ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პროფკავშირები ვარდების რევოლუციის შემდეგ | გაბრიელ ჩუბინიძე

მესამე ნაწილი სტატიიდან: პროფკავშირები
ტექსტი სრულად: ინდიგოს 47-ე ნომერში


ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანა 2003 წელს კიდევ ერთ რევოლუციამდე მიიყვანა.

2004-დან 2008 წლამდე, კახა ბენდუქიძის მინისტრობის პერიოდში, საქართველოში რადიკალური ნეოლიბერალური რეფორმები გატარდა: 21 გადასახადიდან დარჩა ექვსი, სატარიფო ბარიერების უდიდესი ნაწილი გაუქმდა, პრივატიზაციის სამიზნე გახდა არა მხოლოდ შენობები და საწარმოო დაწესებულებები, არამედ – ჰიდროელექტროსადგურები, პორტები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

რეფორმებმა და სახელმწიფოს თითქმის ყველა უწყებაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ათიათასობით ადამიანი დატოვა უმუშევარი. ხელისუფლება ამ პროცესს ბუნებრივად მიიჩნევდა და მას ბიუროკრატიული აპარატის შემცირებით ხსნიდა. შესაძლოა, ეს პროცესი გარდაუვალი და აუცილებელიც კი იყო, მაგრამ საჯარო უწყებებიდან მოქალაქეთა დათხოვნა მაინც მწვავე დარღვევებით, შრომითი უფლებების უხეში ხელყოფით მიმდინარეობდა. ყოფილა შემთხვევები, როცა დასაქმებულს ის, რომ გათავისუფლებულია, თვის ბოლოს, ხელფასის აღების მომენტში გაუგია.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის 2005 წლის ანგარიშში, სათაურით „შემდეგი გაჩერება – ბელორუსი?“, წერია:

„მასობრივი შემცირებები, რომელიც უნივერსიტეტში ახალმა რეფორმამ მოიტანა, ხელმძღვანელობასა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამსახურის გარეშე ერთდროულად რვაასი თანამშრომელი დარჩა... უნივერსიტეტის რექტორთან, ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძესთან შეხვედრამ კი ყვირილისა და უარყოფითი ემოციების ფონზე ჩაიარა, რის შემდეგაც პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის შენობიდან ქუჩაში გადაინაცვლეს და იქ დაიწყეს საპროტესტო აქციების მოწყობა. ამის საპასუხოდ მინისტრმა კახა ლომაიამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში რეფორმები კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს, მათ სტიპენდიების სახით თვეში 50-60 ლარი დაენიშნებათ“.

ამავე პერიოდში გაუქმდა შრომის კოდექსი (გაუქმდა ცალმხრივად, მოვალეობები მხოლოდ დასაქმებულს ჰქონდა დამსაქმებლისადმი) და შრომის ინსპექცია, რითაც შრომის ბაზარზე დასაქმებული სრულიად დაუცველი დარჩა.

პროფკავშირული გაერთიანება „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი, დავით ომსარაშვილი ამ მოვლენას შემდეგნაირად ხსნის: „მსგავსი გამოცდილებები აქვთ დამწყებ, ვითომ რეფორმატორ ქვეყნებს, რომლებშიც ულტრამემარჯვენე პარტიები იმარჯვებენ ხოლმე. ამით ცდილობენ, რაღაც ინვესტიციები მოიძიონ და გამოდის, რომ ისინი ინვესტორებს ქაოსში ეპატიჟებიან – აი, მოდი, ეს არის ქაოსი, სადაც შენ შეგიძლია, ბევრი ფული იშოვო“.

ირაკლი ტუღუში იხსენებს: „2005 წელს, ახალმა ხელისუფლებამ ჩვენ უბრალოდ გაგვაკულაკა, კი, ამხელა ქონება პროფკავშირებს არ სჭირდებოდა, ალბათ, უშლიდა კიდეც, მაგრამ ტოტალური გაკულაკება ზედმეტი იყო. ბენდუქიძე, სამწუხაროდ, ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა რუსეთში პროფკავშირების შესახებ, და როცა ჩამოვიდა, მაშინვე ხელი დაგვადო, მოვიდა და ქონების თემაზე დაგვიწყო საუბარი. მეგონა, ვერ გაბედავდნენ, მაგრამ გაბედეს… ქონებას თვალი დაადგეს, კარგი სანატორიუმები გვქონდა, მართალია, ვერ ვუვლიდით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რვა თვე პროკურატურა იჯდა ჩვენთან, რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ რა უნდა ეპოვათ, არაფერი არ მოგვიპარავს, ხოდა, როცა ვერაფერი ნახეს, ჩემი მოადგილე დაიჭირეს რაღაც სხვა საქმეზე – ასე ახდენდნენ ზეგავლენას ჩვენზე. იძულებული გავხდი, რომ გადაგვეფორმებინა ეს ყველაფერი. დაგვიტოვეს ძალიან ცოტა, ისიც ჯიკაობით, აი, ქობულეთში, ბათუმში რაღაცა, წაღვერში თითო-ოროლა... ზოგ-ზოგიერთს მთავრობაში ეგონა, რომ პროფკავშირები ხელისუფლების დანამატი უნდა ყოფილიყო“.

ამ პერიოდში ირაკლი ტუღუშის მთავარი ოპონენტი ირაკლი პეტრიაშვილი იყო. „კარგად დაამუშავეს ტუღუში და ეგენი, რომ ხელი აეწიათ ქონების გადაცემაზე, ერთ-ერთი მე წავედი წინააღმდეგი – გასაგებია, რომ ეს ქონება ისე არ განიკარგებოდა, როგორც საჭიროა, მაგრამ სახელმწიფომ რატომ უნდა წაიღოს, თუ ეს დასაქმებულთა ფულით არის შექმნილი? კვირას, როცა დაკეტილი იყო ყველაფერი, გამოიყვანეს ეს ხალხი სახლებიდან სპეცრაზმის ძალით და გადააცემინეს ეს ქონება სახელმწიფოსთვის, მაგალითად, ახლანდელი სასტუმრო „კასტელო მარე“ ციხისძირში, დღევანდელი მერიის შენობა, მეტიც – პროფკავშირების ოფისიც კი გადააცემინეს და უოფისოდ დარჩნენ“.
 

დაწვრილებით

სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელიც მეტწილად მხოლოდ „ინვესტორის ინტერესებს“ ითვალისწინებდა, ვერანაირად ვერ მოიძებნებოდა პროფკავშირების აქტიურობის, სოლიდარული გაფიცვის ადგილი. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს: „სააკაშვილის დროს არცერთი დავა არ მოგვიგია, მეტსაც გეტყვით, სასამართლოში, როცა ერთ საქმეზე ვამტკიცებდით, რომ ეს გარემოება იყო დისკრიმინაციული, მოსამართლემ არათუ თქვა, არამედ გადაწყვეტილებაშიც ჩაწერა, რომ დიახ, საქართველოში შრომის კოდექსია თვითონ დისკრიმინაციული და ამიტომ პრობლემა არ არის, თუ ამ პიროვნებასთან დაკავშირებით დისკრიმინაცია განხორციელდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ვეუბნებოდით, რომ ამით ფეხმძიმე ქალებს ჩააგდებდნენ კატასტროფულ მდგომარეობაში, ის კი გვპასუხობდა: დიახ, მე, როგორც დამსაქმებელი, მამაკაცს უფრო ავიყვან სამსახურში, რადგან ქალი შეიძლება დაფეხმძიმდეს და გავიდეს დეკრეტულ შვებულებაში“.

ირაკლი პეტრიაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ 2005 წელს აირჩიეს და დღემდე ამ პოსტს იკავებს.

დღეს გაერთიანებული პროფკავშირები შედგება 21 დამოუკიდებელი დარგობრივი ორგანიზაციისგან, რომელიც სულ 150,000-მდე ადამიანს აერთიანებს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მას არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ამ დარგების შიდა საქმეებში. მისი, როგორც თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მხოლოდ საერთაშორისო მიმართულებით, საკანონმდებლო ინიციატივების შეტანითა და დარგობრივ გაერთიანებებს შორის ინფორმაციის გაცვლით.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული პროფკავშირები ცდილობს, რეფორმირდეს, მათ მიმართ კრიტიკა ვრცელია და საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიპეტიების შემდეგ, ნდობის აღდგენას ჯერ ვერ ახერხებს. ესაა ოთხი მთავარი საკითხი:

21 დარგობრივი კავშირიდან, რეალურად მხოლოდ რამდენიმეა აქტიური და, მაგალითად, ბევრს არავის სმენია დავით ოქიტაშვილის ხელოვნების პროფკავშირის შესახებ, რომელიც 7000-მდე ადამიანს აერთიანებს.

ირაკლი პეტრიაშვილი უკვე მეოთხე ვადითაა არჩეული.

და ბოლოს, მშრომელთა თქმით, რიგ, კონკრეტულ მოვლენებში, გაერთიანებული პროფკავშირები იკავებდა პროტესტისთვის დამაზიანებელ პოზიციას ან ძალიან გვიან და არაეფექტიანად ერთვებოდა.

გაერთიანებულ პროფკავშირებში შემავალი პროფესიული კავშრების გარდა,  ალტერნატიული ერთობებიც დაფუძნდა.

რკინიგზის ახალი პროფკავშირი

რკინიგზის ახალი პროფკავშირი 2013 წელს შეიქმნა და შევიდა გაერთიანებული პროფკავშირის რიგებში. იგი ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა ძველი რკინიგზის პროფკავშირისადმი, რომელიც ადმინისტრაციის მიერ მართული გახდა.

რკინიგზის ახალი პროფკავშირი, 2013-დან 2015 წლამდე, სამჯერ გაიფიცა სამი ძირითადი მოთხოვნით: წინასაახალწლოდ, ე.წ. მე-13 ხელფასის გაცემა; 2015 წლის 1 იანვრიდან ახალი სახელფასო სისტემის ამოქმედება კლასისა და დამსახურების დანამატების გათვალისწინებით; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კვირაში 40 საათის მუშაობის ზემოთ. ყველა ჯერზე გაფიცვა გაფიცულთა სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა კომპანიამ პირველ ორ შემთხვევაში არ შეასრულა პირობა, პირიქით, დაიწყო დასაქმებულთა დევნა და შევიწროება. თუმცა, რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას თქმით, საბოლოოდ, „ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაფერი 48 მილიონი ლარი დაუჯდა კომპანიას, ანუ 48 მილიონი ლარით გაიზარდა სახელფასო ბიუჯეტი“.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ასევე გაერთიანებული პროფკავშირების წევრია, იგი ძირითადად აერთიანებს ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ მუშებს, სულ 4000-მდე მათგანს.

ჭიათურაში მძიმე სამუშაო პირობების გამო გაფიცვები პერიოდულად სულ ხდება (განსაკუთრებით მაშტაბური იყო 2012 და 2014 წლების გაფიცვები), თუმცა 2019 წლის „ჭიათურ მანგანეზის“ პროტესტი ყველასგან განსხვავებულია. ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისის თვეში, ერთ-ერთი მორიგი მოლაპარაკების დროს, გადაწყდა ხელფასების ეტაპობრივი მატება, თუმცა კომპანიამ იგი არ შეასრულა, ამიტომაც 2019 წლის 17 მაისს ჭიათურა გაიფიცა. გაფიცვაში მონაწილეობდა სამი პროფესიული გაერთიანება, მათ შორის „საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა კავშირი“, სამივემ შეძლო და წარმატებით გაერთიანდა ერთი მიზნით. რამდენიმე დღეში, ქალაქი გაჩერდა – გაფიცვას შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა, დაიხურა სკოლები და მაღაზიები. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცია სახელმწიფომ ყურადღება მშრომელთა პროტესტს და მათ მოთხოვნებს – ხელფასის 30 პროცენტით მომატებას, კვების და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტებს, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მადნით დატვირთული საბარგო ავტომანქანებისთვის ჭიათურაში გადაადგილების აკრძალვას. საბოლოოდ, გაფიცვა წარმატებით დასრულდა – კომპანია ყველა მოთხოვნას დათანხმდა.

ერთობა 2013

დამოუკიდებელი პროფკავშირის "ერთობა 2013-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბარბაქაძე იხსენებს: „როცა ბენდუქიძის დროს, შრომის კანონი შეიცვალა, აბსოლუტურად გაგვინულდა ყველანაირი დანამატები, ხელფასები, ღამის ანაზღაურება იქნებოდა თუ დამსახურებრივი და სხვა დანამატები. მაშინვე დავიწყეთ პროტესტი და 2010 წლის ოქტომბერი იყო, როდესაც პიკს მიაღწია ჩვენში მღელვარებამ, მაშინ სპეცრაზმის დახმარებით, ძალადობრივად დაგვშალეს და მერე სათითაოდ დაიწყეს ჩვენზე ნადირობა. ასე დაიწყო მეტროს პროფკავშირიდან ხალხის გადინება, ბოლოს კი სულ დაიშალა“.

ამ ფონზე, 2013 წელს, მეტროს ახალი პროფკავშირი „ერთობა 2013“ დაარსდა. 2016 წლის ივნისში განაცხადეს, რომ ითხოვდნენ ხელფასების 45-პროცენტიან გაზრდას, ამიტომაც იწყებდნენ კოლექტიურ შრომით დავას, ხოლო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაიფიცებოდნენ. 2018 წელს, კომპანიის სარჩელზე დაყრდნობით, სასამართლომ მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა. ეს იყო საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში პირველი პრეცედენტი, როდესაც განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდეს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება. მიუხედავად ამისა, მშრომელებმა პროტესტის გამოხატვა მაინც შეძლეს:

„ტექნიკურად ვაჯობეთ: დავემორჩილეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და კი არ გავიფიცეთ, არამედ შიმშილობა დავიწყეთ“. შიმშილობის ფონზე, დილას, როცა მუშაობის დაწყების წინ, სასწრაფოს ექიმებმაც გადაამოწმეს, არცერთი მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტს, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისთვისაა საჭირო. ანუ თვითონ კომპანიას მოუხდა უარის თქმა, რომ მათ ემუშავათ.

„მერე იყო კალაძის მუქარა, რომ ერევნიდან ჩამოიყვანდნენ მემანქანეებს, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი მივიღეთ – მერი დაგვპირდა, რომ ხელფასები 45 პროცენტით გაიზრდებოდა“. 

რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის ილია ლეჟავას თქმით, სიტყვიერი დაპირებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია და იგი დიდ სისუსტედ წარმოაჩინა, ხოლო, მემანქანეებმა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იგი ხელშეკრულებად, სწორედ გაერთიანებული პროფკავშირების დახმარებით გადააქციეს. თავისმხრივ დავით ბარბაქაძე სიტყვიერ შეთანხმებას პრობლემად არ მიიჩნევს. მეტიც, მისი თქმით ხელშეკრულების დარღვევა არაერთხელ გვინახავს, სწორედ ამიტომაც მათთვის, მთელი საქართველოს წინაშე თქმულ სიტყვებს, უფრო დიდი წონა ჰქონდა ვიდრე დოკუმენტირებულ მასალას, ამავდროულად უარყჰოფს პროფკავშირებიდან ნებისმიერი სახის დახმარებას, მისი თქმით ისინი მხოლოდ და მხოლოდ მათ წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

სოლიდარობის ქსელი

სოლიდარობის ქსელი, როგორც დამოუკიდებელი პროფკავშირი, 2015-2016 წლებში ჩამოყალიბდა და დღეს 500-მდე აქტიური წევრი ჰყავს. ის პირველი პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც მუშაობს მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან. 2020 წელს, სოლიდარობის ქსელი, მეტროს მემანქანეთა პროფკავშირი ერთობა 2013 და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, გაერთიანდნენ და ჩამოაყალიბეს ახალი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომლის თავჯდომარე ზაზა ბარბაქაძეა. სოლიდარობის ქსელი მუშაობს დასაქმებულთა ინფორმირებაზეც და იურიდიულ დახმარებასაც უწევს მათ. სასამართლოში აღძრულ საქმეთა 90 პროცენტზე მეტი მათი გამარჯვებით სრულდება. როგორც დავით ომსარაშვილი ამბობს, ეს არ კმარა, საჭიროა მეტი პროტესტი და გაფიცვა, მისი თქმით, ამიტომაც უნდა არსებობდეს კანონში სოლიდარული გაფიცვის უფლება.

სოლიდარობის გაფიცვა დაშვებულია ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორისაა: შვედეთი, ესტონეთი, ირლანდია, საბერძნეთი, დანია და ა.შ.

გილდია

დამოუკიდებელი პროფესიული გაერთი ანება „გილდია“ აერთიანებს კულტურისა და მედიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. პროფკავშირის წარმომადგენლის, გიგა ბექაურის თქმით, სახელმწიფო მათ შრომას შრომად არ აღიარებს, ეს მხოლოდ შემოქმედებაა – შესაბამისად, მათი პროფესია და საქმიანობა იურიდიულ ჩარჩოებს სცდება, რის გამოც კულტურაში დასაქმებულებს არც კორონავირუსის დროს გაცემული კომპენსაციები შეეხოთ.

გიგა ბექაური ამბობს, რომ პროფესიულ გაერთიანებას სურს, არა მხოლოდ იბრძოლოს შრომითი უფლებებისთვის, არამედ დაამკვიდროს პროფკავშირული მუშაობის ახალი, ევროპული სტანდარტი.

„გილდიას”, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, დღეს 150 წევრი ჰყავს. მუშაობს როგორც ინდივიდუალურ სასამართლო საქმეებზე, ასევე საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებითაც. მაგალითად, 2020 წლის ივნისში, მათ საქმე მოიგეს „გურამ ყურაშვილის საგუნდო კაპელის“ წინააღმდეგ, რომლიდანაც დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს მომღერალი, სასამართლოს დასრულების შემდეგ კი მისი დაბრუნება და განაცდურის ანაზღაურებაც მოუხდათ.

 

დაწვრილებით

...

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ, საზოგადოების დამოკიდებულება პროფკავშირებისადმი ნელ-ნელა „ლღვება“, ადამიანები სულ უფრო და უფრო ცხადად ხედავენ, რომ მშრომელთა უფლებების დაცვას ესა თუ ის პროფესიული კავშირი რეალურად ცდილობს. საკუთარი გამოცდილების მაგალითზე მათთვის უკვე ისიც ნათელია, რომ ამ დროს სოლიდარობა გადამწყვეტია.

სოლიდარობის მნიშვნელობას ადასტურებს საქართველოს უახლესი ისტორიაც – დაწყებული 1993 წლის მეტროს გაფიცვიდან, 2021 წლამდე, როცა ერთდროულად რამდენიმე პროფესიული გაერთიანება ჩნდება – სამედიცინო სფეროს მუშაკები ცალკე ერთიანდებიან, სოციალური აგენტები – ცალკე და მათი მაგალითები გაერთიანებისკენ უბიძგებს სხვებსაც.

2021 წლის 17 მარტს, „ბოლტ ფუდის” კურიერებიც გაიფიცნენ. დავით სიხარულიძე ამბობს: „სარჩელი გვაქვს შეტანილი სახალხო დამცველთან, დისკრიმინაციის ფაქტზე, რომელსაც ჩვენი სამსახურში აღდგენა უნდა მოჰყვეს. მხოლოდ მინიმალურს ვითხოვთ – გვინდა პრეცედენტი შევქმნათ, რომლის დროსაც მიტანის სფეროში დამსაქმებელი წააგებს საქმეს, რათა იცოდნენ, რომ ზეწოლა, დაშინება და დისკრიმინაცია ესე უბრალოდ არ ჩაივლის”.

დღეს, „ბოლტის” უკვე ყოფილი კურიერი, ზაქარია მეტრეველიც ქმნის პროფკავშირს, იგივე პროცესშია „გლოვოს“ კურიერი მიშა მამალაძეც, იგი ამბობს: „ახლა პროფკავშირს ვქმნი, არა რომელიმე კომპანიის, არამედ კურიერების პროფკავშირს. იქ გავაწევრიანებთ ყველას – ვოლტის, გლოვოს, ელვისის, ბოლტის, საქართველოს ფოსტის და კიდევ რამდენიმე სხვა კომპანიის კურიერებს. ამას საფუძვლად, იმედია, დაედება ჩემი საქმეც, რომელსაც იმედია, მოვიგებთ და დავადგენთ, რომ ჩვენ, კურიერები არ ვართ პროსტა პარტნიორები, არამედ ვართ დასაქმებულები და კომპანიები ვალდებულები არიან, დაიცვან შრომის უსაფრთხოების წესები, ელემენტარულად, დღეს დაზღვევაც კი არ გვაქვს“.
_______________________
შენიშვნა: სტატიიდან ამოღებულია წინადადება, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში ეწერა "ფინანსური საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, დღემდე არ ვიცით, თუ რა ქონებას ფლობს გაერთიანება."