ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქართული საფეხბურთო მითოსი მეხსიერების პირისპირ

მეკარე იქით, ბურთი აქეთ

ბათუმის ჩამავალი მზის ფონზე, იუმორისტული გადაცემის ვეტერანი სტუმარი თავისი აჭარული აქცენტისთვის შეუფერებლად, დინჯად ესაუბრება ახალგაზრდა წამყვანს.

„სხვათა შორის, თქვენ ხართ პირველი სტუმარი ჩემს გადაცემაში, ვისი სახელობის სტადიონი და არენაც არსებობს“, – ამბობს წამყვანი. სტუმარი ღიმილით ეთანხმება.1

ერთი წლის შემდეგ, იგივე წამყვანი გამოაცხადებს, რომ ეს ტელეეპიზოდი რევაზ ჩელებაძის მონაწილეობით პოპულარობის რეკორდული მაჩვენებლით – ორ მილიონამდე ონლაინნახვით აღინიშნა.

არცერთი ქართველი ფეხბურთელის შესახებ არ მოუფიქრებიათ იმდენი ანეკდოტი, რამდენიც რევაზ ჩელებაძეზე, იმავე – „ჩელეზე“. მათი უმრავლესობა, ხშირად უკავშირდება ერთ დასამახსოვრებელ ფაქტს, რომელშიც თბილისის „დინამოსა“ და სსრკ-ის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული წევრი მონაწილეობდა: 1976 წელს „დინამო“ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ერევნის „არარატს“ დაუპირისპირდა. ერევნელების წინ გაჭრის შემდეგ ჩელემ ანგარიში გაათანაბრა და 1:1 გახადა. მერე კი, ერთ ეპიზოდში „დინამოს“ ფორვარდი პრაქტიკულად ცარიელი კარის წინ აღმოჩნდა, რადგან მოწინააღმდეგის მეკარემ, აბრამიანმა შეცდომა დაუშვა. „სანამ კართან მივედი, წარმოვიდგინე, რაც ხდებოდა თბილისში, რო მე მერე, იგი, ხელისგულზე მატარებენ... და გავცდი კარებს, რა... კაი ნაფერები კაცი გადევედი სხვა ასპექტში“, – ასე იხსენებს ცარიელ კარს აცილებული ბურთის ამბავს ჩელე.2

ფეხბურთი ერების დიდი გამოფენაა, თავისებური ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც არეკლილია მსოფლიოს ხალხების ფოლკლორი, ყოველდღიური გამოცდილებები, წუხილისა და სიხარულის გამოხატვის თავისებური და განუმეორებელი მანერები. სწორედ ამ კონტექსტში, განსაკუთრებულად თავშესაქცევი მაინც მინდორზე გათამაშებული ისტორიული დაპირისპირებებია. ეს თამაშები მარტივად – თავშესაქცევია ნეიტრალურად განწყობილი გულშემატკივრისთვის, თორემ ეროვნული ნაკრებებისა და მათი ფანებისთვის ომს ემსგავსება მოედანზეც და მოედნის გარეთაც.

„ეს იყო ჩვენი შურისძიება... ანგარიშსწორება მალვინებისთვის (ფოლკლენდის კუნძულებისთვის). ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ არ უნდა აგვერია ეს ორი რამ ერთმანეთში, მაგრამ ეს ტყუილია! დიდი ტყუილი! ჩვენ ერთი წამითაც არ გვიფიქრია, რომ ეს უბრალოდ მორიგი თამაში იყო“, – ასე აღწერს დიეგო მარადონა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში ხელით გატანილ ლეგენდარულ გოლს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. ამ მოვლენის შემდეგ, დამკვიდრებული ტერმინი „ღმერთის ხელი“ სამუდამოდ დაუკავშირდა 1982 წლის ფოლკლენდის ომს ინგლისსა და არგენტინას შორის. და ამის შემდეგ მათი შეხვედრები არასდროსაა მხოლოდ ფეხბურთი.

ინგლისი საფეხბურთო არენაზე კიდევ არაერთ სიმბოლურ მეტოქეს ხვდება, რომელთაგან ყველაზე იკონური გერმანიასთან ჩატარებული შეხვედრებია. ამ ისტორიულ საფეხბურთო მტრობას ინგლისელმა გულშემატკივარმა ასეც დაარქვა: „Two World Wars and One World Cup“ (ორი მსოფლიო ომი და ერთი მსოფლიო თასი), რითაც გამოხატა თვითკმაყოფილება იმის გამო, რომ გერმანელების წინააღმდეგ გამარჯვებები ორ მსოფლიო ომსა და ერთ საფეხბურთო ჩემპიონატში მოიპოვეს (ინგლის-გერმანიის შეხვედრა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში).

საფეხბურთო შეტაკებები სხვა ერების შემთხვევაშიც მკაფიოდ ირეკლავს სახელმწიფოთა შორის ისტორიულ თუ თანამედროვე კონფლიქტებს. ეს ასეა სერბებსა და ხორვატებს, დანიელებსა და შვედებს, ბერძნებსა და თურქებს შორის. ქართულ ფეხბურთშიც ჩელეს სახელოვან საბჭოთა კარიერას ჩრდილივით დასდევდა მაინცდამაინც სომხებთან გაცუდებული დარტყმა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ამ თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩელე ქუთაისის ქუჩებში დადიოდა თავისი მანქანით. ამ დროს ორმოში ჩავარდა. გადმოვიდა მანქანიდან იმ იმედით, იქნებ ვინმემ მიცნოს და დამეხმაროსო. ცოტა ხანში მართლა შეჩერდა ვიღაც:

– კაცო, შენ რეზო არა ხარ ჩელებაძე?

– კი, რეზო ვარ! – გაუხარდა.

– რა დაგემართა?

– აი, ორმო ვერ დავინახე და...

– ვერ ააცილე ორმოს?

– ვერ ავაცილე, – დაიბნა ჩელებაძე.

– კაცო, ცხრამეტრიან კარს ორჯერ ააცილე და ამ პატარა ორმოს ვერ ააცილე?3

არადა, ქართველ გულშემატკივარს „ჩელე” უყვარდა. მისი განსაკუთრებულად შესრულებული პენალტების გამო ამბობდა: „მეკარე იქით, ბურთი აქეთ”. მაგრამ სომხებთან გაცუდებული ბურთის ამბავს მაინც ვერ ივიწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ იმავე წელს, საკავშირო თასის გათამაშების ფინალში „დინამო” ისევ „არარატს” შეხვდა და იმ ჯერზე ჩელემ ბურთი უკვე გაიტანა.

„არარატთან“ დაპირისპირება ქართველი გულშემატკივრისთვის იმდენად პრინციპული მეტოქეობა იყო, რომ 1976 წლის 3 სექტემბერს საკავშირო თასის მოგება „არარატთან” თამაშით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა დიდხანს იყო თავისი გმირებითა და ანტიგმირებით.

რევაზ ჩელებაძე
რევაზ ჩელებაძე / ეროვნული ბიბლიოთეკა

„დინამოს“ ფორვარდი ფირუზ კანთელაძეც იხსენებს: „პენალტი რომ დაინიშნა, ცენტრის ხაზთან ვიყავი. რატომღაც ბურთიც იქ მოგორდა. ამ დროს ვხედავ, რომ ვინც პენალტი უნდა დაარტყას, ის არ აქტიურობს. ინსტინქტურად ავიღე ბურთი და პენალტის ნიშნულისაკენ გავეშურე. დათო ყიფიანმა მომაძახა, მიდი, ფირუზ, ნუ გეშინიაო. ის თერთმეტმეტრიანი რომ ვერ გამეტანა, ალბათ, საქართველოდან შორს გადავიხვეწებოდი. როგორია, თასის ფინალში პენალტს რომ გააცუდებ, თან, ვისთან – „არარატთან“! „არარატის“ მეკარე ოვსეპიანმა დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ძალიან შორეულ კუთხეში დავარტყი და ვერ მიწვდა. მოკლედ, საქართველოდან გახიზვნასაც „გადავურჩი“ და სანუკვარი ჯილდოც დავისაკუთრეთ“.4

სომხეთთან პრინციპული შეჯიბრება ახალი გმირების შექმნით გაგრძელდა პოსტსაბჭოთა დროშიც: ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის პირველი მატჩი 1997 წლის 30 მარტს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა რეკორდული ანგარიშით – 7:0 მოიგო. ძმებმა არველაძეებმა გატანილი 5 გოლით ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარეს. შოთას დუბლისა და აჩის ჰეთ-თრიკის კორიანტელში თამაშის ჩანაწერიდან მოისმის კომენტატორის კმაყოფილი ხმა: „მოდი და გაიგე [ვინაა გოლის ავტორი], არჩილი თუ შოთა“.(5)

„ოქროს ბიჭები”

საბჭოთა დროებაში ქართველი ფეხბურთელების წარმატება საერთო-ეროვნულ გატაცებას უფრო წააგავდა, ვიდრე მხოლოდ სპორტულ ჟინს. სწორედ ამიტომ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, თბილისის „დინამო“ კონვეიერული წესით ქმნიდა ქართველი ერისთვის მითოსურ სიმბოლოებს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, თუ რამდენად იკონური გოლის გატანას ან მომენტის შექმნას მოახერხებდა ფეხბურთელი ან გუნდი. ამ პრინციპით შეერქვა „დინამოს“ 60-იანელთა თაობას „ოქროს ბიჭები“, რომლებმაც 1964 წელს გუნდის არსებობის ისტორიაში პირველად, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მოსკოვური გუნდი დაამარცხეს. ამავე სათაურის დოკუმენტურ ფილმში შეიძლება მაშინდელ ქართულ საზოგადოებასთან, მის განწყობასა და ლეგენდარულ ტაშკენტურ მატჩზე მოხვედრის ისტერიკულ სურვილებთან დაბრუნება: „რო ვერ იშოვეს ბილეთები, გამწარებული ერთი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი [...] 18-ში დილით თვითმფრინავის საბარგულში შეიპარა. ეს წარმოუდგენელი ამბავია“.6

ყველაზე დიდ საკრალურობას „დინამოს“, როგორც ერთიან ორგანიზმს, ჰმატებდა პარალელები ქართველების ისტორიასთან. მაგალითად, 1964 წლის გამარჯვებისადმი მიძღვნილ საკულტო სიმღერაში „არის, აღსრულდა ოცნება!“ ქართული საბრძოლო იმედიანობის გამომხატველი, კარგად ნაცნობი ჰეროიკული გამოსჭვივის: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“. 1981 წლის 13 მაისის ისტორიული წარმატების შესახებ კი, რომლითაც თბილისის „დინამომ“ უეფას თასების მფლობელთა თასი მოუტანა ქართულ ფეხბურთს, დათო ტურაშვილი იხსენებს თავისი ისტორიის მასწავლებლის ნათქვამს მატჩის დღეს: „საქართველოს ისტორია არის უთანასწორო ბრძოლების თავგადასავალი და ქართველები ყოველთვის უმცირესობაში იყვნენ და ასე ებრძოდნენ მათზე გაცილებით მრავალრიცხოვან მტრებს და თუ დღეს თერთმეტ ქართველს მხოლოდ თერთმეტი გერმანელი დაუპირისპირდება, ჩვენი ფეხბურთელები აუცილებლად მოიგებენო“.7

13 მაისის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ფრთიანი ფრაზები, ამგვარ სახესაც იღებდა: „შენ თასს იღებდი იმ ღამეს საშა...“ ან: „უახალკაცოდ არ არსებობს არცერთი თასი, ჩემპიონობაც არ არსებობს უახალკაცოდ“.8

1981 წლის „ლელოს“ ერთ-ერთ ჩანაწერში ისიც ჩანს, როგორი ექსტაზურობით ზეიმობს პატარა ერი საერთაშორისო წარმატებას: „დასრულდა თუ არა მატჩი, მთელი საქართველო ტელეეკრანს მოსწყდა... 14 მაისის ღამეს დატრიალებულმა სიხარულის ქარიშხალმა საქართველოს შემოუქროლა და 16 მაისს თბილისის აეროპორტს ეწვია...“.9 დღემდეა შემორჩენილი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ კოცნის ხალხის ტალღით ჰაერში ატაცებულ ვიტალი დარასელიას ფეხზე ერთ-ერთი გულშემატკივარი.

დინამო 1981
დინამო 1981 წელს 13 მაისის გამარჯვების შემდეგ/ ეროვნული ბიბლიოთეკა

დავით ყიფიანი ერთ-ერთ ინტერვიუში ვიტალი დარასელიას შესახებ ამბობს: „დარასელია არის პიროვნება, რომელმაც გაიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი საქართველოს ისტორიაში, რადგან ლამაზ გოლებს იტანდნენ ქართველები, მაგრამ ასეთი საჭირო გოლი ჯერ არავის გაუტანია“.10

დარასელიას ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალის გამო, კიდევ უფრო იზრდებოდა მითი მის შესახებ:

დარასელია ოჩამჩირედან იყო, სადაც ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს „ამირანი“ ერქვა. „ამირანი ეს არის პრომეთეს პროტოტიპი ქართულ მითოლოგიაში. პრომეთემ მოუტანა თავის ხალხს ცეცხლი და თავისუფლების შეგრძნება. ვიტალი დარასელიამაც მოუტანა თავისუფლების შეგრძნება თავის ხალხს. ასეთი სიხარულის დღე ქართველებს დიდი ხანია, არ ჰქონიათ, – ამბობდა კოტე მახარაძე, – ჩვენ ვიგრძენით, რომ ნამდვილად თავისუფლები ვიყავით. ფეხბურთში გამოხატული თავისუფლება ხანდახან მეტაფიზიკური თავისუფლება ხდება“.11

ამ ერთგვარ მეტაფიზიკურ თავისუფლებას, ალბათ, ნაკლები ფასი დაედებოდა, რომ არა ქართველების ბურთაობის ეთნიკური ავთენტურობა: თბილისურ სტილს თავის ინტრიგას ჰმატებდა სხვადასხვა ეპოქის „დინამოელების“ ერთგვარი სამხრეთული – მოქნილი, შემოქმედებითი და ტემპერამენტიანი მანერა: დრიბლინგებზე, იმპროვიზაციასა და არტისტულობაზე დაფუძნებული საფეხბურთო ტრადიცია. ქართველების მრავალფეროვანი და სპონტანური ფეხბურთი ცივ და დისციპლინირებულ სლავურ (ძირითადად, რუსულ და უკრაინულ) კონტექსტში ერთგვარ ეგზოტიკად მოჩანდა. ეს გულშემატკივარს და, შესაბამისად, ერსაც, იმ ნაციონალურ თვითკმაყოფილებას ჰგვრიდა, რაც სახელმწიფოებრიობის სხვა პლატფორმებზე, პრაქტიკულად, არ გააჩნდა. ამგვარი შტრიხები იკვეთებოდა ფეხბურთისა და ცეკვის „ორმხრივ ინტიმურ კავშირში“, როგორც ამ ფენომენს ამერიკელი მკვლევარი, ერიკ სკოტი უწოდებს. „ქართული ფეხბურთის თვალისმომჭრელი ტექნიკა და ქართული ცეკვის ეთნიკურად განპირობებული მოძრაობები ამ ორი მიმართულებით სხეულის ფლობის კულტის მსგავსი ეროვნული რეპერტუარის ხატებები იყო“, – წერს ის.12 ხოლო ქართული მატჩების ექსკლუზიურ მიმზიდველობას და მასობრიობას არაფერი არ ამძაფრებდა ემოციურად ისე, როგორც სახასიათო ქართველი კომენტატორების – კოტე მახარაძისა და ეროსი მანჯგალაძის – მშობლიურად მხატვრული დიალოგი სუნთქვაშეკრულ ქართველებთან.13 საფეხბურთო მითოსს საქართველოში საკულტო ნამუშევრებსაც უძღვნიდნენ: ასეთია ნანა მჭედლიძის ფილმში „პირველი მერცხალი“ იასონის გმირი – „საკრალური სახელის მქონე წინამძღოლი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ზღვისპირა ქალაქში აღმოცენებულ, ყველასთვის უცხო ფეხბურთს შესაშური ენთუზიაზმით ხვდება, თან აუცილებლად ყველასთვის პატივსაცემი, გონიერი, ქარიზმატული და უმწიკვლოდ პატიოსანი ადამიანია.

„დინამოს“ ცხოვრებიდან ამგვარ თვისებებს ძნელად თუ მიაწერენ ვინმეს დათო ყიფიანზე მეტად. თავისი გრაციოზული სტილის გარდა, „პროფესორი“ ყიფიანი გაურკვეველ მეტაფიზიკურ ნდობას იწვევდა ათასობით გულშემატკივარში. სწორედ ამიტომ გაისმოდა განუწყვეტლად მატჩების წინ უმნიშვნელოვანესი კითხვა: „დათო ხო არი დღეს?“14

„პროფესორების“, „კარუზოების“, „ჩელეების“ თუ სხვა ინდივიდუალური ტვინების ფონზე, საბჭოთა პერიოდის თბილისის „დინამო“ ეროვნული სიამაყის კოლექტიური სიმბოლო იყო, რომლისთვისაც ქართველ ხალხსაც ხარკი უნდა შეეწირა. იმდროინდელი საფეხბურთო რიტუალების მომსწრენი ასე იხსენებენ მსგავს ამბავს:

„რა დამავიწყებს, ჩემ თვალწინ მოხდა, ერთხელ ჩემმა მეგობარმა თავის ვოლგას მოხსნა „პაკრიშკები“ და გაყიდა იმისთვის, რომ „დინამოს“ ბილეთები ეყიდა. მაშინ ოთხი „პაკრიშკა“ ხუმრობა საქმე არ იყო”...


„სასჯელი“ და „ბავშვის მოგებული ტურნირი“

ახლა კიდევ რამდენიმე მაგალითი გავიხსენოთ, რომლებშიც კარგად ჩანს, ქართული კინოც როგორ აფეტიშებს საბჭოთა ფეხბურთს. ეს ჯერ კიდევ 1961 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმში „ბურთი და მოედანი” ჩანს, როცა „დინამო“ ჯერ კიდევ უტიტულო გუნდი იყო. საბჭოთა ბუღალტერი კუჭკუჭი გაპარულია ათასნაირ ხრიკს იგონებს, რომ სამსახურს თავი დააღწიოს და ფეხბურთზე წავიდეს, რასაც მიუხვდებიან თანამშრომლები, ამხანაგურ სასამართლოს მოუწყობენ და ორიგინალურ „სასჯელსაც“ მოუფიქრებენ: არ აძლევენ კუჭკუჭის თბილისის „დინამოს“ მორიგი შეხვედრის ყურების საშუალებას.

კინემატოგრაფიაში შემონახული ეს „სასჯელი“ 1990-იან წლებში, ქართული ფეხბურთის საბჭოთა სხეულიდან გამოთავისუფლების შემდეგ, უფრო და უფრო მიემსგავსა რეალობას – ქართულმა ფეხბურთმა და ქართველმა გულშემატკივარმა დროთა განმავლობაში ერთმანეთი დაკარგეს. თუმცა, ამას წინ უძღოდა ერთგვარი ისტერიკული კულმინაცია, როცა 1980-იანი წლების ბოლოს ფეხბურთი, გარკვეულწილად, ეროვნული მოძრაობის ტალღას აჰყვა და საბჭოთა კავშირისგან ინსტიტუციონალური გამოყოფის ფლაგმანად იქცა. გაზეთ „ლელოს“ ფურცლებზე ჯერ კიდევ 1989 წლის ბოლოს გაიმართა მკითხველთა და სპორტის გულშემატკივართა დისკუსია – საჭიროა თუ არა, საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ სსრკ-ის ჩემპიონატში. საბჭოთა გათამაშებებზე გამოსვლის მომხრეთა არგუმენტები, ძირითადად, სპორტულ ფაქტორებზე – თამაშის ხარისხის ვარდნაზე, საერთაშორისო ასპარეზობების შანსის მოსპობასა და მსგავს პრაგმატულ საკითხებზე იყო დაფუძნებული. მეორე მხარეს კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერები და ემოციურად დამუხტული ხალხი იდგა. და ისინი ფეხბურთელებს, ამჯერად, სხვა არენაზე ბრძოლაში იწვევდნენ.

ამ ვნებათაღელვისთვის გამკლავება არ ყოფილა ადვილი ერის მიერ წლების განმავლობაში გამოძერწილი საბჭოთა საქართველოს საფეხბურთო კერპებისთვის. არცთუ ისე შორეული ზღაპრული „დინამოს“ დიდ გმირებს ვერ გადაეწყვიტათ, რა პოზიცია ჰქონოდათ, რა ეთქვათ ხალხისთვის, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელ ჩემპიონატს საბჭოთა კავშირის დაშლამდე თითქმის ერთი წლით ადრე ითხოვდა.

ჭადრაკის სასახლეში გამართულ ყრილობას 400-ზე მეტი დელეგატი დაესწრო როგორც სპორტული, ისე არასპორტული საზოგადოებიდან. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ პატრიოტული პათოსით სავსე გამომსვლელები. თუმცა, საჭირო იყო, საბოლოო იდეა იმ მთავარ მოთამაშეებს გაეჟღერებინათ, ვინც გულშემატკივრისთვის ეროვნულ სიამაყეს ასხივებდა. ამ დროს გაისმა „დინამოს“ ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი დირიჟორის – ნოდარ ახალკაცის ხმა:

„... მე მგონია, დღეს ყველანი უნდა ვიყოთ აქ, საქართველოში... როგორც დიდი ილია ბრძანებდა, ქვეყანაზე ზოგი ისეთი საგანია, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ; ზოგიც ისეთი, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. მოდით, საქართველოს კარს მომდგარი თავისუფლება დავინახოთ და ფეხბურთის საქმეც ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება“.15

ამ გამოსვლას ოვაციების ტალღა მოჰყვა. ყრილობამ თითქმის ერთხმად მიიღო საბჭოთა ფედერაციისგან ქართული საფეხბურთო სამყაროს გამოყოფის გადაწყვეტილება.

მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ გადაწყვეტილებას „დინამოს“ სპორტულ საზოგადოებასა და სხვა საფეხბურთო ელიტებში აღფრთოვანება არ მოჰყვა. თითქოს შეთანხმებული გადაწყვეტილება ეჭვქვეშაც კი დადგა. თუმცა, ყველაზე ემოციურ ეპიზოდში ნოდარ ახალკაცის ნაყოყმანებ, მაგრამ მკაფიო პოზიციას წინ მაინც ვერაფერი დაუდგა.

მალევე, 1990 წლის 30 მარტს, გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა და ის კვლავაც ისტორიული თუ იმ დროისთვის აქტუალური ეროვნული სიმბოლოებით დაიტვირთა:16

გარდა იმისა, რომ „იბერიად“ ქცეული „დინამო“ პირველ ქართულ საფეხბურთო კლუბად მიჩნეულ ფოთის „კოლხეთი 1913-ს“ უნდა დაპირისპირებოდა, ეროვნულ სტადიონზე გამართული ეს ღონისძიება სხვა მნიშვნელობითაც დაიტვირთა – მას უნდა წარმოეჩინა საქართველოს, როგორც პოტენციური სახელმწიფოს სრულფასოვნება. ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა სწორედ თავის სათაყვანებელ თბილისის „იბერიას“ დააკისრა ეს მისია. სტადიონზე ასიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, აქა-იქ კრთებოდნენ ხალხისთვის მნიშვნელოვანი არტისტები და ხელოვანები, განსაკუთრებული დაკვირვების გარეშეც ჩანდა კადრებში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიტრაც. ალბათ პატრიარქის იქ ყოფნის გამო გადაწყვიტა ფეხბურთის არც ისე დიდმა გულშემატკივარმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, გადაჭედილი ტრიბუნებისთვის მიემართა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი ექო.(17)

ზვიად გამსახურდია
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სტადიონზე სიტყვით გამოსვლისას


ეს დღე ისტორიაში დარჩა ეროვნულ-პოლიტიკური მარკერებით გაჟღენთილი კარნავალის გამო და ის განსაკუთრებით სიმბოლური აღმოჩნდა საკუთრივ ქართული ფეხბურთისთვისაც: ტიტანურმა „დინამომ“, და მაშინ უკვე „იბერიამ“, ფოთურ გუნდთან წააგო, მიზეზი კი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელის, გელა კეტაშვილის ავტოგოლი გახლდათ.


ეროვნული ჩემპიონატი

ამის მერე საკუთარ კარში გატანილი გოლი და ოლიმპოს მთიდან ჩამოტანილი და აფხაზეთის ომისთვის შეწირული ოქროს მედალი კარგა ხანს თანაარსებობდა ქართველი ფეხბურთელების ბიოგრაფიებში, რამაც, ბუღალტერ გაპარულიას „სასჯელის“ არ იყოს, ქართველ გულშემატკივარს ქართული ფეხბურთით სიამოვნების შესაძლებლობა ჩამოართვა.

„ვერ ვისწავლეთ ვერაფერი, ტალღების მეტი“, – დანანებით აღნიშნა ერთმა გულშემატკივარმა, რომელსაც „დინამო“ ზენიტშიც უნახავს.18 იმას თუ გულისხმობს, რომ ქართველ ქომაგს ფეხბურთელები აღარ აძლევენ ახალ მასალას, სტადიონზე მოგებული ომებისა და გამორჩეული გმირებისთვის ახალი სიმღერები, ახალი საბრძოლო ფრაზები რომ მიეძღვნა; თანაც ისე, რომ ქართული ფეხბურთის ხმა მსოფლიოშიც გაეგონათ. ჯერჯერობით, ვერც ისტორიულ „შურისძიებებს“ ახერხებენ ქართველი ფეხბურთელები და ვერც გრანდიოზულ წარსულ გამარჯვებებს ახსენებენ „სხვებს“. ფეხბურთი ხომ იმთავითვე ამიტომ იყო ეროვნული სიამაყის გენერატორი – ის გვაჯიბრებდა „ჩვენ“ და „მათ“. დღეს ის მხოლოდ იშვიათად ირგებს ქართულ ნაციონალისტურ რიტორიკას. ხოლო მაშინ, როცა ეს ხდება, ხდება შესამჩნევად აგრესიულად და სტერეოტიპებით გაჯერებული ფორმებით.

განსაკუთრებით იგრძნობა მსგავსი განწყობები ქართულ და აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბებს შორის გამართულ საერთაშორისო მატჩებზე. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო 2015 წელს უეფას ევროპა ლიგის შესარჩევი შეხვედრები „დინამო თბილისსა“ და „გაბალას“ შორის. თბილისში გამართულ შეხვედრაზე გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე გამოფინეს ბანერი ინგლისური წარწერით „ჩვენ გვახსოვს ზაქათალა და კახი, 1921“. საპასუხო მატჩზე, რომელიც ერთი კვირის შემდეგ აზერბაიჯანში გაიმართა, ადგილობრივები სტუმრებს საპასუხო პოსტერებით დახვდნენ და ასევე ინგლისურად აცხადებდნენ, რომ „ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა“, „სერვანი, არა მარნეული“, „ბოსტანდერე, არა რუსთავი“, „გემერლი, არა ბოლნისი!“.19

როგორც აღმოჩნდა, გმირების და ანტიგმირების შექმნა ქართულ ფეხბურთში აღარ განისაზღვრება კავკასიურ დერბიში გაბრწყინებით, ან საბჭოთა დისციპლინურობის ფონზე განსაკუთრებული ასინქრონული მოქნილობისა და გრაციოზულობის გამოვლენით.

ჩელეს ფორმულა – „მეკარე იქით, ბურთი აქეთ“ – უფრო და უფრო დიდი იშვიათობა ხდება. ქართველი ოდისევსებიც საკუთარი თავის ძებნას მოშორებით, დასავლურ მინდვრებზე ცდილობენ. ასე გაიბრწყინეს 1990-იან წლებში „სხვების გმირებად“ ქცეულმა ქართველმა ფეხბურთელებმა ბრიტანული, გერმანული, ჰოლანდიური თუ სხვა ევროპული ტრიბუნების წინ. „გენიოსი, რომელმაც იმედი მოიტანა“, „მასტერი წარსულიდან“, „კავკასიელი მარადონა“ – ასე ამკობს ევროპული პრესა გიორგი ქინქლაძეს და „მანჩესტერ სიტიში” დადგმულ მის წარმოდგენებს.(20) ბრიტანული ბენდები მას სიმღერებს უძღვნიან.21 ამის პარალელურად კი „ქინქის“ და დანარჩენებს ქართველმა გულშემატკივარმა შორიდან უნდა ადევნოს თვალი და მათგან ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო კერპები ჩამოასხას.

როგორც აკა მორჩილაძე იტყოდა, „ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, სად შევაბიჯეთ, და დავინახეთ უცნობი და ძნელი სამყარო, და დაგვხვდა წესები და ადათები, რომლებისაც არაფერი გაგვეგებოდა“.(22) თითქოს თავის მართლებასავით ჟღერს, თითქოს, იმ არშემდგარი ეროვნული სასწაულების დაბალანსებას ვცდილობთ, რომელიც „შავი ზღვის რივერამაც“ კი ვერ მოახდინა და ქართველ ხალხს დიდი გამარჯვებების გემო ვერ გაახსენა.

სტადიონი


რაც დღეს ქართველ გულშემატკივარს დარჩა, მეხსიერების ენერგიაა, მწვანე მინდორზე გრაციოზულად გაგორებულ ბურთს და გამარჯვებულ გუნდს რომ მოჰქონდა. ენერგიის მუდმივობის კანონის მიხედვით, ის არ იკარგება. იცვლის მხოლოდ ფორმას. და ასე შეიცვალა საფეხბურთო ნაციონალიზმში გამოთავისუფლებულმა ენერგიამ ეს ფორმა და ჩვენს ყოფაში სხვა გამარჯვებებს მიემაგრა: ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ქართული საზოგადოება საკუთარი ეროვნული სიამაყის კვლავწარმოებას მისთვის შედარებით ახალ სარაგბო თუ საკალათბურთო გამარჯვებებთან ერთად ახდენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქაც ისტორიულად პრინციპული მეტოქეა – რუსეთის სარაგბო ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული კასკადური გამარჯვებები, როგორ ბუნდოვნადაც უნდა ესმოდეს ქართველ გულშემატკივარს მათი სპორტული მნიშვნელობა, მაინც წააგავს იმ ალტერნატიულ ისტორიას, სადაც ჩრდილოური დათვის დამარცხება შეგვიძლია.

თუმცა, პრინციპულ ისტორიულ მეტოქეზე გამარჯვების ამგვარ ალტერნატიულ ისტორიებს გლობალური რეზონანსი სჭირდება, რისი გამოწვევაც ყველაზე უკეთ ფეხბურთს შეუძლია.

წარმატებული სახელმწიფოს ერთგვარი მაკეტი, რომელიც სპორტულ მოედანზე იქმნება, უნდა ნახოს ყველამ დედამიწის ზურგზე – ეს მთავარი პრინციპია. ამიტომ, რაწამს 11 ქართველი „ჯარისკაცი” დიდ გამარჯვებებს შეეპოტინება, ქართველი ქომაგიც ხასიათზე მოდის, სტადიონზე სიარულის ძველ წეს-ჩვეულებას იხსენებს და ბილეთის საყიდლად მიეშურება.

ემოციური შეღვიძების ხანა სწორედ ახლა უდგას ფეხბურთს – ევროპის ჩემპიონატს ორი ნაბიჯით მიახლოებულ ეროვნულ ნაკრებს უცებ დააცხრა ძველებური რიგები სალაროებთან. ეს მეტაფორულად, თორემ ჯერ კიდევ მარტში დაგეგმილი ბელარუსთან გასამართი მატჩის ყველა ბილეთი თამაშამდე ერთი თვით ადრე გაიყიდა.(23) და რომ არა მსოფლიოს მოდებული პანდემია, იქნებ შევსებული „დინამო არენაც” გვენახა.

ცხადია, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ფინალურ მატჩებს გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. თბილისის კედლებზე კი ქართული ფეხბურთისადმი მიძღვნილი გრაფიტი მრავლდება. ძირითადად, ლურჯ მაისურებში მკერდზე ძველებური D-ს გამოსახულებიანი ნაცნობი სახეები გვიყურებენ ფასადებიდან, ბანერებიდან და მეტროს კარზე მიკრული სტიკერებიდან.

სანამ ახალი გმირები გამოჩნდებონენ, ეს სარეკლამო კამპანიები „პროფესორი“ ყიფიანის, „ოქროს ბიჭების“, მიხეილ მესხის, ვიტალი დარასელიასა და სხვა გმირების მხრებზე დგას. ბათუმის ჩამავალი მზის ფონზე, იუმორისტულ გადაცემაში სტუმრად მისული ვეტერანი ჩელე კი ჩვეული დასავლური უბრალოებით ამბობს:

[იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ], ძალიან მაგარ ფორმაში უნდა იყოს ჩაკვეტაძე. რაფერც მესია ბარსელონაში... მე დღეს რასაც ვუყურებ, ამ ბავშვის გარეშე ვერსად ვერ გავალთ. ბავშვმა მოიგო ეს ტურნირი“.

და თუ ეს „ბავშვი” ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც გაუძღვება, „პროფესორი“ ყიფიანის სტენსილებს გვერდს უფრო ხშირად დაუმშვენებს მისი ყველასთვის საყვარელი გამოხედვა.

 ავტორი: ნინო სამხარაძე

 

1 Sport შოუ ოთარ ტატიშვილთან (2019, 30 აგვისტო)

2 Sport შოუ ოთარ ტატიშვილთან (2019, 30 აგვისტო)

3 სამხარაძე, ნ. (2017). ფეხბურთი და ნაციონალიზმი საქართველოში 1960-1980-იან წლებში.  

4 დინამო-არარატი 3:0 (2018, 19 ნოემბერი)

5 1997 წ. საქართველო-სომხეთი 7:0 (2020, 27 მაისი)

6 საქართველოს საფეხბურთო არქივი (2020, 7 ივლისი)

7 ტურაშვილი, დ. (2011). მე რომ ფეხბურთელი ვიყო. თბილისი: იბერია.

8 ცოტაძე, მ. (1981, მაისი 20). საფეხბურთო პოეზია. ლელო. გვ. 3

9 ჭეიშვილი, თ. (1981, მაისი 16). ნანატრი თასი თბილისშია. ლელო. გვ. 1-3

10 ხარაბაძე, ა. (2014, აპრილი 19). Georgian Footbol-грузинский футбол-ქართული ფეხბურთი. 

11 ხარაბაძე, ა. (2014, აპრილი 19). Georgian Footbol-грузинский футбол-ქართული ფეხბურთი. 

12 Scott, E.R. (2019). Soccer Artistry and the Secret Police: Georgian Football in the Multiethnic Soviet Empire. In The Whole World Was Watching: Sport in the Cold War, ed. by Robert Edelman and Christopher Young. Stanford University Press

13 GPB Archive (2017, მარტი 24). ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე , დინამო – ტორპედო / Dinamo vs Torpedo 1964. 

14 მორჩილაძე, ა. (2012). აკა მორჩილაძე „სარბიელში“ – 1995-1997. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

15 ბერიშვილი, ე. (2019). დიდიბურთაობა. თბილისი: გამომცემლობაარტანუჯი

16-17 პირველი ჩემპიონატის პირველი მატჩი. (2015, 30 მარტი)

18 თბილისი, (2017). ფოკუს ჯგუფის ფორმატის დისკუსია. შერეული, რესპონდენტები დაბადებული 1960 წელზე ადრე

19 Guardian.ge. 2015. „გაბალა-დინამოს” მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა დაწვეს - საქართველოს ელჩის კომენტარი“. 

20 Hurrey, A. (2016, 14 სექტემბერი). 90s Heroes – Giorgi Kinkladze.

21 Cox, M. (2017, 25 მაისი). How Georgi Kinkladze showed up Premier League’s early inability to evolve

22 მორჩილაძე, ა. (2012). აკა მორჩილაძე „სარბიელში“ – 1995-1997. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

23 1TV.ge (2020, 26 თებერვალი). მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია – უპრეცედენტო ფაქტი საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებამდე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა