჰყეფს. ნორმა სიგიჟის ზღვარზე თამაშობს, „პოლიციელებსაც ავარიული სამსახური აქვთ“ და თვითონაც ძალიან ავარიული ხალხია - არადა მათ ხომ ყველას წმინდანებივით უნდოდათ ცხოვრება? (ოთხოზორია, 2022).

სცენაზე პერსონაჟები, რომლებიც ნეკროფილებს მოგვაგონებენ, წმინდა ელგუჯას ღამის ქოთნიდან მიირთმევენ „ფისებს და კაკებს“: პაგანები ერთმანეთის „წმინდა“ ნაწილებით, სისხლით, ხორცითა და ფეკალიებით ილუკმებიან. რაც იქ ხდება, ამაზრზენია და პერვერსიული, მაგრამ სასაცილოცაა და სატირალიც. ამიტომაც, დარბაზი ხარხარებს, როდესაც პატრიარქს სცენაზე კლავენ: „ნაზიმ მოკლა პატრიარქი“.

ხარისხიანი თეატრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი სცენასა და დარბაზს შორის დაძაბულობის პერფორმატიული მოხსნაა; მათი იმგვარი სინქრონიზაცია, როდესაც კოდირება და დეკოდირება ყირაზე დადიან: დარბაზი ტირის, როდესაც სცენა იცინის ან სცენა ტირის, როდესაც დარბაზი ხარხარებს. ჟესტების ამგვარი მონაცვლეობა და ორ ფრთას შორის დიალოგი ქმნის სამეფო თეატრს.

მოკლედ, ავარიული სპექტაკლია და მისი ინტერპრეტაციაც ავარიული სამუშაოა: ამიტომაც, პაგანიზმზე დასაკვირვებლად რეკომენდებულია „წმინდა ნაწილების“ პირადად ნახვა. 


რეზისტენტული ეთიკა vs მირშეიმერის დოქტრინა

„ნაპოლეონმა ფრონტის ხაზი მეორედ შემოიარა და შეურვებულმა წამოიძახა:
-      ჭადრაკი გაწყობილია, თამაში ხვალ დაიწყება“.

ლევ ტოლსტოი, „ომი და მშვიდობა“

პაგანიზმი არც სამეფო უბნის თეატრის დატოვების შემდეგ დაგტოვებთ. პაგანიზმის მდინარეები ქუჩებში მოედინება: პაგანური დროა, პაგანური ღამეა - ეპისტემეც პაგანურია. დღეს პაგანურია არა მხოლოდ ღირებულებები, რომლითაც ვცხოვრობთ,  არამედ ამ ღირებულებების წარმოების წესიც.

პაგანიზმის ნიშანია Z: პაგანურია ალტ-ინფოს ჯვარი; პაგანია პატრიარქი კირილე და პაგანურია ნაკურთხი წყალი, Z ტანკებს რომ აკურთხებს; პაგანია ვინც ბუჩა ჩაიდინა; პაგანია ის, ვინც კოლონიალიზმს დეკოლონიზაციის თეორიებით ამართლებს, როგორც სერგეი ლავროვი, დევიდ ჰარვი, ალექსანდრ ლუკაშენკო და ნოამ ჩომსკი; პაგანია ყველა, ვინც ჩვენი სახით ვაჭრობს და ოლიგარქებიც პაგანები არიან; პაგანია ის, ვინც ხოცვა-ჟლეტის ატეხამდე ჰოკეითი ხურდება; ჰიტლერიზმი და პუტინიზმი ორივე პაგანიზმია; ჟირინოვსკის პანაშვიდმაც პაგანურად ჩაიარა...

წინამდებარე ტექსტში პაგანიზმი გამოყენებულია, როგორც ტექნიკური ტერმინი, რომელიც მიუთითებს ცრუ-ღმერთიანობაზე, წარმართობაზე, კერპთაყვანისმცემლობაზე. სეკულარულ თარგმანში პაგანური კრიზისი იგივე ეთიკის კრიზისია. ჩვენი ცხოვრების თეატრში კეთილგონიერების ფარდა დაეშვა და ჭვრეტა გვიჭირს.

ომის გეო-პოლიტიკური ლოგიკა თავს ტოტალურ საზრისად აცხადებს და კვაზი-ფენომენოლოგიური რედუქციით ბრჭყალებს მიღმა ტოვებს მისთვის უცხო ეთიკას, რომელიც სინამდვილეში პირველადია. იმპერია საზღვრებში ვერ ეტევა და ეთიკასთან გარდაუვალ წინააღმდეგობაში ვარდება, რადგან იმპერიის კონცეპტი საზღვრებს არ ცნობს და ბრძანების უსაზღვროდ განვრცობის სურვილით ფართოვდება (Hardt & Negri, 2000, p. XIV), ამის საპირისპიროდ, ეთიკა უპირველეს ყოვლისა მეზობლობის ხელოვნებაა - ეს მზრუნველი შეხებისა და მზიანი შეხვედრის წერტილია, რაც მოსაზღვრეებს აახლოებს. სადაც არ არის საზღვარი, იქ ვერ იარსებებს ეთიკაც.

საზღვრები მოიშალა და ოქროსფერ მიწაზე უცხო ტანკები დაგორავენ; ზღვისფერი ციდან ჩამოაგდეს კიეველი მოჩვენებაც. ახლა გარშემო მხოლოდ მილიტარისტული სტრატეგიებია და ყველა დისკურსი მომართულია საბრძოლველად. მაშინაც კი, როდესაც პირი მშვიდობაზე ალაპარაკდება, პაგანური ეპისტემე ნათქვამს მილიტარისტულ კალაპოტში აქცევს. სიტყვები სინტაქსსა და მორფოლოგიაში იმგვარად განლაგდებიან, რომ წინადადებამ მეტოქეს მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს: ამავე გრამატიკაში გაიცემა ომის ბრძანებაც. ჰეგემონიური დისკურსი ომის დისკურსი გახდა და სიტყვა ამუშავდა, როგორც - ბომბი. ხოლო, ლაკოფისგან ვიცით, რომ ასეთ დროს „მეტაფორებიც კი კლავს“ (Lakoff, 1992 & 2003)

თუ 2020 წელს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უპრეცენდენტო მასშტაბებით ჩაერთო ინფექციონისტების ექსპერტული ცოდნა და სამედიცინო ლოგიკა, 24 თებერვლის შემდეგ საჯარო დისკურსი ომისა და გეოპოლიტიკის ექსპერტული მოსაზრებებით იწარმოება: დადგა ომის აპოთეოზი და თანამედროვეობაც ვერეშჩაგინის უკრაინის ფერებში დახატულ ომს ჰგავს.

ომმა შეაღწია ჩვენს ბიოლოგიურ სხეულშიც და კოგნიტური აპარატი ალყაშია, როგორც - აზოვსტალის ქარხანა: სოფელი ბნელდება სიკვდილის შიშით. რაც უფრო მეტად ვცდილობთ, გონივრულად ავხსნათ უკრაინა-რუსეთის ომი, მით უფრო უგუნური და გაუგებარი ხდება ის ჩვენთვის. თუმცა, ცდება ტოლსტოი, როდესაც წერს, რომ ომი არის გონების წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. (ტომი II, გვ. 7) პირიქით, ომი პაგანიზმში ჩავარდნილი გონების შედეგია, რომელიც გონების შესაძლებლობებს - მათ შორის მათემატიკასა და ფორმალურ ლოგიკას - პაგანური მიზნების მისაღწევად იყენებს: ეს გონება იმ ბავშვთა სახეებით იკვებება, რომლებიც აღარ გაიზრდებიან.

war



დღეს რეალისტი ანალიტიკოსები აფრიალებენ თეორიულ ჩარჩოებს, სადაც რუსეთ-უკრაინის ომი სამწუხარო, მაგრამ განჭვრეტადი, გონივრული და ლეგიტიმურია: მათ ენაზე ამას „დიდი ძალების პოლიტიკა” ჰქვია, როდესაც სახელმწიფოებს შორის ჰობსიანური ანარქიზმია - საერთაშორისო ურთიერთობები კონკურენციისა და ძალმომრეობის პრინციპებით ვითარდება (Chotiner, 2022).

მაგალითად, მირშეიმერი მიიჩნევს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანებას რომ არ დაპირებოდა, რუსეთიც არ გაღიზიანდებოდა და ომებს თავიდან ავიცილებდით. აქ საქმე მხოლოდ ნატოს გაფართოების პოლიტიკის ან ლიბერალური ჰეგემონიის კრიტიკასთან არ გვაქვს: რეალისტების ლოგიკა უფრო სახიფათო მოსახვევში შედის, რასაც იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის ნატურალიზებასთან მივყავართ. ამ დოქტრინისთვის ბუნებრივია, რომ დიდი სახელმწიფოები პატარა მეზობლებს მათთვის საფრთხის შექმნის უფლებას არ მისცემენ: ზეკაცები თვითონ გადაწყვეტენ, რას ჩათვლიან საფრთხედ და რას - არა. ამიტომაც, პატარები თავშეკავებულად უნდა მოიქცნენ: გააცნობიერონ საკუთარი ადგილი, უფრო სწორედ კი - უადგილობა. პატარებმა საკუთარი სურვილები დიდი მეზობლის სურვილებს უნდა დაუქვემდებარონ: მათ ერთად უნდა ეძინოთ და მსგავს სიზმრებს უნდა ხედავდნენ, მაშინაც კი, როდესაც პაგანიზმში ჩავარდნილ დიდ ძმას განუწყვეტლივ კოშმარები ტანჯავს.  

პატარები ჭადრაკის მთავარ მოთამაშეებს თუ გააბრაზებენ, ისე დაისჯებიან, როგორც დღეს უკრაინა ისჯება.

გეოპოლიტიკურ ბალანსში როდესაც მორალი სტრატეგიას უპირისპირდება, ისტორია ყოველთვის სტრატეგიის მხარეს იხრება. დაუნდობელია გეოპოლიტიკის მაქსიმა: დიდი ძალების თამაშში მოყოლილი უკრაინა მიწასთან სწორდება და შესაძლოა, მიწიდანაც წაიშალოს, თუ ამერიკის ნაცვლად რუსეთს არ დაუახლოვდება (Chotiner, 2022). ესაა სამწუხარო, მაგრამ მწარე რეალობა, ამტკიცებს მირშეიმერი ისე, თითქოს მისი უწყინარი მტკიცება ამავე მწარე რეალობის კონსტრუიერებაში არ მონაწილეობდეს, როგორც მხარე და იდეოლოგია. (Mearsheimer, 2014a, 2014b & 2019)

ეს თითქოსდა გეოპოლიტიკური საკითხი დასავლური ფილოსოფიის ისტორიას და რაც იქ თქმულა ერთი ხელის მოსმით აუქმებს. ამ დისკურსში უაზროვდება ისეთი კონცეპტები, როგორიცაა აგენტობა, სუვერენიტეტი, ავტონომია, პასუხისმგებლობა, საზღვარი. ჯერ კანტიც კი არ დაბადებულა და მარადიულ მშვიდობაზე ოცნებაც მასთან ერთად უშობლად მოკვდა.

 გეოპოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღება დიდების ექსკლუზიური პრივილეგიაა, ისინი ისე მოქმედებენ, როგორც - მშიერი მგლები ბუნებით წესრიგში.

ამავე გეოპოლიტიკურ ლოგიკაში იკარგება ის ფილოსოფიური პათოსიც, რომელიც შესაძლებლობების ზღვარის გადაწევაზე მუშაობს და ისტორიისგან ემანსიპაციას ცდილობს. ეს პათოსი მომართულია, რომ აღარ ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებდით და ვაკეთოთ სხვაგვარად - პოტენციაში განვხორციელდეთ იმათ, ვინც ჯერ არ ვყოფილვართ. საკუთარი თავის კეთების პათოსი პოლიტიკის საფუძველია: ამ მცდელობაზე დგას მმართველობა, რომელიც სხვაგვარად გახდომას, შესაძლებლობების ზღვარზე თამაშს გულისხმობს. თუ რეალისტები მართლები არიან, მაშინ პოლიტიკა დასრულებულია როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. მას ორგანიზაციული ადმინისტრირება და მილიტარისტული სტრატეგიები ანაცვლებენ: გამოდის, რომ დიპლომატიაც ომის დისკურსით გაგრძელებაა.

მსგავსი გეოპოლიტიკური რედუქცია განკერძოებული და უაზრო ფაქტებით რაციონალიზაციას უკეთებს ომს, რომელიც შესაძლოა, არც მომხდარიყო. აქ მსხვერპლი ჭადრაკის უსახურ ფიგურას ჰგავს და განწირულია.

გეოპოლიტიკური რეალიზმი და მილიტარისტული სტრატეგიები მიწას „ბაირახტარისა“ თუ სატელიტების სიმაღლიდან დასცქერიან, საიდანაც არ ჩანს არც ჩვენი სახე, არც მაღალი ცა. დღეს მნიშვნელობს ომის ეკონომიკა და სტრატეგიული კალკულაცია, სადაც მხოლოდ მოგება-ზარალი ითვლება - სადაც შეყვარებულებიც კი ერთმანეთს მტრობენ.

როდესაც წესრიგი ასეთი პაგანურია, რეზისტენტული ეთიკა ანარქისტულია.


ანდრეის ცა

„ცას ახედა. ცაც ისეთივე ჯადოსნური იყო, როგორც დედამიწა.“
ლევ ტოლსტოი, „ომი და მშვიდობა“

ტოლსტოის ჰქონდა ის გასაღები, რითაც ეთიკის კარი იღება და პაგანების უსახური სტრატეგიები ინგრევა: ეს გასაღები აღწერილია წიგნში, რომელსაც 24 თებერვლის შემდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მშვიდობა“ დაარქვეს.

1805 წლის 19 ნოემბერია. ნაპოლეონისა და კუტუზოვის ჯარები აუსტერლიცის ბრძოლისთვის ემზადებიან, ხოლო კუტუზოვის ადიუტანტი, თავადი ანდრეი ბოლკონსკი საბრძოლო სტრატეგიებზე ფიქრობს. ის ცდილობს, ზემდგომებს აუხსნას, რომ მისი სტრატეგია უკეთესია, ვიდრე - ვეიროტერის უკვე დამტკიცებული საბრძოლო გეგმა. საღამოს სამხედრო თათბირზე გადაწყდა, რომ დამტკიცებული დისპოზიციის შესაცვლელად დრო აღარ რჩებოდა, ამიტომაც ბრძოლას ვეიროტერის სტრატეგიით გამართავდნენ.

ღამე თავად ანდრეის ძილს რაღაც უფრთხობდა. თუმცა, ეს რაღაც იყო არა სიკვდილის შიში, არამედ - გამარჯვებაზე ოცნება: მართალია, მისი სტრატეგია არ დაამტკიცეს, მაგრამ მას კვლავაც აქვს შანსი, რომ ბრძოლის ველზე გაიბრწყინოს. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ სიდიადიდან სასაცილოობამდე ერთი ნაბიჯია. ის წარმოიდგენდა, როგორ უძღვებოდა თავის დივიზიას, როგორ მამაცურად უტევდა ნაპოლეონის ჯარს და როგორ ძლევდა თავისივე კუმირს: ანდრეი ოცნებაში ამარცხებდა მის უგანათლებულესობას, ყველაზე დიდ სტრატეგს, ომის გენიოსს - ლამაზხელება იმპერატორს.

ახალგაზრდა ადიუტანტს სახლში მამა, ორსული ცოლი და მოსიყვარულე და უცდიდნენ, თუმცა თავად ანდრეი მხოლოდ დიდებას ელოდებოდა: მას, როგორც აქილევსის პროტოტიპს, სჭირდებოდა ისეთი გამარჯვება, ისეთი საგმირო საქმე, რომ ხელმწიფეს შემდგომი სამხედრო სტრატეგიების განსაზღვრა პერსონალურად მისთვის ჩაებარებინა: „ჩემი რა ბრალია, თუკი ასეთი სურვილი მაქვს, თუკი მინდა, სახელი მოვიხვეჭო, ცნობილი გავხდე და ხალხის სიყვარული მოვიპოვო, თუკი მარტო ეს მინდა და მარტო ამით ვსულდგმულობ?“ - ეკითხებოდა თავადი ანდრეი საკუთარ თავს და მზად იყო, წუთიერი დიდებისთვის ეს თავიც კი გაეწირა.

ირიჟრაჟა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დადგა 1805 წლის 20 ნოემბერი - ბრძოლის დღე. ეს დღეა ბნელი და ბურუსიანი; რუსეთის ჯარი კი დაბნეულია. ამასობაში კიდევ ინათა და „როცა მზე მთლად გათავისუფლდა ღრუბლებისგან და თვალისმომჭრელი სხივები მინდვრებსა და ნისლს სტყორცნა, ნაპოლეონმა ხელთათმანი წაიძრო ლამაზი თეთრი ხელიდან, ამ ხელთათმანით ნიშანი მისცა მარშლებს და უბრძანა დაეწყოთ ბრძოლა“. (ტომი I, გვ. 336)

რუსეთის არმია ვეიროტერის წინასწარ გაწერილი გეგმით ბრძოლას ვერ ახერხებდა: როგორც ყოველთვის, სტრატეგია აცდა სინამდვილეს. რუსი ჯარისკაცები, შერცხვენილები და სულისკვეთებადაკარგულები, აქეთ-იქით დარბოდნენ. ნელ-ნელა ბრძოლის ველიდან გაქცევაც დაიწყეს.

თავად ანდრეის დამფრთხალი რუსი მებრძოლების დანახვაზე ბრაზი ახრჩობდა. გამწარებულმა დაბლა მიგდებული დროშა აიღო და საბრძოლველად თავად გაიჭრა: ეგონა, რომ ამ დროშით ბატალიონს გამარჯვებისკენ მიუძღვებოდა, რომელიც იქნებოდა, როგორც რუსეთის, ასევე პირადად მისი - თავადი ანდრეის გამარჯვება.

-   Ypa! - ღრიალით მიიწევდა წინ თავადი ანდრეი და ლამაზადაც იბრძოლებდა, მოულოდნელად მტრის მოქნეულ შტირს მისთვის კეფა რომ არ აეხადა.

ანდრეი გულაღმა დაეცა და ვეღარაფერს ხედავდა. ხედავდა მხოლოდ ცას და ეს ცა იყო უზომოდ მაღალი. მაშინ, როდესაც ლეგა ღრუბლები დინჯად დაცურავდნენ ცაში, თავადი მშვიდად ცურავდა საკუთარ სისხლში. ცის ნახვამდე და ცის ნახვის შემდეგ თავადის პერსპექტივა 180 გრადუსით იცვლება. დიდებაზე მოფიქრალი ანდრეი ახლა სხვაგვარად შეფიქრიანდა:

„რატომ არ მინახავს წინათ ეს მაღალი ცა? რა ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს, გავიგე ასეთი ცის არსებობა. დიახ, ყველაფერი ფუჭია, ყველაფერი მოტყუებაა, ამ დაუსრულებელი ცის გარდა. არაფერია, არაფერი ამის მეტი. მაგრამ, ისიც არ არის, არაფერი არ არის, სიწყნარის, სიმშვიდის მეტი“. (გვ. 346)

ცა, რომელიც ანდრეიმ იხილა, შეუმჩნეველი არც ლევინასისთვის დარჩენილა: ტოლსტოისა და რუსულ ლიტერატურაზე აღზრდილი ლევინასი ანდრეის ცას რამდენიმე ტექსტში ახსენებს და ეს გასაგებია, რადგან უსასრულო ცა ლევინასისთვის ეთიკის ორიენტირი უნდა ყოფილიყო. (Levinas, 1987 & 2000)

war


ცა თავად ანდრეის აეჭვებს იმ ტოტალობაში, რასაც ჰორიზონტზე განფენილი მილიტარისტული სტრატეგიები და მისგან ნაწარმოები დიდების ფორმები შეადგენდნენ. სტრატეგიის ტოტალობას ცის უსასრულობა ანაცვლებს, რაც ლევინასისთვის ეთიკური შემობრუნებაა. ამ ცის ფონზე ყველა სტრატეგია ტყუის და ყველა დიდება წარმავალია - ნაპოლეონიც უმნიშვნელო იარაღია პაგანური ისტორიის ხელში (ტომი II, გვ. 571).

გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონი დაჭრილებსა და ნადავლს ათვალიერებდა, როდესაც მან თავადი ანდრეი შეამჩნია: ბოლკონსკი პრაცენის მაღლობზე ეგდო და სისხლად იცლებოდა. მაშინ ნაპოლეონი თავზე დაადგა და შეაქო კიდეც: „აი მშვენიერი სიკვდილი“, - ჩაილაპარაკა იმპერატორმა. თავად ანდრეის ეს სიტყვები ცოტა ხნით ადრე რომ გაეგონა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ავიდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ლურჯი უსაზღვრობა“ იხილა, მას ნაპოლეონის კომპლიმენტი „ბუზის ბზუილივით ესმოდა“. ტოლსტოი წერს:

„იცოდა, რომ მასთან [ანდრეისთან] მისული ნაპოლეონი იყო მისი გმირი, მაგრამ ამ წუთს ნაპოლეონი ეჩვენებოდა მეტად პატარა, უმნიშვნელო ადამიანად, იმასთან შედარებით, რაც ახლა ხდებოდა მის სულსა და ამ მაღალ, მცურავი ღრუბლებით დაფარულ დაუსრულებელ ცას შორის“ (გვ. 359).

როგორც ვნახეთ, ანდრეის ცა მართლაც დაუსრულებელი, ლურჯი და უკრაინის ცასავით ლამაზია, მაგრამ ის მეტია ვიდრე ესთეტიკური კატეგორია: ცა მონაწილეობს არა იმდენად მშვენიერების, რამდენადაც სამართლიანობის განსაზღვრაში. ამ ცის ფონზე ისმება ეთიკური კითხვები: 

რა აზრი აქვს გვირგვინს, გამარჯვებას, დიდებას, ნაპოლეონს თუ ლაფში მივაბიჯებთ - თუ ცალი ფეხით ნეხვში გავტოპეთ და ბინძური მყინვარივით ვყარვართ?

ლევინასი გვაფრთხილებს რომ ის ვინც ეთიკურ ცხოვრებას ცდილობს, „ცალი ფეხი ყოველთვის უსასრულობაში უნდა ედგას“ (Levinas, 1990, p. 227). კროპოტკინი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ეთიკა გვავალდებულებს, ვიმოქმედოთ ცის სიმაღლიდან მაშინაც კი, როდესაც ცა უღმერთოა - და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცა უღმერთოა (Kropotkin, 1910 & 2021).


როსტოვის სახე

„რამდენიმე წამს ერთმანეთს უცქერდნენ. ამ შეხედვამ, ომისა და სასამართლოს ყველა პირობის მიუხედავად, ამ ორ ადამიანს შორის ადამიანური ურთიერთობა დაამყარა“.

ლევ ტოლსტოი, „ომი და მშვიდობა“


ცა დიდია, მაგრამ კატასტროფის დასაძლევად კიდევ ორი გასაღები გვჭირდება. პირველ რიგში, მოვიხმოთ ‘სახე’, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია, როგორც ტოლსტოის ლიტერატურაში, ასევე - ლევინასის ფილოსოფიაში.

სახეები, რომელსაც ტოლსტოი აღწერს, ანდრეის ცასავით უსასრულო და ამოუწურავია. თუმცა, მათ შორის გაიელვებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახე; ასეთია მტრის სახე, რომელსაც ნიკოლაი როსტოვი შეეჩეხა.

ნიკოლაი, რომელიც 1805 წელს სულ პატარა იყო, დამარცხებულმა თანამებრძოლებმა აუსტერლიცის ველიდან შეძრწუნებული, დამფრთხალი და კონტუზიით აცახცახებული გაიტანეს. წლებთან ერთად როსტოვიც მოყოჩაღდა, მოძლიერდა და 1812 წელს, როდესაც ნაპოლეონმა რუსეთს ხელმეორედ შეუტია, ნიკოლაი უკვე მზად იყო მტერთან შესახვედრად.

მაშინ ნიკოლაი იყო მხნე და საკვირველი. ბრძოლის დაწყებისთანავე მომენტი იხელთა და თანამებრძოლების დასახმარებლად ფრანგ დრაგუნებს დაერია: ჯერ დააფრთხო, შემდეგ კი რუხ ცხენზე მჯდომი ამოირჩია და დაედევნა. ბრწყინავდა ნიკოლაი; ბრწყინავდა მისი ცხენიც. როსტოვის ლურჯა მეტოქეს მალევე დაეწია, მკერდით დაეჯახა და კინაღამ წააქცია კიდეც. ამ დროს ნიკოლაიმ ხმალი აღმართა და ფრანგს დაჰკრა. ფრანგი დაეცა, თუმცა იდაყვში მსუბუქად იყო დაჭრილი, სიკვდილის შიში თვალებში ჩასდგომოდა: ცალი ფეხი უზანგში გაეხლართა და ცალი ფეხით მიწაზე საცოდავად ხტუნაობდა. ყოველ წამს ფრანგი როსტოვისგან ხელმეორე, საბედისწერო დარტყმას ელოდა. ზუსტად მაშინ ნიკოლაიმ იხილა მტრის შიშველი და მოწყვლადი სახე:

„[ფრანგს] ყმაწვილკაცური გაფითრებული სახე და ჩაჩუტული ნიკაპი ტალახით მოსსვროდა და ცისფერი თვალები ბრძოლის ველზე ვაჟკაცი მებრძოლის კი არა, უაღრესად ოჯახურ-შინაურ გამომეტყველებას ანიჭებდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ როსტოვი გადაწყვეტდა, რა ვუყოო, ოფიცერმა დაიძახა: ‘გნებდებით’.“ (ტომი ii, გვ. 68).

ფრანგი დრაგუნი ტყვედ წაიყვანეს, ხოლო როსტოვს სიმამაცისთვის გიორგის ჯვარს დაჰპირდნენ. მიუხედავად ამისა, ნიკოლაი ადგილს ვერ პოულობდა - რაღაც ტანჯავდა. „რა უნდა იყოს, ასე რომ მტანჯავს?“ - საკუთარ თავს ეკითხებოდა როსტოვი: არც თავი შეურცხვენია, დააჯილდოვეს კიდეც, მაგრამ სახე? „დიახ, დიახ, ეს ნიკაპჩაჩუტული ფრანგი ოფიცერი, და კარგად მახსოვს, როგორ გამიჩერდა ხელი, როცა აღვმართე.“ როგორც იქნა, ნიკოლაიმ იპოვა ტანჯვის გასაღები.

უსახელო სახეს, რომელსაც ნიკოლაი ხედავს აქვს ჩაჩუტული ნიკაპი და ცისფერი თვალები, მაგრამ ის, რაც მას ტანჯავს არა კონკრეტული სახე-ხატია, რომელიც მსგავსია, არამედ უსასრულო სახიერება, რომელიც განსხვავებაში მიეცემა. სხვისი სახე „მეს“ აღემატება: „მე“ მას ვერ ინელებს, რადგან სახე არა უბრალოდ ობიექტი, იმიჯი, დასრულებული საგანი, არამედ ის მოუხელთებელი უსასრულობაა, რომელიც მუდმივად მოძრაობს, როგორც გარდაცვლილი ბებიის სახე.

სახეს შესაძლოა მრავალფეროვანი ხორციელი ფორმები ჰქონდეს - თეთრი, შავი, ყვითელი - ამ გრადაციებს ეთიკისთვის არა აქვს მნიშვნელობა. ეთიკისთვის მთავარია, რომ სახიერება ყველა ფორმაში ცასავით უსაზღვროა, მაგრამ ცაზე მეტად მეტყველი და მეტად მომთხოვნია, რადგან ის „მეს“ დისკურსით უკავშირდება. თუ ცა დუმს, სახე ყვირის. ასე რომ როსტოვს ის უსასრულო პასუხისმგებლობა ტანჯავს, რომელსაც თანა მყოფთა დაღრეჯილი სახეები აკისრებენ (Levinas, 1979, p. 194-220).

ლევინასიდან ლაკოფთან თუ გადავინაცვლებთ, ვნახავთ, რომ სახის მეტაფორა ისეთ კოგნიტურ ოპერაციებშიც მონაწილეობს, რომელშიც კერძოდ არავის სახე არ გამოკვეთილა. ზუსტად იმიტომ, რომ სახე აბსტრაქტული და ვირტუალურია, შესაძლოა სახის შემჩნევა იქ, სადაც კონკრეტული სახე უჩინარია: მაგალითად, ლაკოფი წერს, რომ მეტაფორულად 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ტყუპებზე დაჯახებული თვითმფრინავი იკითხებოდა, როგორც თავში მოხვედრილი ტყვია: ცათამბჯენი ადამიანის მეტაფორაა, რომელიც დგას და მის თავს სნაიპერის ტყვიასავით კვეთს თვითმფრინავი - სხეული იკეცება (Lakoff, 2014, p. 104-107). ტყუპები მოკვდნენ და მათთან ერთად მოკვდნენ ანონიმი სახეებიც. პაგანიზმის წყევლა კი იმაში მდგომარეობს, რომ სტრატეგიებით დაბრმავებულები ვერ ხედავენ სახეს მაშინაც კი, როდესაც ბომბავენ дети-ს. პაგანებისთვის უცხოა როსტოვის ტანჯვა.

შემდგომ დღეებში, როდესაც მეგობრები დროს ატარებდნენ, ნიკოლაი როსტოვი დუმდა. ის ფიქრში ჩავარდა და მტრის სახე, როგორც მოჩვენება, მოსვენებას უკარგავდა. აი, როგორ აღწერს ტოლსტოი როსტოვის ფიქრებსა და ფორიაქს:

„მაშ, მათ ჩვენზე უფრო ეშინიათ! - ფიქრობდა იგი, - მაშ, მხოლოდ ეს არის სულ, რასაც გმირობას ეძახიან? და განა ამას სამშობლოსთვის ჩავდიოდი? და მას რა დაუშავებია თავისი მოჭუტული და ცისფერი თვალებით? მერე როგორ შეეშინდა! ეგონა მოვკლავდი. აბა რად უნდა მოვკლა? ხელი ამიკანკალდა. გიორგის ჯვარი კი მომცეს. არაფერი, არაფერი არ მესმის.“

მტრის სახეში როსტოვმა ეთიკური ვალდებულება ამოიკითხა: ‘არ მოკლა!’ ამიტომაც მისუნებურად ხელი აცახცახდა, როდესაც მოსაკლავად აღმართა. ამ შემთხვევაშიც, სახის უსასრულობა, სტრატეგიების ტოტალობას ამსხვრევს - ის ეჭვის ქვეშ აყენებს ბრძანებას, რომელიც ომს განკარგავს. სახე ეთიკის სენტიმენტალური მასწავლებელია, რადგან სახის უსასრულობა ‘ჩემს’ ძალებს აღემატება, ‘მე’ ‘მას’ ‘ჩემში’ ვერ ვიტევ, და ამიტომაც სოლიფსიზმის ჩიხში შესული გონება ლაბირინთიდან გამოდის: სახე მიგვიპატიჟებს ეთიკის ღია კარში, რის შემდეგაც პაგანური აზრთა მდინარება წყდება  (Levinas, 1979, p. 196).


სახლი და პაციფიზმი

- „გრაფო, ერთი ღმერთი დაგვცქერის... - წარმოთქვა ვერეშჩაგინმა...

-  აჩეხეთ იგი! ვბრძანებ!... წამოიყვირა რასტოპჩინმა და უეცრად გაფითრდა ისევე, როგორც ვერეშჩაგინი“.

ლევ ტოლსტოი „ომი და მშვიდობა“


პაგანური აზრის დასასრული ომის დასასრულს ავტომატურად არ გულისხმობს: ნიკოლაი როსტოვი ფრანგებთან რეზისტენტულ ბრძოლას სახის გამოცხადების შემდეგაც აგრძელებს. მტერთან პირისპირ შეჯახებისას მას უნდა დაეცვა თავი,  ამგვარად ის იცავდა მეზობლებსაც, ახლობლებსაც და სტუმრებსაც. ნიკოლაის სახლის დაცვა მოუწია - ტანჯვითა და ხელის კანკალით, მაგრამ ის დარჩა მტკიცე და რეზისტენტული.

ის ფაქტი, რომ ვიღაც რეზისტენტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ლურჯი ცის ქვეშ მისი სახე არ მნებდება, არ მაძლევს უფლებას მივისაკუთრო, როგორც ‘ჩემი’ და ‘ის’ გავხადო იგივე, რაც ‘მე’, - ანუ თუ მავანი უარს მეუბნება დაპყრობაზე, წკეპლით მოშინაურებასა თუ სისხლიან ოკუპაციაზე,  არ შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც - ძალადობა: დაპყრობასა და დაცვას შორის ეთიკის უფსკრულია, რომლის სიღრმიდანაც სახლი შემოგვყურებს. სახლი, რომელსაც რეზისტენტული ეთიკა იცავს, არის არა ეკონომიკური აქტივი ან საკადასტრო კოდი, არამედ  სახლი, როგორც სიცოცხლე და ზმნა, რომელიც დასახლებას, მეზობლობასა და სტუმრიანობას გულისხმობს.

„მძიმე დღე გადგათ, მაგრამ თქვენ მაინც შინ ხართ,“ - ამ სიტყვებით ამხნევებდა კისერფუმფულა კუტუზოვი გათოშილ ჯარისკაცებს, რომლებიც ნაპოლეონთან ბრძოლებში ლიმნებივით გამოწურულები ენერგიის უკანასკნელ წვეთებს იკრეფდნენ, რათა რეზისტენტული ეთიკისთვის ეერთგულათ (ტომი II, გვ. 575). სახლი იყო მათი ნუგეში.

ბევრი ნომადიც დაგვეთანხმება, რომ სახლის ოკუპანტებისგან გაწმენდაში თავისთავად პაგანური არაფერია. ლევინასიც ადასტურებს, რომ რეზისტენტულობა ეთიკური ცხოვრების ნაწილია (Levinas, 1979, p. 197-200). სხვაგან, ის პაციფისტებს აფრთხილებს კიდეც, რომ „უსაზღვრო პატიება უსაზღვრო ბოროტებაში შეგვიტყუებს“  (Levinas, 1990, p. 139). თუმცა, მომენტებში პაციფისტი ტოლსტოი თავად შენატრის იმ სახლის დამცველს, ვინც „ხელში იღებს პირველად მოხვედრილ კეტს და იმით მუსრს ავლებს მანდამდე, სანამ მის სულში შეურაცხყოფისა და შურისძიების გრძნობა არ შეიცვლება ზიზღითა და სიბრალულით“ (ტომი II, გვ. 511).

უკრაინელი სახლის დამცველები რუსული პაგანიზმის მიმართ რეზისტენტულები აღმოჩნდნენ, რადგან ისინი იცავენ ხორბლისფერ მიწას, სადაც სახლი აქვთ და მათკენ მიმავალ სტუმარს სახეს უნათებს ლურჯი უსაზღვრობა. პაგანები კი ანგრევენ სახლებს, სოფლებს და იმ გეოპოლიტიკური სტრატეგიებისთვის იბრძვიან, რომლებიც ისტორიის მონებმა გაუწერეს, როგორც ერთადერთი რეალობა.

war



შესაბამისად, ჟიჟეკი მართალია, უკრაინის შემთხვევაში პაციფიზმი გამოსავალი არაა. მსგავსი პაციფიზმი ან გულუბრყვილოა ან კოლაბორაციონისტული. როდესაც პაგანი ისე გექცევა, როგორც საგანს, ეთიკა რეზისტენტულობისკენ მოგიწოდებს. ჟიჟეკი მართალია მაშინაც, როდესაც პუტინისთვის „სახის შენარჩუნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს: ის ხვდება, რომ ამ გზით ‘სახე’ კი არა, პუტინიზმი ნარჩუნდება: პუტინს კიდევ შეიძლება ჰქონდეს ბოროტმოქმედის შემზარავი და საბრალო სახე, მაგრამ პუტინიზმი უსახურია (Zizek, 2022).

იმანენტური სამება, რის გარშემოც რეზისტენტული ეთიკის ჩონჩხს ვაგებთ, პაგანიზმისგან დაგვიცავს: ცა, სახე და სახლი გულისხმობს სიცოცხლესთან გარკვეულ დამოკიდებულებას, შეხებასა და მჭვრეტელობით მიმართებას. თუმცა, ვერ მოგვცემს მზა ცოდნას ან ჭეშმარიტებას. ეს სამი ლოდი ჰგავს პაგანურ ჭაობზე გადებულ ქვებს, რომლებიც საფეხურებივით უნდა გამოვიყენოთ, რათა რომელიმე უსახურმა სტრატეგიამ არ ჩაგვითრიოს და წინ მოძრაობა შევძლოთ.  

იმანენტური სამება არ გვპირდება ახალ ფუნდამენტს, კონსტიტუციას ან ეთიკის კოდექსს: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ცა, არც სახე და არც სახლი ნორმატიულ ეთიკას არ და ვერ გვთავაზობენ: ისინი მხოლოდ მოძრაობის ტრაექტორიებზე მიგვითითებენ და პოტენციურად ცვლიან იმ პაგანურ ეპისტემეს, რაც აქამდე კანონთა მიღების მონოლოგურ წესს განსაზღვრავდა. სხვაგვარად, იმანენტური ეთიკა აზრის პათოსია, რომელიც უარს ამბობს, გახდეს პაგანური „წესრიგის მეგობარი“ (Kropotkin, 1910, p. 4).

„ჩვენ, ხომ ერთი ღმერთი დაგვცქერის?!“ - უკრაინაში აყვირდნენ შეძრწუნებული სახეები, როდესაც პაგანებმა კიევის დაბომბვის ბრძანება გასცეს. როგორც აღმოჩნდა, პაგანების ღმერთი მკვდარია, მისი იდეა კი - ოთხოზორიას პიესაში აყროლებული მყინვარივით კონტამინირებული. გარდაცვლილთა „წმინდა ნაწილებს“ ნაციონალისტი, იმპერიალისტი, მილიტარისტი გიენები დაესივნენ: მკვდარ ღმერთს მხეცები ნაკუწ-ნაკუწ გლეჯენ. ამ მხეცის ნიშანია Z, რომელსაც იმანენტური სამება ვერ იტანს.

ჩვენ გარშემო დადიან რადიკალი სხეულები, რომლებიც საკუთარი ფორმებით, ფერებით, სტილითა თუ ატრიბუტებით ნონ-კონფორმისტულები მოჩანან, მაგრამ იმპერიალისტურ წესრიგს ადვილად შეუძლია მათი მონელება და საკუთარ თავში დატევაც: დახურული საღამოები, ელექტრონული მუსიკა, ექსპერიმენტები, სექსი, სტილი, ციფრული ნომადობა, მზიური თუ დედაენის ბაღი პუტინის რეჟიმშიც შესაძლებელია - პაგანიზმი ხშირად სტრატეგიულად ტოვებს ‘კუნძულების’ შესაძლებლობას. რაც ჩვენ გვჭირდება, არის არა ესთეტიკური, არამედ ეთიკური რადიკალიზმი, რომელიც დღეს პოლიტიკურ წინააღმდეგობაშია და სტრატეგიული მოქმედებაც შეუძლია. კრიზისს დაძლევენ რეზისტენტული სახეები, რომლებიც უარს ამბობენ, აღასრულონ პაგანური ბრძანება (Hardt & Negri, 2000, p. 216-217).

ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება სოფელი დაბნელდეს სიკვდილის შიშით?

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა