პლანეტისთვის ბრძოლის გადამწყვეტი წლები
28.04.2022 | 4 წუთიანი საკითხავიანთროპოგენური კლიმატის ცვლილება სამეცნიერო საზოგადოებაში პრაქტიკულად საყოველთაოდ აღიარებული ფენომენია. მეოცე საუკუნის 70-80-იანებიდან მოყოლებული ადამიანური აქტივობის პოტენციურ დამანგრეველ ეფექტებს პლანეტაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, როგორც კლიმატის მეცნიერებაში, ისე საჯარო პოლიტიკურ დისკურსში, რადგან ჩვენი უმოქმედობის შედეგები შეიძლება დამანგრეველი იყოს.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) ბოლო წლებია ინტენსიურად აქვეყნებს ახალ ანგარიშებს, სადაც დარგის სპეციალისტები მიმოიხილავენ არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას, რომელზე დაყრდნობითაც იძლევიან რჩევებს სახელმწიფოებისთვის თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოონ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. IPCC-ის და კლიმატის აქტივისტების მთავარი მიღწევა იყო ეგრეთწოდებული „პარიზის შეთანხმება“. 2015 წელს, მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა 2 °C-ს არ უნდა აღემატოს, საუკეთესო შემთხვევაში კი არ გადასცდეს 1.5 °C-ის ნიშნულს. ამისთვის, საჭიროა სასათბურე აირების, განსაკუთრებით კი ნახშირორჟანგის რადიკალურად შემცირება. იმისთვის, რომ ტემპერატურის ზრდა არ ასცდეს 1.5 °C-ს, საჭიროა, რომ 2030 წლისთვის ემისიები განახევრდეს.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ხელი თითქმის ყველა ქვეყანამ მოაწერა, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ დიდ სახელმწიფოებს. ამ დროისთვის, მთავარი დამაბინძურებლები არიან ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და რუსეთი. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, პარიზის შეთანხმება კანონმდებლობაში იქნა დანერგილი, რაც მთავრობებს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს, დანარჩენი მსოფლიო კი ფეხს ითრევს. IPCC-ის ახალი ანგარიში ამას ნათლად აჩვენებს, თუმცა ოპტიმიზმის მცირე იმედს მაინც გვიტოვებს.
რა ვიცით და რას უნდა ველოდეთ
„ვფიქრობ, ანგარიში გვეუბნება რომ ახლა მივედით ‘ახლა ან არასდროს’ ეტაპამდე ტემპერატურის 1.5 °C-ანი ზრდის მისაღწევად“, - განაცხადა IPCC-ის წამყვანმა ავტორმა, ჰელინ დე კონინკმა.
ანგარიშის მიხედვით, მთავრობების მიერ 2020 წლამდე მიღებული კლიმატის ცვლილების შენელებისთვის მიღებული ყველა კანონის გათვალისწინებით, 2100 წლისთვის, მსოფლიო 3.2°C-ით დათბება, რაც კატასტროფული იქნებოდა პლანეტისთვის და კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის.
„ამჟამინდელი ეროვნული დაპირებები პარიზის შეთანხმების ფარგლებში, არასაკმარისია დათბობის 1.5 °C-მდე შესამცირებლად...და საჭიროა მიტიგაციის მყისიერი დაჩქარება, რათა დათბობა არ გადასცდეს 2 °C-ს 2030 წლის შემდეგ“, - წერია ანგარიშის ტექნიკურ შეჯამებაში.
მთავარი გაკვეთილი, რომელიც უკანასკნელი ანგარიშიდან გამოვიტანეთ ისაა, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა 1.5 °C-ს დიდი ალბათობით გადასცდება, ანგარიშის მიხედვით ეს „თითქმის გარდაუვალია“, რაც გულისხმობს, რომ პლანეტას რიგ შემთხვევებში ისეთი ზიანი მიადგება, რომლის შებრუნებაც შეუძლებელი იქნება. „თითქმის“ აქ მნიშვნელოვანია, რადგან, მეცნიერების ვარაუდით 1.5°C მიზნის მიღწევა 2030 წლამდე ემისიების 43%-იანი შემცირებით შეიძლება.
ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა გარკვეული ტექნოლოგიების დანერგვა, რომლის მეშვეობითაც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის მოშორება იქნება შესაძლებელი, თუმცა მსგავსი ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაშია და ემისიების შემცირების ალტერნატივად ახლო მომავალში ვერ გამოდგება.
იმ შემთხვევაში თუ გლობალური ტემპერატურა ასეთი ტემპით გააგრძელებს მატებას, როგორც აღვნიშნე დამანგრეველი შედეგებია მოსალოდნელი, როგორიცაა საკვების და სასმელი წყლის ნაკლებობა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, ცხოველთა და მცენარეთა უამრავი სახეობის განადგურება და სერიოზული რისკები სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ზოგან მოიმატებს გვალვის ხანგრძლივობა, მოსალოდნელია უფრო და უფრო მძლავრი კატაკლიზმები.
ანგარიშის მიხედვით, 3.6 მილიარდამდე ადამიანი „მაღალი რისკის“ არეალში ცხოვრობს, სადაც გლობალური დათბობის ეფექტები ყველაზე დამანგრეველი იქნება. კლიმატის ცვლილებას ყველაზე გამანადგურებელი შედეგი, ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე და გაჭირვებულ ქვეყნებზე ექნება.
დღევანდელი პროექციებით, ვარაუდობენ გლობალური დათბობით განპირობებული არქტიკული ყინულის ლღობის გამო,საუკუნის ბოლომდე წყლის დონემ შეიძლება 0.8-2 მეტრით მოიმატოს.
ამის გათვალისწინებით, სანაპირო ზოლზე მცხოვრებ ადამიანებს სერიოზული საფრთხე ემუქრებათ, შეიძლება სადღაც იაპონიაში ან აშშ-ში ქალაქებს გიგანტური გალავნები შემოავლონ (რაც არარეალისტურია), მაგრამ გაჭირვებულ ქვეყნებს და პატარა კუნძულებს ამის რესურსი არ გააჩნიათ. საცხოვრებლის დატოვება პოტენციურად მილიონობით ადამიანს მოუწევს. წყლის დონის მატების გარდა, საფრთხე ემუქრება მცენარეულ მოსავალს.
შედარებით პრიმიტიულ აგრონომიაზე უამრავი ქვეყანაა დამოკიდებული, თანამედროვე პროექციებით, მსოფლიოს უმეტეს ადგილებში, გლობალური დათბობის შედეგად მოსავალი 10-30%-ით დაიკლებს, რასაც კატასტროფული შედეგი ექნება.
რთულად სავარაუდოა რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მასობრივ მიგრაციებს, დატბორვის რისკის ქვეშ მყოფ სანაპიროებს და აგრონომიას, ისევე როგორც მასობრივ კატაკლიზმებს გლობალურ ეკონომიკაზე. 2006 წლის „სტერნის მიმოხილვა“ ერთ-ერთი პირველი ვრცელი ანგარიში იყო, რომელიც ამ კითხვას პასუხობდა. ანგარიშის მიხედვით, პარიზის შეთანხმების არ-შესრულების შემთხვევაში, კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ხარჯი მსოფლიოს მშპ-ის 20%-ია, რაც სხვა მოდელებთან შედარებით ბევრად მაღალია. მოსალოდნელი ზარალის ქვედა ზღვარი 5%-ია. შეიძლება ეს დიდ რიცხვად არ ჟღერდეს, მაგრამ საუბარია ტრილიონობით დოლარზე.
აქვე უნდა აღინიშნოს უშუალოდ სტერნის, ზემოხსენებული ანგარიშის კომენტარები ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელში:
„რისკები სათანადოდ ვერ შევაფასეთ... სათანადოდ ვერ შევაფასეთ ტემპერატურის მატებით გამოწვეული ზიანი და ასევე ვერ შევაფასეთ რამდენად სწრაფად მოიმატებდა ტემპერატურა“, განაცხადა სტერნმა 2008 წელს.
2021 წლის Swiss Re-ს ანგარიშის მიხედვით (Swiss Re ყველაზე დიდი სადაზღვევო ფირმაა, რომელიც სხვა სადაზღვევო ფირმებს აზღვევს) 2050 წლისთვის „ეკონომიკური ღირებულების“ 10% შეიძლება დაიკარგოს. თეთრი სახლის მენეჯმენტის და ბიუჯეტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს გლობალური დათბობით გამწვავებული გვალვები, ხანძრები და კატასტროფები შესაძლოა საუკუნის ბოლოსკენ ყოველწლიურად 2 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს.
იმის ფონზე, რომ სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად იუწყება მოახლოებული კატასტროფის შესახებ, პოლიტიკური ელიტა, მათ შორის საჯარო „ინტელექტუალები“ მსოფლიოს გარშემო სიფრთხილისკენ და „ალარმიზმისგან თავშეკავებისკენ“ მოგვიწოდებს. კლიმატის ცვლილების „პოლიტიკა“ ერთ-ერთი იშვიათი, ისტორიული მაგალითია იმისა თუ როგორ მუშაობს პოლიტიკური ელიტა კაცობრიობის განადგურებისთვის, ახლო მომავალში ფინანსური მოგების სანაცვლოდ.
კლიმატის ცვლილების პოლიტიკა
„ალარმიზმი“ კლიმატის ცვლილების დისკუსიაში ხშირად გაჟღერებული ფრაზაა. კლიმატის აქტივისტები ხშირად ბოროტმოქმედებად ან უვიცებად გამოჰყავთ რადგან კრიტიკოსების თქმით ისინი ზედმეტ „განგაშს“ იწვევენ. ამ სტატიაში ანტი-სამეცნიერო პროპაგანდის ყველა მაგალითს ვერ განვიხილავთ, თუმცა ყველაზე აშკარა მაგალითი ვფიქრობ ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით.
1998 წელს აშშ-ში, პეტ მაიკლსი, ამერიკელი მეცნიერი და CATO Institute-ის მკვლევარი კონგრესში House Energy and Commerce Subcommittee on Energy and Environment-ის წინაშე წარსდგა, სადაც მან განაცხადა, რომ გლობალური დათბობის მოდელირება, რომელსაც კონგრესი ეყრდნობოდა მეტწილად „გასაოცრად მცდარი“ იყო. მაიკლსი საუბრობდა კერძოდ ჰანსენის და კოლეგების კვლევაზე, სადაც მეცნიერები, მაიკლსის თქმით 1988-1997 წლებში გლობალური ტემპერატურის 0.45°C -იან ზრდას წინასწარმეტყველებდნენ. ამის საილუსტრაციოდ მაიკლსმა ჰანსენის და კოლეგების გრაფიკი წარადგინა.
რეალურად ამ პერიოდში გლობალურმა ტემპერატურამ 0.11-ით მოიმატა. 25%-იანი ცდომილება დროის ასეთ მოკლე პერიოდში მართლაც „საოცრად მცდარი“ ჩანს. თუმცა, სამწუხაროდ მაიკლსს დაავიწყდა იმის ჩვენება, რომ აღნიშნული 0.45°C-იანი მატება ერთ-ერთი იყო სამი სცენარიდან
სცენარი A: რამდენად მოიმატებდა ტემპერატურა თუ არაფერი გაკეთდებოდა ნახშირორჟანგის ემისიების შესამცირებლად.
სცენარი B: რა მოხდებოდა თუ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ემისიების შესაჩერებლად
სცენარი C: რა მოხდებოდა თუ რადიკალური ზომები იქნებოდა მიღებული ემისიების შესამცირებლად.
სინამდვილეში ჰანსენის კვლევა საკმაოდ აკურატული იყო, რეალური შედეგები ყველაზე ახლოს არის სცენარ B-სთან. ცხადია, დროთა განმავლობაში მოდელები დაიხვეწა და უფრო დაზუსტებით შეგვიძლია ტემპერატურის მატების წინასწარმეტყველება.
იმის გამო, რომ პეტ მაიკლსი მეცნიერია, მისი მიზანმიმართული დეზინფორმაცია დღემდე ქვეყნდება.
მომავლის იმედი
ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების შეფერხების მნიშვნელობაზე საუბარი რთულია, რადგან პრობლემა მართლაც გლობალურია და რაც მთავარია მისი დამანგრეველი ეფექტები დროის შედარებით დიდ მონაკვეთში ხდება აშკარა. ამასთანავე, გლობალურ დათბობასთან გასამკლავებლად ყველაზე მეტი რესურსი იმ ქვეყნებს აქვთ, რომლებმაც ყველაზე დიდი როლი ითამაშეს სიტუაციის გაუარესებაში.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის ნახევარი უჭერს მხარს, გლობალურ დათბობას პრაქტიკულად უარყოფს, შესაბამისად მთავრობას კარგ შემთხვევაში მინიმალური ზომების მიღება შეუძლია აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების გასატარებლად. ჩინეთი, აშშ-თან და რუსეთთან შედარებით გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად ბევრად მეტს აკეთებს, თუმცა ესეც არასაკმარისია. რუსეთი დაპირების მიუხედავად, რომ 2060 წლისთვის ემისიებს გაანულებს ამ დროისთვის საკმარიის ნამდვილად არ აკეთებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო და უფრო დაძაბული ხდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კოოპერაციის იმედი მცირეა. ამის თვალის დევნება განსაკუთრებულად დამთრგუნველი უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ყველაზე დაბალი ემისიები აქვთ ან ყველაზე მეტს აკეთებენ გლობალური დათბობის შესაჩერებლად, რადგან გიგანტური დამბინძურებლების მონდომების გარეშე, პარიზის შეთანხმებით გაწერილი მიზნების რეალობაში მოყვანის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათწლეული გვაქვს იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანი გადავარჩინოთ მასშტაბურ ტრაგედიას, სწორი პოლიტიკისთვის ბრძოლის დრო მაინც არის. ხალხი მსოფლიოს გარშემო, ევროპაში და აშშ-ში ნათლად იწყებს მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერებას და კლიმატის მეცნიერების ხმაც უფრო და უფრო მეტ ადამიანს და მთავრობას აღწევს.