ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პანდემიური ქართული კინო-ბაკურიანის კინოფორუმის შთაბეჭდილებები

წელიწადნახევრიანი იზოლაციისა და შეზღუდვების შემდეგ წელს ბაკურიანში მეოთხედ გაიმართა ქართული კინოს ფორუმი. რეჟისორების, პროდიუსერების, კინოკრიტიკოსებისა და კინოჟურნალისტებისგან შემდგარ აუდიტორიაში ქართული ფილმების ჩვენების ეს ტრადიცია ეროვნულმა კინოცენტრმა დანერგა და მისი მიზანი ინდუსტრიაში არსებული სურათის უკეთ დანახვა, გაანალიზება და სადისკუსიო პლატფორმის ჩამოყალიბებაა. წელს აქ 2019-2020 წლებში გადაღებული 17 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი (მხატვრული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ნამუშევრები).

ფორუმი ზაზა ურუშაძის უკანასკნელი ფილმით „ ანტონი“ გაიხსნა, რომელსაც უკრაინელი მწერლის ნოველის უდევს საფუძვლად და გადაღებებიც უკრაინაში მიმდინარეობდა. ფილმი ახლახან გამოვიდა საქართველოს კინოთეატრებში და შეგიძლიათ უკვე თავად ნახოთ და შეაფასოთ. ეკრანებზე გადის ასევე კინოფორუმზე ნაჩვენები დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისიც“, რომელიც გასულ წელს სან-სებასტანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.

სათითაოდ ფილმების განხილვა მათი რაოდენობიდან გამომდინარე შორს წაგვიყვანს, ამიტომ იმ რამდენიმე ნამუშევარზე შევჩერდები, რომლებმაც დამსწრეების უმეტესობაში ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს და რომლებიც ჯერ კინოგაქირავებაში არ გამოსულა.



მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი თორნიკე გოგრიჭიანის „პაპანაქება“ იყო. გოგრიჭიანისთვის, რომელსაც მაყურებლის უმრავლესობა როგორც მსახიობს, ისე იცნობს, ეს მეორე სარეჟისორო ნამუშევარია 2017 წელს გადაღებული „ ანდროს“ შემდეგ. ფილმის სიუჟეტი ერთ სახლში, ერთ სივრცეში ვითარდება და ოთხი და-ძმის ამბავს გვიყვება, რომლებიც საავადმყოფოდან სახლში გადმოყვანილი მომაკვდავი დედის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ემზადებიან. თუმცა, დედა ჯერ ცოცხალია და მთელი ეს აურზაური, რაც სახლის დალაგებას, ნათესავებთან დარეკვას და სხვადასხვა ტექნიკური დეტალების მოგვარებას გულისხმობს, ამბავს ტრაგიკომედიად აქცევს. სიტუაციას ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო ამძაფრებს. მათი უხერხული დიალოგები იშვიათი სიზუსტით და სიმძაფრით გადმოსცემს მსგავსი სიტუაციების ატმოსფეროს და ემოციურ ფონზე გაშიშვლებულ ადამიანურ ვნებებსა თუ სისუსტეებს. რეჟისორი ახერხებს მაყურებელი  ერთდროულად გულიანადაც გააცინოს და შიგა და შიგ კომფორტის ზონიდანაც გამოიყვანოს საკუთარი ქვეცნობიერის ბნელ მხარეებში ჩახედებით. პერსონაჟების სიმრავლისა და ინტენსიური, დაძაბული დიალოგების მიუხედავად ფილმის თითქმის ყველა სცენა დამაჯერებელია, რაც საკმაოდ იშვიათია ქართულ კინოში, დიალოგებისა და ინტონაციების სიყალბეს თუ გავითვალისწინებთ ბევრ ფილმში. ამაში რეჟისორთან ერთად, მსახიობებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.


მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ასევე იმსახურებს ყურადღებას,  სანდრო სულაძის „გუშაგებია“. ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი პატარა ბიჭების, მოზარდი ძმების ამბავს აღწერს ერთ-ერთი სოფელში, სადაც ისინი მამასთან ერთად ცხოვრობენ. ერთ დღესაც მამა რამდენიმე დღით სანადიროდ მიდის და ბიჭებს მარტო უწევთ სახლში დარჩენა. ერთმანეთის მოვლა და სახლ-კარის დაცვაც მათ ევალებათ. მისტიკური ამბებით გატაცებული ძმები სახურავზე საგუშაგოს აწყობენ და საკუთარ ფანტაზიებთან და შიშებთან გამკლავებას ასე ცდილობენ. ეს რამდენიმე დღე ბიჭების წარმოსახვაში ბევრ რამეს ცვლის, რაც  მათ ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში უნდა დაეხმაროს. რეჟისორი განსაკუთრებული ემპათიით აღწერს ბიჭების განცდებს და მათ გამომშვიდობებას ბავშვურ ფანტაზიებთან. გამორჩეულად მომხიბვლელია ფილმის ვიზუალური მხარე, ფერები, განათება და კადრების სიღრმე, რაც რეჟისორთან ერთად მნიშვნელოვანწილად პოლონელი ოპერატორის, ოლაფ მალინოვსკის დამსახურებაცაა. მას აქამდეც არაერთ კინო თუ მუსიკალურ პროექტზე უმუშავია.

დოკუმენტურ ფილმებში ცალსახად გამოირჩეოდა სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ და კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგები“.

სალომე ჯაში ხეების „მოგზაურობაზე“ გვიყვება და მონუმენტური კადრებითა და ბულდოზერის ხმით გაჯერებულ საათნახევრიან ფილმში შთამბეჭდავ სურათს ხატავს, თუ როგორ შეიძლება მთა მივიდეს მუჰამედთან, თუ მუჰამედს საკმარისი ძალაუფლება და გავლენა აქვს. ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საუკუნოვანი ხეების ერთი ადგილიდან ამოთხრისა და მათი დენდროლოგიურ პარკში გადარგვის პროცესს ასახავს.

„მოთვინიერება“ ვიზუალური ფილმია, მინიმალური დიალოგებითა და სიუჟეტური წიაღსვლებით. რეჟისორი დეტალურად აღწერს მთელს პროცესს, იქნება ეს ხისთვის საძირკველის მომზადება, მილების მიწაში განთავსება თუ ხეების წყალზე ლივლივი. მთელი ეს მედიტაციური და რიგ ეპიზოდებში ჯადოსნური სანახაობა კარგად გვაჩვენებს, თუ რა უკიდეგანო მასშტაბებს შეუძლია მიაღწიოს ადამიანის ბუნებაზე და ზოგადად, გარემოზე კონტროლის დაუოკებელმა სურვილმა. პოეტურ-სიურრეალისტური კადრები და სიმფონიის დონეზე აყვანილი ინდუსტრიული ხმები არანარატიული თხრობის ორიგინალურ ნიმუშს ქმნის. აქა იქ შემოსული პერსონაჟები და მათი დიალოგები ამ ღრმა მედიტაციიდან გაფხიზლებს და ამბავსაც უფრო თანდათან უფრო გასაგებს ხდის.



ფილმი თითქმის მთლიანად ობსერვაციულია. რეჟისორი არ ცდილობს, გამოკვეთილი პოზიცია დაიკავოს აღწერილი პროცესის მიმართ ან უფრო მეტ კონკრეტიკას მიმართოს. მას არც მთელი ამ ამბის შემოქმედი შემოჰყავს აქტიურად სიუჟეტში. ივანიშვილს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ახსენებენ, სადაც ჩანს, რომ მის ამ უცნაურ „გატაცებაზე“, რაც ბუნების კანონზომიერებას თავდაყირა აყენებს, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. მრავალფეროვანია მათი ემოციური ბმაც ამ ხეებთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სცენა, სადაც სოფლის მაცხოვრებლები ერთ-ერთ საუკუნოვან ხეს გზაზე ადამიანივით მიაცილებენ და თვალცრემლიანები ემშვიდობებიან მას.

ეს ერთგვარი დისტანცირება და განზოგადება ნამუშევარს პოლიტიკური მანიპულაციებისა და სწორხაზოვნებისგან ათავისუფლებს. აქ მოყოლილი კონკრეტული ამბავი, როგორც ლოკალური, ისე გლობალური გამოწვევებისა და ძალთა ბალანსის პრობლემებზე დაგვაფიქრებს. უთანასწორო სამყაროს პირისპირ კიდევ ერთხელ აღმოჩენის სევდას კი, ფილმში ძალიან ზუსტად გამოყენებული შტოკჰაუზენის და კლემან ჟანკინის მუსიკით თუ გაუმკლავდებით.

კეკო ჭელიძის სადებიუტო ნამუშევარი „მკვდარი სულების არდადეგები“ 45 წლის მუსიკოსზე, ლევან სვანიძეზე გვიყვება, რომელიც 90-იანი წლების ცნობილ ალტერნატიულ როკ-ჯგუფში „ამორალი“ ( შემდგომში „ წერილი“) უკრავდა ბას გიტარაზე და პარალელურად საკუთარ მუსიკასაც წერდა. ის დღესაც აგრძელებს მუსიკის შექმნას და სოლო ალბომებიც აქვს ჩაწერილი, თუმცა, ეს აღარავის აინტერესებს, მისი მუსიკალური აუდიტორია ახლა მხოლოდ უახლოესი ადამიანებისგან შედგება.



ლევანის ცხოვრება დღეს წარსულის აჩრდილია. შეძლებული ოჯახში გაზრდილი მუსიკოსი, რომელიც ერთ დროს ქართული ანდერგრაუნდ სცენის ვარსკვლავი იყო, დღეს მოხუც დედასთან ერთად გარეუბნის პატარა სახლში ცხოვრობს, სადაც პირადი სივრცეც კი არ გააჩნია. დედა მასზეა მიჯაჭვული - სახლიდან გასვლის შემთხვევაში გამუდმებით ტელეფონზე ურეკავს და უკან მისვლას სთხოვს. ამის გამო ლევანს სამსახურის შოვნაც უჭირს და მუსიკალური კარიერის გაგრძელებაც. თუმცა, მისი პრობლემა გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირე ან დედასთან ურთიერთობაა. ლევანის ახალგაზრდობა 90-იანი წლებს დაემთხვა, ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს საქართველოს ისტორიაში. ამ თაობის დიდი ნაწილი მასავით დაიკარგა დროსა და სივრცეში და რეალობას ფეხი ვერ აუწყო. ისინი შეჭამა გარემომ, სადაც მთავარი ძალაუფლება, წარმატება და მუდმივად საკუთარი უპირატესობის მტკიცება იყო საჭირო გადარჩენისთვის. ლევანს არ აღმოაჩნდა ფსიქოლოგიური მზადყოფნა, რეალობას გამკლავებოდა. მისი სურვილი, ისევ გააგრძელოს მუსიკალური კარიერა, მუდმივად ჭიდილშია მის დაკარგულ რწმენასთან, რომ რამის შეცვლა შეუძლია. ამ ყველაფერს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება და დედის მარტო დატოვების შიშიც ემატება და ამ მორევისგან თავის დაღწევა სულ უფრო რთული ხდება. მიუხედავად ყველაფრისა, ლევანი იუმორის გრძნობას არ კარგავს. მისი თვითირონია და უნარი, ბავშვივით გაერთოს პატარა დეტალებით, მუსიკოსის უკიდურესად სევდიან და ერთფეროვან ყოფას უცნაურად ახალისებს. სევდა და იუმორი- ეს ორი განცდა მუდმივად თან სდევს ფილმს და სწორედ ეს ერთობლიობაა, რაც ნამუშევარს გამორჩეულად საინტერესოს და მრავალშრიანს ხდის. განსაკუთრებით დასაფასებელია ფილმის ავტორების უნარი, დელიკატურად გაიარონ საკმაოდ სარისკო გზა და სიფრთხილით და ემპათიით შეეხონ ფილმში ასახულ სენსიტიურ თემებს. ისინი ახერხებენ, ისე აჩვენონ დედა-შვილის ურთიერთობა, რომელიც ერთდროულად უკიდურესად ტოქსიკურიცაა და გულის ამაჩუყებელიც, რომ გმირების პირადი სივრცეში არაეთიკურად არ შეიჭრნენ და არც ზედმეტი სენტიმენტებით დაგვღალონ. ფილმი გვიყვება ადამიანურ დრამაზე ზედმეტი დრამატიზების გარეშე და ეს სიმსუბუქე კიდევ უფრო მრავალმხრივ ემოციას და ბევრ საფიქრალს გვიტოვებს. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სცენარის თანაავტორსა და ოპერატორს, კოტე კალანდაძეს, რომელიც თავადაც მუსიკოსი და ლევანის დიდი ხნის მეგობარია. ალბათ ეს სიახლოვე და ურთიერთნდობა იყო მიზეზი, რის გამოც ამ პატარა სივრცეში გმირები კამერას პრაქტიკულად ვერ გრძნობენ, ოპერატორს კი შესაძლებლობა ეძლევა, სიყალბისგან სრულიად დაცლილი, დინამიკური და ავთენტური ნამუშევარი შემოგვთავაზოს. ფილმს დამატებით ხიბლს და ნოსტალგიურობას სძენს "ამორალის" მუსიკა, რომელიც არაერთ ეპიზოდში გვესმის. ყველაზე შთამბეჭდავი კი სევდითა და იმედებით სავსე ფინალია, რომელზეც ცხადია, აქ არ ვისაუბრებ. „მკვდარი სულების არდადეგები“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ადამიანის პირად დრამაზე და მის ჭიდილზე ხისტ რეალობასთან, რაც ბოლო ათწლეულებში საქართველოში გვინახავს.


და ბოლოს, ალექსანდრე კობერიძის ბოლო ნამუშევარი, რომლითაც ფორუმი დაიხურა და დამსწრეთა დიდ ნაწილში უკვე დაიმკვიდრა საეტაპო ქართული ფილმის სახელი. „ რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?“ მართლაც ახალი სიტყვაა ქართულ კინოში - ყველასგან განსხვავებული, მაგრამ თან ძალიან ნაცნობი და ახლობელი, მთელი რიგი სცენებით, მუსიკით, გარემოთი და პირველ რიგში ემოციით. ამ ფილმმა დიდი ხნის დაკარგული რომანტიზმი დააბრუნა ქართულ კინოში. რეჟისორი დასაწყისშივე ბავშვობაში, ზღაპრულ სამყაროში გვიხმობს, სადაც უსულო საგნებიც ლაპარაკობენ და განიცდიან, ადამიანები კი ავი თვალის წყევლის შედეგად განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ. ამბავსაც, როგორც ზღაპარში, თავად გვიყვება და პერიოდულად დიალოგებით აცოცხლებს სცენებს. თუმცა, ეს ყველაფერი იმდენად რეალურია და ისე ბუნებრივად ერწყმის რაციონალურ ყოველდღიურობას, გიკვირს კიდეც.

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ერთი დიდი სასიყვარულო წერილია კინოს, ფეხბურთის, ქუთაისისა და თავად სიყვარულისადმი. ამ გრძნობას აქ იმ სახით ვხედავთ, რაც დიდი ხანია გაუჩინარდა როგორც ჩვენს რეალობაში, ისე დიდწილად კინოშიც. კინო და სიყვარული ფილმში განუყოფელია- მთავარი გმირები, ლიზა და გიორგიც კინემატოგრაფიულად გაიცნობენ ერთმანეთს- აქ რეჟისორი არ ერიდება კლიშედ ქცეული შეჯახების და წიგნის დავარდნის სცენის გამოყენებას. პირიქით, შეგნებულად იყენებს ამ მეთოდს და ამ სცენით და რამდენიმეწამიანი დიალოგით „შემთხვევითობაზე“, თითქოს მთელი ფილმის სტრუქტურას და გმირების ბედისწერასაც განსაზღვრავს. ლიზა და გიორგი  ერთმანეთს კარგავენ, მაგრამ მათ უხილავ კავშირს კინო ასულდგმულებს. კინოს, კინოკამერის მაგიური ძალა და ზეგავლენა აქ ყველგან იგრძნობა: ფაბულაში, თხრობის სტილში თუ ცალკეულ სცენებში. „რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ?“  ერთგვარი სამადლობელი სიტყვაა კინოს ისტორიისადმი: მისი ყურებისას აუცილებლად  გაგახსენდებათ ძველი ქართული ფილმები ფეხბურთზე, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ რევერანსი მუნჯი კინოსადმი, იგრძნობთ ფრანგული ახალი ტალღის, უფრო კონკრეტულად კი ერიკ რომერის გავლენას ვიზუალურ ესთეტიკაზე და დაინახავთ მსგავსებას ნანი მორეტის თხრობის სტილთან, განსაკუთრებით მის ფილმთან „ ძვირფასო დღიურო“, სადაც რეჟისორი ასევე თავად გვიყვება ამბავს და დიდი დოზით იყენებს მუსიკას.

ფილმში რეჟისორი განსაკუთრებული სიყვარულით გვათვალიერებინებს ქუთაისს, თავისი ისტორიული ადგილებით, ჯგუფებად მოსიარულე ბავშვებით თუ ქუჩაში მოხეტიალე, ფეხბურთის მოყვარული ძაღლებით. ქალაქს, რომელიც უკვე ათეული წლებია ქართულ კინოში ასეთი ინტენსივობით არსად გამოჩენილა და არც ამ თვალით შეგვიხედავს ალბათ ბევრ ჩვენგანს. აქვეა რიონიც, რომელიც უამრავ ისტორიას ინახავს ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების შესახებ და რომელმაც აუცილებლად უნდა იდინოს, რომ მომავლის ამბებიც შემოგვინახოს. მაგიური რეალიზმისა და რომანტიკულ-ლირიკული გადახვევების პარალელურად რეჟისორი რეალურ პრობლემებსაც არ უვლის გვერდს და თავისი ნარატიული ჩანართებით იმ გამოწვევებსაც შეგვახსენებს ხოლმე, რის წინაშეც ვდგავართ მავანთა სიხარბისა და სისასტიკის გამო და როგორც მაყურებელს, ისე საკუთარ თავსაც ეკითხება, რას ვაკეთებთ ამის შესაცვლელად. სიყვარული, მაგია, იუმორი, სევდა, თვითირონია - ეს ფილმი ყველაფერს იტევს და მაყურებელშიც ყველა გრძნობას და ასოციაციას ერთდროულად აღვიძებს.

მნიშვნელოვანი როლი აქვს ფილმში მუსიკასაც, რომელიც სცენების დიდ ნაწილს ფონად გასდევს და კიდევ უფრო აძლიერებს მაგიურობისა და ზღაპრულობის განცდას. რიგ შემთხვევებში კი შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს და მაგალითად ერთ-ერთი სცენაში 30 წლის წინანდელ საფეხბურთო ჩემპიონატთან გვაბრუნებს. ფეხბურთი ფილმში პრაქტიკულად  ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟია. სიუჟეტი მსოფლიო ჩემპიონატის დროს ვითარდება და მთელი ქალაქი ამით არის მოცული. სწორედ ფეხბურთი და კონკრეტულად არგენტინელი ლეო მესი გახდა ფილმის სათაურის ინსპირაციაც. (ფეხბურთის მოყვარულებს ეცოდინებათ, რომ მესი ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ცაში იყურება.)

კობერიძის ფილმმა ქართულ კინოში თამასა იმდენად მაღლა აწია, მომდევნო ნამუშევრებს წესით უკვე სწორების ახალი ხაზი უნდა ჰქონდეთ. მათი ავტორები კი უფრო მაღალ ლიგაში სათამაშოდ მოემზადონ.