სად ვართ ახლა? | მანუჩარ ოქროსცვარიძის გამოფენა
მოუხელთებელი ცოდნისა და ჩვენი დროის შესახებ
დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, თავს ავლენს სოციალური ქსელების ქაოსში მიჯაჭვულობით გამოსახულებაზე, სანახაობაზე ფენტეზისა და გლამურის ნაერთით – აპოკალიფსურ სურათებსა და სხვადასხვა დონეზე განვითარებულ მსჯელობებში თემაზე, თუ რამდენად სარწმუნოა ელექტრონული მატარებლებით განხორციელებული რეპრეზენტაციის ფორმები.
მანუჩარ ოქროსცვარიძის შეკითხვა-გამოფენა „სად ვართ ახლა?“ რიტორიკულია, სავარაუდო ვერსიების მრავალგვარობასაც გულისხმობს და არანაირად ერთ კატეგორიულ პასუხს. სხვადასხვა ჰიპოთეზის არსებობის შესაძლებლობას ტაქტიანი სიფრთხილით გვაწვდის, პერსონალური შოუ კი დამთვალიერებელთან „თანამშრომლობაა“ – გზა, სადაც სივრცის სტრუქტურირებით უნდა გამოიკვეთოს ჯერ დროის ცალკეული მონაკვეთები, მერე კი ჩვენი დროის, უფრო პოეტურად თუ ვიტყვით, „ეპოქის სულის“ ნიშანი.
თავად ხელოვანმა გამოაქვეყნა ეროვნული გალერეის ერთი დარბაზის ორი ფოტო ცხრა წლის ინტერვალით – 2013 წლის გამორჩეული ჯგუფური გამოფენის - „მთვარის მუზეუმის“ ის ნაწილი, რომელშიც მანუჩარ ოქროსცვარიძის ინსტალაცია იყო კოსმოსური ოდისეის პოეტიკით, სივრცის უსასრულობისა და უწონადობის ეფექტს ქმნიდა ურთიერთმიმართება ხომალდის ნაწილის იმიტაციასა და სფერული ფორმის სკაფანდრიანი ბავშვის სკულპტურას შორის. ამ თემის პირდაპირი გაგრძელება, ალბათ, ვერ იქნება წლევანდელი სოლო გამოფენა, იმავე დარბაზში, თაბაშირის ორი ქანდაკებით, სივრცესთან განსაკუთრებული ურთიერთობის აქცენტით, თუმცა შინაარსობრივი კავშირები, თემასთან მუშაობის ხანგრძლივი პროცესი თავისთავად ცხადია.
როგორია მანუჩარ ოქროსცვარიძის, ხელოვანის ურთიერთობა სივრცესთან, რა არის აქ მისი მხატვრული ამოცანა? შესაძლოა, ესაა სივრცის დაპყრობა/მოპოვება იმ აზრით, რომელსაც პაულ ცელანის ცნობილ ციტატაში ვხვდებით – „რეალობა მარტივად არ არის აქ, ის უნდა მოიძიო და მოიპოვო“. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა და რეალობა ხელოვანისთვის დროისა და სივრცის ერთიანობის იმ ეფემერულ მომენტებს გულისხმობს, როცა „დავიჭერთ“ მოუხელთებელ და წარმავალ ცოდნას იმის შესახებ, თუ სად ვართ ახლა, ანდაც ამას ვერ შევძლებთ.
დარბაზი, სადაც დამთვარიელებელს ორი ერთმანეთისგან დიდი ინტერვალით დაშორებული, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ქანდაკება ხვდება, იწყებს ექსპოზიციის დრამატურგიულ განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ შესასვლელი შუა დარბაზიდანაა. ავტორი მას „გზაჯვარედინს“ უწოდებს;
ღია დარბაზში შესვლისას დამაბნეველი ეფექტი, რომ უცებ გამოფენის ცენტრში აღმოჩნდი და ფიქრობ, საით წახვიდე, გამოკვეთს ექსპოზიციის სქემასა და მთავარ გზავნილს – „სად ვართ ახლა?“.
სავარაუდოდ, ავტორისეული „გზაჯვარედინის“ მეტაფორაც აქედან გაჩნდა. ინტრიგა გვერდითი დარბაზების მიმართ ინტერესს ზრდის. თუ „მთვარის მუზეუმის“ ინსტალაციაში „კოსმოსში“ მყოფი ბავშვის სხეული სწორი მეტაფორა იყო არაპროგნოზირებად სამყაროში „გამოკიდებული“ ადამიანის დაუცველი და მინდობილი მდგომარეობისა, „სად ვართ ახლა?“ უშუალოდ ადამიანის სხეულის ფენომენს ეხება, გადმოსცემს მის მოძრაობას სივრცეში და ღიად გამოხატავს ძიების პროცესს, სად არის ადამიანი, რა მიმართებებია მასსა და სამყაროს შორის, როგორია სხეულის შესაძლებლობები, სად არის ფიზიკური სხეულის საზღვარი, რა შეუძლია მას გრავიტაციის პირობებში ან სხვა განზომილებაში, სადაც ფიზიკის კანონები აღარ მუშაობს.
ერთი სხეული ზის არარსებულ სკამზე, ანუ მჯდომარე პოზაშია ღია სივრცეში, ხოლო მეორე, ზემოთ აწეული ხელებით, სკამზე დგას. ორივე ტორსი თითქოს წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს – დაძაბულობა გადამდებია, დამთვალიერებელიც ამ განცდაში შედის.
ვრცელი დარბაზი მთლიანად ინარჩუნებს მუხტს. მერე კი როცა ის უბრუნდება ცენტრალურ დარბაზს განყენებულ ოქროსფერ ზედაპირებზე არსებული ვიდეო ჩანართებით, უკვე განსხვავებულად აღიქვამს კადრებს მატერიალური სამყაროს ფრაგმენტული ფაქტებით: მცენარე, მდინარის დინება, ურბანული მონაკვეთი მწერით, ფოტოკადრი – ქანდაკებებიანი დარბაზის დაძაბულობას რომელიმე პირობით განზომილებაში წონასწორობის შენარჩუნების მცდელობის განცდით ცვლის შეხება მატერიალურ სამყაროსთან, თუმცა ყოველი გამოვლინება სიმბოლურ ნათებაში, ტრანსცენდენტურისკენ მიმავალ ოქროსფერშია ჩაკარგული. განზომილებაში ის ემოციები და კავშირები აღმოცენდება, რომლებიც განაპირობებს ჩვენი ურთიერთობების ხასიათს – ამ სივრცეში აზრები იბადება.
„დაბადებამდე თითქოს მთელი სამყარო შეთქმულია იმისთვის, რომ გაჩნდე. დაბადების შემდეგ კი ეს შეთქმულება შენს განადგურებაზეა მიმართული.“
სავარაუდოდ, სივრცის დიფერენცირებული დაგეგმვა ექსპოზიციის კონცეპტუალურ საფუძველს შეადგენდა, სამ ძირითად სეგმენტში გამოიხატა: წონასწორობის - საყრდენის ძიება, მოსინჯვის ეტაპი, რასაც მოჰყვება აზრების ფორმირების, რეფლექსიის ფაზა და ბოლოს, ვრცელი დარბაზი სათაურით „ტრანსცენდეცია“, რომელშიც ყველაფერი მატერიალური ქრება და ეფემერული ტექსტურა მსუბუქი ხაზებით, მონასმებით, ლაქებით, პიქსელების იმიტაციით გადმოიცემა და სრულიად დემატერიალიზებულ განზომილებას აგებს.
„სად ვართ ახლა?“ – მხატვარი პირველ რიგში საკუთარ ეკითხება და მერე უკვე ჩვენი ეპოქის განზოგადებულ ადამიანს გულისხმობს; პარალელურად ის კრიტიკული ჟღერადობისაა წონასწორობისა და ტრანსცენდენციის თემების მიღმა, აქცენტს აკეთებს ეგზისტენციალურ პრობლემაზე: რა მიმართებით ვართ სამყაროსთან, ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან.
მანუჩარ ოქროსცვარიძის შემოქმედებას ვინც იცნობს და მის განვითარებას ადევნებს თვალს, ამ გამოფენაში წინა პერიოდის ექსპერიმენტების კვალს დაინახავს, თუმცა, ეს არ არის რეტროსპექტიული ფორმატი, რასაც თავად ხელოვანიც ამბობს, ეს გამოფენა უფრო ხანგრძლივი და თანმიმდევრული პროცესის შედეგის პრეზენტაციაა.
მანუჩარ ოქროსცვარიძე ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი ხელოვანია, ვისაც ეფემერულობის, წარმავალობისა და უხილავის გადმოცემა ასევე ეფემერული, მატერიისაგან თითქმის გათავისუფლებული ნამუშევრებით შეუძლია. ის ამგვარ ეფექტს აღწევს მაშინაც, როცა მყარ და მძიმე მასალებს იყენებს, როგორიცაა მისი წინა წლებში შესრულებული აბსტრაქტული ობიექტები ხისა და მეტალის კომბინაციებით, ან ფერწერულ-გეომეტრიული აბსტრაქციები ელექტრონული ტექსტების ასოციაციებით. გამოფენაზე „სარკის უკანა მხარე“ (თბილისის ისტორიის მუზეუმი; 2015) ცენტრალური ნამუშევარი შტრიხკოდის იმიტაცია იყო მასიური ხის დიდი ობიექტის სახით. მოგვიანებით, 2017 წელს დედიკას გალერეაში წარმოდგენილ გამოფენაზე „შინაარსი მიუწვდომელია“ ელექტრონული სისტემებისთვის სახასიათო გრაფიკული ხარვეზების თემა ფერადოვან და ექსპრესიულ კომპოზიციებად იყო ქცეული. მატერიის სიმძიმის განეიტრალების მხატვრულ ამოცანას აჩვენებდა მისი ობიექტი „ციტატა“ („ფორმა და სივრცე“; ეროვნული ბიბლიოთეკა; 2019), სადაც ანტიკური ქანდაკების სრული ტრანსფორმაცია მოხდა პოპ-არტისტული იმპროვიზაციით.
როგორც მანუჩარ ოქროსცვარიძე ამბობს, გამოფენის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო დამთვალიერებლების რეაქციებსა და იმ განსხვავებულ ეფექტებზე დაკვირვება, რასაც ცალკეული დარბაზი ახდენდა ცალკეულ ვიზიტორზე და ეს ნაწილიც მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო პროექტისთვის, რომელმაც სივრცე ვიზალური ნიშნებით გარდაქმნა შეკითხვად „სად ვართ ახლა?“.