გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პროფკავშირები პოსტსაბჭოთა საქართველოში | გაბრიელ ჩუბინიძე

მეორე ნაწილი სტატიიდან: პროფკავშირები
ტექსტი სრულად: ინდიგოს 47-ე ნომერში

საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლება დღის წესრიგში ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დააყენა. 1991 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნებულ საპრეზიდენტო ბრძანებაში ეწერა, რომ საჭიროა პროფკავშირების საბჭოთა მართვის სტილიდან და სახელმწიფოს გავლენებისგან გათავისუფლება; რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას სწორედ პროფკავშირები უნდა გახდეს მშრომელთა ინტერესების მთავარი დამცველი. გამსახურდიას ამავე ბრძანების მიხედვით, უნდა დაჩქარებულიყო შრომის კოდექსის შექმნა და მიღება(2).

დაიგეგმა, რომ შემდეგი ორი თვის განმავლობაში საწარმოებსა და დაწესებულებებში უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები ახალი, 1992 წლისთვის, კოლექტიური ხელშეკრულებების დასადებად, არსებულ ხელშეკრულებებში კი უნდა დაემატებინათ სოციალური პაკეტები, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოქალაქეთა ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სოციალური დაზღვევა.

თუმცა, „შემდეგ ორ თვეში“ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო და პროცესი შეწყდა. ირაკლი ტუღუში, რომელიც საქართველოს ახალ რეალობაში შექმნილი პროფკავშირების რიგით მეორე თავმჯდომარეა, ამბობს: „1991 წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაემორჩილებინა პროფკავშირები – ძალისმიერი მეთოდებით მოიშორეს ძველი და აირჩიეს თავიანთი კანდიდატურა – ზურაბ ხონელიძე. დარგობრივი დაყოფა გაუქმდა და შეიქმნა ცენტრალიზებული სტრუქტურა – პირველი მმართველი პირით – ეს სერიოზული ბერკეტი იყო გავლენის მოსახდენად. გამსახურდიას ხელისუფლებამ მთლიანად წაიღო სოცდაზღვევის ფონდი და მისი მართვა, ეს იყო საკმაოდ დიდი თანხა, ამიტომაც ეს სანატორიუმები, სპორტული ობიექტები და ა.შ., რომელიც პროფკავშირების საკუთრებაში იყო, დაფინანსების გარეშე დარჩა“.

თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ, დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა. იმის ცოდნა, რომ პროფკავშირების ბალანსზე დიდი რაოდენობის უძრავი ქონებაა, ზრდიდა ცდუნებას, საჯარო კაპიტალის განკარგვისას კერძო ინტერესებით ეხელმძღვანელათ.

1992 წლის 8 ოქტომბერს პროფკავშირების რიგგარეშე ყრილობა დაინიშნა, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. 16 სექტემბერს კანდიდატ ირაკლი ტუღუშს უცნობი პირები დაესხნენ თავს, ორჯერ ესროლეს ფეხში, დაახალეს საკონტროლო ტყვიაც. „ან არაპროფესიონალი იყო, ან ჩემი სიკვდილი არ უნდოდა, რადგან წაქცეულს თავზე რომ წამომადგა, კვლავ ფეხებში დამახალა“(3), – ამბობს ირაკლი ტუღუში, რომელმაც, საბოლოოდ, 18 დეკემბრისთვის გადადებულ არჩევნებში გაიმარჯვა.

„92 წლის დასაწყისში, როცა გამსახურდია წავიდა, პროფკავშირებში ნამდვილი გადატრიალება მოვახდინეთ – შევქმენით დამოუკიდებელ პროფკავშირთა კონფედერაცია, დავასწარით ახალ ხელისუფლებას და დავნიშნეთ არჩევნები. ახალი ხელისუფლება ჩვენზე გავლენის მოპოვებას კი მაინც ცდილობდა. სამწუხაროდ, ეს სურვილი ყველას აქვს, ბევრს უნდოდა პროფკავშირის ქონების ხელში ჩაგდება, ხეირი რომ ენახათ“, – ამბობს ირაკლი ტუღუში.

იმ დროისთვის, პროფკავშირების ხელში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება. რუსეთში კი ვიცით, რომ 1992 წლისთვის, პროფკავშირების ხელში იყო: 690 ტურისტული ბაზა, 813 სანატორიუმი, 277 ადმინისტრაციული და სოციალური შენობა, 657 სპორტული ცენტრი, 113 საწვრთნელი ბაზა და 29 სამშენებლო ორგანიზაცია(4).

საქართველოში მხოლოდ 2003 წლის იანვრის მდგომარეობით ვიქმნით ქონების შესახებ წარმოდგენას: პროფკავშირების ხელში იყო(5): 52 საკურორტო დაწესებულება, მათ შორის: 24 სანატორიუმი, 8 პანსიონატი, 6 დასასვენებელი სახლი, 10 ადმინისტრაციულ-სამეურნეო დაწესებულება, 2 საკურორტო პოლიკლინიკა, 2 ავტოსატრანსპორტო საწარმო. 33 სპორტული დაწესებულება, მათ შორის: 10 საჭიდაო დარბაზი, 8 სპორტული დარბაზი, 5 სტადიონი, 3 სპორტკომპლექსი, 2 საწყლოსნო (სანიჩბოსნო) სადგური, 1 ჭადრაკის კლუბი, 1 ტრამპლინი, 1 მძლეოსნობის სასახლე, 1 სათხილამურო ბაზა, 1 სასროლეთი.

პროფკავშირების ხელში იყო 12 სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის: 1 კულტურის ცენტრი, 1 სასწავლო ცენტრი, 1 სპორტკომპლექსი, 2 სასტუმრო, 1 კვების ბლოკი, 2 საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაცია, 1 დასასვენებელი სახლი, 1 ავტოფარეხი, 1 სამეურნეო ორგანიზაცია.

სავარაუდოდ, წარმოებაგაჩერებულ, ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილ და ომებგამოვლილ ქვეყანაში ახალი ფუნქცია ყველაზე პირველად გამოუჩნდა სანატორიუმებს, რომლებიც ცარიელები იდგა იმის ნიშნად, რომ მშრომელთა ვითომ უზრუნველი ცხოვრება წარსულში დარჩა. გაგრა როგორც კი დაეცა, მაშინვე დაიწყო მიტოვებულ სანატორიუმებში იძულებით გადაადგილებული ადამიანების შესახლება და ნელ-ნელა, პროფკავშირების ბალანსზე არსებული 29 ობიექტი ქაოსურად და ე.წ. თვითდინებით შეივსო. ამ პერიოდში უშუალოდ ქონების მოსავლელად – შესარემონტებლად და სხვა – თვითონ პროფკავშირებიც ვეღარ იცლიდა, გამოსავალი ქონების ნაწილის გაყიდვა გახდა.

დაწვრილებით

2003 წლისთვის გაასხვისეს რამდენიმე მსხვილი ობიექტი: სს „ბორჯომმინწყალი“, შპს „ნაბეღლავი“, სს „ინტერიერი“ (გაიყიდა აქციები), თბილისის ჩოგბურთის კორტები, სპორტდარბაზი „შევარდენი“ და კიდევ ოთხი სხვა. შემოსული თანხით ის სანატორიუმები და სხვა ნაგებობები განაახლეს, რაც დარჩათ. საგზურების გაცემას აგრძელებდნენ 2000-2004 წლებშიც და ამ პერიოდში მთლიანი საკურორტო მომსახურებიდან – ჯამში 24 ობიექტიდან – შემოსავლის სახით 2,484,987 ლარი დარჩათ.

„ერთადერთი, რის გამოც საზოგადოებას მაშინდელი პროფკავშირები შეიძლება ახსენდებოდეს, სწორედ ქონების გამო დაწყებული დავებია, – აფასებს პროფკავშირების ახლანდელი თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ამ პოსტზე 2005 წელს აირჩიეს, – მაშინდელი მმართველები ყველანაირად ცდილობდნენ, რიგით მშრომელებთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონოდათ. როგორც საბჭოთა კავშირში, ყველაფერი ტელეფონით გვარდებოდა – მთავრობაში კაცი უნდა ჰყოლოდათ. წარმოიდგინეთ, 34 დარგობრივი კავშირი ჰქონდათ – 34 ეკონომიკური სექტორი“.

თუმცა, ირაკლი ტუღუში ამ პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევად საკანონმდებლო ცვლილებებს მიიჩნევს: „1997 წელს ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი პროფკავშირების შესახებ და ის მთლიანად ჩვენ დავწერეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად. მივიღეთ კანონები კოლექტიური ხელშეკრულებების და კოლექტიური დავების შესახებ, ასევე, დასაქმების, საარსებო მინიმუმის გამოთვლის, სოციალური პარტნიორობის შესახებ და ეს უდიდესი მონაპოვარია“.

script



ირაკლი ტუღუში იხსენებს, რომ მაშინ პროფკავშირები გაფიცვებში მონაწილეობასაც ახერხებდა: „ძალიან ბევრი გვქონდა გამოსვლები, მიტინგები, მაგალითად, ერთი გაფიცვა მოვაწყვეთ “ივერიასთან”, მოედანზე – ხელფასების დაგვიანებაზე, ასევე იყო საავიაციო ქარხანაში, სადაც დაბალი ხელფასები ჰქონდათ. პრეზიდენტს შევხვდით ამაზე. ვაპროტესტებდით ხელფასების სერიოზულ დაგვიანებებს მსუბუქ მრეწველობაში. ღარიბი სახელმწიფო იყო და მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა გვიჭირდა“.

თუმცა, შრომის პირობებს აუტანელს ხდიდა არა მხოლოდ თვეობით მიუღებელი ანაზღაურება, არამედ უსაფრთხოების თემაც. იმ პერიოდში შემოწმებულ 150 დაწესებულებაში ტექნიკური უსაფრთხოების დარღვევის 1650 შემთხვევა გამოვლინდა. 2000-დან 2004 წლამდე, სამსახურებრივი ტრავმებით გარდაიცვალა 55 ადამიანი, ხოლო 115 დაშავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი არც აღურიცხავთ.

პროფკავშირების მნიშვნელობა, ამ ფაქტებზე რეაგირების არქონის გარდა, იმანაც დაასუსტა, რომ მუშათა კლასი თითქმის აღარ არსებობდა – 2003 წლისთვის მოსახლეობის 66 პროცენტი თვითდასაქმებული იყო. ამავე წლის მონაცემებით, კერძო სექტორში შრომობდა მოსახლეობის 77 პროცენტი, თუმცა, ძირითადად, კერძოში პატარა კომპანიები იგულისხმება. ამიტომ მუშათა ერთობა ვერ ყალიბდებოდა – მათი გაფიცვა მხოლოდ რეაქცია იყო ხელფასის დაგვიანებაზე, ამაზე მეტის მოგვარებას და მოწესრიგებას ვეღარ ითხოვდნენ, ძალა არ ჰქონდათ. ვერც თავად გაერთიანებულმა პროფკავშირმა შეძლო მუშათა რეალურ საჭიროებებზე რეფლექსია, პირიქით, ინერტულობისა და სახელმწიფოს წინაშე მშრომელთა უფლებების დაუცველობის შედეგად, მათი ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო ეცემოდა. მაგალითად, 2000 წელს მოსახლეობის 61 პროცენტი არ ენდობოდა პროფკავშირებს, ხოლო 1991-დან 2000 წლამდე, 2.7 მილიონი წევრიდან პროფკავშირში 770 000 ათასი წევრი დარჩა(6).

1990-იან წლებში მაინც მოხდა სამი მნიშვნელოვანი გაფიცვა:1990 წლის 27 მარტს, ტყიბული გაიფიცა. გაფიცვის მთავარი მოთხოვნა ტყიბულის შახტების საკავშიროდან რესპუბლიკურ დაქვემდებარებაში გადმოცემა და ქვანახშირის ადმინისტრაციის ქუთაისიდან ტყიბულში გადატანა იყო. ტყიბულში 1970-იანი წლების შემდგომ, თითქმის აღარ აშენებულა ახალი მაღაროები, არ განახლებულა ინფრასტრუქტურა, გაუარესდა ეკოლოგია. ტყიბულელებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა დონბასელმა მაღაროელებმა. ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ თუ არ შესრულდებოდა მაღაროელთა მოთხოვნები, ისინი სოლიდარულ გაფიცვას დაიწყებდნენ. მაგრამ ტყიბულელთა მოთხოვნები არ შესრულდა, სწორედ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი დასრულდა და მაღაროებისა საწარმოების უდიდესი ნაწილი ისედაც დაიხურა. მერე მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ, 1993 წლის აგვისტოში, რამდენჯერმე – პედაგოგები. არცერთ მათგანში გაერთიანებული პროფკავშირები არ მონაწილეობდა.

„როცა ფული გაუფასურდა, ხელფასი მაქსიმუმ იმდენი გამოგვდიოდა, 1 კგ ხორცი გვეყიდა. მერე და მერე, ესეც შეუძლებელი ხდებოდა. პროფკავშირები, მგონი, იყვნენ, მაგრამ ჩვენით გავაკეთეთ ორგანიზება, იმათ არ უაქტიურიათ. ზეწოლაც იყო – მერიიდანაც მოგვიგზავნეს ხალხი, გვითხრეს, თავებს დაგაცლით და კაბინეტებში დავაწყობთო. მაგრამ ეს იყო გამაფრთხილებელი გაფიცვა – არასამუშაო დროს შევიკრიბეთ და გამოვაცხადეთ, რომ თუ არ დაგვიკმაყოფილებდნენ მოთხოვნას – 100 დოლარის ეკვივალენტს ვითხოვდით ხელფასს, ეგ მაინც ცოტა ფულს ჰგავდა, – დილას აღარ გამოვიყვანდით მატარებლებს. დილის 6-ის ნახევარი რომ გახდა, ოღონდ გადით და ყველაფერი იქნებაო... დაგვიკმაყოფილეს“, – იხსენებს ბესო, რომელიც იმ წლებში მემანქანედ მუშაობდა.

1994 წლის ოქტომბერში თბილისის ოცდაათი საჯარო სკოლა გაიფიცა (რამდენიმე – რეგიონშიც), ამის საპასუხოდ, მთავრობამ პრობლემა ასე ჩააცხრო – 5 მილიონის დამატებითი კუპონი გამოყო პედაგოგების უფასო მგზავრობისთვის.

1995 წლის 18 მაისს მასწავლებლებმა პროფკავშირების ტიპის ასოციაცია შექმნეს – „პედაგოგთა ღირსების დაცვის ასოციაცია“.

მოძრაობის წევრი, ლალი გილიგაშვილი ამბობს: „ზემდგომი ორგანოებიდან ჭკუას გვარიგებდნენ და გვიხსნიდნენ, რომ რადგან ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა, ჩვენს გაფიცვას აზრი არ ექნებოდა. ამიტომ მივედით დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ორგანიზაციის ჩამოყალიბება“.

დაწვრილებით

1996 წელს, ხელისუფლებამ 9 თებერვალს მიღებული დადგენილებით განათლების რეფორმა დააანონსა, რომელიც მსოფლიო სავალუტო ფონდის რჩევებს ითვალისწინებდა – რეფორმის შედეგად სამსახური უნდა დაეტოვებინა 40 ათას პედაგოგს(7). 2 მაისს ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა და გაფიცვის მოთხოვნები ჩამოაყალიბა: „პროფესორ-მასწავლებლებს გაეზარდოთ ხელფასი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, პედაგოგებს მიეცეთ უფასო მგზავრობის უფლება, მათი ოჯახები გათავისუფლდნენ კომუნალური და მიწის რენტის გადასახადისგან, ხელფასზე მოიხსნას დაქვითვები, არასრულწლოვან მოსწავლეებს მიეცეთ უფასო სამედიცინო დახმარება“(8).

თითქმის ორი კვირის განმავლობაში (3-14 მაისი), „პედაგოგთა ღირსების დაცვის ასოციაციის“ ორგანიზებით თბილისში 12 სკოლა გაიფიცა (მათ მიჰყვა რეგიონის რამდენიმე სკოლაც). ახლა ისინი რეფორმის შეჩერებას და ხელფასების საარსებო ზღვრამდე ზრდას ითხოვდნენ. სახელმწიფომ უკან დაიხია, შენარჩუნდა 32 ათასი სამუშაო ადგილი და მხოლოდ 8 ათასი გათავისუფლდა.

1997 წელს გაფიცვა კვლავ განმეორდა, მოგვიანებით მოეწყო შიმშილობაც – შედეგად, ხელფასები გაორმაგდა. პედაგოგთა ასოციაციის წევრი, დავით არაბიძე იხსენებს, რომ მათ ემიგრანტების დახმარებით საერთაშორისო კავშირებიც დაამყარეს – განათლების ინტერნაციონალის გენერალური მდივნის ფრედ ვან ლივენისგან საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძისადმი წერილის გაგზავნასაც კი მიაღწიეს – ფიქრობდნენ, რომ ასე მაინც მიიპყრობდნენ საკუთარი მთავრობის ყურადღებას.

„განათლების საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაცია წარმოადგენს 23 მილიონ მასწავლებელს და განათლების მუშაკთა 258 პროფესიულ ორგანიზაციას 140 ქვეყანაში. ჩვენ ინფორმირებული ვართ საქართველოს პედაგოგთა უიმედო მდგომარეობის შესახებ, რომ დაკნინებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ მათი ხელფასი საარსებო მინიმუმის 8 პროცენტია. ასეთ პირობებში განათლება ვერ იქნება სასურველ მდგომარეობაში. ბატონო პრეზიდენტო, განათლების საერთაშორისო ორგანიზაცია მოგმართავთ, ჩაერიოთ პედაგოგთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, ვინაიდან განათლება არის საფუძველი საზოგადოების წინსვლისა და ეკონომიკის განვითარების. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. ბრიუსელი 1996 წლის 2 თებერვალი“(9).


მითითებული წყაროები:

2 გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა”, 26/11/1992.

3 „საქართველოს რესპუბლიკა”, 10/12/1992.

4 Russian Trade unions and industrial relations in transition, Sarah Arshvin and Simon Clarke, გვ. 90.

5 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება V ყრილობიდან - VI ყრილობამდე (24.XI.2000-19.XI.2004).

6 Georgia Since independence, Stephen Jones, გვ. 180-185.

7 „იბერია სპექტრი”, 27/06/1996.

8 „გაზეთი ლაშარის გორი”, 1996/N10.

9 „გაზეთი თვალთაი”, 22-29/03/1996.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა