რომ პატრიარქი ტერორისტია
1.
ამას კითხულობ,
ესე იგი, არსებობ!
დამშვიდდი ანუ ფშვინვამდე
ქოშინი ჩამოალაგე,
სუნთქვა დაიწყნარე ანუ.
პილატე პულტია,
თხევად-კრისტალური
ეკრანია იესო ქრისტე.
შეთხზულებია ისინი
პიესის ნაჟურ პერსონაჟებად.
ხოლო პიესა წესისამებრ დაწურულია,
და მაინც გაპლაკულ, რეპლიკებად.
კეფაზე კი
ფიქრი იქრისტება!
რადგან ამას ვწერ,
ესე იგი, მეც ვარსებობსავით.
მაგრამ როცა შენ
ამას კითხულობ,
ამ სიტყვიერი ესტაფეტით
ჩემს არსებობას მე შენ გადმოგცემ,
ახლა შენია.
არსებობა ისე ცოტაა,
რომ ყველას არ გვყოფნის,
რადგან ჩვენ მეტნი ვართ.
დამშვიდდი ანუ სუნთქვა დაიწყნარე.
ტაფა ბატიბუტს ფანტავს, იპნევინება,
წითურ-წითური ჭუპრებიდან
თეთრი პეპლები რას მოფრინავენ!
მე რომ ჩამქრალი მეგონა,
ხმად ბოლი გამცა, გაიღო
და სიგარეტმა თვალიც გაახილა.
2.
სულ მინანია, სადაც მიქნია მოქნილობა.
დათმობა სხვაა. არა ღერძი და ღრჯოლები,
აქ სხვა რამეა, რომელსაც
დრეკადობა არ ეკადრება.
როცა ზაფხულში უსაშველოდ ცხელა და
ჩრდილში სულს ითქვამს ღვინით ხელადა,
თხლად დაილევა, დროა წყალ-წყალა,
დრო-საფერავი სქლად დაილევა.
გამჯანჯლებელი არ იფეხმარდებს, მიიზლაზნება,
ქუჩა აიტანს. ვინმე ჩაივლის პირბადიანი,
კოვზად ჩაიან ჭიქაზე ჩაიჩქარუნებს,
ქუჩა აიტანს პირველს ნელ-ნელა,
ხოლო მეორეს - უცბად, ხელადაც.
შენით თუ მირბის,
სამაგიეროდ მე ის მისი ფეხი ვარ,
რომელსაც დრო ითრევს.
რა უხამსობაა, რომ გალეშილი ლოტივით
პატრიარქს უჩანს
შიშველი ტუჩები.
წინასწარმეტყველად ქალაქს კორონა მოვლენია
და მთელი თბილისი ქცეულა ნიღაბ და ნიქაბწამოცმულ ქალადაც,
და ეს ბებერი ქალაქი თვალსა და ხელს შუა გამაჰმადიანდა.
ხმაურის ამბავშიც სიხალვათეა,
და ბახნარევ სიჩუმეს
სადაცაა დაუკრავს
ტრიოები, ტრიონი,
სადაც მე მიპოვია -
მართლად უთქვამს მოციქულს „ეძებდეო და!“ -
საოჯახო სამზარეულო, რომელშიც ყიდიან,
ყიდიან მჭადებს რა,
იქ მაინც ელიან ჩემზე უფრო მადიან და
ცოტა უფრო მდიდარ მუშტარს.
მე კი ვდგავარ, ვგავარ რა
ქალაქში გაჩეხილ
და მხოლოდ ალაგ-ალაგ
შემორჩენილ ჭადრებს.
თუმცა დღეს უკვე -
ახლა ვიყავი -
ეგეც დაუკეტავთ.
შორიახლოდან მზვერავს
მოვალეობის
მონა მენავე ქირონი,
წინასწარ ფიქრობს,
რამდენი მომთხოვოს
ფასი და ქირანი.
3.
უხალხობისგან გაძვალტყავებულ ქუჩაზე
რაღაც უცნაური ხმები მომიშორიახლოვდა.
მეთქი, ქალაქი თითებს თუ ატკაცუნებს.
არა, არაო, უბრალო ვარო - მითხრა
მხრებაჩეჩილმა ქალაქმა
და ასე ამიხსნა -
გუგუნ-გუგუნ უგუნურები
თავიანთ თავებში ვეღარ იტევენ
ატეხილ სიცარიელეს
და უსკდებათო თავები,
ღუპავს მარტოობა კაცუნებს.
ვერცერთი მათგანი რადგან
კბილს ვერ გამოკრავს ცალკე,
დროს მხოლოდ ხროვა ხრავს.
ყველა არსება ჩახლართული სივრცის თვალია,
სივრცის, რომელიც უთვალავთვალიან
ცერბერ ბერსა ჰგავს.
მიდი და ჰკითხე, ერთმანეთისთვის
რატომ რატომღაც გვათვალთვალებინებს.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა,
ისე არ მოხდეს, რომ რომელიმე ჩვენგანს
კრიჭა შეეკრას და ასე თავზე
ხელაღებულმა იუკადრისოს
ბილწი იწილო-ბიწილო,
და დროსთან პირი შეკრას.
4.
ერთმანეთის ზურგებს კი ნუ ეფარებით
პეტიციებში გახვეულები.
ერთმანეთის გულმკერდებს კი მოეფერეთ
ხმამაღლა გაშიშვლებულები.
მე, შემხედვარე უპატრონობისგან
დაღლილი ამ ძაღლების,
მერამდენედ ვრწმუნდები,
ჩემს ბედს ძაღლი რომ არ დაჰყეფს.
შენ მაინც გემოს ნუ გაუსინჯავ,
ცხოვრება ჰგავს ამძაღებულს.
საღამო მიცარიელობს
ქუჩაში, რომელიც
უკვე ვაითუ უქვეითოდ
სამუდამოდ გაღლეტილია.
ასე თუ გაგრძელდა, ეს ქალაქი
ლექსების წერასაც შეუდგება.
ჩასაფრებული აბრაგები, წვანან აბრები,
დღისით ტენიან, ღამით ისვრიან ანბანების ნაკუწებს,
რომლებისგანაც არიფი პოეტი
არაერთ ანბანს შეაკოწიწებს.
ხოლო ხალხს, რომელიც
არაფრით არ ჰგავს ველურ ძაღლ დინგოს,
რა ადვილად თურმე ძალუძს,
ალიკაპებს მიმოარგოს
სახეები, რომლებსაც
თითქმის არაფერი უგავს დინგის.
ეს მაინც ითქმის მომამროებზე,
აი, ქალების უმეტესობა
თავიანთ მოსრესილ სახეებს,
ცალთვალა ლიფში ჩაგდებულ
მესამე მკერდად
ანუ ძუძუდ
მოაძუნძულებენ,
ზოგიც შემხვდება მოულოდნელად შავად
პირშეტრუსული.
საღამო კაცს და
მურა მაწანწალა ძაღლს
ვირუსმორეულ გარდიგარდმოებზე
წაბლივით ბნელი საბლით დაგვატარებს.
და მაინც, პოეტო, გშურდეს საღამოსი,
რომელიც ამდენ ქალს ხვდება, მიაცილებს
და გზაში, თუ ნებას დართავენ,
ერთად უკოცნის სამივე კერტს და
მარტოკა კერტს.
5.
სხვას ასეთს რას ნახავ, მკითხველო,
ამას რომ უყურებ ასეთსაც,
ამ ნაავეჯარ უჯრაგამოჩრილს.
ერთი რომ გამორახრახდება,
მეორე უკვე შეწეულია
და უცვლელია მონაცვლეობა.
შენ კი ცხოვრება გგონია
უწმაწურად უსწორმასწორო
და ოღროჩოღრო ოღრაში,
სინამდვილეში ამ ორი უჯრის დაბრეცილობისგან
მათი უნებლიე
ხან ზემოთ გაჭედვა,
ხან ქვემოთ დახრა და არახრა ხდება.
გადაივლიან მელნის ღრუბლები,
საავდრო საავედრები.
რას ვიხარჯებით და ჩვენ ერთმანეთს,
ერთი მითხარი, რომ რასაა, ვედრებით.
უჩინმაჩინებს კვალში ჩაგვიდგნენ მაჯლაჯუნები,
კაცის სუნი რომ იკრეს.
რომ ვეპოვნინოთ,
თავიანთ კაციჭამია
ღმერთსაც შესთხოვენ ვედრებით.
მათ შორის გამოჩენილებს,
რომლებმაც,
ჭირის არ იყოს,
თავი ვერ დამალეს,
აცვიათ თალხი, ტალახისფერი,
შავ-შავი კაბა-ანაფორები
და ქარხნული წესით
ტაძარ-ბოთლებში ჩამოსხმული
ჭეშმარიტების იარლიყებად
თავებიც მოაქვთ
და სული წმიდით კიდეც ოხრად დაბერილები
ჯგროდ როცა ერთად ირევიან,
სად გენახოს ჯოჯოხეთის მსუყე კარჭაპი
უკეთეს, აბა, აფრებიანი.
ღრუბლებს ქარები გადარეკავენ.
ვერ დაიტევენ რაკი სიხარულს,
ყველა ნომერზე ხელმეორედაც
ეს სიხარულის ნაკადულები,
ისევ ქალები გადარეკავენ.
ზოგი ზარი უპასუხოდ დარჩება,
ათას წვრილმანს ათასმეერთე თუ მოკლებია,
ყოველთვის იქ კი
არ დაგხვდებოდა,
უჯრაში რასაც უჯანჯღარია.
უჯრის ანჯამები აქეთ-იქიდან ორი ღარია.
6.
თუ არ გყავდეს მოახლეო,
თავი მოიმოახლეო.
თუ არ გსურდეს დასუსტება,
შეუდექი დაზუსტებას.
ორუჯრიანი-მეთქი,
შეხედე, სამყარო როგორ მოავეჯობს.
დავძენ კი ახლა, ნუ წარმოიდგენ
გვერდი-გვერდობას მათსას,
ერთი ზედა და ერთიც ქვედაა.
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,
ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ხან მკლავით უნდა მოქაჩო,
ხან კი თავს ნუ მოიქაჩლებ,
ნუ დააძალებ, აცალო,
თავისით მოვაო, ჯობს.
რა წინაპრების ველური
ექო კი შენ ხარ,
გამოძახილი, პოეტო,
ჩაღრმავებიხარ მაგ რა მაღაროს.
დრო მისრიალებს, მიიკლაკნება,
და, როგორც გველი - კანს,
დრო სივრცეს იცვლის.
გეუბნებიან ის ადგილები,
გაგმართლებოდა, მოსულიყავი, ვის არ ნახავდი,
აქ ვინ არ იყო, დარჩა კი მაგრამ აღარო.
ხან ერთია გამოწეული,
ხოლო მეორე შეწეულია,
ხან კი პირიქით,
და ამ ამბავში მონაცვლეობენ ისინი
ისე სწრაფად, რომ
ერთნი გგონია, რომელიც
გამოდგება რაფად, რომ
ზედ ჩამოეყრდნო
და გაიხედო გარეთ ფანჯრიდან,
რომელშიც მინად ჩასმულია
კარგად გაწმენდილი და გამჭვირვალე
ნაჭერი ჭეშმარიტების, უნათითურო.
ყურს ნუ დაუგდებ მოყიალე მოყვასების სიჩუმე-ამოძახებას,
არ დაიშურონ საყვედური, მუნათი თუ რომ.
7.
არა პეკინელ, არამედ
თვალი გადავავლე
მე დედამიწელ უბნელებს.
ვაი, თუ-მეთქი,
ვერსად გავცდებით და ვერასოდეს
აქაურობის მიდამოს, მისადგომებს, შორიახლოებს,
თუ არ გვინდა, რომ
უბნის საზღვარმა გადაგვაქციოს
ცნობაწართმეულ და ერთხანს კიდევ ცოცხალ გვამებად.
თუ იქნებ ჯობდეს, დროზე გავიგოთ,
რომ ამ უხილავი საზღვრის გადალახვა
ყველა აქაურ ცნობიერს
აუცილებლად ცნობას უბნელებს.
უბნური დედამიწის
საბედისწერო, მაგრამ უხილავ ამ საზღვარს
უნდა დარაჯობდეს აგურის კედელი,
რომლის ყოველი აგური სიზმარია
და მიახლოება ამ ჩვენ გარშემო შემობურთულ,
სფერულ კედელთან,
უნდა ნიშნავდეს ცხადიდან და ღვიძილიდან
სიზმრებში ჩაძირვას უკანმოუხედავად.
და თუ არც აქ შეჩერდება კოსმოსური ჩვენი ხომალდი,
არამედ გზას განაგრძობს
და გაივლის უხილავ და ყოველი მხრიდან
დედამიწის ან მზის გარშემო შემობურთულ, სფერულ კედელს
და გადალახავს, გასცდება ამ უჩინმაჩინ საზღვარს,
ჩვენი სიზმრებით დაიცვარება ის კედელი,
ცნობადამშრალი და ნაჩვენარი სხეულები კი
ერთხანს კიდევ იბოგინებენ
სულთმობრძავ მთვარეულებად.
მაგრამ ჩიხში და საკანში გამომწყვდეული
თავი მაინც ნუ გეგონება.
მე მიგასწავლი ერთ გზას, რომელიც
ხალხებს მიიყვანს აღმოჩენამდე,
რომ ყოველ ცალკეულ და ცნობის მქონეს
მიუჩენს თავის
ბნელთ-უბნელესი ტოპოლოგი ნიშს.
და უფრო მეტიც, იგი, რომელიც
ჯერაც უცნობი კანონებისგან
მკვიდრად და ფარულად შეკრული არის მექანიზმი,
ჩვენს დაჟინებას დანებებული გამოიმეტებს
ერთმანეთისკენ ჩვენთვის მიმავალ არხებს
და ლიანდაგებს გვაჩვენებს,
რათა თუ კი ხარ ოდესმე, სადმე ცნობმავალი,
უკლებლად გამოიარო სიზმრის საზღვარი
და შენი უბნის ბლანტი ჩემკენ
გამოტოპო ლოგინი.
8.
საკვამურიდან, გნებავს, ღერძად და გნებავს, ალმურის ქაფადაც,
ამოყრილ კვამლს ვერ გაფანტავს ქარი ადვილად ისეო,
როგორც მე გამაქაღალდებს, წამიღებს ხოლმე,
ჩემი ამ უსაფუძვლობის მომშიშვლებელი
ჩემივე გადაჭარბება და ესკაპადა.
თუმცა კვამლი ბოლიანია,
ზოგჯერ იხელთებს,
ქარს დაედება
ალიკაპადაც.
9.
სიყვარულთან სიკვდილი ხდება,
გამოჭენდება, გამოფირნიშდება.
ნაგავი იგავთან აბრდება,
დრო და ადგილი კი თანაბრდება.
თავი რომელმაც გაიაფიშა,
იაფი შანსის თავი საკბილოდ იქცია.
აქეთ ხევიც და შიშთვილშებმულიც იქით ხე,
სხვას კი ყველაფერს მოევლება,
შიშველი თვალებით მათ შორის გავლა იკითხე.
ლექსი ხმამაღლა იკითხე,
ნუ მოიყოლებ, მას მიაყოლე დიქცია.
ფიროსმანის ნახატია,
ვინმე ზურგით, ზოგი ურმით
ეზიდება დიდ აქ ტიკებს.
შენ, პოეტო, ენას კბილი დააჭირე,
მოუკელი უადგილოდ
ამ ნაადრევ-ნაგვიანებ დიდაქტიკებს.
აქ კი ჭაკი ჭკუა ჭექს.
მე ჩავაკითხე გადაშენებულ მაღაზიას
და მაინც დამხვდა რკინა-კავეულის ეს,
და ვეკითხები - მომცემთ კაუჭებს,
კედელში კარგად რომ შედიოდეს,
ზედ ჩამოვკიდო მჭმუნვარე წლების
მხიარული დაჭმუჭნულობა?
ლექსად იკრიბება სიზიფოსის შვილი ულისე.
ვერ გადაავსებს ზღვა და რომანი ჭებს,
სამაგიეროდ მათ
ვერ დაიტიოს ლექსი,
გადაჭარბებულ მნიშვნელობას
წვეთს რომ ანიჭებს.
10.
მე რომ მეჯიბრებიან,
სახარბიელო რა ნახეს იმაში,
რომ ჩემთვის შხამია მათი ხორბალი.
ზოგი იზომება სიშორე შურის შარიშურით.
იმალება, თავს აფარებს ლაქა ჩალის ჩრდილებს
და გონქაჩალი პირზე იკეთებს ლაპარაკის პარიკებს.
აქა-იქ ზოგან ტორშერები და ბრებია.
სად იყო და სად არა,
დერეფანმა აივანს
ხელი წელზე მოხვია.
ტალახიან ქუსლებს იბანს,
რომ გაიძრო ქარმა ქოში.
მერე წვიმის ჯერია.
გარეთ მლანძღე,
არ მაქო შინ.
ხმას დამაწევ,
მეუბნები -
ვინც არ გიცნობს,
შენ რა შებერტყილი ხარ!
კაცი ლაბირინთებს უბრალო ინთებს.
ალმასით სავსე ტომსიკა,
თითო ჩემიც ტოვებს კი
ასეულ სალ ასლს ლასლასი.
11.
მე კი მინახავს ივნისის გაწყვეტა,
მინახავს მისი მაისი ტყვე.
გავალ და შემომეყრება
გიჟი ამ აი, სიტყვებად:
ჭეშმარიტების ბოლიდი
ერთად დანაცრავს სიცრუეს,
რომელშიც ამყოფებს ბოლო დროს
კაცობრიობას ის, რასაც, ბატონის ნებართვით,
სახელდახელოდ კიდეც ვუწოდე „დიასახლისის ილუზია“.
რადგან სანოვაგეს იგი იმარაგებს,
ამიტომ ჰგონია, ოდესმე იქნება,
მოვა მომავალი; ამიტომ ჰგონია
მას, რომ
ოდესმე რამეა, არის და არსებობს წარსულის გარდა.
მაგრამ არაა არც მომავალი, ასე გასინჯეთ, არც აწმყო მოიპოვება.
ცხადია, ორივე მათგანი მოგონილია მათი სახელების მხოლოდ შესავსებად.
საქმე იმაშია, რომ რამდენადმე ორმაგია, ორფაა წარსული!
ზემოთ თავთხელია,
აქ რაღაც ჯერ კიდევ იცვლება,
და მას შეპარვით დაერქვა
ეს ხელოვნური „ახლა“ და „აწმყო“.
ოდნავ სიღრმეში
წარსული ქვავდება
ისე, რომ მასში
ვერაფერს შევცვლით.
მთელი წარსულის
შეცდომით მხოლოდ
ამ გაქვავებულ ნაწილს
ვეძახით წარსულს.
ვინ იცის, კიდევ
რამდენს მოგვიტანს ეს სისულელე ზიანს.
ლამაზი მტკვარი, ზედაპირზე ჯერ კიდევ კურაბელური,
ოდნავ სიღრმეში უკვეა ინკურაბელური.
აღტაცებული მემშვიდობება
ბოლო სიტყვებით:
წარსულს ნაღებ
ნიღაბს მოხდი,
რადგან თვითონ
უკვე მოხდი!
თავქარიანი
ცალკე ვრჩები.
ო, როგორ ვაძღობ
ჩემი დროის სისხლით
მტაცებელ ჟურნალისტებსაც.
გარშემო ქარია, თითები დაუქრის,
ამიტომ ხელში თუ ჩაუვარდა
ეს ამ გიჟ ურნა ლისტებსაც.
12.
ხელი მახელიო, შენ რომ მითხარი,
გამოვიწოდე, გაზაფხულია,
ათივე აი, რტო ნების.
არ იუარო.
ორნაირად ნათქვამია
და განსხვავდება მხოლოდ
ასაკობრივი ნიუანსებით
ერთმანეთისგან თავნება და თავზე ხელაღებული.
ამასობაში ქალაქი დადგა არქიპელაგად
და კუნძულებზე რომ ითესებიან
კი თვითნასწავლი,
მაინც უავტორო აირტონებია.
ქუჩის ხალხი რომ გამოეცალა,
ცა ჩამოიქცა, ვხედავ უფერულს,
თან ათასნაირ ტონებიანს.
გარეთ ვარ, თვალით რომ წამოვკრიფო.
ზოგს მივუსწარი, ზოგის ქარმა არ დამაცალა.
ქალაქში აქა-იქ დადიან ვიღაც ჩემნაირი ქიშპები,
მზეც დაბნეული დაგორავს, სადაც ჩრდილები ელაგა.
შორი მთის ჩემთვის ციცაბოებზე გაიშლის დეკა ლოგინს.
ვიპოვი რამეს, სრულებით ახალს,
რადგან გვბეზრდება განცალკევების
ათი ცრუ მცნება და დეკალოგი.
13.
მე უღელტეხილს მოწყვეტილი
მთა თუ ვიყავი,
შეგხვდი და მინდორს
გეომე, ტრიალს.
ქარი ჩამოდგა და შეიჭმუხნა:
- ვერ გამიგია, რატომ ცხოვრებას უნდა ანდომებდეთ
ასე ერთმანეთის გაბათილებას.
სველი ჩვარიც მიმიქარავს,
ისე წაგშალოთ უკონტრასტობამ!
მიწაა შავი დაფა და
თეთრია ცარცი ცის.
შემთხვევითობის მკლავს დაუხაზავს
აბლაბუდის გეომეტრია.
მგონი, არცერთმა თქვენგანმა
აქ რა მოიპოვება,
უქმად რა ყრიაც არც იცის,
რომ საათებად ცვივა
დრო, მოხალული,
ეს უმაგრესი ყავა,
რომელსაც წმინდად გონება ფქვავს და
სპილენძის უსპილენძესი
გრძნობის ჯეზვეა,
სახელურადაც რომ უკეთია
წაურთმეველი ცნობა და
ასეთივეთი გამოკოვზილი
ყავა ჩავყაროთ
და ზედ დავასხათ, დავაწვეთოთ
თვალთვალიანი მეხსიერების
ჭიქით არწყული
სივრცის სუფთა
წყალი, ბადრი.
სიმხურვალე თავისითაც მოდინდება.
მერე თვითონ განსაჯეთ,
გამოდგება ეგ გადაყრა
თუ ყალიბად რის.
14.
კონსერვატორი, მორწმუნე და ჩუმჩუმელა სტალინისტი,
ისტორიულის, ბოლო ლუკმას ჭამდა რესურსის.
რათა როგორმე არც ახლა არ შეეყაროს
შეუთავსებლობა გარემოებასთან,
იყოს, რომელიც მას მიენიჭა,
მდარე, სურს, ის...
15.
თუმცა შენ ძილშიც ჩემზე გეცინება,
თუნდაც შენ იყო ბოლო მათ შორის,
ვისაც უკვე ძალა შესწევს
თუნდაც ოდნავი გამოღვიძების,
ვეჭვობ, მოგიტანოს გამოფხიზლებამ
რომ შოკოლადი, ტკბილ-მწარე,
ან ის კანფეტები, ან ეს ტოფიტები.
და მეც ამიტომ ნელა მოვედი
შენი გაღვიძების,
და კი არ გეცი,
ამ ნებართვითაც.
მას მერე, ერთბაშად რაც გამოიღვიძა,
სამყარო მიჯრით ორუჯრიანობს:
ზედა და ქვედა,
უწვრილმანესის და უზორბესის,
სულ მონაცვლეობს,
ახლაც უსწრაფესად აქ ესტაფეტობს.
ერთმანეთს ორივე სხარტად გაურბის
და თან ხალვათად ერგება და ეთარგება.
გაგიჭირდება იმის დაჯერება,
რომ მგზავრები ვართ მაგ ორის
და მაგ ამბავში ვართ კენტავრები,
და არსებობაც კვალის კვალია,
ცნობა-გონება კი სიზმარია
და მხოლოდ მასში უარსებია,
და სხვაგან არსად მთელ სამყაროში,
უბრალო სინათლეს, საბრალო სიბნელეს.
უნდა გაიღვიძო, უნდა გაიღვიძო,
მე უკვე წასასვლელი ვარ.
ცხადის სახელით შენ გელოდება
უზარმაზარი სიზმარი,
რომელშიც არის და იმყოფება
ორუჯროსანი, თავისებურად
თანაც ურჯუკი, ქვეყნიერება.
მას ნუ მიბაძავ.
მე კი უკვე წასასვლელი ვარ.
ჩაიჩხრიალე სკივრში ლითონად,
როგორც ნაბობმა, ეს ნაამბობი.
16.
ჩვეულებრივ სიმართლეს
პირში ბურთად აჩრიან
გადარჩენას ლაჩრები.
ახლებური წლების არვე
იძერწება შხამიანი ნისლიდან.
ეს რა მისი ბრალია,
იბადება რომ ციკნად
და, როგორც იქნა,
და, როგორც იქნა,
მანდატორული გლობალიზაციის ეპოქა
ჯიბის აჯობებს ჯიბრის ჯებირებს,
როცა უნდა დაირტყას რელიგიამ სეპუკო,
თავისი ღმერთის ლეშის მჭამელი კი ეკლესია
საპატიო ვოლიერში თავისი ფეხით შეირეკება,
ზოოპარკია მისი სამოთხე,
რომ იქ იკვებოს ბოღმით,
რომელიც მისი ხორცია,
ხრას უნიჭობის თავისი ძვალი.
იგია დრაკონი რაკი კომოდოსი,
კუნძულის გარეთაც თუ უნდა დარჩენა,
ვთქვათ, საქართველოში,
ვეღარ გაილაღოს,
ჯანდაბას, ეგდოს კი
ისე, რომ
შორიდან უყუროს
ჩამოგისოსებულ
დილის და საღამოს ორ ციალს.
თორემ, შეხედე, ეს ხალხი
რას აუტაცია სიტუაციურ
მართლმადიდებლობა-კომუნიზმს.
სხვა გალიებიდან ისმოდეს -
„ის მოდის! ის მოდის!“ -
ისმოდეს ხმები
ყველა სხვა
ავტორიტარიის რატრატის.
ადამიანის ტოლი
მანდატორული გლობალიზაციის ეპოქა
გაიხდის ულევ
საფულედ მსოფლიო უუფლო სოფელს.
17.
რაკი გაიკრიფა მოკარანტინე ქვეითი
და ბორბლოსანიც გაიძურწა,
ქუჩაც ქუჩაზე გადავლას
ერთბაშად გადაეჩვია.
დიდად არავის გაემტყუნება,
რომ მისი ცხოვრება
ახლა კი უკვე კანონიერად,
როგორც იტყვიან, ლეგიტიმურად
გამომზეურდა
უწინ ჩათხრობილ იმ რიტუალად,
რომელსაც შიში
მისი ცხოვრებით ასრულებს.
უბრალო ხალხი სხვისი ბრალია!
შენ კი, დანაყრების
ბრბოვ, გალოკილო,
ახლაც დალიე იმის სადღეგრძელო
და სიმბოლური სისხლითაც შესვი,
არ აღიარო,
რომ
პატრიარქი ტერორისტია.
შენს ამ ისედაც სიფრიფანა
ციხეს შიგნიდან,
ვერ ვიტყვი, რომ ტეხს,
სულის შებერვით ფხრეწს ეკლესია.
სულ რომ სანთლითაც მერე ეძებო,
შენი ზიარების
კოვზიც ნაცარში ჩაგივარდება,
რაღას იპოვი გამქრალ ქვეყანას,
რომელ ოხერს და, მტერო, რის ტიალს.
შენ კი, მეგობარო,
თუნდაც პოეტო,
სიფრთხილე კარგია,
არ გიანგარიშებ,
თუმცა მას თუკი ატარებ
ფარჩაკობის ხელითაც
ეჟვნად შებმულს,
მაინც დაუკვირდი,
რას უფრო გაშორებს და რას გაკარგვინებს -
სიკვდილს თუ თავმოყვარეობას.