გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რა აკავშირებს მალევიჩსა და უკრაინას


კაზიმირ მალევიჩი 1879 წელს კიევში დაიბადა. 17 წლის განმავლობაში მომავალი მხატვარი მშობლებთან ერთად უკრაინის სოფლებსა და პატარა ქალაქებში ცხოვრობდა.



ყოფილი ბულონსკას ქუჩა (ახლანდელი კაზიმირ მალევიჩის ქუჩა) კიევში, სადაც მხატვარი დაიბადა


მთელი თავისი ცხოვრება კაზიმირ მალევიჩი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მისი მხატვრული ხედვა სამყაროზე უკრაინულმა სოფელმა ჩამოაყალიბა. 


"სოფელში ყველა ხელოვნებით იყო დაკავებული (მაშინ ეს სიტყვა არ ვიცოდი) ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რაც მე ძალიან მომწონდა. აღფრთოვანებული ვუყურებდი მათ და ვეხმარებოდი თიხით ლესვასა და ღუმელზე პატერნების დამზადებაში. ლამაზად გამოსახული ფრინველები, ცხენები და ყვავილები. ყველა საღებავი ადგილზე მზადდებოდა სხვადასხვა თიხით. ვცადე სახლში ღუმელზე გადამეტანა ეს ხელოვნება, მაგრამ არ გამომივიდა. იხსენებდნენ, რომ ბევრი რამ გავაფუჭე სახლში - ღობეები, ფარდულები, კედლები"...


წლების შემდეგ თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში ის წერს  - "რაც დრო გადის უფრო და უფრო მინდება კიევში დაბრუნება. თვითმყოფადი და განუმეორებელი კიევი ცოცხალია ჩემს მოგონებებში. ფერადი აგურის შენობები, მთიანი რელიეფი, მდინარე დნეპრი, ნავები... ქალაქის ცხოვრებამ ჩემზე გავლენა იქონია. გლეხები, რომლებიც დნეპრს კვეთენ, მოაქვთ კარაქი, რძე, ნაღები და ავსებენ კიევის ქუჩებს, რაც ქალაქს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ანიჭებს".


                                                                                            ***                                                                            

"...ეს იყო ლეო კვაჩევსკი, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. ერთად დავდიოდით ესკიზებისთვის ზაფხულში, გაზაფხულსა და ზამთარში. მუდმივად კამათი და საუბარი. უკრაინის ხსენება. ისიც ჩემსავით უკრაინელი იყო"...





მალევიჩი ხშირად წერდა წერილებს უკრაინულად, ზოგჯერ რუსული და უკრაინული ენების სახალისო ნაზავს იყენებდა. ძალიან კარგად იცოდა უკრაინული ენა. არსებობს ციტატა 1930 წელს დაწერილი წერილიდან ირინა ჟდანკოს, მხატვარ ლევ კრამარენკოს მეუღლისადმი:

კიევში უამრავი საკვებია - ალუბალი და სხვა კენკრა, რომელიც პირდაპირ ქუჩებში იზრდება. მსურს უკრაინული ვარენიკი (პელმენი) არაჟნით და კენკრა რძითა და შაქრით.

(წერილი1931 წლის 3 ივლისს ლენინგრადში დაიწერა, სადაც შიმშილი იყო).



1928-1930 წლებში კაზიმირ მალევიჩი კიევის ხელოვნების ინსტიტუტში ასწავლიდა, რომელსაც "უკრაინულ ბაუჰაუსსაც" ეძახდნენ. იმავე წლებში მისი რამდენიმე ათეული სტატია გამოქვეყნდა უკრაინულ პრესაში ხელოვნებაში ინოვაციების შესახებ, ჟურნალში New Generation (ხარკოვი) და Almanac-garde (კიევი).

მისივე სიტყვებით, ის რეალიზმისგან, ფსიქოლოგიური დაბნეულობისგან "კურნავდა" სტუდენტებს, რომელიც რთული გლობალური კულტურის შინაგანი შებოჭვითა და დაუცველობით იყო გამოწვეული...

კაზიმირ მალევიჩი ერთადერთი უკრაინელი მხატვარია, რომლის ნამუშევრებში 1932-1933 წლების ჰოლოდომორია ასახული.  მისი ფანქრით ნახატი, რომელიც ცნობილია "სადაც არის ნამგალი და ურო, იქ არის სიკვდილი და შიმშილი" ასახავს სამ ფიგურას, რომელთა სახეებზე ნამგალი და ურო, ჯვარი და კუბოა გამოსახული. 1930-იანი წლების მალევიჩის ბევრი ნახატი შეიცავს იმავე გზავნილს, სადაც ადამიანებს სახის გარეშე გამოსახავდა.

ის იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც აჩვენა უკრაინელი გლეხების ტრაგიკული მდგომარეობა სსრკ-ში იძულებითი კოლექტივიზაციის დროს.



უკრაინული კულტურის მრავალი გამოჩენილი ფიგურის მსგავსად, რომლებსაც  სტალინი "ბურჟუაზიულ ინტელექტუალებად" მოიხსენიებდა, მალევიჩიც სტალინიზმის მსხვერპლი აღმოჩნდა. 1930 წელს დააპატიმრეს და აწამეს. მისგან ჯაშუშობის აღიარებას მოითხოვდნენ. მალევიჩი 1935 წლის 15 მაისს გარდაიცვალა. მოგონებებში მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ მისი სურვილი იყო გაშლილი ხელებით დაეკრძალათ - ჯვრის სახით.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა