გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
შოთა იათაშვილი

ლექსები | შოთა იათაშვილი

ანტისამოტივაციო წერილი

ხიდის მოაჯირზე რომ შევდგები მდინარე დაშრება
ღრმად რომ შევცურავ ზღვაში წყალი გაიპობა
კარნიზზე რომ დავეკიდები თოკი გაწყდება
წამალს რომ ჩავიყრი პირში დარიშხანი გატკბილდება
გაზქურაში თავს რომ შევყოფ „გაზპრომი“ გაზს გათიშავს
სახურავიდან რომ გადმოვხტები
ზურგსუკან მოულოდნელად პარაშუტი გაიშლება
საფეთქელზე პისტოლეტს რომ მივიდებ ტყვია გაიჭედება
ვენების გადაჭრას რომ დავიწყებ
სამართებელი დაბლაგვდება
ხოლო რელსებზე რომ დავწვები
მეისრე მატარებელს სხვა ლიანდაგზე გადაიყვანს

აი ასეთი უიღბლო ვარ
ამიტომ მიმიღეთ სამსახურში
ბატონო დირექტორო

მოკლე ოდა ცოცხს

ის მცენარეა,
ამოდის და შრიალებს ხოლმე.
ერთხელ ცოცხის არაყი ვსვი,
და აღარ მახსოვს, უშავდა თუ არა უშავდა.
ცოცხს ეწევიან –
ხდება ასეც,
მაგრამ ცოცხი ძირითადად ამოდის და შრიალებს ხოლმე:
ქურთი ქალების გულში შრიალებს,
დილის ექვსზე,
დილის შვიდზე,
ასფალტს კაწრავს...
„მზესუმზირის სუტრა“ დაწერა
ალენ გინსბერგმა.
მე ცოცხის მოკლე ოდა დავწერე.
პოლიტიკა არ გავურიე... 

ფიქრნი ტყიბულურას პირას

ტყიბულის კულტურის სახლში
ჩვენ დაგვხვდა მოსწავლე-ახალგაზრდობა.
მათ ეკავათ ხელში ფურცლები
შემაშინებელი გამომეტყველებით
და დალაგდნენ ჩვენ წინ ერთ რიგად,
მოიმარჯვეს ეს ფურცლები,
როგორც ყარაულის თოფები
და მოგვიშვირეს.
ჩვენ ველოდით, რომ ამ ფურცლებიდან
ისინი გვესროდნენ პატრიოტული,
ან საუკეთესო შემთხვევაში, სატრფიალო ლექსების
გულისგამგმირავ ტყვიებს,
მაგრამ მათ გაასწორეს
თავიანთი ფურცლების სამიზნეები
ჩვენს შუბლებზე,
და დაიწყეს ათწუთიანი კომპოზიცია
თვითმკვლელ პოეტებზე.

ორი საათი გავიდა ამის შემდეგ,
მე ახლა ვზივარ ტყიბულურას პირას,
არა, ტყიბულურას ზემოთ,
რესტორნის აივანზე,
დავყურებ ამ პატარა მდინარეს,
თითქოსდა მესმის კიდეც მისი,
ისე, ვით ტექნიკური ხმაურისგან
დაყრუებულ ბარათაშვილს,
და ახლა წამოვიწევი,
კიდევ ერთხელ გადავხედავ მას,
და ვიგრძნობ, რომ ტყიბულურა
ტყუილად არ მოედინება,
მან იცის, რომ მის პირას უნდა ჩამოსხდნენ
მოსწავლე-ახალგაზრდები,
იფიქრონ თუნდაც იმაზე,
რომ ისინი რატომღაც
აქ გააჩინა მაღალმა ღმერთმა,
და ამიტომ, როდესაც მათ ესტუმრებიან
პოეტები თბილისიდან,
უნდა დააძრონ ჯიბეებიდან
ფურცლები, როგორც პისტოლეტები,
დაგვიმიზნონ,
და სუიციდზე ათი წუთი
კეთილი გულით გველაპარაკონ.

ორი რგოლი

ბათუმში 85 წლის მამაკაცი ხმის მიცემის შემდეგ გარდაიცვალა
8 ოქტომბერი, 2016 წელი 

მდიდრები ანდერძს ადგენენ ხოლმე,
თვითმკვლელები – წერილს ტოვებენ,
პოეტები – მათი აზრით უკანასკნელ საკუთარ შედევრს.
ჩინოვნიკები ხელს აწერენ მორიგ საბუთს,
ხოლო მორწმუნე – თუკი უჭირს მეტყველება –
მღვდელს ჩამოუწერს სიკვდილის წინ საკუთარ ცოდვებს.
მეც მივდივარ და ორ რგოლს გიტოვებთ –
ლურჯს და პატარას.
ხუთი წუთის წინ ვიგრძენი, რომ
ის კაბინა, სადაც ვიდექი,
აყუდებული კუბო იყო თეთრი სუდარით.
მთელმა ცხოვრებამ გადარბენა დაიწყო უცებ.
თან სურათები მიჰქროდა და
თან მახსოვდა, ორგან უნდა შემომეხაზა.
ერთი რგოლი – საქორწინო ბეჭედია ანდა მზეა,
სამი რგოლი – მრავალწერტილს ჰგავს,
ოთხი – ბორბლები უნდა იყოს ურმის, მანქანის,
ხუთი – ოლიმპიადაა,
ხოლო ორი – ბევრი რამეა:
მაგალითად: ორი თვალი, ორი ყვერი, ორი ძუძუ...
რომ გამოვედი ვერტიკალური კუბოდან, მითხრეს,
ჩააგდეო,
და ჩავაგდე ჩემი ბოლო ორი რგოლი
ჩემს ფერფლის ყუთში.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა