გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ომი, #უკრაინა

პოეტი პიკეტზე | შოთა იათაშვილი


ლექსი მომინდა უცებ დამეწერა. 

ზუსტად კი არ ვიცოდი, რაზე,

მაგრამ აი, რომ იგრძნობ,

მოგიახლოვდა ლექსი,

წრეს გარტყამს

და რაღაცას გიპირებს -

ეგრე ვიყავი.

ჰოდა, ავიღე ფურცელი და კალმისტარი,

ვწევარ ჯერ,

მერე ვზივარ, 

მერე ბოლთას ვცემ,

და არ გამოჩნდა არანაირად პირველი სიტყვები.

ფანჯარაში გავიხედე.

თოვლიანი ამინდია,

მაგრამ მზე აჭყიტებს,

სხივები დათამაშობენ მხიარულად 

ქათქათა ხეებსა და ეზოებზე.

მოდი, გავალ გარეთ - გავიფიქრე,

კარგია ამ დროს გარეთ ყოფნა,

სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავ,

გაიხედ-გამოიხედავ აქეთ-იქით,

რაღაცას მოკრავ თვალს,

და დეტალებშია პოეზია,

ეშმაკივით დეტალებშია პოეზიაც,

და გაგეხსნება სათქმელი ცასავით,

ამობრწყინდება პირველი სიტყვები,

და მიდი მერე, წერე,

მითუმეტეს, თუ ხარ წერის ხასიათზე…

ჩავიცვი სასწრაფოდ,

გულისჯიბეში ჩავიდე კალმისტარი,

ფურცელი ხელში დავიჭირე,

და ათ წუთში გარეთ ვარ უკვე,

მივაბიჯებ ქუჩაში.

ქალაქის ცენტრში ერთი ადგილია,

ძალიან მიყვარს,

და იქ რომ აღმოვჩნდი, შევდექი,

აი, აქ დავწერ ლექსს, -  გავიფიქრე.

და ვდგავარ ასე, მიჭირავს ფურცელი ხელში

და ველოდები პირველი სიტყვების ამობრწყინებას,

თან ვიყურები ირგვლივ,

დეტალებს ველოდები,

ეშმაკში და პოეზიაში როა.

ვიღაცებმა გამომხედეს ცოტა უცნაურად,

ნაბიჯს აუჩქარეს ჩემს დანახვაზე,

ზოგი პირიქით გაჩერდა და

შორიახლო დამიდგა,

რამდენიმე კაცი მოგროვდა ცოტა ხანში,

ელოდებიან,

როდის დავიწყებ ლექსის წერას.

კი, ასე იყო სულმუდამ,

აინტერესებდათ ადამიანებს,

როგორ თხზავდნენ პოეტები თავიანთ შედევრებს.

მეც მესმის მათი, 

არაფერს ვეუბნები,

იყვნენ, რას მიშლიან,

ვათვალიერებ თან,

იქნებ რამე ისეთი დავიჭირო მათ გარეგნობაში,

მზერაში, მოძრაობაში,

ლექსისთვის რომ გამომადგება…

პოლიციელიც მოვიდა ამასობაში რამდენიმე.

ამეყუდნენ წინ, მიყურებენ ეგენიც,

მერე ერთმა მკითხა,

ცოტა არ იყოს აგრესიულად,

რას აკეთებთ აქ?!

გამიკვირდა, რა შეკითხვაა ახლა ეს,

ჩემთვის წყნარად,

ცარიელი ფურცლით ხელში,

მუზას ველოდები,

მაგრამ რაკი ჩამეძია, 

ლექსს ვწერ - ვუპასუხე პატიოსნად.

დაგვცინით? - მეკითხება მეორე პოლიციელი,

კიდევ უფრო დაძაბული.

რატომ დაგცინით, აი, ფურცელი - ვაჩვენებ,

და გულისჯიბისკენაც წავიღე ხელი, 

კალმისტარი ამოვიღე, -

მზად ვარ ყველანაირად,

მხოლოდ პირველ სტრიქონებს ველოდები,

მათ ამობრწყინებას.

გაიცინა ირგვლივ მოგროვილებიდან ვიღაცამ,

დაუბღვირეს იმას პოლიციელებმა,

მე კი მიბრძანეს:

შეწყვიტეთ პიკეტირება!

შევწყვიტო პოეტირება? - სახტად დავრჩი, - და რატომ?

თავს ნუ იგდებთ! - დამიღრიალა ყველაზე მაღალმა და განიერმა,

მეორემ, ყველაზე საშიშმა, გამიმეორა ბრძანება,

თან სისხლის სამართლის რაღაც მუხლს მეუბნება,

რომ იმას ვარღვევ.

ლექსის წერა როდის მერე გახდა დანაშაული? -

ვკითხულობ განცვიფრებული,

და ნაცვლად პასუხისა,

მომვარდნენ უცებ აქეთ-იქიდან,

მკლავებში წამავლეს ხელები და

მიმათრევენ სადღაც.

აყვირდა ხალხი, მესარჩლებიან,

მაგრამ რას მიშველიან,

მოზვერივით პოლიციელები არიან,

მთას გადადგამენ.

ჰოდა, შემაგდეს შავ, დაჯავშნულ მანქანაში

ჩემი ფურცლით ხელში

და წამიყვანეს განყოფილებაში.

იქ კი დაკითხვა დაიწყეს მაშინვე.

რა სიტყვები იგულისხმეთ ცარიელ ფურცელზე? - მეკითხებიან.

არ მიგულისხმია, ველოდებოდი

პირველი სიტყვების ამობრწყინებას - ვეუბნები.

იტყუებით, პირველი ორი სიტყვა იცოდით! - მპასუხობენ.

რომელი ორი სიტყვა? - მიკვირს.

“არა ომს!”

“არა ომს?” - დავფიქრდი.

ყველანაირად სწორი სიტყვებია,  

მაგრამ ჩემს ლექსს არ მოუხდება.

პოეზიას საერთოდ მეტაფორულობა სჭირდება და უხდება.

კი, არსებობს ასეთი პოეზიაც,

პირდაპირ ლოზუნგებს გაიძახიან ხანდახან პოეტები,

მაგრამ მე სხვა ყაიდის ავტორი ვარ,

არ ვწერ ასე,

არ დავიწყებდი ჩემს ლექსს ასე: “არა ომს!”

აჰა, ესე იგი ინანიებთ დანაშაულს?! - მომიბრუნდნენ.

რომელ დანაშაულს, 

ლექსის დაწერა რომ მომინდა?

ისევ დაგვცინის! - აფეთქდა უცებ ყველაზე საშიში პოლიციელი,

გამომიქნია მუშტი და მწყვიტა ყბაში.

საშინელი დარტყმა იყო,

ტვინი შემიყანყალდა,

ცხვირიდან სისხლი წამომივიდა

და იმ ჩემს ცარიელ ფურცელს ეწვეთება,

წინ რომ მიდევს.

აჰა, ეგეც შენი ლექსი! -

მეუბნება განყოფილების უფროსი,

რომელიც დასისხლიანებულ ქაღალდს დაჰყურებს.

ხელსახოცი მომაწოდა სახის მოსაწმენდად,

ალბათ იმიტომ, რომ მისი მაგიდა არ დამესვარა,

თორემ არ ჰქონდა აშკარად ჩემი დარდი.

რა ვუყოთ? - ეკითხება გვერდით მჯდომი მამაკაცი წითელი ცხვირით,

როგორც ჩანს, მისი მოადგილე.

რა ვიცი, ჯარიმა გამოვუწეროთ და გავუშვათ,

თუ კიდევ გაიმეორებს, ჩავაყუდოთ მერე,

წარწერებიანი პლაკატებით ვინც იყო,

ისინი სხედან კამერებში,

ცარიელფურცლიანებისთვის არცაა ახლა ადგილები.

ჰო, ეგრე აჯობებს, - ეთანხმება ისიც

და რაღაც ჩეკის გამოწერას იწყებს.

რამდენიმე წუთში მაწვდის: 11 ათასი რუბლი აწერია.

ეს თქვენ, ჰონორარი ლექსისთვის,

და ირონიულად მიღიმის.

განყოფილების უფროსი ახარხარდა,

მუცელზე ხელს იკიდებს,

პირიდან აშხეფებს.

ჰა-ჰა-ჰა, ჰონორარი ლექსისთვის, კარგია!

და აჰა, თქვენ ლექსიც! - მეუბნება,

და სისხლიან ფურცელს მაჩეჩებს ხელში.

ორ კვირაში უნდა გადაიხადოთ! -

დამიზუსტა წითელცხვირა მოადგილემ.

და მკრეს ხელი, გამომაგდეს გარეთ.

ვდგავარ ქუჩაში გაოგნებული,

ერთ ხელში სისხლიანი ფურცელი მიჭირავს,

მეორეში - ჩეკი, და ვფიქრობ:

ადრე დაწერილ ლექსებში ჰონორარს მიხდიდნენ,

ახლა არდაწერილში ჯარიმას მახდევინებენ.

რა მოხდა, ასე უცებ რამ შეცვალა ეს ქვეყანა?

სინათლის სხივი დაეცა სისხლის ლაქაზე, ათამაშდა,

ეშმაკი დეტალებშია, და პოეზიაც დეტალებშია -

გამახსენდა ჩემი დილის დასკვნა.

რა მექნა, დავიძარი.

სახე ერთიანად მტკივა, 

ცხვირზე საერთოდ ხელს ვერ ვიკიდებ.

რამდენიმე წუთში ერთ მოედანთან მოვხვდი,

ხალხი დგას პლაკატებით ხელში:

“არა ომს!” - უწერიათ, და კიდევ სხვა ლოზუნგებიც.

გამაძაგძაგა და მივხვდი თითქოს რაღაცას,

მივხვდი, რატომ დამესხნენ თავს,

რატომ წამათრიეს განყოფილებაში,

რატომ მცემეს, რატომ გამომიწერეს ჯარიმა…

შარიანი ამბავია,

ჯობს სახლში წავიდე, შევიმალო,

და თუ ლექსის წერა მომინდება,

აწი შინ დავკავდე მაგ საქმით,

ცხვირი არ გამოვყო გარეთ,

და თუ რამე დამეწერინა,

არც მის გამოქვეყნებაზე ვიფიქრო,

თორემ ჰონორარის ნაცვლად ჯარიმას მომაკერებენ

და ციხეშიც შეიძლება მიმაბრძანონ…

მოკლედ, მივხვდი თითქოს ყველაფერს,

მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ფეხს ავუჩქარო,

პირიქით, მონუსხულივით გავშეშდი ამ პლაკატიანებთან,

რაღაც ძალა მეწევა მათკენ,

და შიშიც გამიქრა უცებ,

მომინდა მათთან ყოფნა,

მივხვდი კიდეც, რომ მათთან უნდა ვიყო, 

აუცილებლად უნდა ვიყო მათთან,

ყოველ მიზეზგარეშე უნდა ვიყო მათთან,

და მივედი, ჩავდექი მათ შორის,

და ავწიე მაღლა 

ჩემი თეთრი,

სისხლიანი

ფურცელი… 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა