გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ლექსები | ნიკა ჩერქეზიშვილი

 >>>

სამსახურიდან ვბრუნდებოდი,

ჩვეულებრივ,

სახლში.

 

შევაბიჯე თუ არა სადარბაზოში

და კისრისტეხით გავარდა მეორე მხრიდან.

 

მეზობელი ბავშვი იყო,

ვიცანი.

 

ვერ მივხვდი,

რამ დააფეთა.

 

ფრთხილად მივუახლოვდი იმ ადგილს,

საიდანაც გაიქცა

და გამეღიმა.

 

საღებავაცვენილ კედელზე

გულის ფორმის ნაკაწრების შუაში ეწერა

ნ + მ =

...

ვიგრძენი ჩემი დანაშაული

და ხუთთეთრიანით ამოვკაწრე ასო "შ".

 

>>>

შესაძლოა,

ოდესმე,

ძვირადღირებული ჯიპითაც ჩამიქროლო

ქუჩაში ფეხით მიმავალს,

ან საკუთარი თვითმფრინავით გადამიფრინო

თავზე,

მაგრამ ველოსიპედის ტარება მე გასწავლე.

 

ეს სიხარული ჩემია.

 

>>>

მე ამ ლექსს არ ვუწერ ზამთარს,

რომელსაც აკლია სიცივე,

და არ ვუწერ ტყის ველურ მარწყვს,

და არ ვუწერ თოკზე გაკიდულ ტანსაცმელს,

და არ ვუწერ მწვანე ჯარისკაცებით სავსე ყუთს,

და არ ვუწერ ნივთებს,

რომლებთან განშორებაც მიჭირს,

და მით უმეტეს,

არ ვუწერ ღამეს,

რომელსაც აკლიხარ შენ,

და არ ვუწერ დიანა არბუსს,

რომელიც დააკლდა ყველას,

და არ ვუწერ 83 წლის ვივიენ მაიერს,

და არ ვუწერ 22 წლის ფრანჩესკა ვუდმენს,

და არ ვუწერ ამ ცარიელ თარიღებს,

რომლებიც არაფერს გვეუბნება,

და არ ვუწერ არავის და არაფერს

მხოლოდ ინტერესის გამო.



ავტორი : ნიკა ჩერქეზიშვილი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა