რატომ ვერ ვთანხმდებით რა სჭირდებათ ბავშვებს | მეგი კავთუაშვილი
04.02.2022 | 10 წუთიანი საკითხავი
Covid 19-ის გავრცელებიდან ორი წლის შემდეგ საქართველოში ჯერ კიდევ დგას სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად წარმართვის პრობლემა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბაღები უმეტესად დაკეტილია. ხელისუფლებამ რეგულაციები იმგვარად შეიმუშავა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მარტივად და ხანგრძლივად იკეტება. ასეთ დროს ექვს წლამდე ასაკის ბავშვების განვითარებაზე მხოლოდ მშობლები ზრუნავენ. რა თქმა უნდა, ისე, როგორც შეუძლიათ. და არავინ, არც ერთი უწყება, არ არის მომკითხავი, როგორ გრძნობენ თავს, სახლებში გამოკეტილი ყველაზე პატარა მოქალაქეები.
ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად დღითიდღე იმატებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველი მოსწავლეების რაოდენობა, იკეტება კლასებიც, სკოლებიც და დროდადრო დღის წესრიგში ისევ დგება ქვეყნის ყველა სკოლის სრული დაკეტვის საკითხი, რასაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან.
ეს მოკლე და თითქოს დიადი მიზნის მატარებელი გზავნილი, ფართო მასებზე იმდენად კარგად მუშაობს, რომ მას ათასობით მხარდამჭერი ჰყავს მშობლებშიც და კიდევ უფრო მეტი მასწავლებლებში.
უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ, განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ბავშვებზე ზრუნვის მიზეზით არის ღია ბაღები და სკოლები მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ობიექტი დაკეტილია. პროგრესული საზოგადოება დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ბავშვებს რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა უნდა დაუწესონ. ეს მიზანი კი იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ: საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის შესაბამისი ასაკის ბავშვებიც, აიცრებიან; ადამიანებს მინიმალური ძალისხმევის და დანახარჯების გარეშე შეეძლებათ ჩაიტარონ ტესტები; და მესამე, ყველაზე მთავარი, საზოგადოება მზად არის დაიცვას წესრიგი მაშინაც კი, როცა არ აკონტროლებენ.
საქართველოში პირიქით ხდება.
აქ ბაღები და სკოლები მაშინაც კი შეიძლება დაიკეტოს, როცა რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, გასართობ-დასასვენებელი სივრცეები ღიაა და ქვეყანა მთელი დატვირთვით მუშაობს. მშობელს შეუძლია ატაროს შვილი სპორტულ კლუბში, ცეკვის წრეზე, მუსიკალურ ანსამბლში, წაიყვანოს თეატრში, გასართობ ცენტრში, გადაუხადოს ხალხმრავალი დაბადების დღე, მოაწყოს წვეულება, მაგრამ არ შეუძლია გაუშვას სკოლაში, რადგან მაინცდამაინც სკოლა აღმოჩნდა ის ადგილი, რომელიც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონად დასახელდა. არადა ამავე დროს, სკოლაა ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მკაცრად არის გაწერილი COVID 19 -ის უსაფრთხოების რეგულაციები: ყველა მასწავლებელმა და მოსწავლემ ატაროს პირბადე, შენობაში შესვლამდე გაიაროს თერმოსკრინინგი, პედაგოგებმა ჩაიტარონ რეგულარული COVID ტესტირება, ამის გარდა, სახელმწიფომ განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო სასკოლო პერსონალის ვაქცინაციას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში, მაშინ როცა ევროპის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ, საქართველოში მცხოვრებმა ბავშვებმა უღიმღამოდ კომპიუტერის ეკრანებთან და ხელში ტელეფონებით დაიწყეს სწავლა. ოღონდ ყველა ბავშვმა არა - მხოლოდ მათ, ვისაც ელექტრონული მოწყობილობა ჰქონდა. UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი.
ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას გავლენიანი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, მშობლების პროტესტი მოჰყვა. გაეროს ბავშვთა ფონდის სლოგანი -
„სკოლები უნდა გაიხსნას პირველი და დაიკეტოს ყველაზე გვიან“
აიტაცა ყველამ, ვისაც გაცნობიერებული აქვს ის საფრთხეები, რასაც ბავშვებს ჩაკეტილობა უქადის.
მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგები ყველა მიმართულებით. დისტანციური სწავლებით სასკოლო საზოგადოებისთვის მიყენებულ ზიანს აღწერს კვლევა სასწავლო დანაკარგების შესახებ, რომლის თანახმადაც სახეზეა:
აკადემიური დანაკარგები - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში ჩამორჩენა;
სოციალური დანაკარგები - თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის შეზღუდვის გამო მოსწავლის სოციალურ განვითარებაში შეფერხება; და
ფსიქო-ემოციური დანაკარგები - ყოველდღიური რუტინის და სტაბილურობის რღვევით გამოწვეულ სტრესი ბავშვებში.
კვლევის ავტორები რემედიაციის პროგრამების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც აღმოფხვრის დანაკარგებს, თუმცა ამ დრომდე სკოლებში აღდგენითი პროგრამები არ დანერგილა. ყველაფერი ისე გრძელდება, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს ეროვნული სასწავლო გეგმის ფიქტიური შესრულებაა სკოლის მთავარი მიზანი და არა მოსწავლის კეთილდღეობა.
საქართველოსგან განსხვავებით არაერთმა ქვეყანამ აღიარა, რომ უჩვეულო მდგომარეობაში მყოფებმა ვერ შეძლეს სასწავლო პროცესის უხარვეზოდ ჩატარება, შეისწავლეს ვითარება და დაგეგმეს ინტერვენციები, რაც დაეხმარებათ დანაკარგების აღმოფხვრაში.
პანდემიამ და დისტანციურმა სწავლამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. საერთაშორისო კვლევებით, ყოველ მეოთხე ბავშვს კლინიკურად გამოხატული დეპრესიული სიმპტომატიკა აქვს, ყოველ მეხუთეს კი, შფოთვითი აშლილობა. საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ პრაქტიკოს ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა ერთი-ორად გაზრდილია. მასწავლებლების და მშობლების დაკვირვებით, სკოლებში დაბრუნებული ბავშვები დარღვეულ ქცევას და აგრესიას ავლენენ, უჭირთ კონცენტრაცია, გაკვეთილზე გაჩერება, ემოციების მართვა, ნაკლებ ინტერესს იჩენენ სწავლის მიმართ. თუმცა არც ბავშვებს, არც მშობლებს და არც მასწავლებლებს არავის უსმენს. არც სიტუაციის ანალიზი ხდება და არც ბავშვების მხარდაჭერის პროგრამები ინერგება. მეტიც, თუ ბავშვი მიუღებლად იქცევა, ეს ბავშვის ავ ზნეს მიეწერება და არ განიხილება, როგორც პანდემიის მძიმე მემკვიდრეობა. ერთი სიტყვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი მიწაში ჩადებული ნაღმივით არის, ვიცით, რომ სადღაც ჩამარხულია, მაგრამ როგორ გავანეიტრალოთ, ამაზე არავინ ვმუშაობთ.
სირთულეების მიუხედავად, სკოლების დაკეტვის იდეას ათასობით მხარდამჭერი ჰყავს სასკოლო საზოგადოებაში, მასწავლებლებსა და მშობლებში.
საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის ჯანსაღი დისკუსია, თუ რა ჯობია ბავშვებისთვის და რა უნდა გავაკეთოთ ზრდასრულებმა მათი კეთილდღეობისთვის.
რა ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ხელისუფლება
ხელისუფლებას არ უყვარს პრობლემის აღიარება, გადაწყვეტის გზების ძიება და მასზე საუბარი. სხვა დარგების მსგავსად, განათლების მიმართულებითაც მხოლოდ იმას ახმოვანებენ, რაც, მათი აზრით, საამაყოა. მაგალითისთვის, განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის პარლამენტში მოსმენის დროს, ერთ-ერთმა დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა მას ჰკითხა, ხომ არ უნდა გადაედგა სამინისტროს შესაბამისი ნაბიჯი და საქართველო ხომ არ ჩამოყალიბებულიყო, როგორც დისტანციური სწავლების რეგიონული ჰაბი.
ხოლო, მოგვიანებით უკვე განათლების მინისტრის რანგში გაკეთებული შეფასებით მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა - „მინდა, დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ Microsoft-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა განათლების დარგში ძალიან მაღალი შეფასება მისცა დისტანციური სწავლების მეთოდებს საქართველოში“, მთავრობის არც ერთ წევრს არასოდეს უხსენებია გამოწვევები, რაც ბავშვებს დისტანციურად სწავლამ შეუქმნა. შესაბამისად, არც იმაზე უთქვამთ რაიმე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიყენებული ზიანი გაანეიტრალონ. ხელისუფლებისგან წამოსული ინფორმაცია ადამიანებს ეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა და ასე უნდა გავაგრძელოთ. ხელისუფლება ერიდება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებას, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას. არ ხარჯავს დიდ დროსა და რესურსს საზოგადოების ფართო ფენებისთვის იმის ახსნაზე, თუ რა სარგებელი მოაქვს პირისპირ სწავლას და რა რისკები ახლავს დისტანციურ განათლებას.
რა გავლენას ახდენს ხელისუფლების რიტორიკა შიდა სასკოლო საზოგადოებაზე
ეს რიტორიკა საჯარო გზავნილია სკოლის დირექტორებისთვის, პედაგოგებისთვის და სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი პირისთვის, რომ მათ არ უნდა ისაუბრონ პრობლემებზე. თუ მათ აქვთ პრობლემები, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია და არა იმისი, რომ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა, ან იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა აკლიათ. შესაბამისად, სისტემაში დასაქმებული პირები მუდმივად არიან მომართული, რომ დაფარონ ყველა ხარვეზი, რაც ხდება, იმისთვის, რომ შემდეგ ამის გამო, ვინმემ პასუხი მათ არ მოსთხოვოს და აგებინოს. შედეგად, დისტანციურ სწავლებასთან მიმართებაშიც, შიდა სასკოლო საზოგადოება თვლის, რომ თუ მასწავლებელს და მოსწავლეს შორის კონტაქტი შედგა, ეს უკვე კარგია. როგორი ხარისხისაა ეს კონტაქტი და რაც მთავარია, საკმარისია თუ არა ეს პირობა ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებისთვის, ახერხებს თუ არა ყველა ბავშვი სრულყოფილად ჩაერთოს პროცესში და მიიღოს ცოდნა, ამაზე პროფესიულ წრეებში თუ საუბრობენ, თორემ გარეთ, ღიად, ეს საკითხები არ განიხილება. პედაგოგებში დღემდე აქტიურად მუსირებს აზრი:
“- ვისაც სწავლა უნდა ყველგან ისწავლის, დასხდნენ სახლში კომპიუტერებთან და მოგვისმინონ“.
სკოლების დაკეტვის მომხრეები ბევრად უფრო პროგრესულ პედაგოგებშიც არიან. ისინი თვლიან, რომ ახლა სწავლის გაგრძელება საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისთვის. თუ ჩავეძიებით, აღმოვაჩენთ, რომ პედაგოგები ერთმანეთს ენაცვლებიან და მაშინ, როცა ერთს კოვიდი აქვს, სხვა ატარებს მის გაკვეთილებს, შესაბამისად პროფესიული გადაწვის ზღვარზე მყოფი ადამიანები სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადატანაში ხედავენ საშველს.
როგორ მიდის პრობლემა მშობლებამდე
როცა ბაღი და სკოლა პერიოდულად იკეტება, მაგრამ ხელისუფლება გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის, ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს; სკოლის დირექტორი და მასწავლებელი გიხსნის, რომ ყველაფერს აკეთებენ შენი შვილის კეთილდღეობისთვის. ისღა გრჩება, ბოლომდე გადმოიბრუნო ჯიბე და კერძო რეპეტიტორი დაიქირაო ყველა საგანში, რომელშიც ბავშვს ჩამორჩენა აქვს. თუ საათში მინიმუმ 60 ლარის გადახდა შეგიძლია, ალბათ, რეპეტიტორიდან გამოსულ ბავშვს ფსიქოლოგთან მიიყვან. თუ ვერც ერთი ვერ შეძელი, ისღა გრჩება, თავი დაიიმედო, რომ მარტო არ ხარ და მშობლებისა და ბავშვების უმრავლესობას ზუსტად შენნაირი გაჭირვება აქვს. თუ ეს ყველაფერი გააპროტესტე და მოითხოვე სკოლების ღიად შენარჩუნება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება, უნდა მოემზადო თავდასხმისთვის და დამუნათებისთვის, რომ შენ ცუდი მშობელი ხარ, შენი შვილის სახლიდან „გაგდება“ გიხარია, თორემ ამ ვითარებაში, როცა ქვეყანაში COVID 19- ით ინფიცირების ათი ათასობით შემთხვევაა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, რატომ უნდა მოგინდეს ბავშვის სკოლაში გაშვება?! იქვე იმასაც შეგახსენებენ, რომ ჩვენ ევროპა არ ვართ. როგორც კი იწყებ კითხვების დასმას, რატომ იკეტება სკოლა, როცა ღიაა რესტორანი, მაშინვე ბურთს ჩაგჩრიან პირში. უმეტესად ისინი, ვისაც შენზე მეტ ბავშვთან აქვს შეხება და წესით უკეთ უნდა ესმოდეს ყველა ზიანი, რაც სახლში გამოკეტვით ადგებათ ბავშვებს. ამ ყველაფრის პარალელურად შეხვდები სხვა მშობლებსაც, რომლებიც გეტყვიან
„- ჩემი შვილის ჯანმრთელობა ჩემთვის პრიორიტეტია, რამდენ ხანსაც გაგრძელდება დისტანციური სწავლა, იმდენ ხანს იჯდება სახლში“.
ორი წელია ასობით ათას ბავშვს ფორსმაჟორში უწევს ცხოვრება.
ხელისუფლებას ამ დრომდე არ შეუმუშავებია ახალ რეალობასთან ადაპტირებული სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებას უწყვეტად უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში. საზოგადოება კი ჯერ ვერ შეთანხმდა, რომ ბავშვებს კეთილდღეობისთვის სტაბილური გარემო სჭირდებათ, ამისთვის კი ზრდასრულებმა გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ, ავიცრათ, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, რეგულარულად ჩავიტაროთ ტესტირება. დროებით დავთმოთ ხალხმრავალი შეკრებები, რაც ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. სანაცვლოდ კი მივიღებთ იმას, რომ ბაღები და სკოლები იქნება ღია და ბავშვებს ექნებათ ბუნებრივ გარემოში განვითარების შესაძლებლობა.
ავტორი: მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" თანადამფუძნებელი