ქრონოსისა და ჰადესის შეხვედრა
09.04.2020 | 10 წუთიანი საკითხავისერგი ბარისაშვილი
ფრაგმენტი ინტერვიუდან
ინდიგო #44 - ბუნება
გრეტა თურნბერგი ჩემთვის თაობის ხმაა. და მაინც, როცა გამოჩნდა, ნახევარმა მსოფლიომ და მთელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დასცინა.
არადა, რა თქვა გრეტამ სასაცილო და გაუგებარი?!
თქვა, რომ გლობალური მიზეზებით გამოწვეული რეგიონული პრობლემები (ამაზონიის და ავსტრალიის ტყის დაწვა, ყინულის საფარის დნობა გრენლანდიაზე, ანტარქტიდაზე, მთებში, შიმშილისგან მასობრივად გარდაცვლილი ბავშვები ღარიბ ქვეყნებში და ა. შ) მართლა მარტო რეგიონული გვგონია და ჩვენ არ შეგვეხება... რომ ეს ქეციანი ვირუსი არაფერია საშუალო ტემპერატურის 5 გრადუსით მომატებასთან, რადგან ამ შემთხვევაში თვითონ პოლიტიკოსები, მილიარდერები და ექიმებიც კი მისახედები იქნებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეშელონის ყურს მიწვდა ამ გოგოს ნათქვამი, სამწუხაროდ, ყური არავინ შეიბერტყა.
რაღაც ისეთი უნდა მომხდარიყო, რაც მოსვამდა ყველას, როგორც მეფეს, ისე ქვეშევრდომს, როგორც პრეზიდენტს, ისე მოქალაქეს.
ამ ვირუსით სიკვდილის ფენომენი შემობრუნდა. ის მანამდე დავიწყებული გვქონდა. მომხმარებლური საზოგადოება, არათუ უახლოეს მომავალში, საერთოდ გამორიცხავდა სიკვდილს, როგორც ფაზას, რადგან მედიცინა, ტექნიკა ისე განვითარდა, მარტივი რაღაცებისგან ადამიანები აღარ კვდებიან. წინათ კი შვიდ და ათ ბავშვს აჩენდა ადამიანი, იმ შეგუებით, რომ შეიძლებოდა ორი-სამი დარჩენოდათ. ახლა კიდევ ეს უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიაა, რადგან მედიცინამ ასეთი, ძველ დროში ძალიან აქტუალური შიშები ადამიანს გადააალახინა და დაავიწყა.
პანიკის ჯაჭვს რომ მიჰყვე და დააკვირდე, რა აპანიკებს დღეს ხალხს, სწორედ ესაა - სიკვდილის მომენტი ახლაღა გაიხსენა. როცა ახლობლის გამო გეშინია, პანიკაში არ ვარდები, ზრუნვას იწყებ. ზოგმა პირდაპირ თავის თავზე მიიღო დარტყმა და ამიტომ დაპანიკდა. რეალურად ეგოს დაარტყა ამ ვირუსმა - ახლა მე შეიძლება მართლა მოვკვდე? მე?
თვითონ სოციალიზაციაც ისე განვითარდა, ადამიანები საკუთარ თავთან მარტო აღარ რჩებიან. და ახლა, ამ კარანტინში, ზოგი ღვარძლიანად დასცინის იმ ადამიანებს, ვისაც მოსწონს, რომ ჩაკეტვამ საკუთარ თავთან განმარტოების შანსი მისცა. რა უნდა იპოვოთ მარტოობაშიო, იცინიან, საქმეც ეგ არის, რომ განსაკუთრებულს ვერც ვერაფერს ვიპოვით, ამის გაცნობიერებაა ძალიან რთული. ამ ვერაფრის, ანუ სიცარიელის პოვნაა ადამიანის მთავარი განძი. თუ ეგ არ გაიარე, მკვეხარა ქოთანს ემსგავსები… ეგ არის სიკვდილის მომენტის გავლაც და გასხივოსნებაც.
სიცარიელე ბუნებრივი მდგომარეობაა, უბრალოდ, ჭურჭელი ხარ. აბსურდის ფილოსოფია მაგაზე დგას. ძველი ეგვიპტური კულტურა სულ ამ მკვდრების და სიცარიელის მომენტზეა და არის სხვა კულტურებიც, რომლებიც მთლიანად სიკვდილის განდიდებაში არიან. თანამედროვე კულტურა კი მეორე უკიდურესობაში გადავარდა.
თვალშისაცემი და საგულისხმო ისაა, რომ ამ ვირუსმა მობილურობას დაარტყა - კარანტინის პირობებში ადამიანები გარეთ დიდად ვეღარ გადიან. გასაგებია, რო ყველაფერი დაიკეტა, რაც მანამდე გარეთ გასვლასთან იყო დაკავშირებული - კაფე-რესტორნები, კლუბები, კინოთეატრები, მუზეუმები და ა.შ. ანუ რაც ძირითადად ურბანულ გარემოს უკავშირდება, მაგრამ საქართველოში ყველა ვცხოვრობთ ისეთ ადგილას, საიდანაც ტყე მაქსიმუმ 5-10 კილომეტრშია; ყველას შეგვიძლია, ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად, ჩვენი ტყე ვიპოვოთ… კვირაში 2-ჯერაც რომ გავიდეთ, სრულიად საკმარისია. თან, სიარული და ფიქრი კარგად ეწყობა ერთმანეთს, არა? არისტოტელეს პერიპატეტიკულ სკოლაში ეს შემთხვევით არ ხდება.
გაჩერება პანიკაა. ლაშქრობაშიც რომ ხარ, როცა პანიკაში ვარდები, ჯდები და ვეღარ დგები, პარალიზებული ხარ. დასასრულსაც ამ უმოძრაობით უახლოვდები. და როცა მოძრაობ, ეს უკვე ნიშნავს, რომ გადარჩენის შანსს აძლევ საკუთარ თავს. სიარული იმითაცაა კარგი, რომ ფიქრის პროცესის სტიმულირებას ახდენს, განსაკუთრებით ბუნებაში სიარულია მისწრება.
მაგრამ რამდენად იყო ეს მასობრივი ტურიზმი სიარული და მოგზაურობა შემეცნებისთვის? ორ-სამდღიანი ან თუნდაც ერთ კვირიანი ჩასვლა არ შეიძლება იყოს მოგზაურობა. ადრე ადამიანები, მაგალითად, იტალიაში როცა მიდიოდნენ, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ ამისთვის; სწავლობდნენ იტალიურ კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას; ახლა კი ვიღაც შეიძლება მილანში ან ბოლონიაში მარტო იმიტომ გაფრინდეს, რომ ბილეთის ფასი 20 ევროა. ამ ხელმისაწვდომობამ სრულიად გააუფასურა ბევრი რაღაცა. ეს ხელმისაწვდომობა კი რის ხარჯზეც ხდებოდა, ყველამ ვიცით.
ჰოდა, ახლა, სანამ ჩაკეტილები ვართ, დრო გვაქვს, მოგზაურობა შინაგან სამყაროში გადავიდეს. ვისაც ეს აპანიკებს, უკვე ნიშანია - ასე ადამიანის ზედაპირულობის ამოცნობა შეიძლება.
სამყაროში მიმდინარე პროცესების დანახვის ჩემი ხელსაწყოა ასტროლოგია. ეს არის ჩემი საათი. გაზაფხული არის თესვის დრო, ზაფხულის ბოლო არის თიბვის და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი რეალურად ასტროლოგიაა.
ადამიანს თუ წარმოვიდგენთ მიკროკოსმოსად და სამყაროს მაკროკოსმოსად, რაც სამყაროში ხდება, ის უნდა ხდებოდეს ადამიანშიც, არა? ასტროლოგიაც ასე ხედავს ამას - პლანეტების ურთიერთმიმართება (ასპექტები და ა.შ) ადამიანში მიმდინარე პროცესების ანალოგად ითვლება. ესაა იგივე სინქრონულობის თეორია, რომ დედამიწა ირეკლავს ცას, ანუ კოსმოსში მიმდინარე მოვლენებს. დეკემბრის ბოლოს, მაგალითად, ბევრი ასტროლოგი მოელოდა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. ეს იმიტომ, რომ მაშინ პლუტონი და სატურნი შეხვდნენ ერთმანეთს. ორივენი ნელა მოძრავი პლანეტები არიან. ეს ხომ ვიცით - რაც უფრო შორსაა პლანეტა მზისგან, მით უფრო ნელა მოძრაობს და ამათი შეხვედრაც და დაშორებაც ხდება ძალიან ნელა. მათი წინა შეხვედრის დროს, შიდსის ვირუსი აფეთქდა. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიც ამ ორი პლანეტის შეხვედრას ემთხვევა და მაშინ იყო სწორედ საშინელი პანდემია - “ისპანკაც”.
პლუტონი - ბერძნულად ჰადესია - მიწისქვეშეთისა და სიკვდილის ღმერთი. სატურნი კი ბერძნულ მითოლოგიაში არის კრონოსი - ანუ დრო, ანუ როგორც მხატვრობაშია - კაცი ნამგლით - ანუ დრო მოდის, რაღაც დავალების დრო იწურება და რაც უფრო ცუდადაა შესრულებული ეს დავალება, მით უფრო სასტიკია...
როცა ეს ორნი ხვდებიან ერთმანეთს, გლობალური ამბებიც მაშინ იჩენს თავს. ახლა ამას კიდევ ის დაემთხვა, რომ 22 მარტს პლუტონთან იყო მარსი მისული, 31 მარტს კი მარსი - სატურთან. ეს იყო ბოლო რთული ასპექტი უახლოეს მომავალში და ამიტომ ვვარაუდობდი თავიდანვე, რომ მარტის ბოლო და აპრილის ორი კვირა პიკი იქნებოდა. სატურნი მანამდე თხის რქაში იყო, ახლა მერწყულში გადავიდა. მერწყული სოციალური ქსელების პლანეტაა. ამიტომ მგონია, რომ ამ სფეროებს და შესაძლოა ინტერნეტსივრცესაც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში კრიზისი დაუდგება. კიდევ ერთი ნელი პლანეტა ურანი უკვე 1 წელია კუროშია და მომდევნო 6 წელიც აქ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმები და ცვლილებები უნდა მოხდეს ეკოლოგიის, კვების, ფულის და მატერიალიზმის, მშენებლობა-არქიტექტურის მხრივ... თუ ეს “დავალებები” არ განხორციელდა და ყველაფერი ისევ ცუდად შესრულდა, სატურნის შემდეგი “შემოწმება” ბევრად უფრო მძიმე იქნება.
მაგრამ ეს კრიზისი რეალურად გამოწვევებია, რაც სინამდვილეში გვანგრევს, კრიზისის დროს პანიკის ატეხვაა.
მოგზაური, რომელიც ველურ ბუნებაში თავს გადახდენილი კრიზისის გამო კვდება, ძირითადად, პანიკისგან კვდება. ეს ის მომენტია, როცა პარალიზდები, შეშდები და საკუთარ მარტოობას ჭკუიდან გადაყავხარ. თან ეს ის შემთხვევაა, როცა ფიზიკური საფრთხეები გთრგუნავს, გამზიარებელი კი არავინ გყავს. ამ დროს საუბარი საკუთარ თავთან უნდა გააბა. ეს ერთგვარი მედიტაციური მდგომარეობაა, საკუთარი თავი დაინახო გვერდიდან, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და , შეაფასო - აბა, ამ მანძილიდან შენი პრობლემები როგორ მოჩანს.
მე ეს მეხმარება ხოლმე. საკუთარი თავიდან გასვლა, მოძრაობის გაგრძელება და ყვირილი.
ყვირილი მნიშვნელოვანია ბუნებაში, ყოველთვის ვცდილობ, გამოვუშვა შიგნიდან ენერგია, ხეს ჩავხუტებივარ და მთელი ხმით მიყვირია.