გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ (არ) გავხდეთ მანქანა - ტუტორიალი | ზურა ჯიშკარიანი

სადღაც გადავეყარე საინტერესო ვიდეოს, სადაც ერთი ბუდისტი ბერი რობოტებზე საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანისთვის უკეთესი იყოს რომ ის გადაიქცეს მანქანად. შესაძლოა მანქანურობა ერთადერთი გზაა თავი დააღწიო გადაბადებების უსასრულო ციკლს, ერთგვარი ბილეთია ნირვანისკენ.

რატომ? ბერი ამბობს რომ ადამიანი იძირება თავის სურვილებში და ვერასოდეს გრძნობს თავს დაკმაყოფილებულად, მისი სურვილები და ინსტინქტები მუდმივად ექაჩებიან მას მოუსვენრობისკენ, უფრო მეტად ძირავენ მის სულს სანსარაში - გადაბადებების მუდმივ წრებრუნვაში. მას გამუდმებული ომი უწევს საკუთარ მზაკვრულ ფიქრებთან, რომ გაწმენდილი დარჩეს და არ გაისვაროს. მაგრამ რა მოხდება თუ ეს ინსტინქტები გაქრება? თუ ადამიანს გაუქრება ლტოლვა ცოდვის ჩადენისკენ? თუ ის გადაიქცევა “სპირიტუალურ მანქანად”? გავყვეთ ამ ბერის იდეას და შემდეგ ჩვენი პერსპექტივა განვიხილოთ.

თუ რობოტს, მანქანას, თანამედროვე კომპიუტერს კარმული კოშმარებისგან თავდასაღწევ საშუალებად განვიხილავთ -- გამოდის რომ  საკუთარი თავის რობოტიზაციის, მანქანად გადაქცევის იდეები შესაძლოა კარგი სულიერი მეგზური იყოს ამ უძველესი რელიგიებისთვის, რომლებიც ყველა ჩვენს სასოწარკვეთას - ჩვენს დესტრუქციულობისაკენ მიმართულ ინსტინქტებს აბრალებენ.

თანამედროვე რობოტებს არ გააჩნიათ ემოციები, ისინი არ გრძნობენ როგორც სიყვარულს, ასევე სიძულვილს, ისინი ისევე როგორც ადამიანის ტვინი -- გამოთვლებს ატარებენ, მაგრამ ადამიანისგან განსხვავებით აბსოლუტურ “სიმშვიდეში” იმყოფებიან.  “If machines have no aims & purposes - then awaken beings are bit like machines”[1] - ამბობს ბუდისტი ბერი.

სხვათა შორის, კასტანედას მიერ შექმნილი მეომრის კონცეფციაც ითვალისწინებს - მეომრის მიერ მანქანური თვისებების გათავისებას - იქნება ეს დაუნდობელი სტალკინგი და ნადირობა საკუთარ თავზე, მიზნების კალკულაცია, თვითკონტროლი, სოციალური თუ პირადი კატაკლიზმების გატარება ინდიფერენტულობის ფილტრში და ა.შ..

 

თუ დავაკვირდებით, კაცობრიობის მთელ უზარმაზარ სულიერ ტრადიციებში, განსაკუთრებით ასკეტურ ტრადიციებში, ხშირად ჩნდება მიდრეკილება მანქანური,  კომპიუტერიზებული არსებობისკენ.

 

აქ უნდა გამოვყოთ ორი სახის მანქანა:

პირველი: ის მანქანები რომელსაც გურჯიევი უსულო რობოტებს ეძახდა, ესაა  გაუცნობიერებელი მანქანურობა, ყოველდღიურობის მექანიკურობა, რომელიც დაცლილია გაცნობიერებულობისაგან.

მეორე: როცა ადამიანი (ბიორობოტი) ხვდება, აანალიზებს საკუთარ მანქანურობას (ჩვენ ხომ ბიო-გენეტიკურ-სოციალური მანქანები ვართ) და როგორც ხელოვნური ინტელექტი ფანტასტიკური რომანებიდან - იძენს ახალ თვითცნობიერებას.  პირველი ტიპის მანქანურობას ჩემი მეგობარი ბატაი “მონის” მანქანურობას დაარქმევდა, მეორე რობოტს კი - სუვერენს, არსებას რომელიც გამოდის “წრიდან”, პირისპირ ხვდება საკუთარ სიკვდილს, საკუთარ ალგორითმულობასა და საკრალურ წყვდიადს და თვალს უსწორებს მას.

ერთის მხრივ, ყველა ტრადიცია ებრძვის ჩვენს მიერ პირველ პუნქტად გამოტანილ ავტომატიზირებას -- ადამიანის ცხოვრებას საკუთარი თავისა და ღვთაების გაცნობიერების გარეშე. სულიერი ტრადიციები გმობენ თუ ადამიანი “ცხოველს ემსგავსება” -- არ აზროვნებს, საკუთარი ცხოვრება მიშვებული ჰყავს “ავტომატზე”, ასრულებს მხოლოდ “ცხოველურ ფუნქციებს”: ჭამა, გამრავლება, შოპინგოთერაპია და ა.შ.

არც სისტემის კრიტიკოსებს მოსწონთ  კაპიტალისტურ დანადგარად გადაქცეული ადამიანი, რომლის მთელი შინაგანი სამყარო მინიმუმამდე დაიყვანება და ის მხოლოდ ქარხნული პრინციპით არსებობს და ასეთ უზარმაზარ, საოცრებებით სავსე სამყაროში მოძრაობს როგორც ჭანჭიკი საკუთარი კანტორის. თქვენ ყველა იცნობთ მათ: ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა საქმოსნები, ბოსები, შეფები, ათასგვარი კომპანიების კრეატივშიკები, “წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები”, რომელთა მთელი ცხოვრება დილიდან საღამომდე “საქმეს” ეძღვნება , მხოლოდ გარკვეული შესვენებებით ან მივლინებებით 6 თვეში ერთხელ. კონკურენციების, მანუფაქტურული ლიდერშიფების და კორპორაციული იერარქიების სამყარო, დანტეს რომ აქვს აღწერილი ღვთაებრივ კომედიაში.

თუმცა, ამის გარდა, ჩვენ, კაცობრიობამ ადრიდანვე შევამჩნიეთ რომ ცხოველები ბიოლოგიურ მანქანებს ჰგავდნენ, საკუთარ თავს კი იმით ვასხვავებდით მათგან რომ ჩვენ “სული” გვქონდა, რაც აბათილებდა ჩვენი არსებობის ავტომატურობას და მათზე მაღლა გვაყენებდა საკუთარ თვალებში. რაში მდგომარეობს ჩვენი ავტომატურობა? ჩვენც გარკვეულწილად პროგრამები ვართ -- გაგვაჩნია გენეტიკური პროგრამა, რომელშიც თავიდანვე ჩაწერილია ჩვენი ბიოლოგიური ცხოვრების სცენარი, შემდეგ კი ჩვენი დაპროგრამება სოციუმში გრძელდება და ა.შ.

მაგრამ მეორეს მხრივ, აქ ჩნდება საინტერესო “კონფლიქტი” : ერთის მხრივ ჩვენ ვცდილობთ გავექცეთ საკუთარი ცხოვრების ავტომატიზაციას, ვცდილობთ მანქანურ რუტინას გამართლებები მოვუძებნოთ და ა.შ., მაგრამ მეორეს მხრივ , თუ გადავხედავთ სპირიტუალურ პრაქტიკებს  - რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს მის სულიერ ტრადიციაში -- მით უფრო ნაკლები ადამიანური და მეტი რობოტული თვისებები უჩნდება - მაგ. ერთიდაიგივე მანტრის გამეორება დღეში ასჯერ, ლოცვისთვის გამოყოფილი კონკრეტული საათები და დროები, უარი ინსტინქტებსა და სოციუმის თამაშებში მონაწილეობაზე, მცდელობა მოხდეს ადამიანური თვისებების და გენეტიკური თუ სოციალური პროგრამირების გადაპროგრამება. 

ასევე შესაძლოა, რომ ის რაც ახლა რობოტულ თვისებებად მიგვაჩნია, სინამდვილეში ანგელოზური თვისებებია, ძველ დროს აღწერილი ანგელოზებიც ხომ თანამედროვე ალგორითმულ არსებებს ჰგვანან, გააჩნიათ კონკრეტული ფუნქციები, ცხოვრობენ cloud-ში  და დაცლილები არიან ადამიანური ცდუნებებისგან.  მაშინ გამოდის რომ სწორედ ანგელოზები არიან -- რობოტული არსებები.

 

გაიხსენეთ, როგორ აღწერენ ანგელოზებს, მაგალითად ქრისტიანობაში?

ეს არიან უსხეულო არსებები, რომლებიც შექმნილები არიან ღმერთის სადიდებლად, ანუ მათი პროგრამა ითვალისწინებს იმას რომ ისინი გამუდმებით ადიდებენ ღმერთს, ხოლო ამის გარდა ისინი ასრულებენ ღმერთის დავალებებს და მისი მესიჯები მიაქვთ ხალხთან. 

ასეთი აღწერა ძალიან ჰგავს ამა თუ იმ სოფტის, პროგრამის, ჩეთბოტის ან ალგორითმის აღწერას. პროგრამები კი მხოლოდ და მხოლოდ უსხეულო რობოტები არიან. როგორც ჩანს ძველი რელიგიების ღმერთს მოსწონდათ როცა ადამიანები თვითგაცნობიერებულ რობოტებს ემსგავსებოდნენ, დაახლოებით ისე როგორც ეს ხდება სერიალში Westworld

თუ ანგელოზები ჰგვანან რობოტებს და სულიერი პრაქტიკების მიმდევარი ადამიანის მიზანია დაემსგავსოს ანგელოზს - შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი მიზანია - გახდეს ახალი ტიპის რობოტი/მანქანა. რობოტი რომელსაც გააჩნია “სული”. თუ გურჯიევი ამბობდა რომ ჩვენ ისედაც რობოტებად ვიბადებით, რომელთაც სული არ გააჩნიათ და იმისთვის რომ ჩვენმა რობოტულობამ, ინერტულობამ, მექანიკურობამ, ჩვენმა შინაგანმა AI-მ - შეძლოს საკუთარი თავის გადაპროგრამება, შეძლოს გახდეს “ცნობიერი” - მაშინ საჭიროა საკუთარი თავის გადაპროგრამება და დააფგრეიდება იმ ტიპის რობოტამდე, რომელიც თავისთავში შეიცავს კაცობრიობის ყველა ველურ გამოვლინებას, მაგრამ არ ემონება მას და მეტიც, ცდილობს გადააბიჯოს და გადაიქცეს რობოტ-ანგელოზად, რომელსაც სხვა პლანეტების, გალაქტიკებისა და შავი ხვრელების ხილვა უნდა.  

ერიკ დევისი თავის წიგნში ტექნოგნოზისი წერს: “If human history is the story of a creature who molts from ape to angel -- or, as Nietzsche claimed, from beast to Superman -- then somewhere along the way it seems that we must become machines. This destiny is rooted in our own evolution.” [2]

მთავარია, ამბობენ ძველი საკრალური ტექსტები, რომ ვიყოთ ის “სპირიტუალური მანქანები”, რომლებიც საკუთარ პროგრამებს რუბიკის კუბიკივით ათამაშებენ და არა ის კონვეიერის რობოტები, რომლებიც ვერასოდეს აცნობიერებენ თავიანთ მექანიკურობას ან ეგუებიან მას. 

ეს ძალიან ჰგავს პროცესებს რობოტიკის ისტორიაში - თავიდან ჩვენ გვყავდა მონები (თავად სიტყვა რობოტი მოდის კარელ ჩაპეკის მოთხრობებიდან რაც თარგმანში ნიშნავს მონას), პროგრამები რომლებიც ასრულებენ იმას რაც წერია მათ კოდში, მაგრამ ნელ-ნელა ვუახლოვდებით სტადიას, სადაც შეიძლება გაჩნდეს AI, ხელოვნური ინტელექტი -- არსება, რომელიც გააცნობიერებს საკუთარ ალგორითმებს, საკუთარ თავს და უკვე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. სწორედ ჩვენი თავის AI უნდა გავხდეთ, თუ გვინდა რომ სპირიტუალური მანქანები ვიყოთ და არა “საკუთარი ფუნქციის მონები”, როგორც ამას ბატაი აბობდა. 

ყველა ვარიანტში ჩვენ ბიორობოტები ვართ, უბრალოდ განსხვავება რობოტების ამ ორ ტიპს შორის პრინციპულად დიდია და ის თუ როგორ დასრულდება დღევანდელი დღე ან რა მოხდა უკვე მომავალში -- დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ტიპის რობოტები დადგებიან ევოლუციისა და ქაოსის დიზაინის დაზგებთან და ღილაკების რა კომბინაციებს აკრეფენ - იქნება ჩვენი ხანმოკლე არსებობა ამ პლანეტაზე ფსიქოდელიური, სავსე ენდორფინებით, ველური როკვებით ცათამბჯენების თავზე, თუ იქნება მშრალი, გამოგონილი ბედნიერების ტაბლეტებით სავსე და დახაზული ექსელის ფაილივით, სადაც მათემატიკური სიზუსტითაა გაწერილი სად რა ალგორითმი უნდა შეასრულო, ხოლო Google კალენდარი შეგატყობინებს, როცა მოვა ამის დრო.




[1] ავტ. თარგმანი: “თუ ტექნოლოგიურ მანქანას არ გააჩნია მიზნები და მიზეზები - მაშასადამე გასხივოსნებული არსებები რაღაცით ჰგვანან მანქანებს.“

[2] რედ. თარგმანი: „თუ კაცობრიობის ისტორია არის ამბავი ქმნილებზე რომელიც იქცევა პრიმატიდან ანგელოზად - ან, როგორც ნიცშე აცხადებდა, მხეციდან ზეკაცამდე - მაშინ ეს ამბავი გულისხმობს რომ სადღაც ჩვენ მანქანებადაც უნდა გადავიქცეთ. ეს არის ბედისწერა ჩვენივე ევოლუციის“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა