გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პოეტური ორდენები თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე

მე-18 საუკუნემდე ნახატების უმეტესობა დაუსათაურებელი იყო. სახელის დარქმევა, სახელდების აუცილებლობა წარმოშვა ბაზარმა, კომერციალიზაციამ. და იქნებ იმანაც, რომ დამთვალიერებელი ახლა გაცილებით ნაკლებად „მოწყვლადია" ესთეტიკის მიმართ, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფერს კი ისევ სამომხმარებლო ნევროზზე, პროდუქციის სიმრავლეში ჩაკარგულ ესთეტიკამდე მივყავართ. მოკლედ, ახლა ესთეტიკურ პროექტს სჭირდება სახელი, ნომერი, კოდი, რომ გააგებინო დამთვალიერებელს, თუ რასთან აქვს საქმე, რათა გამოფენაზე „კაი პონტის" გამო მისულ ადამიანს მონა ლიზა შავ კვადრატში არ აერიოს.

სხვასთან არევის შიში ნაკლებად სავარაუდოა პოეტურ ორდენებთან დაკავშირებით. თუმცა, ფაქტია, რომ ისეთი ინდივიდუალური, სამარტოო ხელობის ადამიანებს, როგორებიც არიან პოეტები, ხშირად უჩნდებათ კოლექტიური ქოლგის ქვეშ თავის ამოყოფის სურვილი. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ერთიანი (ან ერთგვაროვანი) ელიტისგან გამოყოფის და სალიტერატურო რუკაზე დამოუკიდებელ მოთამაშედ დარეგისტრირების სურვილი, ზოგ შემთხვევაში კი, ერთგვარად, იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც 1916 წელს დაიწყო საქართველოში.

სწორედ ამ წელს ჩამოყალიბდა პირველი ქართული ორდენი „ცისფერი ყანწების" სახელით და მან უდავოდ დიდი გავლენა იქონია ქართულ სალიტერატურო სივრცეზე. ამ გაერთიანების მოტივი ძველი, მობეზრებული ლირიკის უარყოფა და ევროპული, მოდერნისტული ხაზის შემოტანა იყო. „ცისფერი ყანწების" შემდეგ ლიტერატურაც ფუნდამენტურად შეიცვალა და ლიტერატურული არტჯგუფებიც, თუმცა, სურვილი, საერთო ინტერესების მატარებელ კოლეგებთან ერთად გაერთიანების შექმნისა, პერიოდულად ჩნდება ხოლმე. ისიც უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, „ცისფერი ყანწებისგან" განსხვავებით, ეს გაერთიანებები დიდხანს ვერ ძლებს და მალევე იშლება.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, თავი მოეყარათ და ერთი კვირით აღედგინათ ის ლიტერატურული ორდენები, რომლებმაც (ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად) იქონია გავლენა ჩვენი ლიტერატურის ბოლოდროინდელ გეზზე, პროცესების განლაგებასა და ტენდენციების გამოკვეთაზე. ახლა ვეცდები, „ორი სიტყვით" გავახსენო ინდიგოს მკითხველს ეს ორდენები.

რეაქტიული კლუბი

„რეაქტიული კლუბის" წევრები: ირაკლი ჩარკვიანი, კოტე ყუბანეიშვილი, პაატა ქურდაძე.
„რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და
გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა
და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია
კოტე ყუბანეიშვილი".

მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლიტერატურული არტჯგუფები, პრაქტიკულად, არ შექმნილა. ეს ტრადიცია მხოლოდ 80-იანი წლებიდან გაგრძელდა და განივრცო. ამ დროისთვის შეიქმნა „რეაქტიული კლუბი", რომელმაც არასტანდარტული პერფორმანსებით და კონსერვატორებისათვის კატეგორიულად მიუღებელი გამოსვლებით დაიმკვიდრა ადგილი. მსმენია ისიც, რომ ერთმა პროფესორმა თავის სტუდენტს წაართვა „რეაქტიული კლუბის" კრებული და სულ ნაკუწებად უქცია.

ასეთი რეაქცია მეტწილად მოსალოდნელი იყო, მით უფრო, რომ ამ კლუბის წევრების სამიზნე სწორედ კონსერვატიული ღირებულებები იყო, რის საპირწონედაც ისინი კლასიკის უხეშ პაროდიას და არანორმატიულ ესთეტიკას დებდნენ პინაზე. ახალგაზრდებმა, რომლებიც პოეტების სერიოზულმა, ოლიმპიურმა პოზებმა სამართლიანად დაღალეს, იოლად მიიღეს ეს არასერიოზული იმიჯის მქონე პოეტები. კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა წევრმა კოტე ყუბანეიშვილმა საკუთარ თავს „მასხარა" უწოდა, რითაც პოეტის კლასიკურ გაგებას გაემიჯნა. სავარაუდოდ, მსგავსი ეფექტიანი გამოსვლები გახდა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი და, შესაბამისად, ამანაც შეუწყო ხელი „რეაქტიული კლუბის" მიერ ერთგვარი ელიტურ-სვეტური ნიშის ათვისებას, რადგან, როგორც წერილ არს, არა არს სვეტობა თვინიერ ახალგაზრდობის მხრიდან დასაფორთებისა. კოტემ დაამკვიდრა პოეტის განსხვავებული „ობრაზი" (მოხულიგნო, სოციალურად აქტიური, მაგრამ ასოციალური), ამ იმიჯს იმეორებდა, მაგალითად, ნიკო გომელაური.
„რეაქტიული კლუბის" მთავარი წევრი იყო ასევე ირაკლი ჩარკვიანი, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობდა, როგორც ნოვატორ მუსიკოსს.
კლუბის წევრი იყო, ასევე, პუბლიცისტი პაატა ქურდაძე, რომელიც გაერთიანების ჩამოყალიბებიდან გარკვეული დროის შემდეგ საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

ქრონოფაგები – ანომალიური პოეზია

„ქრონოფაგების" წევრები: ზურაბ ქაოსური (რთველიაშვილი), შოთა მეტამორფოზული (იათაშვილი), გიორგი ბუნდოვანი.
დაახლოებით ამავე პერიოდში, 1991 წელს ჩამოყალიბდა ორდენი „ქრონოფაგები" და იმავე წელს გამოსცა პირველი კრებული, რომელშიც შევიდა 7 ავტორი. ქრონოფაგი დროის შთანმთქმელს ნიშნავს. პოეტური ესთეტიკური სიჭრელის გამო დროის შთანმთქმელები მალევე გაიყვნენ ორად. მემარცხენე, ექსპერიმენტატორ ორ პოეტს, ზურაბ ქაოსურს (რთველიაშვილს) და გიორგი ბუნდოვანს (კახიძეს) შეუერთდა შოთა მეტამორფოზული (იათაშვილი). მათ 1993 წელს გამოსცეს კრებული „ანომალიური პოეზია". შემდგომში სხვადასხვა აქციებში ამ სახელწოდებით იღებდნენ მონაწილეობას. აქციებიდან აღსანიშნავია:

  • „კიბე" (ქარვასლა, 1994. გ. წიბახაშვილის ფოტოგამოფენა, თ. ჯავახიშვილის პერფორმანსი, ლ. ბურდული და სხვა).
  • „გასტრონომია და სიყვარული" (პოეტური მარათონი 5 გასტრონომში. 1994. დ. ჩიხლაძესთან და ბ. გუგუშვილთან ერთად).
  • დადა-მეფე-პრეზიდენტის არჩევნები (ქარვასლა. 1994. დადა-მეფე-პრეზიდენტი გახდა ზურაბ ქაოსური).
  • ბადრი გუგუშვილის „ღია ხელოვნების მუზეუმის" გახსნა (სოფელი დიღომი, 1995).

გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა დროს იყვნენ მარგო კორაბლიოვას სახელობის პერფორმანსის თეატრის არტისტები (1994 წელს დააფუძნა დ. ჩიხლაძემ).

ჯგუფმა რაღაც მომენტში ერთობლივი გამოსვლები შეწყვიტა და დაიშალა. ზურაბ რთველიაშვილმა და შოთა იათაშვილმა საკუთარი გვარ-სახელით გააგრძელეს ბეჭდვა და გამოსვლები, მხოლოდ გიორგი ბუნდოვანმა დაიტოვა ფსევდონიმი და მას დღემდე ინარჩუნებს.

ბებერი პოეტების ორდენი

„ბობ, რამე უნდა მითხრა ახალი,
ბობ, მოიხედე, შენთან მოვედი,
ჭკვიანი თავი უნდა დახარო,
ისე ზოგადად, როგორც ყოველთვის". /რეზო გეთიაშვილი/

„ბებერი პოეტების ორდენში" შედიოდნენ ახალგაზრდა პოეტები: რეზო გეთიაშვილი, ნანა აკობიძე, ალეკო ცქიტიშვილი და კახა ჭაბაშვილი.

ორდენი დაარსდა 1993 წელს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სახელწოდების შთამაგონებელი იყო მაშინ თსუ-ში მოქმედი ახალგაზრდა პოეტების გაერთიანებები, რომლებიც ძველი ესთეტიკის მხარეს იდგნენ. „ბებერ პოეტებს" კი სურდათ „ახალგაზრდა პოეტის", როგორც ტერმინის გაუქმება და განახლებული ფორმებისა და შინაარსების დამკვიდრება.

1994 წელს ორდენმა გამოსცა პოეტური კრებული „Airlite". ეს იმ დროს პოპულარული სიგარეტის სახელწოდებაა, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „მსუბუქი ჰაერი" ან „წმინდა ჰაერი". კრებულის ავტორებმა, რეზო გეთიაშვილმა და ალეკო ცქიტიშვილმა, ფსევდონიმებად აირჩიეს აგათა კრისტის დეტექტივების პერსონაჟების სახელები (ჩარლზ ჩენდლერი და მისტერ სატერზვეიტი). კახა ჭაბაშვილი კი ფსევდონიმად იყენებდა ცნობილი ნაცისტი დამნაშავის, ადოლფ ეიხმანის სახელს, რაც მისი მხრიდან იყო რეაქცია 90-იანი წლების საქართველოს ძალადობრივ გარემოზე. ორდენის ერთადერთი ქალი წევრი ნანა აკობიძე საკუთარი გვარ-სახელით წერდა.

გაერთიანება 90-იანი წლების მიწურულისთვის უკვე დაშლილი იყო. თუმცა, თითოეული მათგანი დღემდე აქტიური და აქტუალური პოეტია.

ვარდისფერი ავტობუსი

წევრები: ალექს ჩიღვინაძე, ზაზა კოშკაძე, შოთა გაგარინი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დათო ყანჩაშვილი (იორიკი).

„ჩვენ ვართ იდუმალი პლეადა უკვდავი ხალხის
ჩვენ ვართ ვარდისფერი ავტობუსის პოეტები
ავტობუსისა, რომელიც ვარდისფერ თავისუფლებაში მიდის" – ასეთი ხმამაღალი მანიფესტით შემოვიდნენ ძალიან პატარა ბიჭები ქართულ პოეზიაში.

საჯარო ბიბლიოთეკის სრულიად კლასიკურ გარემოს იქამდე არასოდეს ახსოვდა მის მაგიდებზე უხამსი ლექსებით ხელში მორბენალი პოეტი. ეროტიკული ჰაიკუებით შეიარაღებულ ალექს ჩიღვინაძეს საჯარო ბიბლიოთეკის დაცვა რამდენიმე წუთის განმავლობაში მაგიდიდან მაგიდაზე დასდევდა და ბოლოს რომელიღაც მაგიდასთან მიიმწყვდია კიდეც. ისინი ხშირად ჩნდებოდნენ ხალხმრავალ ადგილებში სიმპათიური ნაშებით გარშემორტყმულები.

საბოლოოდ, ეს გაერთიანებაც დაიშალა, მათი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და, სულო ცოდვილო, ყველაზე სიმპათიური წევრი შოთა გაგარინი ბურჟუაზიული სიკეთეებით დაინტერესდა და „ფორბსის" რედაქტორი გახდა, ალექს ჩიღვინაძე მამა გახდა, დათო ყანჩაშვილიც მამა გახდა, კოშკა ორჯერ გახდა მამა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გახდა. ერთი სიტყვით, შოთა გაგარინის გარდა, ამ არტჯგუფის ყველა წევრი მოქმედი, აქტუალური ავტორია და გარკვეულ როლს თამაშობს თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში.

ლაბორატორია

„ოდესღაც ჩვენზე კვლევებს ატარებდნენ. შემდეგ ექიმები გადაშენდნენ, როგორც დინოზავრები. და ჩვენ დავრჩით მარტო. ჯერ გაუგებარია, ექიმები მართლა გადაშენდნენ რაღაც შეცდომის შედეგად თუ ეს მათი მორიგი ხრიკი და ექსპერიმენტია. ასეა თუ ისე, ჩვენ – პაციენტები დავეუფლეთ ლაბორატორიას და ვაგრძელებთ ექსპერიმენტებს". /ამონარიდი „ლაბორატორიის" მანიფესტიდან/

თუ კარგად მახსოვს, „ლაბორატორია" 2005 წელს შეიქმნა. ნამდვილად კარგად მახსოვს ის, რომ მისი შექმნა ზურა ჯიშკარიანის იდეა იყო. პირველი წარდგენა კინოს სახლში გავაკეთეთ და ასობით ადამიანი მოვიდა პრეზენტაციაზე. არც იქამდე და არც მერე, არ მახსოვს, ამდენი ადამიანი მისულიყოს პოეტურ საღამოზე.

„ლაბორატორიის" თავშეყრის ადგილი იყო ავთოს სახლში, რომელსაც ავთონომიას ვუწოდებდით. ვწერდით ლექსებს, ვსვამდით იაფფასიან არაყს, ზოგჯერ ვჩხუბობდით და ავთოს სახლს მთლიანად ვლეწავდით, მეორე დღეს ვრიგდებოდით და ავთოს სახლს ვალაგებდით. და, რა თქმა უნდა, ვოცნებობდით კულტურულ, სექსუალურ და მენტალურ რევოლუციაზე, რომლის ტრაკი არავის ჰქონდა ამ ქვეყანაში, ჩვენი ჩათვლით. ვაკეთებდით საღამოებს მიწისქვეშა გადასასვლელებში, კლუბებში, ბარებში და ღია ცის ქვეშ.

„ლაბორატორიის" პაციენტთა სიაში შედიან:

  • პაციენტი #0 – ზურა ჯიშკარიანი
  • პაციენტი #მინუს უსასრულობა – არყის ბიჭი
  • პაციენტი #13 – პაატა შამუგია
  • პაციენტი # რვის კვადრატი შეფარდებული თექვსმეტთან – ავთანდილ ხურციძე
  • პაციენტი #69 – შეუცნობელი ბესო კაპჭელაშვილი
  • სხვა პაციენტების ნომრები და საწოლები – ვაკანტურია.

როგორც ყველა წინამორბედი, „ლაბორატორიაც" მალევე დაიშალა. ავთომ ცოლი მოიყვანა, მიშამაც ცოლი მოიყვანა, ბესომ „ლაბორატორიის" დაშლამდე დატოვა „ლაბორატორია", ზურამ მუსიკის კეთება გადაწყვიტა და შექმნა პოპბენდი Kung Fu Junkie, მოგვიანებით კი – ჰიპჰოპ ბენდი Kayakata.

„ჩვენ ჯერ კიდევ 20 წლისები ვართ და უკვე გამოვიარეთ ომი, შიში, სიბნელე, სიცივე, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, დაკარგული ახლობლები და სამი უშედეგო ცდა-ექსპერიმენტი სახელმწიფოს აშენების.
ჩვენ ჯერ კიდევ 20 წლისები ვართ, მაგრამ უკვე დაგვიგროვდა საკმარისი სიძულვილი, უნდობლობა და სითბოს წყურვილი, რომ ვიცეკვოთ ნანგრევებზე. ჩვენ არ ველაპარაკებით ჩვენს ქვეყანას, ველაპარაკებით მსოფლიოს. ახლა, მომავალი ომების და კოსმოსური მიგრაციების მოლოდინში – ჩვენ პაციენტები საკუთარ თავზე ვიღებთ ლაბორატორიას". /ამონარიდი „ლაბორატორიის" მანიფესტიდან/

ასეთია უახლოესი ქართული პოეტური ორდენების მოკლე და არასრული ისტორია. და ეს ისტორია წლების მერე ისევ მეორდება თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე.

ჩვენ აღვდექით, ჭეშმარიტად აღვდექით!

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა