პანაშვიდი | ვეფხია, ხურვალეთი
27.11.2020 | 5 წუთიანი საკითხავივეფხია, 60 წლის, ხურვალეთი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
ჩემი მეუღლე ცხინვალიდანაა. პირველი ლტოლვილია. გამორეკეს იქიდანაც ხალხი, არეულობის დროს. 1993 წელში მეთვითონ ვიყავი შესული და სიდედრს რაღაცეები გამოვატანინე. ჩემი ოსი მეგობარი შემომყვა. ამათ სახლში, ცხინვალში, ბაზართან უკვე ოსები ცხოვრობდნენ. მეორე სახლი გუჯაბაურში, დანგრეული დაგვხვდა. სიდედრს რაღაცები ჰქონია მიწაში ჩამარხული. ზოგი რამე დამპალიც იყო, გაფუჭებული. დედაჩემი იყო ოსი, ბოლათაშვილი. ჩვენ სულ ხურვალეთში ვცხოვრობდით.
აქეთ ჩვენ გავაკეთეთ პიკეტები, ოსებიც და ქართველებიც ერთმანეთთან ვიდექით, მტერი რო არ დაგვცემიყო. მტრები იყვნენ, აბა, რა, გავიდა რამდენიმე დღე და ქართველების ოჯახი გაძარცვეს. ეროვნებას არა ჰქონდა მნიშვნელობა, მიდი და გაიგე, ვინ ვისა ძარცვავდა.
მერე ერთი პერიოდი მართლა დაგვესხნენ თავს ოსები. ეგ უკვე 2008 წლის მერე. საერთოდ განუკითხაობა იყო, ავტომატებით ისე დარბოდნენ, აი, გეგონება ლაფატკებიაო. ეგ ჩვენი პაკალენიის ხალხი კი არა, ახალგამოჩეკილი წიწილები იყვნენ, დაიჭერდნენ ავტომატებს და გადმოირბენდნენ. სულ მაგას ვიძახი, ძალიან მიყვარან ეს ჩვენი პოლიციელები, დიდ პატივსა ვცემ, აქ რომ დგანან. ეგენი რომ არა, ამ სოფელში მაცხოვრებელი აღარ იქნებოდა.
ეგრეა. ამ სამშაბათს, აგერ, მავთულხლართებთან პანაშვიდი ჰქონდა სოფელს. ვუყურებდი, მოვიდნენ იქიდან ოსები, ნათესავები. დაუძახეს აქეთ. დადგნენ მერე და უსამძიმრებდნენ ჭირისუფლებს. მაგათი ცოდვითა დავიწვი.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან