ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

პოეზია | გიორგი შონია

The Jobsland

ეძღვნება ყველა უმუშევარს სამყაროში

I
ვინ შეგვიღებს წარმატების კარებს?!
ვისაც მთელი ცხოვრება მშიერი ძაღლივით
უკან მოგვდევს ხელმოცარულობები.
ჩვენ ასე გავიზარდეთ.
იმედგაცრუება ცხოვრების წესად გვექცა
და ხანდახან, როცა წარმატების სუსტი სხივები
ჩვენი ფანჯრებისკენაც იპოვიან გზას,
უცნაურობისგან სხეული გვითრთის.

და მაინც იფიქრე პოეზიაზე,
როცა შიმშილი ასე სახიფათოდ ტრიალებს ჩვენს მუცლებში,
როცა იმედები ყარან
და დღეები ისე ორთქლდებიან კალენდრიდან,
რომ გიჭირს, მათ შორის განსხვავება იპოვო.
მომავალი კი, უბრალოდ, ილუზიაა.
ილუზია იმისა, რომ ოდესმე ბედნიერება კანის უჯრედებში გაგვიჯდება.
ასე არ მოხდება
და არც უამრავი რამ,
რასაც საკუთარ თავს ძილისწინ ვპირდებოდით.

და მაინც, ვიფიქროთ პოეზიაზე
და საკუთარი თავი განუსაზღვრელი დროით
ხელში ავიყვანოთ.
მე ვერ მოგცემ იმედს, რომ მზე ამოვა,
რომ გადასახადები დაიწყებენ კლებას
და მახინჯი კორპუსები იერს შეიცვლიან
ან აღარ გამრავლდებიან მაინც,
ვერც იმას გეტყვი, რომ მუშები მშენებლობებიდან აღარ გადმოვარდებიან,
პირიქით, ისინი დაიხოცებიან და
მაღაროებში ჩაიხოცებიან
და მას მოყვება მცირერიცხოვანი აქცია,
სადაც პოლიციელები, დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის,
რამდენიმე მონაწილეს დააპატიმრებენ.
მერე კი, მშვიდობიანად დავიშლებით,
საკუთარ ოთახებს შევეხიზნებით
და საკუთარ უმწეობაში ყელამდე ჩაფლულებს
მოლოტოვის კოქტეილებით სავსე ყუთები დაგვესიზმრება.

II

შენ კი შეხვალ საიტებზე, სადაც განთავსებულია ათასობით ვაკანსია
სამსახურის შესახებ
ანუ ათასობით იმედი და შესაძლებლობა.
მომავლის პერსპექტივები ციმციმებენ შენი ლეპტოპის ეკრანზე.
დამსაქმებელი კი გელოდება
და ელოდება შენს 2,5-გვერდიან რეზიუმეს
და ფოტოს, სადაც ძალიან გამხდარი ხარ.

მე არ ვფიქრობდი მათზე, როცა ლექსების წერას ვიწყებდი
და ვცდებოდი, საშინლად ვცდებოდი.
მე, პირველ რიგში, მათზე უნდა მეფიქრა
და არა კაფკაზე, არც დოსტოევსკიზე,
არც ფოლკნერზე,
არც უიტმენზე და აპოლინერზე,
არც ჰენრი მილერზე.
პირველ რიგში, უნდა მიფიქრა დამსაქმებლებზე,
როგორც ღმერთზე,
რომელმაც უნდა აგიყვანოს სამსახურში
და მოგცეს 500 ან 600 ლარი
და სოციალური სტატუსი
და სამუშაო გრაფიკი
ორშ-პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე.

როგორმე უნდა ისწავლო ცხოვრება.
რაც არ უნდა დაგიჯდეს,
წყალი უნდა ასხა სოციალური სტატუსის
მოსაპოვებელ წისქვილს
და ასევე, უნდა წერო ჭკვიანური სტატუსები ფეისბუკზე,
ქვეყანაში მიმდინარე მწვავე საკითხები მიმოიხილო,
მარგინალური კლასი უნდა აძაგო, აძაგო, აძაგო,
რათა ლაიქებისა და შეარების უხვი მოსავალი მოგივიდეს.

III
ვინ გეტყვის შენ,
რომ სიმართლე,
რომელიც ყველამ იცის
და არავინ ამბობს,
არც უნდა ითქვას,
რადგან უხერხულია.
უხერხულია სიმართლის თქმა,
როცა ტყუილი ვიქტორია სეკრეტის ლამაზმანივით მიმზიდველი
და სასურველია.

ვინ გკრავს მუჯლუგუნს და გამოგაფხიზლებს
და აგიხსნის ცხოვრების დაუწერელ კანონებს,
რომელიც უთუოდ ვიღაცამ დაწერა.
შენ კი, ბეჯითი მოწაფე უნდა იყო
და ყველა შეცდომაზე წკეპლა გხვდებოდეს,
რათა სწორი პასუხები შრამებივით გაჩნდეს,
რათა თითოეული მათგანი გაითავისო,
რადგან მხოლოდ ამას შეუძლია ხვალინდელი
განთიადის ჩუქება.

ვინ გაფანტავს ავისმომასწავებელ ღრუბელს
შენს თავზე
და ვის არ დაენანება ორიოდე თბილი სიტყვა.
ვინ გადადებს განზე კომფორტისკენ მიმავალი მატარებლის ბილეთს.
ვინ იტყვის სიმართლეს, მეგობრებო?
რომელი თქვენგანი გამოიჩენს საკმარის სიბრიყვეს
და სახიფათო ვნებებს კვალაღებული ძაღლივით გაჰყვება.
რომელი თქვენგანი ისკუპებს გაზაფხულის მზიანი დღეებიდან,
რათა თებერვლის მოყინულ ასფალტზე მოადინოს ბრახვანი
და შუა გზაზე წამოეწიოს ღამე
და ვარსკვლავებმაც ჯინაზე მოხუჭონ თვალები
რომ კვანძის შეკვრისას,
გამოუვალ მდგომარეობაში გაიკვანძოს
და დარჩეს ასე 
უმომავლოდ, უპერსპექტივოდ და უპასუხოდ,
საკუთარი თავის ამარა.

 

საბედისწერო წრებრუნვა

ვინ გააქვავა მშიერი ბავშვების სხეულები
ქუჩის კუთხეებში?
ვინ ამოტვიფრა შენს სახეზე იმედგაცრუების მოსაწყენი მოზაიკა?
ვინ არ ასწავლა გზა იხვებს, გაყინული ტბიდან?
ვინ გააჩინა ვარსკვლავები ცაზე
და სწრაფგაცრუებადი იმედები ჩვენს გულებში?

დღეს გაზაფხულია.
ან, იქნებ, მე მინდა ასე.
მნიშვნელობა არ აქვს.
მაინც არავინ განაქვავებს ქუჩის ქუთხეში მდგარ მშიერ ბავშვებს?
ვერავინ წაშლის შენს სახეზე იმედგაცრუების მოსაწყენ მოზაიკას
და იხვები გაყინულ ტბაში სათითაოდ ჩაიხოცებიან.


უმწეოთა ოდა

წადით, ჩემო სიმღერებო, მარტოსულებთან და აღუვსებლებთან,
წადით ნერვებდაგლეჯილებთან.
წაუღეთ მათი მჩაგვრელების მიმართ ჩემი სიძულვილი.

ეზრა პაუნდი

სად გადის ზღვარი ხელმოცარულობების სტიქიონებსა
და შესაძლო თვითმკვლელობათა სერიას შორის?
ვინ დაუდგება მათ გვერდით,
ვინც არასოდეს ყოფილა საზოგადო სიყვარულის მსხვერპლი.
ვინ გამოვა თბილი ოთახივით სასურველ
კომფორტის ზონიდან
და გრაციოზულად გაუწვდის მათ პერსპექტივებით სავსე ხელს
და აჩვენებს გზას, თუ როგორ ამოვიდნენ სოციალური ფსკერიდან
და აამხედრებს წარმატებებისკენ მიმქროლავ ბედაურებზე.

რა უნდა ქნას მან, ვისაც არასდროს ჰყოლია გავლენიანი მშობლები
და საჭირო სანაცნობო წრე.
თუ, უბრალოდ, ფხა არ ეყო
და ვერაფერი ისწავლა ცხოვრებისეული გაკვეთილებიდან.
ვინც, მისდა საუბედუროდ,
არასოდეს გახვეულა ნეპოტიზმის თბილ საბანში.

ერთი პოეტი წერდა,
თუ სად შეიძლებოდა, გამქრალიყო ამ ადამიანების მიზნები და ამბიციები.
მე კი ვეტყვი მას,
რომ ის აორთქლდა იმ დღეებში, როცა საკუთარი თავი
ხელიდან ეცლებოდათ და ვერაფერს აკეთებდნენ,
ძალა არ ჰქონდათ სიტუაციის შესაცვლელად
და საკუთარ უმწეობაში ყელამდე ჩაფლულნი,
ამაოდ ელოდნენ ხსნას.
ტკივილი კი იზრდებოდა
და მწიფდებოდა იმ სიტუაციად,
რომ საბოლოოდ უარი განაცხადეს ბრძოლაზე
და შეეგუენ
და გახდნენ ისეთები, როგორებიც გახდნენ
და მოკვდნენ იმის იმედით,
რომ არასოდეს მოუწევდათ ხელახლა დაბადება.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა