ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„რკინის მესერი, მეტი არაფერი“ | ინტერვიუ რეჟისორ ლია ჯაყელთან

2012-ში იყვნენ აგრესიულებიც, მე კი არ მელაპარაკებოდნენ, ჩემნაირად ვინც იმათ იცავდა, კოლექტიურად მიმართავდნენ. ერთი იყო ბუნებრივად შეწუხებული ადამიანი, არსით სულ არ იყო მმკ. შეშინებული იყო, მე ვერ შემცვლიანო, მაგრამ ბავშვი ისეთი რამეაო. არ იყო აგრესიული.

ჩემმა ახლო მეგობარმა 18 მაისს დილით დაპოსტა, არც მახსოვს რა, წაშალა მერე. დავუწერე „ჩათვალე, რომ მე ჩამარტყი-მეთქი“ და ეგრევე წავშალე მეგობრებიდან ფბ-ზე. ორი დღის მერე აღმოაჩინა, რომ ფბ-ზე აღარ ვარ. თავის დას დაურეკა, უტირია. მერე დავიმეგობრე თავიდან. ვატყობდი, რაღაცნაირად განეწყო. მერე ბევრი ვილაპარაკეთ. მაგრამ ერთი მეგობარი ვერ ცვლის, ღრმად მორწმუნეა. მე კამერა დამიმტვრიეს. რო წარმოიდგინა ეს ახლობელზე აგრესია, და იცის, რო არ ვარ მონსტრი და არ ვარ ღირსი, რომ მცემონ, ნელ-ნელა შეეცვალა განწყობა. მისთვის მე სანდო ადამიანი ვარ, პატივს მცემს. ეს დასხლეტილი პოსტი ძვირად დაუჯდა მასაც და მეც.

17 მაისზე პირველი, რაც მახსენდება, სიბრაზეა და უმწეობის განცდა. ვერ ერევი ამ ყველაფერს. ცოტანი ვართ. ოც წელზე მეტი შევალიე ფემინიზმს. ხატებად მახსენდება, რო მოდიოდნენ რუსთაველზე. მე დაბალი ვარ და ვცდილობდი, კამერა ზემოთ ამეწია გადასაღებად. არ ვიცი, რა მამოძრავებდა. შუაში მივდიოდი. ტალღა მოდიოდა დროშებით, „ჯო“-ს არეული შეძახილები მესმოდა. მივდიოდი საწინააღმდეგო მიმართულებით, თან ვიღებდი. ატრიალებული რომ არის ხოლმე კადრები, უცებ მე სად ვეგდე და სად კამერა, აღარ მახსოვს. ფეხს რომ გაბიჯებს ვიღაც. კამერის თავსახური ვნახე, მარა კამერა ვეღარ. მაგ დროს რატომღაც გინდა, რომ შიგნით იყო. მერე კი მომდიოდა კადრები მარშუტკიდან, შიგნიდან გადაღებული. ფილმშიც შევიტანე. ისმის შუშების მსხვრევა, გოგოების კივილი – „დაწექი!“.

მოვიდნენ, ვითომ რომ დაეცავი, პოლიციელები, მინიმუმ, დამცინავი და აბუჩად ამგდები დამოკიდებულებით. ჩემზე ასეთი ხუმრობა ზოგჯერ უფრო მოქმედებს, ვიდრე პირდაპირი ძალადობა, მწარეა სიტყვები.

მეორე დილით მეშვიდე სართულიდან ვიღაცამ „სუპოვნიკი“ მესროლა. არ ვიცი, ვინ იყო. ბეწვზე ამცდა. გაიმეტა თავისი „სუპოვნიკი“. მაინტერესებს იმის ფსიქოლოგია. ის ალბათ არ შეუძლია, ლაპარაკში რო გამოუშვას გესლიანი რაღაცეები.

იმ დღეს, მოგვიანებით, გაჩერებაზე გავედი. გონს არ ვიყავი ჯერ მოსული. „ვიზგში“ მივდიოდი. შეხვედრები იყო. სადარბაზოში შესული არ ვიყავი, ვიღაც ძუძუებიანმა ქალმა დამითრია. უცებ ჩამარგვევინა თავი ძუძუებში და თავისთან დამისვა. ჩამჩურჩულა, ორი ბიჭი მოგდევდაო. არც გამახედა, რომ მენახა ვინ იყვნენ. წავიდნენ და მერე გამმართა წელში. მე ეკლესიის პირდაპირ ვცხოვრობ. მერე უკვე კეპით დავდიოდი, ნაკლებად ამოსაცნობი რომ ვყოფილიყავი. ის ქალიც ეკლესიის მრევლი იყო ალბათ. გოგოებს ნამსხვრევები ჰქონდათ შერჩენილი, იფერთხავდნენ, რო ავედი.

ბათუმში ისეთი აღტყინებულები იყვნენ, გეებს ეძებდნენ. ინტერვიუსთვის ვის ეცალა. პორტატული ფოტოაპარატივით კამერა მქონდა თან, ჩვევად მაქვს კამერის წაღება. ვერ გავიგე რა ხდებოდა, ხმაური, ჩოჩქოლი, ვეკითხები ვიღაცეებს. იქ ხმებით ვრცელდება, 2010 წელია, ჯერ ქსელებით არა. გეები ჩამოსულანო და სასტუმრო „შერატონში“ იმალებიანო. იქვე ახლოს ვცხოვრობდი. ქალები გამომდგარი დოინჯებით. საშინელი სანახავი იყო. მანქანებით დაქროდნენ, გადმოყოფილი ჰქონდათ თავები, გამარჯვების დროს რო იციან. სწრაფი ნაბიჯით დადიოდნენ აქეთ-იქით. დავიბენი. მივიჭყლიტე ხალხში. მერე გავიგე, რომ ეკლესიაში იკრიბებოდნენ. იქ იყვნენ თეოდორე და ისაკაძე – მღვდლები. 2012-ში რო გადაეღობდნენ, ისინი – იქაც მეჭიდავნენ, რო არ გადამეღო. დაჩოქილები, პირჯვრის წერით, მამაო ჩვენოთი ლოცულობდნენ, რო საქართველო გეებისგან და უწმინდურებისგან, სოდომ-გომორისგან გაეწმინდათ. ტრაგიკომიკური იყო. იქ თემი არ ყოფილა. ობიექტი არ ჰყავდათ, ვისაც დასცხებდნენ და მოაწყვეს პერფორმანსი.

ქალებს სსრკ-ში არად აგდებდნენ. ქალების სექსუალობა, სექსი და სიყვარული არ არსებობდა. ისჯებოდა მამათმავლობა. ამან ძალიან დააფეთა ტრადიციული საზოგადოება. უბრალოდ, ქალები და ტრანსები არ არსებობდნენ. მხოლოდ კაცებზე საუბრობდნენ, ქალებს არც კი ცნობდა სახელმწიფო, არც საზოგადოება. ნაცემიც მინახავს ბევრი. ვმფარველობდით მე და ჩემი და. თითქოს მეტი თანაგრძნობაც იყო, რადგან ადამიანებს სახელმწიფო უპირისპირდებოდა. პოლიციას „ძაღლებს“ ეძახდნენ და მათ ხელში ჩავარდნილს ყველა თანაუგრძნობდა. ერთი მხრივ, იოლი სამიზნე იყო ბიჭები, ქალები უფრო შეფარულები იყვნენ. აგრესია მათზე იყო, ვინც უფრო მანერულობით გამოირჩეოდა.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებიც არსებობენ და ამან გაამწარა საზოგადოება, აუყირავდათ ფილოსოფია. აქტიურობდნენ თან ეს ქალები.

სინამდვილეში, ყველაზე პროგრესული (ფემინისტი) კაცებიც კი ვერ ინელებენ, როცა ქალები კაცებს რამეში აღემატებიან. რაც წნეხი იყო ქალზე, დაგროვილი, მთელი ეს ენერგია გარეთ გამოვიდა. მართალია, ცოტა ქალში, მარა გაჩნდა სოლიდარობის განცდაც. როგორც წესი, ჩაგრულ ჯგუფში ხშირია შიდა დაპირისპირება და კონკურენცია, სწორედ იმიტომ, რომ ტრავმირებულია. ცხენს ვერაფერი ვერ უყო, უნაგირს წაუშინაო. გამოცდილება ძალიან ხანგრძლივი მაქვს. მირჩევნია მეტი დრო მქონდეს დარჩენილი, მარა ასეა.

ეს ქალები გამობრწყინდნენ. ძნელი მოსანელებელია კაცებისთვის. 17 მაისს ქალები იყვნენ სამიზნე. და კაცები ძალადობდნენ ძირითადად.

მათთვის ქალები იყვნენ ბოზები, გათახსირებულები, საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ, ჩაქოლეთ – ისმოდა სულ. სასიკვდილოდ გაიმეტეს, ფილმშიც ჩანს, რომ ლოდები ქონდათ.

გაარღვიეს, ბევრი იყვნენ, პოლიცია არ იყო საკმარისი, რკინის მესერები იყო, მეტი არაფერი.

მეტრომდე მე ვერ მივედი. ჩამქოლეს, სანამ თავისუფლებამდე მივაღწიე. ორგანიზატორებთან გვქონდა კომუნიკაცია და პოლიციის ნომრებიც. მერე დავეშვი ვაჩნაძის ქუჩაზე. პატარა კამერით ვიღებდი. მესერზე ავდიოდი. 17 ნომერში ვთხოვე და აივნიდან გადავიღე რაღაც მომენტები. ორბელიანამდე ვერ ჩავაღწიე, მჭყლეტდნენ. ახალგაზრდა ფოტოგრაფი კაცი იყო და ვეხმარებოდით, ვერ ამიყვანა მესერზე, ერთმა ჩამაზილა. დროდადრო საფრთხე მავიწყდებოდა, აზარტში შევდიოდი, მესმის ომის ჟურნალისტების. ბატინკის ლანჩა მახსოვს, მაგრამ რა ხდებოდა – არა.

ნელ-ნელა დაიძრნენ მიკროავტობუსები. მე სულ კავშირზე ვიყავი. მითხრეს, რომ ბინაზე იკრიბებოდნენ. ტაქსით გავვარდი, მაინტერესებდა გოგოების ბედი. გადაღებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ რო ქაქანებდნენ, სული მოვითქვი და მაინც ჩავრთე კამერა.

მხარდაჭერა ამერიკის საელჩოდან იყო. არ მახსოვს, 12-ში იყო თუ 13-ში, ნიდერლანდების საელჩომ ვახშამზეც მიგვიწვია, ჰაერზე, რეზიდენციაში.

სახალხო დამცველს წერდნენ. პირდაპირ საქმიანი დამოკიდებულება გაჩნდა. შეგნებულად აღარ ჩავწერე ინტერვიუები, ფილმს კი დაჭირდებოდა, მარა ამის გამეორება მძიმე იქნებოდა.

ყველაზე ვერ ვილაპარაკებთ. აქტივისტების ჯგუფმა გააცნობიერა და სხვადასხვანაირად დაინახა. ერთი ჯგუფი თვლის, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გამოჩნდეს და მეტი ილაპარაკოს. ჩემი ფილოსოფია მეორე ჯგუფისას ემთხვევა, თუნდაც ერთის გამო ღირს გაჩერება. არასდროს მითქვამს არავისთვის, რომ გამოვიდეს, ან თქვას და აღიაროს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს ეს ტვირთი. ასეთი მარტივი არაა. ცალკე ტრავმირებული სამყაროა, ტრავმირებულია ოჯახიც. ქამინგაუთი ოჯახის წევრებსაც უწევთ, მათ თავიანთი კონტექსტები აქვთ, ნათესავები, მოყვრები. იწყება ბულინგი. უმრავლესობას ოჯახის წევრებისგან აქვს პრობლემა. ვისაც ოჯახის წევრი უჭერს მხარს, მერე იმას უწევს ანგარიშს, რომ ახლობლების დაკარგვის წინაშე არ დადგეს. მე კინაღამ ნათესავი დავკარგე. ამ „აღიარებას“, თითქოს, დანაშაულის კონოტაცია აქვს. გამჟღავნება სხვა რამეა, როდესაც ეს ვინმეს საფრთხეს უქმნის. მე შემეძლო, უფრო რეიტინგული და სკანდალური ფილმები მეკეთებინა, მაგრამ თუ მე ამ ადამიანებისთვის ვმუშაობ, რანაირად ავიღო პასუხისმგებლობა, როცა საკუთარ თავს ვერ ვიცავ. დღემდე ჩვენი ოფისის მისამართი არაა ცნობილი, ფილმებს არ აწერია შემსრულებელი, ჩემ გარდა, მე უკვე მიცნობდნენ, ყველას თავისი შიშები აქვს.

მე მესმის მათი, ვისაც მალე უნდა გარეთ გავიდეს – საჯარო სივრცე დაიკავოს. მაგრამ ამის ალტერნატივაა გრძელი გზა. ჩვენ ყველა პროგრამაში, ქალთაც რო იყოს, ბუნებრივად შეგვყავს საკითხი, პროფესიონალებთან ვმუშაობთ რეგიონებში, ახალგაზრდებთან. უბრალოდ, თავისით არაფერი არ ხდება. ერთი შეხედვით, დასავლეთის გავლენით, შეიძლება კანონები, პრაქტიკები შეიცვალოს, მაგრამ თუ მთელ საზოგადოებაში არ შეიცვალა დამოკიდებულება, ისე ქცევა არ შეიცვლება. ამაზე თუ არ იმუშავე, რამდენი გამოხვალ, იმდენჯერ დაგარტყამენ. ელოდე, როდის მობეზრდებათ. მეორე ფილმში ამბობენ, ქართველი გეი არ არსებობსო. ის მაინც გაიგეს, რომ არსებობს, მაგრამ ეს სხვანაირად უნდა აჩვენო. 

თემს გაუჩნდა სკეფსისი 17 მაისზე, რამდენჯერ შეიძლება ასე დაცულ მდგომარეობაში, მანქანებით წაგვიყვანონ. მაგრამ ეს გამოსვლა, ახლა უფრო წერტილოვანია ხოლმე. ეს უფრო განწირულის სულისკვეთებას ჰგავს და ამიტომ მგონია, რომ ფორმებია შესაცვლელი.

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სოლიდარობას მე ყოველთვის ვუწყობდი ხელს. ფილმებს ვაჩვენებდი. თემის წევრებიც იჩენდნენ სოლიდარობას მუშებისადმი, მეშახტეების მიმართ. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება სხვა მოძრაობებთან სოლიდარობაც იყოს.

რამდენჯერ უნდა გაიარო იმავე ტალახში. ტექნოლოგიური პროგრესი სწრაფად მიდის და მენტალობა იცვლება ნელა. ბევრი მუშაობაა ამაზე საჭირო. ამ პანდემიამ საერთოდ გადაგვისროლა. რაღა დროს რუსთაველია. უნდა დაგეგმო მომავალი – რა გინდა, როგორ მიდიხარ იქამდე და არა უბრალოდ, სად დადგები. შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ არ აბეგვინო ხალხი მაინცდამაინც.

მგონია, შემცირდა არა მორწმუნეობა, არამედ ნდობა. ბევრია განათლებული, ვინც ღრმად მორწმუნეა და ხედავს, რომ ქრისტეს საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადის ეს ინსტიტუტი.

ჩემი შვილიშვილის თაობაში ეს უკვე ბუნებრივია, მოცემულობად იღებენ. ეს აღარაა: „მე ჰომოფობი არ ვარ, გეი მეგობრები მყავს“. მაგრამ ეს ჯერ მაინც არაა მეინსტრიმი, უბრალოდ ნაკლებმარგინალიზებულია. ახლო მომავალში ვიქნებით, როგორც სხვა ევროპულ ქვეყანაში.

მე მაინც მგონია, თუ ბრმად არაა გადაშვებული რელიგიაში, საბჭოეთგამოვლილ ადამიანებში ნაკლები აგრესიაა. შეიძლება ხელგაშლილი არ ხვდებიან, შეიძლება სცემდნენ კიდეც, თუმცა, მე უფრო ტენდენციებს ვგულისხმობ. შუა ასაკის ხალხი და ახალგაზრდები, ვისაც ძველი გამოეცალა, ახალ ცხოვრებას ვერ აუწყო ფეხი, საზრისი დაკარგა და ჩაებღაუჭა რაღაც სიბნელეებს.

ხალხი ადვილად მანიპულირებადია. სახელმწიფო = ხელისუფლება და ეკლესია კარგად არიან შეთამაშებული. მრევლი ამომრჩეველია სახელმწიფოსთვის. როგორც სჭირდება, ისე მიმართავს. სახელმწიფოს ნება რო ჰქონდეს, არ გააპარპაშებდა. როცა სიძულვილის ენა გაქვს სახეზე და განცხადებასაც არ აკეთებ, ეს წახალისებაა.

ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, როცა საგანგებო ავტობუსებით წაგვიყვანეს, ჩამოგვსვეს ცოტა ხნით და წამოგვიყვანეს 2017 წელს. რა ფასი აქვს ასეთ აქციას? დონორი რომ გვწერს, რას აკეთებ 8 მარტს და 17 მაისს? ყველა რაღაცას აკეთებს, სადღაც გეპატიჟება, შენც რაღაც უნდა ჩაითვალო მაინცდამაინც და რატომ?

ეს პრობლემა საბჭოური ჰგონიათ. არ ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტებას ვფლობ, უბრალოდ მეტი გამოცდილება და ცოდნა მაქვს, ასაკის გამო. შემიძლია შორი პერსპექტივით შევხედო, რა მოხდა წინა წლებში და არა მხოლოდ 2013 წელს. ისტორიისთვის ეს პატარა მონაკვეთია, მომავალში შეიძლება არც კი გამოჩნდეს. ყველა პროცესს თავისი განვითარების ლოგიკა აქვს და ყველას თავისი რადიუსი. ტბაში კენჭს რომ აგდებ, ნელ-ნელა ფართოვდება წრეები. შენ კი არ მუშაობ ნელა, პროცესი მიდის ნელა. მაგრამ შედეგებსაც ვხედავ, მთავარია, პროცესი არ დგას.

ინტერვიუს ავტორი: ნუკრი ტაბიძე
ფოტო: მანო სვანიძე / CHAI KHANA