ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #შრომა

რაციოცეფი | ნონა ზანდარაშვილი, მედმუშაკების პროფკავშირის თავმჯდომარე

საყოველთაო დაზღვევამდე ჩვენი, ექთნების პირობები ბევრად უკეთესი იყო. სამაგიეროდ, პაციენტებს უწევდათ სახლის გაყიდვა და ბანკის ვალის აღება. ჩემი ხელფასი იმ წლებში 600 ლარი იყო. საყოველთაო დაზღვევა რომ შემოვიდა, გაგვიხარდა – ვიფიქრეთ, პაციენტიც შვებას ნახავდა და ჩვენც. 

მოხდა პირიქით.

სასწრაფო წესით ჩანაცვლდა ძვირი მედიკამენტები იაფიანით. როცეფინი 18 ლარი ღირდა და როცა სჭირდებოდათ, მის ნაცვლად, 68-თეთრიანი ბელარუსის გამოშვების რაციოცეფს იყენებდნენ. 

ამ დროს მე უკვე სუპერვაიზერად ვმუშაობდი კლინიკაში – ფინანსურ ნაწილში ვეხმარებოდი მენეჯერს, ამიტომ ჩემს ხელში გადიოდა ეს კალკულაციები და ვიცი: წინათ, კვლევებს როცა ითხოვდნენ ექიმები – „ემერტე“ იყო თუ „კატე“ – თავისუფლად კეთდებოდა. საყოველთაო დაზღვევის მერე, ამის უფლება აღარ გვქონდა. მითითება იყო, ჩავტეულიყავით საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრულ ლიმიტში. ამიტომ, ეს „ემერტე“ კვლევა იწერებოდა ფორმა-100-ში. როცა გაეწერებოდა პაციენტი, მერე ხელახლა რომ შემოსულიყო და თავისით დაეფარა თანხა. 

ვთქვათ, პაციენტს მოჰყვებოდა დაზღვევით გათვალისწინებული ხუთდღიანი დაფინანსება. არადა, არ სჭირდებოდა ხუთივე დღე. ჩვენ მაინც გვეუბნებოდნენ, რომ ბოლომდე დაგვეყოვნებინა, რათა სრულად დაგვეხარჯა. ხოლო თუ მეექვსე დღესაც დავტოვებდით, ეგ საერთოდ ბედნიერება იყო, რადგან დღიურ ღირებულებას ახლა უკვე პაციენტი გადაიხდიდა, რაც მაშინ 200 ლარი იყო დღეზე. 

ასე შემოსდიოდათ უზრუნველი ფული კლინიკებს. მე ერთ, დიდ კერძო კლინიკაში ვმუშაობდი. მათი გამდიდრების სქემა ჩვენს ხარჯზე მუშაობდა: როცა იზრდებოდა პაციენტების მომართვიანობა, გადაგვიყვანდნენ საათობრივ ანაზღაურებაზე – პაციენტების რაოდენობის გამო ხელფასი რომ არ გაგვზრდოდა; ხოლო როცა შემცირდებოდა პაციენტების მომართვიანობა, მაშინ გვინაზღაურებდნენ ხელფასს იმის მიხედვით, თუ რამდენი პაციენტი მივიღეთ. 

ადრე ემერჯენსის, ონკო-ჰემატოლოგიის და რეანიმაციის ექთნებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი ხელფასი – 3.50 ლარი საათში. სხვა დანარჩენებს – 2.80 ლარი საათში. ახლა ყველას აქვს 2.80 ლარი. რეგიონებს საერთოდ სასაცილო ხელფასები აქვთ. რეგიონის ექთნები, დავუშვათ, აჭარაში, თვეში 180 ლარს იღებენ. ჩვენთან ექთნის ყველაზე მაღალ ხელფასად ითვლება 300-დან 500 ლარამდე სრულ განაკვეთზე. 

მეორე სამსახურში მივიდოდი დილას ადრე. იქ ოცდაათ საწოლზე ორი ექთანი ვიყავით, ანუ თითოს გვყავდა 15 პაციენტი. მოვაგროვებდით მონაცემებს, დავიწყებდით კვლევებს. მოვკიდებდი ამ ჩემს ბავშვებს ხელს და დავატარებდი ზევით-ქვევით. არც ლიფტი იყო, არც არაფერი, რამდენჯერ გულყრამოსული ბავშვი ხელით ამომიყვანია მეხუთეზე. 

ადმინისტრაცია იყო კატეგორიულად წინააღმდეგი, რომ სხვა განაკვეთი შემეთავსებინა. გავაპროტესტე, მინდოდა მეტი ხელფასის აღება. ბოლოს განაკვეთი კი დამიმატეს, მაგრამ მე თვითონვე ვთქვი უარი – მივხვდი, რომ ისე ვიღლებოდი, ადამიანად აღარ ვვარგოდი.

მაგრამ მე კიდევ გამიმართლა – სახლიც მაქვს და ჩემი ოჯახის წევრებიც მუშაობდნენ. ბევრი ჩემზე უარეს დღეში იყო და განაკვეთის დამატებაზე უარს ვერ ამბობდა. ჩემი კოლეგები, ასევე მუშაობდნენ სხვა კლინიკებში. ყოფილა, ექიმს დაუჩივლია, ექთანმა განავლის ანალიზი ააღებინა პაციენტს, არადა, არ დამივალებიაო – ასე ურევს ყველაფერს გადამწვარი ექთანი, შეცდომები აქვს. 

დიდების რეანიმაციაშიც ეს მაწუხებდა – როცა ერთ ექთანს ჰყავს ცხრა პაციენტი, იქ ყოვლად შეუძლებელია, წესიერად მიხედო და გამოაჯანმრთელო ადამიანი. ექთნის უფლებაზე აღარ ვლაპარაკობ – ტუალეტში გასვლის დროც არ იყო ხანდახან, ყავაზე, ჭამაზე და მოსვენებაზე ზედმეტია ლაპარაკი. საწოლებს ამატებდნენ რეანიმაციაში და შუა კარებში იწვა ხალხი.

პაციენტებს ექთანი სათანადოდ კი არა, საერთოდ რომ ვერ უვლიდა, იცოდნენ და არ ედარდებოდათ. 

არ აჰყავდათ ზედმეტი პერსონალი, ხელფასები რომ არ გაზრდილიყო. პაციენტიც ხედავს, რომ გაღიზიანებულია, აგრესიულია ექთანი – ერთმანეთზე ბრაზობენ ხშირად, რადგან ერთმანეთს ელოდებიან – ყველა სხვა სამსახურიდან მოდის და თვითონაც ადრე უნდა გავარდნა, რომ ისიც სხვა სამსახურში წავიდეს.

მე პირველი ინსტანციის სასამართლო მოვიგე ერთ-ერთი კლინიკის წინააღმდეგ. სამი წლის თავზე, მაგრამ მოვიგე. 2017 წლის რეოეგანიზაციის დროს, როცა 87 თანამშრომელი გაუშვეს კლინიკიდან, მეც გამათავისუფლეს – უმიზეზოდ, აუხსნელად. დამირეკეს ადმინისტრაციიდან, ბრძანებაზე მოაწერე ხელი, რომ შენი ნებით მიდიხარ, გათავისუფლებული ხარო, ყველას ასე გაუკეთეს. არ მოვაწერ ხელს-მეთქი. კომპენსაციას არ მოგცემთო. არ მჭირდება-მეთქი. წავედი სოლიდარობის ქსელში და დავწერე საჩივარი. ყველა – ძველი, ვინც იყო ადმინისტრაციაში, უკან მოვიყოლე. ამის ძალა თუ მექნებოდა, რას ვიფიქრებდი, მაგრამ უსამართლობამ შემაძლებინა. როგორც თევზი წყალში, ისე ვიყავი ჩემს სამსახურში. ყველას ვეხმარებოდი. და უცებ, ბრახ და უსარგებლო ადამიანი ხარო. არა, რა ადამიანი – ნივთიო. 

ახლა მეორე სასამართლოა ჩანიშნული. ჩემმა საქმემ, ვხედავ, ბევრი ექთანი წაახალისა. აქამდე ეგონათ, რომ ჯავრს ვიყრიდი ჩემს პირად დათხოვნაზე და მათ სახელსაც ამისთვის გამოვიყენებდი. ახლა მიხვდნენ, რომ ეს საერთო საქმეა. რაიონებიდანაც მწერენ ექთნები. უკვე მზაობაა, რომ ქუჩაში გამოვიდეთ. უნდა დავანახვოთ ხელისუფლებას, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვქმნით სამედიცინო სფეროში დოვლათს და რომ ჯანდაცვის მთელი პოლიტიკა შესაცვლელი აქვთ.