ღმერთი არ არსებობს
1.
როგორც სქოლიოზი,
სქოლიო ზის
დათარიღებულ უბეში
და განმარტების
ანუ გრძნობის მთელი სიმძიმით,
გამარტივების
ანუ შეგრძნების წონით
სააქაოს, როგორც საიქიოს
კანონზომიერ,
გამართულ აღწერას,
თანდათან ფიტავს,
და, ბინადარი დანომრილი
უბის ეგ თურმე,
ქარივით დრეკს და ამრუდებს
სუბიექტურ მედ.
ნუ მიაყენებ ო, ზიანს! –
რა ადვილია სათქმელად,
როცა სიცოცხლე ნაკადია,
ევოლუცია კი – ეროზია
მემკვიდრეობით.
2.
უთხარი „შენ“ ენდობის ნიშნად.
თქვენობით წაუთაქე,
როგორც ლაწირაკს,
შენზე საუფროსოდ,
სიხარბემ რომელიც გაწირა.
სიხარბე ბეა, რომელსაც უტოვებს,
ვიდრე მთელ ქირას მიართმევს ბოლოს,
სიკვდილი დილის კაცს,
რომელიც ელევა, თმობს
შუაღამის ქალის ალისფერ თმას,
რადგან მოისყიდა, თანაც იაფად,
ცხოვრების სახელით,
თუმცა გაუვა ყავლი
და გვერდის ავლით
ისე მოისვრის, ზედ არ მიაფენს.
3.
უნდა მოვასწრო, მოგითხრო,
ორი შესაკრების,
ორი წარსულის
ცვალებადი ჯამია აწმყო.
ერთია შენი მომავლის,
რომელსაც თვითონ გაწვდები,
მეორე არის მომავლის, რომელიც
უშენოდ იქნება და ვერ მიწვდები.
აწმყოა თიხის უბრალო ჯამი,
რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან დები და
ორი წარსულის ირევა ღვინო,
თეთრი და შავი,
დღე – გამჭვირვალე,
ღამე – უკუნეთი.
ამიტომ ახლას რასაც უწოდებ,
ხან გათენებას,
ხან კი საღამოს ჰგავს.
შენ შეგიძლია, აწმყო დათვალო,
შენ შეგიძლია, აწმყოთი დათვრე.
4.
ქალაქისა და ქალაქგარეთის
ადამიანი წვრილმანია მანიაკალური
და მილიარდი მარდი დარდის –
ფარღალალა დარაბა,
და სულერთია, თუ მოგევლინა
ქართველად, ფრანგად, არაბად.
ყველა შემხვედრი მუხანათურად
სამჯობინებელ ბნელ ბინებს
შეგაჯიბრებდა – მოგაზომებდა ან გადარებდა.
მოდა მოედანს მოედება,
მუდამდრო დროს გამოადნობს
და არხეინი ქუჩა იარხებს.
5.
როცა როდის ხარ,
გაუგებარია.
როცა იკრიბება შენი ყველა სახეცვლილება
და ჯამი იყოფა მათ რაოდენობაზე,
რაც მიიღება,
იქნება შენი საშუალო
არითმეტიკული,
რომელიც ითვისებს, ირგებს და იკავებს
შენს სახელს, სახეს და სახლს,
რომლებიც ისედაც საკმაოდ დროებით გაქვს,
და შენ მაგივრად წვება
მარტო და სხვასთან,
დაგხვდება ყველგან უკვე მისული
და გამოგაცილებს მასპინძელივით.
ის შენ მაგივრად კითხულობს,
წერს და ფიქრობს,
ამბობს და ისმენს.
იგია კვალი, რომელსაც ტოვებ
და კვალიც, რომელსაც მიჰყვები.
რამე მოულოდნელს
თუ მაინც ჩაიდენ,
მისთვის სულერთია,
რაც უნდა იყოს,
მორიგ შესაკრებად შეიმატებს
და ჯამს თავიდან გაყოფს
რაოდენობაზე
და მოგევლინება
კვლავ საშუალო
არითმეტიკულად,
რომელსაც კვებავ,
რომელიც შენით იკვებება
და შენ მაგივრად ცხოვრობს,
ვიდრე არ მოკვდები,
და შენი სიკვდილიც მისი წილია,
ბოლო ლუკმა,
რომელსაც წინასწარ ანგარიშობს სიამოვნებით.
6.
იტყოდნენ ხოლმე –
იმას რა უჭირს!
დავამატებდი –
ვისაც მოსდგამს ბღაუჭი,
სიცოცხლე მისი არის კაუჭი,
როგორც ლექსისთვის რითმა,
რომელსაც როცა გამოსდებენ,
სასაზე თმასავით
პოეზია მოითმენს,
როგორც ჰომოფობი –
უოლტ უიტმენს
და აღმაშენებელ დავითს.
ზიანდება თუმცა,
როგორ დაიჩივლებს
ან ვის დააბრალოს,
რადგან პოეზია შემჭიდროების ხელოვნებაა
და თვითონ ამზადებს მელოდიას,
რიტმებს და რითმებს,
თავისი ხელით ჭედავს კაუჭებს, რკინა-კავეულს,
ჯაჭვის რგოლებს და ზოგჯერ ანჯამებს.
უღრუბლო ცა და უზღურბლო კარი,
რა თქმა უნდა, უმარილო და ცარიელია.
7.
გრძელი გრძნობა მოკლედ ითქმის,
გრძნეულია ამად კარგი თამადა,
მით უფრო, თუ სუფრა
უქეიფოდ შეიქნა.
და, როგორც ხედავ,
ყოფნა-არყოფნას შორის
გრძნობა მაგიდად არის ჩადგმული.
ჯერ სიტყვა თქვი და მერე მოიფიქრე.
გარშემო ჩრდილების ნელი ტრიალია,
ვინ დურგალია, ვინ – ტოლუმბაში, ვინ – მერიქიფე.
8.
გაიყალბა ალბათ თავი
ისე ამომწურავად,
რომ უდავოდ ნამდვილი
მას, სიყალბის ჩათვლით,
არაფერი შერჩა.
ასე, სამაგიეროდ,
არსებობის უტიფრობა შერჩა.
ყოფნის ამ ორპირ ხაროს
რა ამოავსებს,
არ ჰყოფნის დიდი სამყარო.
ორპირი ქარი მიმოაჭედებს კარ-ფანჯარას,
მინას ჩარჩოდან ამოტეხს,
როგორც წარსულს აწმყოდან
და, როგორც ადრე, მოსაშუშებლად
ეზო-ეზო შეძახილით ჩამოივლის მეშუშე.
ლექსი ქსელია,
სიტყვა – ობობა.
9.
ცოტა თარსები, ზოგჯერ ნავსები
ცლიან, ავსებენ
და ჯადოქრები დაქრიან დოქებით.
მანქანდაკი არასოდეს არ წვალობს,
მანქანდაკი მუდამ სწავლობს.
ზოგს დაიწუნებს,
ენაადრევება ან მოძველდაო,
და სურათებად ჩამოქნილ სამყაროს
მანქანდაკი ან დაკიდებს
ან გაიკრავს,
სადაც კედლად დასახავს და
დაიგულებს თავისივე სარჩულს,
დალიანდაგებულს
მანამდეთი და მერეთი.
მათ შორის ჩამოდგამს ტანად მეისრეს,
ზოგჯერ ხეიბარს,
რომელშიც თვითონ დაბინავდება,
რომ მასთან ერთად
ჯერ გაჩნდეს, ერთხანს გაირჯეს, მერე მოისრას.
ღმერთი არ არსებობს
და მაგის ბედი,
რომ არ არსებობს.
10.
მე მოგახსენებ,
მე რა მეამა და რამ მაომა,
ომი რომ თანაც მათრობელია,
როგორც ჰაომა,
რომელსაც სმენის
ვსვამდი მე თასებით;
დღეებიც იყო ისე შეკრული,
როგორც თასმები,
ისიარულე, რამდენიც გინდა,
და მაინც ბარბაცს ვასწრებდი;
და რომ ომს უყეფს როყიო ზავი,
ბაზარს ეზარება აზრები ბზარივით
და ავგეოსის ყარს თავლები
ზუსტად ზედმეტი ზავის მიზეზით,
რადგან საომარი ცხენები
დგანან თავლიდან ფეხის მოუცვლელად
და უქმე დროის მეოხებით
ხდება მათი მეტამორფოზა
და ჭერქვეშ ბინავდებიან,
ბოლოს და ბოლოს, ბოსლის ძროხები.
11.
არა კეთილს ან ბოროტს,
არამედ ცოცხალ მანქანას,
ბიოლოგიურ რობოტს,
რაღაც კულტურის მაგვარი
თანდათან
ქანდაკებად ძერწავს,
რის გარეშეც იგი,
მხოლოდ ცოცხალი არსება,
სიცოცხლის ორმოდან ვერსად ვერ წავა.
ამიტომაა, რომ მანქანდაკის,
ზოგი და ზოგჯერ
სიმწრით ანცობა და მაინცობა ჯიუტი,
მიუტევებელ შეცდომას
ხოლმე ჯერ უდრის,
როგორც ნაბიჯი წონასწორობის
და თადარიგის გარეთ გარითმული,
მერე მსგავსია გამოწეული და ცარიელი უჯრის,
რომელიც დაიტევს, ვინ იცის, რას არა,
თუკი ჩაკეცავ თავისუფლების
მოულოდნელი კანონებით,
როგორც ორ შაირს პოემის
თანხმობით და
ანუ ნებით.
12.
რადგან ნისიად სიადვილეს
და არც ნიგოზს არ იძლევიან,
ფასი ნაგაზი და ცერბერია,
როგორც ავი და ქლესა
არის ეკლესია,
ყველა ბერი კი ბერიკა
და ცრუ ბერია.
უმჯობესობა-ერთადერთობა-უმრავლესობა
და სხვა, ამ ფერის
ტყუილი თხილივით ასხია
ყველა იმპერიას –
ფიზიკურს, ადამიანურს
და ღვთაებრივ-მეტაფიზიკურს.
და ყოველ მათგანს
შუბლზე ეკლად ესობა,
შენ ან მე რომ
გვეთქმევინება –
მანქანდაკი არ ვიყო,
აღწერილის და აღწერის
უსასრულო გაორმაგებას
თუ არ მივაგნო
გნოსისის სისინის
ორკაპი ქაფით.
მთავარი ფოტო © Michel Moreau