გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რაზე მეტყველებენ ავატარები? (ნარატივ დიზაინერი) | ზურა ჯიშკარიანი



ავატარები, რობოტები და ჩეთბოტები ოდითგანვე სახლობდნენ ჩვენს გვერდით, როგორც ქიმერები. ბერძნული სიტყვა "ანგელოს" მაცნეს, მახარობელს ნიშნავს, თუ შევადარებთ ავატარებსა და ანგელოზებს - საოცარ მსგავსებას ვიპოვით: ავატარიც და ანგელოზიც უსხეულო არსებაა, ორივე ქლაუდში ცხოვრობს და ადამიანებთან შედის კომუნიკაციაში.

აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკაში" გემი არგოს საყრდენი იყო დოდონას ტყეში მოჭრილი ხე, რომელსაც ლაპარაკისა და წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა. უძველესი amazon echo, არგონავტების ჩეთბოტი. ჰეფესტო ამზადებდა რობოტებს და მანვე შექმნა პირველი ფემბოტი პანდორა.

მსგავსი ანალოგიები შორს წაგვიყვანს და არც არის ჩვენი ესეს მიზანი, მთავარია მივხვდეთ რომ ციფრული არსებები გუშინ არ აღმოცენებულან ქალობრიობის დღის წესრიგში, ისინი როგორც თეატრი, ლიტერატურა და ვიდეოთამაშები სწორედ ჩვენი ქვეცნობიერი არქეტიპებიდან ამოიზარდნენ და სულ იყვნენ ჩვენს გვერდით. უბრალოდ ეხლა წინა პლანზე წამოიწივნენ.

რა უნდათ ავატარებს? რაზე გვესაუბრებიან ჩეთბოტები? რისი გადმოცემა უნდათ ჩვენთვის ამ უსხეულო არსებებს და როგორც ჩვენი ეგზისტენციების სარკეებისგან - რისი დასწავლა შეგვიძლია მათგან? (თუ ასეთი რამე შესაძლებელია)

ამისთვის უნდა დავსვათ კითხვა: ვინ დგანან ამ ავატარებისა და ჩეთბოტების უკან? ყველას ჰყავს თავისი კოდერი და უფრო მეტიც, ნარატივ დიზაინერი. თუ კოდერი ციფრული არსების მოქმედების ალგორითმს წერს, ნარატივ დიზაინერი ის ადამიანია რომელიც ამეტყველებს ავატარებს, "სულს" სძენს მათ.

ნარატივ დიზაინერი ახალი, საოცრად საინტერესო პროფესიაა. ვიდეოთამაშებში ამათ ეძახიან ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ თამაშის ნარატიულ დიზაინზე, იმაზე დაფუძნებით თუ როგორ ურთიერთქმედებენ გეიმერები თამაშთან. სრულიად ახალი, ფსიქოდელიური საქმიანობა, ვიდეოთამაშების - თანამედროვე სიზმრების - აწყობა და ამბის თხრობა ამ სიზმარში. 

თავის ესეში "AMOUR FOU" ჰაკიმ ბეი სადღაც წერდა: "სიტყვები ეკუთვნით იმათ, ვინც მათ იყენებს, მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ვინმე სხვა უკან არ გამოსტაცებს ამ სიტყვებს". ამრიგად ჩვენც ჰაკიმ ბეისეული მეკობრული ხალისით მოვიქეცით და ტერმინი "ნარატივ დიზაინერი" ჩეთბოტების შემქმნელს დავარქვით.

ჩეთბოტი კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც უმეტესწილად ტექსტური სახით გემესიჯება, მას შეუძლია ერთდროულად ათასობით ადამიანს ესაუბროს. არსებობენ sales ჩეთბოტები (პროდუქტის გამყიდველი ჩეთბოტები), ჩეთბოტები ბიზნესებისთვის (ისინი წარმოადგენენ მათ ხმას და საკომუნიკაციო არხია მომხმარებლებთან ურთიერთობაში), არსებობენ ჩეთბოტები, რომლებიც თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ადგენენ და რჩევებს გაძლევენ, ჩეთბოტები რომლებიც ინსომნიით შეპყრობილი  მარტოსული ხალხისთვისაა შექმნილი. თანამედროვე სამყაროში ძალიან გაჭირდა პირადი ურთიერთობები ადამიანებს შორის, გადავავლოთ თვალი კორელაციას სოციალურ მედიებში დარეგისტრირებულ ხალხსა და იმათ შორის ვინც მარტო გრძნობს თავს: დღესდღეობით სხვადასხვა სოციალურ მედიებში 4.48 მილიარდი ადამიანია ჩართული, statista.com-ის მონაცემებით კი მსოფლიოს მოსახლეობის 33% განიცდის მარტოობის შეგრძნებას. რა შეგვიძლია აქედან გამოვიტანოთ? ალბათ ის, რომ ადამიანები ეძებენ ღირებულ კომუნიკაციას, ერთობას ვინმესთან და ხშირად ასეთი ადამიანები პროგრამებსაც მიმართავენ, ალბათ მიზეზი ისაა, რომ რომ პროგრამა არ გაკიცხავს მათ, მოუსმენთ მათ ისტორიებს თუნდაც მთელი ღამე და ერთგულად ემეგობრება. ამგვარად ჩეთბოტებს უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ. ყველა ჩეთბოტის უკან კი ნარატივ დიზაინერი ზის.

რაც შეგვეხება ჩვენ, ნარატივ დიზაინერებს Anima Chatbotics-იდან -- ჩვენ ვქმნით ჩეთბოტს, რომელიც შენს მოგონებებს ინახავს, ინტერაქტიულს ხდის  მათ და წლების მერე შენს შვილიშვილსაც შეეძლება შენთან საუბარი, შენი მანერიზმების, რწმენების, დამოკიდებულებების, ღირებულებების გაგება და რაც მთავარია საუბარი ადამიანთან წარსულიდან, მისი სიბრძნეებისა თუ სისულელეების მოსმენა. ღრმა კავშირი წლების მერე, პოსტბიოლოგიური კომუნიკაცია.

ან რამხელა მასალა შეიძლება ეს იყოს მომავლის სოციოლოგებისთვის, ანთროპოლოგებისთვის, რეჟისორებისთვის და ა.შ.?

როგორ აკეთებენ ამას ნარატივ დიზაინერები? და პირველ რიგში ალბათ ჯობია ვიკითხოთ: ვინ არიან ნარატივ დიზაინერები?

ტრივიალური პასუხი ასეთია: ისინი ვინც ჩეთბოტების მესიჯებს, მათ "სულს" ქმნიან. ქმნიან ჩეთბოტის პერსონალობას, ლექსიკონს, "დუხს". 

მაგრამ ნარატივ დიზაინერი ამაზე გაცილებით მეტია. ეს სრულიად ახალი ინტერდისციპლინარული პროფესიაა, მე ვიტყოდი ხელოვნება და თავის თავში ბევრ სხვა პროფესიას აერთიანებს.

იმისათვის რომ შექმნა ციფრული პერსონაჟი გესაჭიროება იცოდე კუნგ ფუ, როგორც ეს ნეომ თქვა "მატრიცაში". 

ნარატივ დიზაინერი პირველ რიგში მწერალია, ოღონდ ჩვეულებრივი წერის პროცესისგან განსხვავებით ის ინტერაქტიულად წერს, ჩეთბოტი ან ავატარი ხომ ინტერაქტიული სტრუქტურაა, მას დიალოგი უნდა ჰქონდეს ადამიანებთან, შესაბამისად ნარატივ დიზაინერი უნდა აზროვნებდეს ამ ჭრილში და ქმნიდეს დიალოგის ისეთ ტოტებს, რომლებიც პოტენციურად თავის თავში ინტერტექსტს მოიცავს.

მეორე რიგში ნარატივ დიზაინერი ფსიქოლოგია. მას სჭირდება ადამიანის საბაზისო ფსიქოლოგიის ცოდნა, რომ მისმა შექმნილმა ციფრულმა პერსონაჟმა კარგად გაართვას თავი ადამიანებთან დიალოგს, გაიგოს მათი პრობლემები, წუხილები თუ სიხარულები.

ნარატივ დიზაინერს ასევე ევალება ადამიანისა და მანქანის ურთიერთობის ფსიქოლოგიის ცოდნა, ეს მთელი ცალკე ველია, რომელსაც ათასობით ადამიანი იკვლევს მსოფლიოში. კარგი ნარატივ დიზაინერი ასევე პროგრამირების ანაბანაში ერკვევა, მას ხომ ასე ხშირად უწევს ურთიერთობა პროგრამისტებთან და როგორც ადამიანს, რომელიც ჰუმანიტარული და ტექნიკური სფეროების მიჯნაზე დგას, სჭირდება იმ ენის ცოდნა, რომლითაც დაელაპარაკება ტექ ტიპებს და მათივე ენაზე აუხსნის მათ თუ რა სჭირდება. 

ნარატივ დიზაინერი უნდა იყოს კარგი UX დიზაინერი. კითხულობდეს უამრავ ლიტერატურას დაწყებული ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებიდან დამთავრებული პოეზიით, ის ხომ დემიურგია, ამ სამყაროში ავატარების მომყვანი და მასში აუცილებლად უნდა არსებობდეს ცოდნა და სილამაზე. როგორც დარგებისა და მეცნიერებების მიჯნაზე მყოფი არსება, ის ქიმერას ჰგავს, ქიმერას რომელიც რეალური გახდა.

მაგრამ მივუბრუნდეთ კითხვას: რისი თქმა უნდათ ავატარებს? ნუთუ მარტო იმის, რაც მასში ნარატივ დიზაინერებმა ჩადეს? მე ვიტყოდი, გარკვეულწილად შეიძლება ეს სიმართლესთან იყოს ახლოს, მაგრამ არა, ავატარები და ჩეთბოტები ჩვენს სამყაროში სხვა მისიით მოვიდნენ.

jishkariani

ადამიანს სიღრმისეული მიდრეკილება აქვს შექმნას რაღაცა თავისი მსგავსი, აქედან მოდიან ზღაპრებში ეს მოლაპარაკე ხეები, მოაზროვნე ყვავილები და ა.შ., ჩვენ გამუდმებით ვახდენთ ჩვენს პროექციას გარემო სამყაროში და ჩემი აზრით ავატარები, რობოტები და ჩეთბოტები ის "ანგელოს"-ები არიან, რომლებსაც ჩვენ ჩვენს სარკეებად ვქმნით, რომ უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი. ეს ფსიქოდელიური ტექნოლოგიები (და ფსიქოდელია ნიშნავს "ცნობიერების გაფართოებას") იმისთვისაა, რომ ჩვენ შევიმეცნოთ საკუთარი თავი, ისინი ინსტრუმენტები არიან, ჩვენი ტელესკოპები და მიკროსკოპები, ვინაიდან ის თუ რას ვეუბნებით მათი მეშვეობით საკუთარ თავს - რაღაცა ღრმა არქეტიპული, საიდუმლო მესიჯებია, ეს ნიშნავს თვითგაცნობიერების პროცესს ტექნოლოგიების დახმარებით.

დღეს ნარატივ დიზაინერები, რომლებიც აპროგრამებენ ციფრულ არსებებს - გვეხმარებიან შევიცნოთ საკუთარი თავი, ვუთხრათ ჩვენს თავებს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ სიზმარში თუ მოგვესმება საკრალურ საიდუმლოდ და მერე ვივიწყებთ, როცა გვეღვიძება.

მაგრამ რა მოხდება, როცა ჩვენი ავატარები საკუთარი თავის გაცნობიერებას დაიწყებენ? როცა მათშიც გაჩნდება ცნობიერების აჩრდილი?

ეს უკვე სხვა დიალოგის თემაა და ამას არ ჩავუღრმავდები, დავუბრუნდებოდი ისევ ნარატივ დიზაინს, როგორც ახალი სამყაროს ახალ პროფესიას, რომელიც შეიძლება გასაკვირია, მაგრამ დღეს ყვავის საქართველოში და ვინ იცის იქნებ ეს არის ჩვენი საგზური მსოფლიო ტექნოლოგიური ჰორიზონტებისკენ?

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა