გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ქვეყნის თვალი | ბაბო ხათაშვილი, 76 წლის

ბაბო ხათაშვილი, 76 წლის 
სოფელი კლდუ, ქარელი

ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.

მელაპარაკებიან, ჩამოსხდებიან ის რომ არის ლუსტრაზე, და მელაპარაკებიან,  კარგ გართობაში ვარ ამ მერცხლების ხელში. შარშან, შარშანწინ დავუნგრევ ბუდესა, მოვლენ, ისევ ააშენებენ. 

გეგონება, ხალხი მელაპარაკება.

აქეთ რამდენიმე კომლი შემორჩა, წავიდნენ სუ დანარჩენი. 

ბევრი გვყავდა დირბელებიც იმ წლებში (1991/1992). საქონელი აქეთ გამორეკეს, გვართმევენო. ვენაცვალე ჩემს მეზობლებსა, ეხმარებოდნენ ისინიცა. 

ამ სახლის პატრონმა ჩამოიტანა ნახევარკილოიანი ბანკითა ოქრო ჩამაბარა. ისევ ისე დავუბრუნე, სუ თვლითა მივეცი. მიწისქვეშ მქონდა დამალული, ბავშვებმა ან ბიჭებმა არ მიაკვლიონ-მეთქი.  

ჩვენცა მივდიოდით და მოვდიოდით ორჯონიკიძეში. მაგრამ ბევრი სულ წავიდა. ქართველებმა არ შეგვაშინონო, მისთვინ მივდივართო. 

ამ სახლის პატრონებსა, თხები ჰყავდათ იმოდი, რომ გაიხედავდი, არაფრად არ აგდებდნენ თხის დაკვლასა. ჰოდა, იმ ღამით სტუმრად ჰყავდათ ბიჭი. ოჯახის უფროსს ეხმარებოდა, იმან დარჩიო, ღამეაო, კარგი პური ვჭამოთო. ისეთი ბიჭი, ვაიმე, როგორ გაიმეტა თოფმა. 

დაწვრილებით

ღამით მოვიდნენ, საქონლის მოპარვის გულისთვინ, იარაღითა. გამოვიდა ის ბიჭი, წადით, წადით, ქალებო გამეცალეთ, მე გავალო. რა გინდათო, ვერა მცნობთო? არ გინდათ თოფები, არ ისროლოთ, ხომ ხედავთ ვინა ვარო, ქართულად დაუძახა. ესროლენ და მოკვდა იქვე. ისეთი ბიჭი, იტყოდი რა არიო, რა დედამ გაზარდაო. 

ვინც ესროლა, იმათი ოჯახი სულ ამოწყდა მერე, არც ერთი კომლი არ დარჩნენ, ქმარი მოკვდა, რძალი მოკვდა, დედა, მამა, ორი ძმა მიწაში ჩავიდა. ბევრი ცოდვები ჰქონდათ მაგათ. უფროს ბიჭსა მეორე დღით ქორწილი უნდა ჰქონოდა და აწრიალდა ტრაქტორით უნდა გავიაროო. არაო ბიჭო, ტორმუზები არ უჭერსო. უნდა  გავიაროო, ცერცეტი რომ არის, ამხელა ტრაქტორი სად მიყავს. ავიდა და ილოშას სახლთან დაიძახეს, მოკვდაო. გადაბრუნდა მანქანა და მოყვა შიგა. მერე მეორე ბიჭსა კიბო გაუჩნდა. 
მაგ ძმებს უძახოდა, ბიჭებო, ხომ მიცნობთ მე ვინა ვარო, არ გინდათ თოფებიო და ესროლეს. 

ისეთი ბიჭი, ქვეყნის თვალი იყო, რა. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

______________________________________________ 
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ზეპირ ისტორიებზე მუშაობდნენ: თომა სუხაშვილი და საბა წიწიკაშვილი
ტრანსკრიპტზე მუშაობდა მარიამ ურუშაძე

ლოგო
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა