გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პოეზია

ქართული ოცნება და ეკლესიაც ნაგავია, სააქანდაზე

1.

მე, მიმავალს, მომავალი

ქალი მხვდები ქალად,

ჩემი თავის ვიდრე

ქალა რჩება ქალად.

თუმცა მასში ერთდროულად

იმდენი რამე ხდება და იძვრის,

რომ წამში მათ მიერ გავლილი

თუმცა ცალ-ცალკე სულ უმცირესი,

მაგრამ ისე უამრავი

მანძილის ჯამი თუ უდრის, უტოლდება

მანძილს, რომელსაც იმავე წამში გადაიფრენდა

ყოვლის უსწრაფესი სინათლის სხივი, რომელიც ტალღობს -

და თუ მოვიხმობ თანაც ცოტაოდენ პოეტურ ალღოს -

უნდა დავინახო, რომ რაც ამ თავში,

უკვე სინათლის ჯამში,

ასე ნამცეც-ნამცეც შეჯამებული

ხდება საერთო ჯამში,

სინათლის მსგავსად აღწევს სიჩქარის ანუ

სამყაროს ერთ-ერთ ურღვევ საზღვარს,

რომელზეც ქრება დრო და სივრცე.

ხოლო იქ, სადაც

აღარც სივრცეა და აღარც დროა,

სამაგიეროდ იქ იბადება არც მთლად ამქვეყნიური

და არც სრულებით რომელიმე იმქვეყნიური

გრძნობის ცნობა და ცნობის გრძნობა,

რომელიც ასე უსათუოდ

მთელ სამყაროში განასხვავებს

ერთმანეთისგან

ცნობიერსა და უცნობოს,

მგრძნობიარეს და უგრძნობს,

რომელსაც ტანი არასოდეს

არაფერს უგრძნობს.

მე ცარიელი ქუჩა ჩამოვიარე,

წინ მაინც შემხვდა ქალი, ლამაზი, ქალად

და ხელმეორედ შემოვიდგი

თავის ქალა მხრებზე ქალად.

 

 

 

 

2.

ან მე რომელი მნახე გალილეო გალილეი.

მან თქვა, რომ ბუნების წიგნი დაწერილია

მათემატიკის ენაზე. მე არაფერი მითქვამს,

გარეთ,  ქაღალდის ქარიან ქუჩაში ციფრად

მოუსვენრობამ მეც, გალეული, გამომლალა.

 

ვბუნებისნაწილობ. მებუნებისნაწილე, შემხვდი

ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით: შენ მე წარსულში

უკვე შემხვდი; იმავე სიტყვით მე მომავალში გიწვევ,

მოდი-მეთქი და შემხვდი. შეხვედრა შეკრებას ნიშნავს

და არა გამრავლებას. ხომ გამრავლება საქმეა ტარაკნებისა

ან იმ არსების, რომელიც არის ბლანტი სიცოცხლის

ბლაგვი ჭურჭელი და დიდ-პატარა ტარა ნეკნების.

 

ჩვენ კი ხალხი ვართ.

ხოლო ხალხია მიმატების ნიშანი,

წარსულსა და მომავალს შორის დასმული.

 

რაც არ უნდა თქვას გალილეომ,

სულ მითებია, მოგონილი,

ტროა, კოლხეთი და გალილეა.

 

ზემოთ მოტანილს დავაზუსტებდი:

მათემატიკის ენაზე დაწერილი და გავლებულია

მხოლოდ საზღვარი არარსებობას და არსებობას,

ან პირიქით,

ყოფნა-არყოფნას შორის.

აი, დეფისად როგორ გამოჩნდა

გამოკლების ცალი ნიშანი.

მაგრამ ყოფნას გამოკლებული არყოფნა

უდრის, უტოლდება ნულს.

ასე რომ, ბუნება არა წიგნია, არამედ

ნულების ნალებით დაჭედილი

არის კენტავრი.

 

 

 

 

3.

ჯერ დაიმჩნია და მერე

ყველა თავადის და მისი

კვალი ჩაყლაპა მიწამ ამალის.

რომ დროს უებრად აყუჩებდეს,

სხვა სად გინახავს ეგეთი წამალი.

სულ ყველაფერი აიტანება,

რაც კი რამ ნაბიჯი

და მისი ბგერა

გერათქმაუნდა,

მოულოდნელის ვიდრე არ დადგა -

არა, რა მთა! –

ბორცვი მაუნდად.

მგონი, რომ სივრცეს

აქვს დროის ვალი

და ჩვენით უსტუმრებს.

კაცის ყეფა მას

არ ეყურება, არაფრად უჩანს,

ქალი საერთოდ ებატება.

დრო კი სულ სხვაა,

ჩვენთან ერთობა,

მოდის კამათად და დებატებად.

მოდი, მომეხმარე,

რომ დროის სიგრძეს და -

ერთდროულობის საფარი,

მახე დავუგო ნომრად - განს.

თავის თავს როგორც შეხვდება,

უცაბედობა-უეცრობისგან

შეუღონდება გული.

თავიც ჩამოგადოს მხარზე ამ,

ახედავ, უგონომ რადგან.

სივრცის მონად რომ აქცია დედა ფუტკარმა,

ნესტრად გაგიხდის, გულში ჩაგიხვევს

ყველა კილოზე მოსაუბრე

ყველა კილო სკა, მიზოგინიავ.

თავი რომ გემბანი ეგონოს

უკაცრიელ ეზოს,

ეხმიანება ტილოს სკამი, ზოგი, ნიავს.

დროში დროშით

გამარჯვებულს ვინ წამიყვანს,

ასე აქ მოფრატუნეს,

ჩემი ფორტუნა ფატმანის უფრო მეტი მე.

 

 

 

4.

იყო, ავეჯი რომ აპრიალოს,

საბჭოთა სითხე და დიასახლისს,

თავმოყვარეს, უნდა ჰქონოდა

შუშა შხამფერი მუდამ „პალიროლის“.

არაფერი მაქვს საერთო იმ მომენტებთან,

სადაც თავისი მან გაიტანა,

როცა კი მონობამ მონება.

არაფერი მაქვს საერთო მასთან,

ვისაც ჰგონია, რომ იმ იმპერიამ

მის ცხოვრებაში არ ითამაშა

მოუშუშებლად დამპალი როლი.

შემოსეული ეს ეკლესია-სალოცავებიც

ისევ მის გვამზე ამოყრილი მუწუკებია,

რადგან სიკვდილსაც აქვს გარდატეხის ასაკი,

მოუწევს მასაც, რომ გაიაროს, ასე ვთქვათ,

მორტუალური პუბერტაცია.

ნუ ეხუმრები სიკვდილის ინერციას!

მაგრამ ქართული ენაც მაეჭვებს,

რადგანაც იგი ნომინატივებს

სიტყვების ტბაზე ატივებს;

რადგან სახელების მან უმრავლესობა

სახელობითის ლაქით დალუქა

და დაბოლოებად დაასვა

გლუვთა შორის

უგლუვესკლანჭებიანი „ი“.

იქვეა გვალვა, გლოვა და გველი,

იხილე, გლუვი სადაცაა.

მისგან გასწორდეს ყოველი

სუსტი და ძალგულოვანი.

ფრთხილად, თორემ

შორს კი არ წასულა,

მოვა, მობრუნდება ისიც სადაცაა.

დროებით ვკოჭლობ, მართალია,

მაგრამ ფეხს არ ვითრევ,

მოდი, აქედან გამიძეხი,

გადამატარე მთას და,

ჩემო არიადნე, ბარს.

ჩემი კარი, ჩაუკეტავი, მიხურულია,

ზედ ქარი ადნება, ქარი ადნება.

 

 

 

5.

ადიექსოდოფილია

 

არ გაგიკვირდეს,

რომ ეს სიტყვა არ გაგეგონება:

ადიექსოდოფილია!

გაიმეორე:

ადიექსოდოფილია.

ლამის ფრაზას უდრის, არა?

არც გასაკვირია, რადგან

კაცობრიობის მთელი ისტორიის

ერთ-ერთი მთავარი ძარღვი,

არტერია

მასში გადის, ამ სიტყვაში.

სიტყვა-სიტყვით

კი ეს სიტყვა

ბერძნულად უნდა ნიშნავდეს

ჩიხის სიყვარულს!

გულისხმობს იგი

მისწრაფებას ჩიხის პოვნისკენ,

მისწრაფებას ჩიხში შესვლისკენ,

მისწრაფებას ჩიხში დარჩენისკენ.

ეჭვიანია ადამიანი,

ბოლომდე უჭირს დაჯერება მიღწეული ბედნიერების.

ამიტომ სჭირდება სხვისიც დამოწმება,

რომ მიღწეული მართლაც ჩიხია.

რაც უფრო მეტი დაემოწმება,

მით უკეთესია,

ჯოგი ხომ ყველა მოწმის უმოწმესია.

მიგნებულ ჩიხში ამიტომ შეჰყავს ადამიანს

სხვაც და სხვებიც.

ერთს რომ მეგობრულად შეიპატიჟებს,

სხვებს შეიტყუებს უცნაური დაპირებებით,

სადაც გაუვა, ძალასაც იხმარს, ხალხსაც შერეკავს.

მადლობლებიც დაურჩებიან,

აღმოაჩენენ როცა,

რომ ჩიხში არიან,

აღმოაჩენენ რაკი,

რომ ჩიხის უკეთესს

ვერც ვერასოდეს ვერაფერს

ვერ ინატრებდნენ თურმე თავისთვის,

და თანამოძმის უმოძმესია

თანამოჩიხე!

ჩვენი წინაპრები

უხსოვარი დროიდან გამოქვაბულებს სტუმრობდნენ,

რათა მიეგნოთ ბოლო კედლისთვის,

ტინის ჩიხისთვის.

ერთმანეთთან წვებოდნენ იმისთვის,

რომ კაცს ქალის ტანში ეპოვა ჩიხი,

ხოლო ქალს კაცის მეოხებით

თავის სხეულში აღმოეჩინა ჩიხი.

ჩიხი ძიებას ჩეხავს

და მოგასვენებს.

ადიექსოდოფილია

სიტყვა კი არა, ანაკონდაა,

რომელმაც შთანთქა მთელი ისტორია,

ჩაცეცხლა, როგორც ლოთმა - ღვინო.

და ამ ლექსისთვის შეთხზულმა

ამ ერთმა სიტყვამ

ყველგან და ყოველთვის შეიძინა

სახე, რომელსაც

შუბლზე აწერია

რელიგია, რწმენა, ღმერთი, კულტი, რიტუალი, ტაძარი -

ჰო, მართლა,

ტაძარი აშენებული ჩიხია -

და ყველა ამათგანის წყაროა,

გაიმეორე,

ადიექსოდოფილია!

 

 

 

 

6.

ექსოდოფობია

 

სად ეს ოხერი, სად ის ტიალი!

როგორც ყველა, ყველა დროის,

ახლანდელიც, სტალინისტი

ნამუსზე გადაკრული სადისტია ლიბრ.

ცისკრის ვარსკვლავს კი არ დაარქვეს მთიები,

თავისივე ზუსტად ასე ისტორია

თავდაყირა დააყენეს

და ბიბლიის ავტორებმა

გადააგვარეს მითებად.

მათ თანახმად

შვიდი წყევლა, რომელიც

თავს დაატეხა მოსემ ფარაონს გამეტებით,

უემპათიოდ,

სინამდვილეში, ვეჭვობ, რომ იყო,

რამდენიმე რაღაც მიზეზი,

ეკონომიკურ-პოლიტიკურ-სოციალური

ანდა სულაც პანდემიური,

ბოლოს რომელმაც აიძულა

მოსეს ხალხი, რომ

გამოსულიყო დიდი ეგვიპტის სამეფოს

დიდი ხნის შემტკბარი, მდიდარი ჩიხიდან,

რომელშიც აღარ დაედგომებოდა,

თავისდა სამწუხაროდ, თავისდა  სავალალოდ.

და მერე ამ ხალხმა რამდენიმე -

კარგი, იყოს ორმოციოდე -

წელიწადი იხეტიალა

უდაბო და უდაბურ უდაბნოში

ანუ იქ, სადაც

ვერ მიაგნებდა ახალ ჩიხს,

რომლისკენაც მიერეკებოდა

ისტორიაში ადამიანის მამოძრავებელი

ერთ-ერთი მთავარი ძალა,

რომელსაც წინა ლექსში დაერქვა

„ადიექსოდოფილია“,

ანუ ჩიხის სიყვარული და მისწრაფება ჩიხისკენ.

ბოლოს მიადგა მოსეს ტომი

ადგილს, რომელშიც

დაიდო ბინა ანუ დაიდო ჩიხი,

და მერე რომელიც იწოდა აღთქმულ მიწად.

ამ ამბავს მიეძღვნა ბიბლიის წიგნი „გამოსვლათა“

ანუ „ექსოდუსი“,

იგი კი თურმე ფარულად მეტყველებს

ისტორიაში ადამიანის მამოძრავებელ

და ისტორიის თვითონ

მამოძრავებელ

მეორე ძალუმ ძალაზე,

რომელსაც, ვგონებ,

უფრო მოხდენილად დაერქმეოდა

„ექსოდოფობია“ ანუ ჩიხიდან გამოსვლის შიში.

იმ დროს ჯარებს ამშვენებდა ცხენებშებმული

საბრძოლო ეტლები, ორთვლიანი.

ბევრიც არაფერი შეცვლილა მას მერე,

აბჯარასხმული ისტორია ისევ შემდგარია

ორთვლიან ეტლზე,

რომლის ერთი თვალი, ბორბალი არის

ადიექსოდოფილია - ჩიხის სიყვარული -

ხოლო მეორე თვალი და ბორბალი

არის ექსოდოფობია,

ჩიხიდან გამოსვლის შიში

და სიძულვილი,

გამოყოლილი დაბადებიდან.

 

 

 

7.

მესამე და სამართალი

 

ეგ ჰორიზონტი შენთვის - კედელი,

ჩემთვის ზღურბლია, გადავაბიჯებ, ვივლი

და ამ მონჯღრეულ ჩემს ნაბიჯებში

ჩემით მთლიანად ისე გავზავდები,

ცხოვრებას გავიხდი სიარულიანს.

გონების თვალზე რომ მოგეკიდება -

ძილი და სიზმრების სია - რულია.

ადამიანო, მაძიებელო ჩიხის

და, ესე იგი, შეპყრობილო

ადიექსოდოფილიით,

რაღას არ მოიგონებდე,

რომ გამოუვალ მახედ

ხან რა დაიგო, ხან რა,

ხან რა აიგო ჩიხად და ხან რა.

შენ ისტორიის დასაწყისიდან

გრძნობა-გონებას

ნარჩევ და ნაცად ჩიხად დაუდე

რელიგიური რწმენა

და თვალსაჩინო ჩიხად იშენე

ტაძრები

და ეკლესია-სალოცავები.

ღმერთი ჩიხია, უფალი - უფრო!

ისიც შენიშნე,

რომ მთის მწვერვალიც ჩიხია,

რადგან მასზე ასული

ვეღარ განაგრძობს ასვლას,

არამედ მორჩა, თუ მაინც ივლის,

ჩამობრუნდება ბარში,

ასე ნამყოფი სიმაღლის ჩიხში.

ამიტომ იყო, რომ -

და არა სათუო ცასთან სიახლოვის გამო -

სალოცავების, ამ ხელნაკეთი ჩიხების აგება

ხშირად შეაუღლეს მთებთან,

ბუნებრივ ჩიხებთან.

ამის მაგალითად იხილე მცხეთის ჯვარი!

სადაც მთა მოისაკლისეს,

იქ ჩიხთავიან მთად პირამიდა დადგეს.

და ალპინიზმით გატაცებაც,

შენ რა გგონია,

შედეგია

ისევ იმავე, დაჟინებული

ჩიხის ძიების ანუ

ადიექსოდოფილიის.

უკიდურესი ჩიხის მიღწევის

და მასში ფეხის დადგმის სურვილი

ალპინისტებს 

მწვერვალებისკენ იზიდავს.

ასე რომ, მორწმუნეები და ალპინისტები

ჩიხს დაეძებენ, გრძნობა-გონების და გეოგრაფიის

ისეთ ადგილებს პოულობენ,

რომ გზა იქიდან

წინ ვეღარ განაგრძონ.

და რა გგონია,

ოჯახსაც ამიტომ ქმნიან და საერთო ჩიხად

თავზე ამისთვის იტეხენ და იხურავენ

ადამიანები.

და მაძიებელს ჩიხის

ამიტომ აშინებს

მარტოხელობა.

ვისზე რა მეთქმის,

იმის მაგივრად,

რომ ამეტეხა ჩიხებთან ჩხუბი,

მთელი ცხოვრება თვითონ

მე უქმად ყოფნის

ჩიხში ისე გავატარე,

რომ ახლა ლექსია ჩემი მარტო ხელობა.

ეს ჰორიზონტი შენთვის - კედელი,

ჩემთვის ზღურბლია.

 

 

 

8.

თავი რომც იგრძნო ძალიან ჭაკად,

ძილში ნამყოფი შენ სიზმრის ტალღად,

მაინც იღვიძებ ნაპირზე ცალკეულ კენჭად.

ვიდრე ასეა, დარჩები ცოცხლად.

მე არ მოვიტან ძველ, ნარუსთველარ

და რეაქტიულ ფრაზებს, არც ალალებიან

და ავიასა აქ ანდაზებს.

ეპისკოპოსი ანუ სალაროს ზედამხედველი

ნაგავია სააქანდაზე.

შენი სიხარბის ჯაჭვით

რომელ სალაროსთანაც

არ უნდა, მაინც,

ეპისკოპოსო, ნაგავი ხარ, ება.

არ მეჭყანება არც საიქიო

და დიდად აღარც გავიხარებ აქ.

თავს მაინც არ გავიჩუმებ,

ვიდრე ვხედავ, აქ იცინიან

გაავებული ანაფოროსნები

და შურიანი მტრის გასახარად

უბირ, უბრალო ხალხს უკრძალავენ

წამალს, ვაქცინიანს.

ბოლოს მეც ჩამეძინება

და გავიშლები მოუბრუნებელ ტალღადაც,

რაც იმას ნიშნავს,

ამ სხეულიან ვიღვიძებ მედ რომ,

ამ ფიცრულ საწოლზე და დაფხავებულ ჭერქვეშ,

ასე გაქნილ და გაქუცულ ქალაქ-ამბავში,

სადაც ყველას და ყველაფერს თუნდაც წამით

მიჩენილი აქვს თარიღი და მისამართი,

აქ და ახლა ვიღვიძებ მედ რომ,

მომიტევოს მე დრომ,

მაგრამ უნდა ვაღიარო, გამოვტყდე,

მგონი, რომ ყველაფერი სულ სხვანაირადაა

და ეს ნაქები, ამოუცნობად შერაცხულიც

ცნობიერება სტატისტიკური ფენომენია.

არა რაღაც მიზეზშედეგობრივი

და განუყრელი კავშირია ცოცხალი ადამიანის

სხეულსა და მის

ცნობიერ გრძნობა-გონება-მეს შორის,

არამედ ის ხდება მხოლოდ,

რისიც მეტია ალბათობა.

რადგან სიზმრის ტალღა იმსხვრევა ისევ ამ ტან-ქალაქის ნაპირზე

და არა სხვაგან, ამიტომ იმტვრევა გამოფხიზლებად

დაახლოებით ისევე, დაახლოებით იმადვე,

როგორც გუშინ და რაც იყო გუშინ.

მოვა დრო, ვიტყვით:

ჩვენ ერთმანეთის მაგივრადაც გაგვიღვიძია.

 

 

 

9.

გასამომავლებელ ქვეყნიერებაში

ქართულ ენაზე მელექსედ ყოფნა,

კაცისთვის საქმედ თუ არ ეგების,

იმან რაღა თქვას, ვინც იბადება

ქვიშიან ტყავში ტუარეგების.

 

რა იყო, დროზე ხომ არ ეჭვიანობ,

რომ შენ არა და სხვას კი აძლევს,

ან რომ შენ გარდა სხვასაც აძლევს,

ან რომ სხვას უფრო აძლევს, ვიდრე შენ?

 

სივრცე სხვა რაა, დროის გარშემო

გარდა დაგებული ეჭვიანობის არაბესკების?

ამოვიშლები მისი გულიდან,

როგორც რომელიმე გამქრალა

რუკაზე ბესარაბია.

 

ვაითუ, დრო იდიოტია

და არასწორად გაგვიგია

მის ინფანტილურ პირზე ღიმილი,

ყელზეც კი არ დავდგომივართ,

ჩვენნაირი მუქთა ლუკმით

ისე რომ გამოიბესკნა.

 

კარი რად მინდა,

განა იმისთვის -

ხელიც გამიხმეს! -

რომ ზედ გავიგო ჩამკეტი

მე ბრაზ-რაზების ჩარაზრაზება?

ბინას კარი იმად უნდა, რომ ახელდეს თვალადო.

 

დრო კი მხეცია, მე მაინც

მოვინადირო, ტყავი გავაძრო და გადმოვაგდო,

გაგიფინო მდინარეში გამოსასვლედ ფონადაც,

შენ კი მსუბუქი ქუსლით გადმოივლი, გათრიმლავ,

სიკვდილის ქალო, ჩემო ტანადო, თვალადო.

 

 

 

10.

რაც ნათქვამია, აბა, დიდად იმას რა შეცვლის,

რაც გინდა, ფანტო ფონტები.

დიდი-დიდი რომ, ისიც თვალისთვის,

ან მოედოს მეტიჩრობა ობადაც,

ან ამოსდებს სისადავე სადავეს,

ვითომ პირველმა შინაარსიდან

გარეთ გამოჟონა, ვითომ მეორე

კვლავ შინაარსის სიმკაცრეზე

თვალსაჩინოდ მეტყველებს.

რაც ითარგმნება, ამბადაც წავა,

დარჩება ცანცარა ლექსად, რაც არა.

ან მოგეწონა ლექსები,

ეს უნაყოფო ჭუპრები,

ეს ნაჭუჭები, ფშუტე, რით?

და ასასინიც მოსისინდება,

მოვა, გაგვაგორებს ვინმე შეშლილი,

მკვლელი შუტერი.

მაშინ კი ლექსიდან

გადმოყრილ სიტყვებად

ჩვენ უსიკვდილოდ გადმოვგორდებით.

აი, თურმე რაში ყოფილა საქმეო,

ამის გაფიქრებას თუკი მოვასწრებთ,

ეგეც ბევრია, როგორც ბევრია ბავარია გერმანიაში.

 

 

 

11.

თავი ავიგდოთ,

თვითონ აიტანს

მერე ცა ორ ტანს.

შორს თუ ცივია

სალტე ოორტის,

აქ დრეკადია

მაინც აორტა.

რაც უფრო ახლოა სიზუსტესთან,

მით უფრო ყვირის უზუსტობა.

მაშინ ცდები, როცა ცდილობ.

დილა ხარ და

საღამოობ,

საღამო ხარ,

მაინც დილობ.

ფრთებიც რომ მესხას,

მე ისინიც მებორკილოს,

როგორც თითო იწონიდეს

ორიათას ორ კილოს.

აქამდეც მითქვამს დაახლოებით,

აქ საქართველო აი, ესაა:

აქ რომ გაშმაგდა ხევთან აზია,

აქ გაღიმება ხევთა ნაზია,

დავუცდი ნანახ ევთანაზიას.

 

 

 

12.

გამოსაგნებული ირგვლივ სამყარო

არის მკვეთრი და მკაფიო რა,

არც მისი ალი-კვალია,

აშკარად არ ჰგავს არც შიგადაშიგ,

სულ ან სალონი ნისლის ასლიანს.

მიზუმ-მოზუმავ - გაგეზომინება,

თორემ ახალს რას იპოვი ასლების სალონში,

რომელიც თვითონაც ასლია,

ორიგინალისთვის უცხოს, გაუგონარს.

არ ურევია სამყაროში არც თაღლითობა ან აფიორა.

და ნაფაზ-ნაფაზ გავიყოთ, მოდი,

კოცნა და კანაფი ორად.

მიმოიხედე, არც მის ასლებში

და, ესე იგი, არც სამყაროს ორიგინალში

არსად მოჩანს გრძნობა, ცნობიერი,

რომელიც შენ ხარ.

მაგრამ არ მოჩანს არა იმიტომ,

ყველა ჯურის და ჯიშის

იდიოტს როგორც ჰგონია,

რომ სასწაულია,

ან ზებუნებრივი სულია,

გამწესებული სასაიქიოედ,

როგორც ზღვასთან მოთამაშე

ბავშვის მუხლზე ნაკაწრია საიოდე,

ან საიქ-სააქაოში მიმოსვლა რომ უწევდეს,

დამოკიდებულს კარმაზე.

ამ ფანტაზიებს სახეს ახლოს ნუ მიუტან,

რომ არ მოგახალოს უარი

სამყაროს კარმა ზედ.

შენი ადგილი ზღურბლზეა.

რაც შორეული თავისი კვალით მაინც

არის აქ და ახლა,

მხოლოდ იმისთვის თუ მოიპოვოს

ასლმა მასალა.

 

 

 

13.

მაინც რა კარგია,

რომ მარტო დროებით,

თორემ ამტან ამ ტანზე

კბილად დასობილი

სულელის სული სულ სალი სოლია.

მით უფრო, რომ არის ის

ტყუილების თამაში და

სიაბანდი ყომარიც.

ოღონდ ვერ ვეტყვი „ქესტუმ!“, რომ

იქნებ თავიდან გამომიგორდეს.

ერთხელ ნამყოფი ასეთ მასპინძელს

მეორედ ვერც აქ, ვერც იქ ესტუმრო.

დასჩემდა ყნოსვა და სუნსული,

სული უდგას სულ იმით,

რომ იჯერებს თავისი

წარმოშობის შესახებ,

გულუბრყვილოს, სული მითს.

რომ რეალური მხოლოდ ისაა,

რაც მეორდება,

ან შეიძლება რომ გამეორდეს,

ამას რად უნდა მეცნიერება,

ამას ხომ ისედაც გრძნობ,

გამეორებადი ანუ უდავოდ

გარეული და რეალური გრძნობით.

რომ ვამბობდე რამეს მეათედ,

მეასედ, მეათასედ, მემილიონედ,

ჰქვია მაინც გამეორება:

გამეორება ხომ ის ჩიხია,

რომელშიც შედის და საიდანაც

ფეხს ვეღარ იცვლის

კანონმორჩილი

მთელი სამყარო.

ეგეც კოსმოსური შენ

ადიექსოდოფილია.

ვითომ რა ჩემი ბრალია

და მაინც ჩემი,

არცერთხელობის ბევრად უარესი,

ერთადერთხელობა ვინანე.

მაგ ამბავში ხარ

შენც, მგონი, მაგრამ

მორჩება ჩვენიც აქა-იქობა,

ერთხელ დაშვებული

ასეთი ორმაგი შეცდომა

გაგვიმეოროს რამ, ვინ ან ეს.

 

 

 

14.

სკვითური ბრძოლა - ბარძაყებს,

ბერძნული, ხელებს - შეხლა.

ზოგიც ფუნჯია,

ან გამითლია ფიქრი ფანქრებად.

დრო ხომ ისაა, რაც სულ აქაა

და არა ის, რაც, ვითომო,

მოუხელთებლად გარბის, მიედინება ან ქრება.

მან ამომძახა წიგნიდან: ჰალუცინაციებს

თავი მე მართლა კი არ

გავაბიაბრუებინო,

როგორც სიცრუის ნაწისქვილარ

სახარებაშია მიმოჩმახული,

არამედ ურწმუნო თომამ

ბოლომდე უნდა ვითომო.

თუ შემადარებ ლამპის შუშაზე დადებულ

მარად მოეჭვარ ჭვარტლს,

მე გიპასუხებ, სინათლის თორემ იგი მახეა,

გარეთ ვინც არის, მას ეშავება ასე ის მური.

დამაქცევარი ჩვენთვის ბიძგებიც

თვითონ მიწისთვის, ჰკითხე, თუ გინდა,

შვებაა, სეისმური.

ასე რომ გეტრაბახება,

ან ეგ შენი მხედველობა რა გგონია, საიდან მოდის?

შენი თვალები მარცხნივ მური და მარჯვნივ ჭვარტლია,

მათით ამოწმებს, მათში რაც შუქი ჩაეზიდება, იმით აზუსტებს,

ჩაგონებული შენი სხეული

ამ საზიარო სიზმარს, რომელიც,

როგორც იტყოდნენ, ეგზომ ცხადია.

ვითომ სიზმრისგან

რადიკალურად განსხვავებული იგი ცხადია,

რაოდენობის ამბავია არადა მხოლოდ.

და არც კი ეტყობა,

რომ წინაპარმა არსებებმა

შუბლები ერთმანეთს იმდენ ხანს ახალეს,

ვიდრე მათ მრავალ თავში არ შეიდღვიბა

საერთო სიზმარი, რომელშიც ეფლობა

ჩვენი ცხოვრება, გინდაც თვითონ მჭლე იყოს,

და მერე, რომელსაც თავიდან იოლად

ვეღარ იშორებ, თუ თავის მოკვლის

ამოცანა არ ამოხსენი.

თან ეს სიზმარი

მემკვიდრეობით მხოლოდ ნახევრად მოგდგამს,

მეორე ნახევრის დაზეპირებას, დაზუთხვას

ენის მოჩლექით ეძახიან ახლაც ბავშვობას.

ჩვენ-ჩვენი სიზმრების ქუჩებით მივდივართ

და ვიკრიბებით საერთო სიზმრის მოედანზე.

დრო უცვლელია, ჩემი თუ არ გჯერა, ჰკითხე სინათლეს.

 

 

 

15.

ცხადში ვერ ხედავ გაუხელელი თვალებით, რადგან

გონება ვერ ხედავს იმას, რასაც ვერ ამოწმებს თვალებით.

მკითხავ: კი, მაგრამ  სიზმარს როგორღა ვხედავთ მე და ჩემი

გონება ძილში, როცა თვალები გაუხელელი გვიწყვია შუბლქვეშ?

ვგონებ, გონება ძილში

თავის თავს ამოწმებს.

იგი ამოწმებს, თვითონ თუ ხედავს,

ხედავს კი რას და როგორ,

ესულერთება.

ახლა კი მკითხავ:

საიდან მაინც სიზმარში სინათლე,

რომელიც ანათებს ამდენ ვინმეს და რამეს;

ისინი მძინარედ მოსიზმრე გონების თვალწინ ხომ ჩანან?

რატომაც არა, მე გიპასუხებ, რომ შენს სიზმარში

იმიტომ კი არ

ხედავ რამეს, რომ

იქ არის ცოცხალი სინათლე.

სიზმარს ანათებს სინათლის ფიტული.

ამას რომ ძილშიც გრძნობენ ადამიანები,

დილით ამიტომ ახელენ ზემოდან მოწარბულ

ორ ცალ ხარბ ხახას

და რა იციან, ცხადის ბინადარი

რომ ეს სინათლეც,

ციდან და ცეცხლიდან მოსული

და ჩვენი ანთებულიც, არის

სინათლის ფიტული.

ხოლო გონება არის ფატალური.

ამას რომ ცხადშიც გრძნობენ,

ხშირად ამიტომ კვდებიან ადამიანები.

მე მეჯავრება ფიტულები.

თუ მძაგს ხელობაც

ტაქსოდერმისტის,

შემძულებია გონებაც განგებ

მოსიზმრე, მოცხადე.

 

 

 

16.

ადამიანი - კენკრა

 

მწვანე წიწაკაჩაჭრილი შემოდის ზაფხული,

გემომოცხარო.

სართულებიან შენ ამქალაქელ

სახლებს რომ ხედავ,

თითო მათგანი თითო ტყეა და

ქუჩა კი - ჭალა.

უნდა გავტანო ზაფხულის ბოლომდე,

რომ გნახოთ,

ბნელო მაყვალო, შავო მოცხარო.

ხალხი ხან გუბდება,

ხან კი მიიწევს ნაკად-ნაკად რომ,

თავს თვითონ რასაც მოიწევს,

მეტი რა უნდა აკადრო.

ხმას რა დაიჭერს, განცალკევება

რომ შემოღობო ეზოდაც.

ზოგი კალენდარს ილუკმება,

ხოლო ზოგს ოქროს

ზოდიც კი აღარ ეზოდა.

ხელისუფლება

და ეკლესია

რითიც იკვებება,

თუმცა სისხლი სდის, იგია

ადამიანი - კენკრა.

მთელი ცხოვრება

მე რომ ღალატის მეცვა ხალათი,

ვიყავი ქვეშიდან გამოსვლის ოსტატი,

თავშესაფრადაც გამომეძებნა

გზა არაერთი დაავადების.

დრო მე არ მევასება,

არც დროს არ ვევასები.

რომ ასე შემოვრჩი

და გადავაგდე ყველა ძმა,

ვადა პირობის,

ამას, თავისთავად,

ის არ შემარჩენდა,

რადგან დრო დაა ვადების.

 

 

 

17.

წაიკითხე?

 

მეც - ბაბუინი,

შენ ლიზა გერქვას.

ნესტან-ტარიელიანს

არ ჩამოვუვარდებოდეთ.

მძიმე ნერგები ზურგით მოზიდა

და ბაბუინმა ჩაყარა, ნაზი მიწა ლიზამ ბარა.

თუმცა კი ერთად, ორად-ორია,

ქვეყნიერების სამყარო,

მთელი, ზამბარა.

ერთი კი მათგანი

მარტო გარედან მოჩანს,

მეორეს მხოლოდ ისინი ხედავენ,

რომლებიც მასში თვითონვე იმყოფებიან.

პირველის საქმეა გაშლა და გაწელვა,

ხოლო მეორის მოწოდებაა შეკუმშვა.

და როგორც გინდა გაჭიმო პირველი,

მეორეს თუ ჰყავს ამ დროს ბინადრები,

იგი დარჩება შეკრული და შეკუმშული.

ბინადრების რომელიმე წყვილს ან მეტეულს,

ერთდოულად ორივე ზამბარაში ყოფნა შეუძლია,

თუმცა პირველში ისინი მხოლოდ გარედან მოჩანს,

გაშლილი ზამბარის მიხედვით დაშორიშორებულები,

თუმცა ამავე დროს ისინი მხოლოდ მათთვის ხილული

შეკუმშულობის ზამბარის ბინადრებადაც ერთმანეთზე

გადაჭდობილები რჩებიან. მაგრამ გარედან ნებისმიერად

დაშორებულებს შორის ერთ რომელიმეს თუკი მიეჭრები

და დაუპირებ ცალკე დადგენას, შენდა უნებლიეთ ორივე

მათგანი მათთვის ხილული ზამბარის შეკუმშულობიდან

ფეხს ამოიკვეთს, ამოიძირკვება, ამოიყრება, რათა დარჩეს,

სადაც გარედან ისედაც იყო, დამშორიშორებელ ზამბარაში.

ასე დაკარგავენ ერთმანეთთან სიახლოვეს, სიშორე მათი კი

ხელუხლებელი დარჩება, საგარეგანო, თან ერთადერთი უკვე.

ერთდროულად ორ ზამბარაში, ერთში, გარეგან და გაწელილში,

თან მეორეშიც, უკიდურესად შეკუმშულში, ყოფნის უნარი მარტო

უმცირეს რაღაც ნაწილაკებს კი არ ახასიათებს, არამედ რომ ასე ვიყოთ,

ჩვენც შეგვიძლია: სხვების დასანახად ვეყაროთ, სადაც ჩვენთვის სულერთია.

 

 

 

18.

ვერ დაიჭერს ჭირხლი ჭარხალს

მოჭუტული მზის.

ღამდება, მაინც

ვერ გადაეჩვია

ცა სირცხვილით ფორაჯობას.

ქუჩები ავიარ-ჩამოვიარე,

ყვითელს და მწვანეს წითელმა

სემაფორ-სემაფორ აჯობა.

მე რომ ზამთრისგან დამზრალი სხივი მეგონა:

ზაფხულის ღრუბელი ცრიდესო,

იფარებდეს ცაც რიდესო.

დათანხმოვნებულ,

ასე დასაგნულ ენერგიას სამყარო გვქვია.

მოდი, მეხმოვნე, თორემ მუნჯი ვარ,

ვიდრე სიკვდილი გამახმოვანებს.

ანდა ნუ დაიხარჯები, ისეთი ძველი კინო ვარ.

იმდენი მიქარულიც მაქვს,

რომ ამ სიფათის გასაწითლებლად სულ არ ეყოფა

ჩემი სისხლის ოთხიოდე ლიტრი ალებს,

ძარღვებში რომელიც მიდგას და,

ვინ იცის, კიდევ რამდენს იტრიალებს.

წავალ და ვინმე ნაცნობ მხატვართან

ვისესხებ ალისფერ კინოვარს.

 

 

 

19.

უმაგისობაც როგორ იქნება, თორემ

მე უხამსობას სულ არ ვგულისხმობ,

როცა ვამბობ, რომ: დროა,

უძირო და უკენწერო

ასწავლე სწავლება წავლებას!

რამდენი სიტყვა შემომექართულა.

მარტივი მარტივმა გაიმარტივა,

რთული რთულმა გაართულა.

სიტყვამ, სარისკომ, პოეტი ერის

იმად აქცია, რაც ახლა მისი მოკვდავი

და ერთადერთი კომპიუტერია.

და რაც ხარ, ეგ ხარ, რომც არ ისმოდე.

თუმცა კი ვეღარ დასჭექოს

რანუნის გამო დელიას,

მიხედვა უნდა ქვეყნიერებას,

რადგან სამყაროს

შხამ-მადლიანი ის მოდელია.

სადაც ცდება,

იქვე ცდება,

ცნობა, თუმცა ცბიერი.

ის, რაც არყოფნის ზღურბლზე

ყოფნის პირველი ქუსლით გამოიკვესა

და რაც უთვალავ ბნელ მოლუსკში

ობოლ მარგალიტად მომრგვალდა,

აქ გაუმარგლავ სარეველად მოგანგაშებულა.

სად წაიყვან სადაურსა,

სად აღუფხვრი სადით ძირსა?!

მოდი, სიკვდილო, პირადად

შენ მაინც შემომიერთდი,

რომ, უხამსობის ისევ გარეშე,

მძივად ავასხა,

რაც კი აქამდე, დისკრეტულიც, სპორადულია.

 

 

20.

ასე დავრდომილს მესტუმრა

ქალი, რომელიც თან იაფხაზებს.

სულაც არ იყო ტანით ქონდარა,

ღიმილჩახვეულ სახეზე

ნესტოც მაღლარი ჰქონდა რა.

როგორ დავხატავ მას მე?

სხვა მე არ ხელმეწიფება,

ის კი სულ არ იმსახურებს

მუქ, მუქთა ფერებს ან იაფ ხაზებს.

მოდის და დროს,

მოდის და დროს

ხელიდან მასმევს.

ამასობაში ბათუმში ცრის და

თბილისში ბასრი მზე დამზემზეობს.

და ისევ ლექსმა თუ გამიწიოს

იქ მე ნავობა და აქ ტივობა,

სიღარიბისგან როგორც დაარქვეს

ყველა თამაშს და გასარჯელს

ცხვირაპრეხილი სიტყვა „აქტივობა“.

კი, მომხმობებიც სარგო გონების,

ასე ეძახდნენ, ოღონდ სიცილით,

ზედმეტ სიჭრელეს ზიზილ-პიპილოს

ჩემს ბავშვობაში გოგონები.

 

 

 

21.

ქართული ოცნება და ეკლესიაც

ნაგავია, სააქანდაზე.

ამ ნაჩათლახარ-ნაკომუნისტარებს

ვინც შეუდგება, შეეკედლება,

მას ხომ ძლიერთან სიახლოვის თრთოლა და,

სხვა კი არაფერი,

მყუდროც სიხარბე ახარებს.

ამიტომ ყნოსვით აგნებს ის, რომ აეწებოს

ვინმე ზორბა ჯიბე ან გავიანს.

ხალხი ადამიანს თავიდან იშორებს.

და რომლებითაც

იგი ადამიანს

თავიდან იშორებს,

ის ბლანტი სიმრავლის ადამიანები

ხალხის ხელებია,

თუ, მით უმეტეს,

მათი მეშვეობით მოსაშორებლები,

კანტიკუნტობის მიუხედავად,

სულ მცირე,

თვითონ ხალხისხელებია.

მოულოდნელი ექოებისთვის

რადგან ადგილი საკმარისი არ გააჩნია,

მცირერიცხოვან ხალხში

ადამიანი განსაკუთრებით იოლად ქრება.

მერე ხალხი, მანამდე მეფურთხე,

ლექსის შაითანს შოთას დაარქმევს,

აჰყვება სატახტო ოჯახის მეფურ თხებს.

ნუ გადავყვებით - რა მოხდა,

რომ არ უქია ვარდი იასა - აქ ანდა ზედ;

ნუ გადავყვებით,

თითოეულებმა მოუსავლეთში

გადავყაროთ ხელისუფლება,

სასულიეროც, საეროც.

ორივე ერთი ნაგავია, სააქანდაზე.                              

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა