რა ხდება ბოლნისის კინოთეატრში
31.03.2021 | 5 წუთიანი საკითხავიბოლნისის ცენტრში, მუზეუმის, მუნიციპალიტეტის შენობისა და მაღაზიების გვერდით, ჩარაზული ფანჯრებით და აჭედილი კარით. ფასადზე, ზემოთ დიდი წარწერაა - კინოთეატრი.
ბოლნისის კინოთეატრი 1980-იანი წლების დასაწყისში ააშენეს. მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ფასადი ლეონიდ ბრეჟნევის მოზაიკით უნდა გაეწყოთ, მაგრამ სკკპცკ-ს პირველი მდივანი მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა და ექსტერიერზე საბოლოოდ სულხან-საბა ორბელიანის მოზაიკა დარჩა.
„კინო აქ ცენტრალური ამბავი იყო“, - გვიხსნის შუახნის კაცი, რომელიც ეზოში ხმაურს მოჰყვება. იქ თხუთმეტამდე ბიჭი ტრიალებს, ეზოს ეკალბარდებისგან ასუფთავებენ. „რისთვის ალაგებენ? - აინტერესებს კაცს, - ვინმე აპირებს აქ რამეს? ვითომ გახსნიან აქ კინოს?“
„ამ კინოთეატრის აღდგენა ჯერ იდეაა, - მეუბნება 18 წლის ალექსანდრე ხაჭიპერიძე, - ეს ჯერ პირველი დღეა, რაც ვასუფთავებთ და ამიტომ არაა აქ იმდენი ხალხი. ეჭვიანი აზრები უფროსი თაობიდან უფრო მოდის: ვინ ივლის კინოში? რა აზრი აქვს, ფულს არავინ გადაიხდის! არ გამოვა! არადა, რატომ? ის, რომ დღეს ვმუშაობთ და ჩვენი შრომით რაღაცას ვაკეთებთ, უკვე ბედნიერებაა. ეს მცდელობა უკვე ძალიან დიდ რამეს ტოვებს ჩვენში. ამიტომ, მადლობა თორნიკე ადამაშვილს, რომ თავის დროზე ეს ყველაფერი წამოიწყო“.
თორნიკე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელიც ბოლნისში ცხოვრობს. ის და მისი მეგობრები პირველად 2013-2014 წლებში შეიკრიბნენ, მართავდნენ აქციებს, აგროვებდნენ ხელმოწერებს - კინოს აღდგენა უნდოდათ და თვითონვე აწყობდნენ ღია კინოჩვენებებს. ცოტანი იყვნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს ის, რომ შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნა. 2015 წელს მუნიციპალიტეტმა პროექტიც მოამზადა, პირველ ეტაპზე კინოთეატრის სახურავი უნდა შეეკეთებინათ, მაგრამ სპონსორი არ გამოჩნდა და ეს საქმეც ფურცელზე დარჩა.
სანამ კინოთეატრი აშენდებოდა, ბოლნისელები კინოს სანახავად ძველი, გერმანული ეკლესიის ეზოში დადიოდნენ. კირხეში ფილმებს, მერეც უჩვენებდნენ ხოლმე. იმდენი მაყურებელი იყო, ვნაწილდებოდითო, - მეუბნება ხანშიშესული ქალი, რომელიც სხვებთან ერთად, ხმაურმა მოიყვანა კინოთეატრთან.
გამვლელები ახალგაზრდებს აკვირდებიან და თან ძველ ამბებს იხსენებენ. „მუშტიც მომხვედრია, შვილო, კინოს ბილეთის რიგში, ისეთი ზედახორა იყო ხოლმე”. „იქვე ჩამომდგარი სატვირთო მანქანის ძარაზეც დამიკავებია ადგილი”. ყველაზე ხშირად ინდურ ფილმებს უშვებდნენო, - ამბობს შუახნის მამაკაცი. „შუადღისას, მზე ძალას რომ დაკარგავდა, ბავშვებს გაგვგზავნიდნენ აფიშების სანახავად. იმსიგრძე რიგი დაგვხვდებოდა, ფეხებში გავუძვრებოდით ხალხს. ყარაული თუ იდგა, გამოგვედევნებოდა უკან“. „მამიდაჩემის ქმრის რძალი მუშაობდა ბილეთებში, თუ მომკრავდა თვალს, გამოყოფდა ხელს, თავისკენ მიმწევდა და ბილეთს გამომატანდა”.
ბოლნისის კინოთეატრმა ფუნქციონირება როდის შეწყვიტა, ბოლნისელებს ზუსტად არ ახსოვთ. მას მერე ფილმებს სახლებში, ვიდეომაგნიტოფონებში და ავტობუსებშიც უყურებდნენ, სადაც პატარა კინოთეატრი ჰქონდათ დროებით მოწყობილი. „კინო დაიხურა და მახსოვს, უბნის ქალები ფულს შეაგროვებდნენ, კასეტას ქირაობდნენ და მთელი დღე „კასანდრას” უყურებდნენ”.
ბოლნისის კინოთეატრის აღდგენა მუნიციპალიტეტმა ჯერ 2002 წელს გადაწყვიტა. 2005 წლამდე შენობა ქართულ ფილმს ეკუთვნოდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და გაერთიანებულმა ქართულმა ფილმმა, სპონსორის დახმარებით, კინოთეატრი მცირედით შეაკეთეს. „რემონტის მერე რომ შევედი, ისევ ძველი აფიშები ეკიდა. ბავშვები ახალი აფიშების დაწერაშიც ვეხმარებოდით, გამოჭრილი ასოების შაბლონებს გვაძლევდნენ და ჩვენ ვხაზავდით”, - მიყვება შუახნის ქალი, ისიც შემთხვევითი გამვლელი.
პირველი რეკონსტრუქციის შემდეგ კინოთეატრი მულტიფუნქციური შენობა გახდა, შენობის უკანა ნაწილში ტელევიზია ფუნქციონირებდა, მალე რადიოც დაემატა. მთავარ დარბაზში კარნავალი, საიუბილეო საღამოები, დისკოტეკები, საარჩევნო შეხვედრებიც კი იმართებოდა. 2006 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებსაც უჩვენებდნენ. ცოტა ხნით ინტერნეტ კაფეც ყოფილა, სანამ ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. თუმცა, კინოთეატრის მდგრადი განვითარებისთვის ეს მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ დროებით ახმაურებული შენობა, ისევ დიდი ხნით გამოიკეტა.
2020 წლის გაზაფხულს, გამომცემლობა ინდიგო ბოლნისელ აქტივისტებს დაუკავშირდა და ეს ახალი პროექტი ევროპის ფონდის დახმარებით წამოიწყო. მუნიციპალური კინოთეატრები და ძველი კულტურის სახლები ის საბჭოთა მემკვიდრეობაა, რომელიც დღეს შესაძლებლობებად და განვითარების პერსპექტივად შეიძლება დავინახოთ - ფიქრობენ პროექტის გუნდის წევრები. ასობით შენობა დღეს ან უფუნქციოდ დგას და ინგრევა, ან პატარა კომერციულ ობიექტებად დანაწილდნენ. ერთ ასეთ კინოთეატრში, დღეს სლოტკლუბია გახსნილი, სხვაგან საქელეხო დარბაზი, ან ეკლესია. ინდიგო ამ ინფრასტრუქტურასაც აღწერს და ძველ მუნიციპალურ კინოთეატრებსა და კულტურის სახლის შენობებს ინტერაქტიულ რუკაზე ათავსებს. ბოლნისში კი ახალგაზრდებთან და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებსა და ვორკშოპებს გეგმავს, სადაც მუნიციპალური კინოთეატრებისა და კულტურის სახლების ახალ ფუნქციაზე, მართვის მოდელზე და ამ სივრცის განვითარებაზე უნდა იმსჯელონ.
ვორკშოპებამდე ახალგაზრდებმა ბოლნისში მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარეს და ადგილობრივების სურვილები და საჭიროებები აღწერეს.
„ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის“ - ასე ჰქვია ჯგუფს ფეისბუკზე, რომელსაც დღეს საინიციატივო გუნდის წევრი, ვანო ერისთავი მართავს. „ნელ-ნელა გვემატება ხალხი. გამოკითხვაშიც გამოჩნდა, რომ კინო, კულტურისა და განათლების სივრცე ყველას სჭირდება. დღეს, ვხედავ შიშსაც, ადამიანებს სიახლის შიში აქვთ და ამიტომ არიან ხოლმე სკეპტიკურად განწყობილი. მაგრამ ჩვენ ამ სიახლეზე თან ვლაპარაკობთ, ყველასთან ვმსჯელობთ, რას, როგორ ვაპირებთ, იმაზე ვფიქრობთ, რაც ამ ეჭვებსაც ნელ-ნელა გააქრობს და მიზნამდე მისასვლელ გზას გაგვიადვილებს“, - მეუბნება ვანო ერისთავი.
7 მარტს კინოთეატრის უკანა ეზო მთლიანად გაიწმინდა ეკლიანი ბუჩქებისაგან და გამოჩნდა სივრცე. იქვე, კუთხეში, მაგიდასთან, ხმის გამაძლიერებელში ენერგიული მუსიკა ისმოდა. ახალგაზრდები ისვენებდნენ და უყურებდნენ პირველ პროექციას, წარწერას კედელზე - “ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრისთვის”.
„კინოთეატრი მე მესახება სივრცედ, სადაც განსხვავებული ასაკის ხალხი შეიკრიბება, კულტურას გაეცნობიან, ერთმანეთს აზრებს გაუზიარებენ - ასეთი არ არსებობს რეალურად და ამ შენობას შეუძლია ეს თავის თავზე იტვირთოს, - მითხრა ლაზარე გობეჯიშვილმა, - არ მიკვირს, რომ ხალხში პესიმისტური განწყობაა. ყველას იმის მოლოდინი აქვს, რომ აი, ვიღაც სხვა გააკეთებს. ამიტომაც დგას ეს შენობა წლებია ასე. მაგრამ დღეს ვარ იმედით სავსე. ამდენი რომ შევიკრიბეთ, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით. ეზოდან ხომ დავიწყეთ და მალე შევალთ შიგნითაც“.
„ამ შენობის აღდგენა ყველას უნდა, - მითხრა ბოლნისის მერიის თანამშრომელმა, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წევრმა, გიორგი საცკოვმაც, - მთავარია სურვილმა, გააზრებამ და ნებისყოფის უნარმა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე. იმიტომ, რომ ეს ისეთი საქმეა, რომელიც ერთ წელში ვერ დასრულდება, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა, როგორც დღევანდელი აქციაა, ახლავე საჭიროა. მუნიციპალიტეტმა, სულ ცოტა ხნის წინ ჩაატარა კვლევა, სადაც ჩანს, რომ პირველ რიგში, რასაც ახალგაზრდები ითხოვენ, სივრცეა, სადაც შეკრების და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ექნებათ. ეს ჩანს აქ დღესაც“.
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, კოკა კიღურაძე ამბობს, რომ დღეს მუნიციპალიტეტები ერიდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. „ისინი ასე ფიქრობენ: ეს რომ გავაკეთო, ვინმემ თითი არ დამიქნიოს. ჩვენი არამდგრადი პრაქტიკა არ იცნობს ჯერ მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს. ამიტომ, დასავლური ქვეყნების პრაქტიკას პირდაპირ ვერ გადმოვიღებთ, რადგან იქ დემოკრატიული გარემო ტრადიციის და კულტურის ნაწილია. ჩვენთან ამ კულტურის შექმნა უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვისწავლოთ, როგორ მოვთხოვოთ მთავრობას საკუთარი ვალდებულების შესრულება. მთავრობასა და ამომრჩეველს შორის ანგარიშ-ვალდებულების დაცვა ჩვენთანაც უნდა იქცეს კულტურის ნაწილად”.