გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რევოლუცია არ გატელევიზორდება

გილ სკოტ ჰერონი მულტიდისცილპინური არტისტი იყო. ერთდროულად და ერთნაირი ქარიზმით ასრულებდა ჯაზ, როკ, სოულ, რეპ პარტიებს, იყო პოეტი, იყო ვარსკვლავი, არაერთი მსოფლიო ჰიტის ავტორი. მისი მთავარი ხაზი იყო მარგინალები, ქუჩა, მაწანწალები, რევოლუციები, უთანასწორობა, ჭუჭყი, მასკულტურა, მაკულატურა, კულტურა, ტურა, ურა... (რითმამ შემითრია). „რევოლუცია არ გატელევიზორდება“ – მისი ლექსის (შემდგომში სიმღერის) ეს ფრაზა ე.წ. Black Power-ის მოძრაობიდან წამოვიდა. თავად ეს ტექსტი მთლიანად სარეკლამო სლოგანებისა და ამერიკული მასკულტურის პაროდიულ გადათამაშებას წარმოადგენს, ამიტომაც მის გასაგებად გარკვეული ინფორმირება და პოპკულტურაში ჩახედვა აუცილებელიც კია.

შენ არ გექნება შანსი, დარჩე სახლში, მეგობარო
ვერაფერს შეუერთდები, ვერც დაიმუხტები და ვერც გაიქცევი
ვერ გადაეშვები თავით ნარკოტიკებში
და ვერც ლუდისთვის ჩაირბენ რეკლამებს შორის
რადგან რევოლუცია არ გატელევიზორდება. 

რევოლუცია არ გატელევიზორდება,
რევოლუციას არ მოგიტანს Xerox-ი
ოთხად დანაწილებულს, სარეკლამო ჭრის გარეშე
რევოლუცია არ გაჩვენებს ნიქსონის ფოტოებს,
სადაც ის საყვირს ბერავს და ჯონ მიტჩელი
გენერალი აბრამსი და სპირო აგნიუ წინა ხაზზე არიან
რომ ჩანთქან ჰარლემური ღორის გულ-ღვიძლი
რევოლუცია არ გატელევიზორდება. 

რევოლუციას არ მოგიტანს Schaefer Award Theatre
და მასში არ ითამაშებს ნატალი ვუდი და სტივ მაკქუინი
და ბულვინკლი და ჯულია
რევოლუცია არ დაგიტოვებს პირში სექსუალურ არომატს
რევოლუცია არ გიხსნის გასუქებისგან
რევოლუცია არ წარმოგაჩენს ექვსი ფუნტით გამხდრად
რადგან რევოლუცია არ გატელევიზორდება, მეგობარო 

აქ არ იქნება შენი და უილ მეისის სურათები
თუ როგორ ჩაუშვებთ სავაჭრო კალათას ქვედა სართულზე
ან ეცდებით შეაცუროთ ფერადი ტელევიზორი მოპარულ მანქანაში
„ენ-ბი-სი“ ვეღარ დააანონსებს გამარჯვებულს 8:32 სთ-ზე
და ვერც რეპორტაჟს გადასცემს 29 ოლქიდან
რევოლუცია არ გატელევიზორდება. 

არ იქნება განმეორებითი კადრები
თუ როგორ ესვრიან ძაღლები ჩვენს ძმებს
არ იქნება განმეორებითი კადრები
თუ როგორ ესვრიან ძაღლები ჩვენს ძმებს
არ იქნება უიტნი იანგის გამოსახულება
თუ როგორ მიათრევენ სახელდახელო პროცესზე
არ იქნება რო უილკინსის
შენელებული კადრები და არც ნატურმორტი
როცა ის მისეირნობს
წითელ, შავ და მწვანე კომბინაციის კომბინიზონში
რომელსაც ის ინახავდა საჭირო დროისთვის 

გადაცემები: „მწვანე მიწები“, „ბევერლის მკვიდრები“ და „ჰუთერვილის კავშირები“
აღარ იქნება ასე დედამოტყნულად რელევანტური
და ქალებიც აღარ იდარდებენ
თუ დიკი ჯეინს მიწაზე დაახეთქებს
რადგან შავი ხალხი გამოიშლება ქუჩაში უფრო ნათელი დღის საძებნელად
რევოლუცია არ გატელევიზორდება 

არ იქნება მთავარი ამბები 8 საათზე
არ იქნება ბანჯგვლიანი შეიარაღებული განმათავისუფლებელი ქალის
და ჯეკი ონასისის ცხვირის მოხოცვის კადრები
თემატურ სიმღერას არ დაწერს ჯიმ ვები
და არც ფრენსის სკოტ კი, და არ იმღერებს გლენ კემპბელი
ტომ ჯოუნსი ჯონი ქეში და არც ინგლბერტ ჰამფერდინქი
და არც ჯგუფი Rare Earth
რევოლუცია არ გატელევიზორდება 

რევოლუცია არ იქნება მყისიერად
როგორც კი თეთრი ტორნადო, თეთრი ნათება ან თეთრი ხალხი დაანონსდება
არ მოგიწევს დარდი იმის გამო, რომ
საძინებელში მტრედი გყავს, ავზში ვეფხვი და უნიტაზში მონსტრი
რევოლუცია არ წაადგება კოკა-კოლას
რევოლუცია არ მოსპობს ნადებს შენს კბილებზე
რევოლუცია წინ გაგიძღვება 

რევოლუცია არ გატელევიზორდება, არ გატელევიზორდება
არ გატელევიზორდება, არ გატელევიზორდება
რევოლუცია ისევ არ განდევნის ჩვენს ძმებს
რევოლუცია იქნება
აქ და ახლა და სამუდამოდ.

თარგმანი: პაატა შამუგია
ავტორი: გილ სკოტ ჰერონი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა