რუსული ხორბალი, აზერბაიჯანული გაზი და ქართული ღვინო
ინტერვიუ ბესო ნამჩავაძესთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროს ანალიტიკოსთან
როდის იქცევა ეკონომიკური კავშირები ბორკილებად, ან იარაღად? საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ იკვლია თუ როგორაა საქართველო ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე - ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილების მიმართულებით და ქვეყნის მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე 10 რეკომენდაცია შესთავაზა.
ბესო ნამჩავაძე: 2006 წელს რუსეთმა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა საქართველოს. შემდეგ დეპორტაციით ქვეყნიდან გამოაძევა საქართველოს მოქალაქეები. სწორედ იმ დროს დაიწყო ჩვენთან პირველად მსჯელობა იმის თაობაზე, რომ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა სახიფათოა. თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით არც წინა ხელისუფლების დროს გადადგმულა. ისევ რუსეთმა შეზღუდა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა - სასოფლო მეურნეობის ექსპორტი თვითონვე აგვიკრძალა. ჩვენგან შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგმულა. ერთადერთი, შევამცირეთ ენერგოდამოკიდებულება, რადგან აზერბაიჯანისგან დავიწყეთ გაზის შესყიდვა. ისიც იმ მილსადენით, რომლის მშენებლობაც 1996 წელს დაიგეგმა და რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანულ გაზს თურქეთს, იქიდან კი - ევროპას აწვდის. მილსადენის პროექტის ხელშეკრულება აზერბაიჯანს ავალდებულებს საქართველოს ბუნებრივი აირი იაფად მიჰყიდოს, გარკვეული წილი კი საერთოდ უფასოდ მოგვცეს. ეს მაშინ, როდესაც ბუნებრივ აირში, ელექტროენერგიისგან განსხვავებით, 100%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებული. 2021 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთის წილი 2% იყო, ბუნებრივ აირში 8%. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. აზერბაიჯანს ჩვენი ენერგომოთხოვნა 100%-ითაც კი შეუძლია დააკმაყოფილოს. ელექტროენერგიის მოწოდება თურქეთსაც შეუძლია.
წლების მანძილზე რუსული კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო კომპანიები სტრატეგიული ობიექტების წილის მფლობელები ხდებოდნენ: ინფრასტურქტურის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო სფეროში. მათ სწორედ ეს სექტორი აინტერესებთ. ჩვენი კითხვაა რამდენად უსაფრთხოა ქვეყნისათვის სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის ოკუპაციას ეწევა, ასე იყოს ბაზარზე წარმოდგენილი. სულ მცირე, ამხელა ინფორმაციაზე არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი. მეორე მიზეზი არის ის, რომ რუსული კაპიტალი არასტაბილურია. „ბორჯომმა”, საერთაშორისო სანქციების გამო, ოპერირება შეაჩერა. იგივე დაემართა VTB ბანკს. რუსულ პოლიტიკას ყოველთვის შეიძლება პრობლემები შეექმნას სანქციების გამო, რომელსაც შემდეგ ეკონომიკური კრიზისი მოსდევს. 2015 წელს დიდი ვარდნა გვქონდა რუსეთთან ვაჭრობაში, როცა ის პირველად შეიჭრა უკრაინაში. მაშინაც დაუწესეს სანქციები და საქართველოს ექსპორტის ღირებულება განახევრდა. ეს ქვეყანა ხუთ წელიწადში ერთხელ ომშია ჩაბმული და ეკონომიკურ ურთიერთობას ეს, ცხადია, ძალიან აზარალებს.
ინდიგო: თქვენს ერთ-ერთ რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობამ არ უნდა დააფინანსოს ისეთი სამეწარმეო საქმიანობა, რაც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას გაზრდის. ექსპორტს გულისხმობთ? ალტერნატიული ბაზრების ათვისება თუ არის ქვეყნის პრიორიტეტი?
ბ.ნ.: 2021 წელს საექსპორტო ღვინის 55% რუსეთში გაიგზავნა. ეს უკვე დიდი წილია. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს სხვა ქვეყნებში ღვინის ბაზრის ათვისებას. სახელმწიფო აფინანსებს და მონაწილეობს მხოლოდ საერთაშორისო ღვინის გამოფენებში. ეს მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიებები ამერიკაში, ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში, სადაც ქართული ღვინო კონკურსებში მონაწილეობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი. რუსეთის ბაზარი ახლოსაა, ნაკლებ პრეტენზიულია, შეგიძლია უფრო იაფად აწარმოო ნაკლებად ხარისხიანი ღვინო და მაინც გაყიდო; თან ტრადიციული ბაზარია, კარგად იცნობენ ქართულ ღვინოს, გამოფენების მოწყობაც აღარ გჭირდება.
ღვინო, როგორც ეროვნული ტრადიცია საქართველოში მაინც სუბსიდირებულია. მთავრობა ყოველწლიურად დებს ინვესტიციას. მაგალითად, 135 მილიონი ლარი დაიხარჯა შარშან რთველზე. ეს არის სპონტანური, რეაქციული მიდგომა და აქ არანაირი სტრატეგიული, თანმიმდევრული პოლიტიკა არ ჩანს.
ინდიგო: იცვლება თუ არა მიდგომა 2012 წლის შემდეგ?
ბ.ნ.: 2013 წლამდე რუსეთის ბაზარი მთლიანად დაკეტილი იყო საქართველოსთვის. იმპორტი შემოდიოდა, მაგრამ ჩვენგან არაფერი გადიოდა. ეს რეალობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეიცვალა. რუსეთმა სწრაფადვე გახსნა ბაზარი, თითქოს თქვა - „ჩვენ წინა ხელისუფლებასთან გვქონდა პრობლემა და არა ქვეყანასთან, ამიტომ ვხსნით ბაზარს”.
დღეს კი, ბაზრის გახსნის შემდეგ, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკურ სარგებელს იღებს და მეორე მხრივ, ზრდის დამოკიდებულებას რუსეთზე. თუმცა, საქმე ისაა, რომ მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაშიც რომ გვეთქვა, არაფერს გავიტანთ რუსეთში ჩვენი ნებითო, ეს მაინც ზარალიანი პოლიტიკა იქნებოდა. ღარიბი ქვეყანა ვართ. ჯამში, იმ პროდუქტების ექსპორტი, რაც რუსეთში გაგვქონდა შარშან, მაგალითად, 610 მილიონი დოლარი იყო და გამოდის, უარი ამ ფულზე უნდა გვეთქვა. თან, თუ მთავრობას რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკა აქვს, საზღვრები და ვაჭრობაც უნდა გახსნა. სხვათა შორის, წინა მთავრობის დროს დაიწყო ეს პოლიტიკა. 2010 წელს რუსებს ვიზები გავუუქმეთ. ომი ახალი დასრულებული იყო. მთავარია, რომ ეს დამოკიდებულება, პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული. ვერ ვიტყვი, რომ ახლა, ჯამში, ძალიან დიდია ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე, მაგრამ კონკრეტული პროდუქტებით ნამდვილად ვართ მათზე დამოკიდებული.
ინდიგო: ამ მხრივ მნიშვნელოვანია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 220 აშშ დოლარიდან 260 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ჩვენ მაინც რუსეთიდან ვყიდულობთ.
ბ.ნ.: რუსეთთან ვაჭრობისას, იმპორტში, ყველაზე სახიფათო სწორედ ხორბალია. თუ დავუშვებთ, რომ ერთ დღესაც რუსეთი საქართველოზე გაბრაზდება და ექსპორტთან ერთად, იმპორტსაც ჩაგვიკეტავს, ყველაზე მწვავე ჩვენთვის ხორბლის დეფიციტი იქნება. საქართველოში პურ-პროდუქტების მოხმარების დაახლოებით 80%-ი დამზადებულია რუსული ხორბლით, ან რუსული ხორბლის ფქვილით. ეს ბუნებრივად მოხდა, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით, რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი უფრო იაფი იყო. უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბლის წილი ცოტაა. მით უმეტეს, ახლა, ომის დროს. უკრაინიდან ექსპორტი ძალიან უჭირთ, ან ზოგჯერ, საერთოდ ვერ ახერხებენ. ამიტომ, თითქმის, სრულად რუსულ ხორბალზე დავრჩით დამოკიდებული. ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, საქართველოში დეფიციტი რომ გაჩნდეს და ფასები აიწიოს, მოსახლეობისთვის ეს მძიმე დარტყმა იქნება. აი, ამ დამოკიდებულების შესამცირებლად ჯერ არაფერი გაკეთებულა.
ინდიგო: რა უშლის ხელს ადგილობრივ წარმოებას?
ბ.ნ.: ჩვენ ხორბალს კონკურენტუნარიან ფასში ვერ ვაწარმოებთ. ვისაც პურის ფქვილი ან ხორბალი სჭირდება, რუსულს უფრო იაფად იყიდიან, ვიდრე ადგილობრივისგან. ეს ჩვენი სოფლის მეურნეობის განუვითარებლობის შედეგია. ზოგადად, ხორბალი ყველა ქვეყანაში ძვირდება, უკრაინა ხორბლის მე-3 თუ მე-4 ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო მსოფლიო ბაზარზე. ის რომ გამოეთიშა, ბუნებრივია, პროდუქტის ფასიც გაიზარდა. გარდა ამისა, რუსეთი ბეგრავს ხორბლის ექსპორტს და საექსპორტო გადასახადს ზრდის. მათ შორის ჩვენთვისაც. დაახლოებით, ყოველ ორ თვეში ერთხელ, გადასახადი იზრდება. ეს ფაქტორი უკვე შეიძლება ადგილობრივი მწარმოებლისთვის ხელშემწყობი გახდეს. მათთვის, ვინც უკრაინას კონკურენციას ვერ უწევდა, დღეს შეიძლება საინტერესო იყოს ხორბლის მოყვანა. თვენახევრის წინ, მარტში, სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს და მათ დახმარებას დაპირდა, თუკი ხორბალს მოიყვანენ. რა თქმა უნდა, სრულად ვერ ჩავანაცვლებდით რუსულ ხორბალს, მაგრამ დღეს თუ 10-15%-ია ქართული ხორბლის წილი, 25-30% იქნებოდა.
ინდიგო: დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთი გზა არის — თავისუფალი ვაჭრობის გეოგრაფიული არეალის ზრდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმება ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება - ეს რატომ არ შეგვეძლო აქამდე, რა გვიშლიდა ხელს?
ბ.ნ.: ბევრი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან… კიდევ ბევრი დიდი ქვეყანაა, რომლებთანაც დაწყებულია მოლაპარაკება, მაგალითად, ინდოეთთან. სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ისინი შეიძლება რუსეთის კარგი ალტერნატივაც გახდეს. მაგრამ აქ პროტექციონისტული მიდგომა იჩენს ხოლმე თავს, არგუმენტად მოჰყავთ ის თითქოს ეს ნაბიჯი ადგილობრივ წარმოებას აზარალებს, რომ ჯობს ადგილობრივი ფერმერი გავაძლიეროთ, ის დავიცვათ, ვიდრე ფასები იყოს დაბალი. ლოგიკურია, მაგრამ ჯამში, ეკონომიკურად წამგებიანია, რადგან მხოლოდ პატარა ჯგუფი სარგებლობს, მთელი მოსახლეობა კი აგებს.
ბოლო პერიოდში რუსეთიდან, ძირითადად, პურის ფქვილი შემოდის. გაზრდილი საექსპორტო გადასახადის გამო, ხორბალთან შედარებით, ფქვილი უფრო იაფია და ამიტომ. ეს გააპროტესტეს ადგილობრივმა წისქვილებმა, რომლებიც რუსულ ხორბალს ფქვავდნენ. ისინი მთავრობას სთხოვდნენ, შეეფერხებინა ფქვილის იმპორტი და ისევ ხორბალი შემოეტანათ. “გადავარჩინოთ ქართული წისქვილკომბინატები”- ეს იყო იდეა. ამას შედეგად კი გაძვირებული პური მოჰყვება. მთავრობის პასუხი იყო, რომ ამ შემთხვევაში, იაფი ფასი უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, ზეთია კიდევ გაძვირებული, რაც რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა. უკრაინიდან შეწყდა, რუსეთმა გააძვირა. ამის ალტერნატივა არის სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. ცხადია, ტრანსპორტირება უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ ბრაზილია, არგენტინა მაინც დასაფიქრებელია ჩვენთვის. ისინი იბეგრებიან 12%-ით. მაშინ როცა რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტი საქართველოში არ იბეგრება. არადა, არგენტინა ზეთის ძალიან მსხვილი მიმწოდებელია. ვიღაცამ რომ ამ იდეის ლობირება დაიწყოს, ის უკვე არათანაბარ პირობებშია რუსეთთან, მაგალითად. ეს საკითხიც პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ თუ გავუუქმეთ საბაჟო ტარიფები, მაშინ მათაც იგივე პირობა უნდა წავუყენოთ. ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები წლობით მიმდინარეობს. ზეთზე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არის პროდუქტები, რომლის შემოტანასაც ადგილობრივი ბიზნესმენი აპროტესტებს და ამბობს, რომ გაცილებით იაფი ტარიფით სხვა არ უნდა შემოვიდეს.
თუ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს, სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი 5-12%-ით იბეგრება, საბაჟო გადასახადს ყველა იხდის. ახლა პოლიტიკურად ისეთი კონტექსტია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო. მაგალითად, როგორც დაჩქარებული ვადით შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ანალოგიურად შეიძლება ამერიკელებისთვის გვეთხოვნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაჩქარება. ეს პროცესი ათ წელზე მეტია მიდის. სწორედ ამგვარ ნაბიჯებს მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება.
ინდიგო: ეკონომიკურ სანქციებზე რას ფიქრობთ?
ჩვენ იმის ფუფუნება ნადვილად არ გვაქვს, რომ ყველა რუსული კომპანია გავაძევოთ საქართველოდან, ეს ტყუილია და პოპულიზმია. როგორ წარმოგიდგენიათ, სანქცია დავუწესოთ თელასს და ელექტროენერგია არ ვიყიდოთ მისგან? ეს არ გამოვა.
იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მთელი ქართული ბიზნესი რუსეთის ხელშია. ამხელა დამოკიდებულებაც არ გვაქვს. ამის ზუსტად გაზომვა რთულია, მაგრამ, ალბათ, ჯამში, 5%-იც არ იქნება. რომ ჩამოვთვალოთ, მაგალითად, საქართველოს საბანკო ბრუნვაში VTB-ის წილი 5%-ზე ნაკლებია. კომუნიკაციებში კომპანია ბილაინის წილიც დაბალია. ფოთსა და ბათუმში ტერმინალები აქვთ ნაყიდი. ელექტროენერგიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია აქვს თელასს. მთელი თბილისი მასზეა დამოკიდებული. ჰიდროელექტროსადგურებშიც ფიგურირებენ რუსული კომპანიები, მაგრამ აქაც მათი წილი დიდი არ არის, პატარა ჰესებზეა ლაპარაკი. მოკლედ, რუსეთზე დამოკიდებულების მხრივ, ძალიან დრამატულადაც არ გვაქვს საქმე. ეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რადგან რუსული პროპაგანდა საპირისპიროდ მუშაობს. მათ ინტერესშია ხალხს შეეშინდეს, დავიჯეროთ, რომ რუსული კომპანიების, რუსული ბაზრის, რუსული გაზისა და რუსი ტურისტის გარეშე ვერ გადავრჩებით. სინამდვილეში, ეს საკითხი ასე არ დგას.
ინდიგო: აქვს დღეს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც კონკრეტული დარგების/სფეროების განვითარებაზე დგას?
ბ.ნ.: ძალიან ნათელია, რომ ამ მთავრობას პრიორიტეტულად აქვს მიჩნეული ტურიზმი. არადა, პანდემიას თუ არ ჩავთვლით, ამ სექტორს ყველაზე ნაკლებად სჭირდება დახმარება. თან არ არის სტაბილური. ერთი ვირუსი და ვნახეთ, რომ ჩამოგვეშალა ყველაფერი. სოფლის მეურნეობაც ნამდვილად აქვთ სტრატეგიულ სექტორად გამოცხადებული, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანია შედეგი. შარშან, მაგალითად კლება გვქონდა. მხოლოდ ფულის ჩადება ამ სფეროს ვერ დაეხმარება. საქართველოში, სოფლის მეურნეობაში ცოდნის პრობლემაა. არის მცირემიწიანობის პრობლემაც - ჯერ-ჯერობით ვერც-ერთს ვერ ვაგვარებთ. ბიუჯეტიდან ფულს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაზეც ხარჯავენ. შესანახი საწყობები გვაქვს, მაცივრები, მაგრამ ვთქვათ, ისეთ სერიოზულ დარგებს, როგორიც ტექნოლოგიებია, ტექნიკაა, ვერ ვავითარებთ.
დარგების განვითარება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუ სასამართლო არ გაჯანსაღდა, განათლების დონე არ გამოსწორდა, ანტიდასავლური განწყობები ისევ გაძლიერდა, საერთოდ არ გვაქვს განვითარების შანსი.
მაგალითად, ზუსტად არავინ იცის, 5-10 წლის შემდეგ საქართველოში რომელი დარგი იქნება ყველაზე განვითარებული, ამას ბიზნეს-ეკონომიკა დღემდე ეძებს. 20 წლის წინ ვერავინ გეტყოდათ, რომ საქართველო თხილის ექსპორტში იქნებოდა წამყვანი ქვეყანა. აღმოჩნდა, რომ ღვინოზე მეტი პოტენციალი, თხილის ექსპორტში გვქონია. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, შესაძლებელია, საქართველოში „სამსუნგი” შემოვიდეს და ტელეფონების წარმოება დაიწყოს. მთავარია შევქმნათ გარემო. ქართველი ბიზნესმენია, თუ უცხოელი, არ ეშინოდეს; უსაფრთხო ბიზნეს-გარემო იყოს, კორუფცია და მთავრობისგან ზეწოლა არ იყოს, საკუთრება დაცული იყოს, სასამართლო გამართული. თორემ, გადასახადები და რეგულაციები საქართველოში ისედაც მინიმალურია და ეგ არავის აფრთხობს.
ახლა მთელი დასავლეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო არ იქნება რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელი ადგილი. ამაში თუ ვერ დავარწმუნეთ, ეს საქართველოს ბიზნესგარემოს ძალიან დააზიანებს. ყოველ დღე ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ ის მსხვილი დასავლური კომპანიები, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, ჩვენ მოვიზიდოთ. ზოგ კომპანიას რუსეთშივე ჰქონდა წარმოება. მაგალითად, სამსუნგს, LG-ის, რენოს…. ჩვენ, მაგალითად, რუსეთში აწყობილ ტექნიკას ვყიდულობდით საქართველოში. ამგვარ მოლაპარაკებებზე უნდა ვმუშაობდეთ ახლა, ამ მომენტით ვსარგებლობდეთ. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე მსჯელობა ხელახლა, ამ ახალ კონტექსტში მიდიოდეს, რომ მეტი დრო არ დაიკარგოს. რუსულ ბაზარზე ტვირთები უკან ორ წელიწადში ნამდვილად ვერ დაბრუნდება, სანქციებიც დიდხანს დარჩება ძალაში. როგორ ვხვდებით და ვპასუხობთ ამ ახალ რეალობას ჩვენ?
ფოტო: Neighbors/Youtube