სადილი სკოლაში | თამარ ბაბუაძე
26.09.2023 | 12 წუთიანი საკითხავინუტრიციული დეფიციტი და ნუტრიციული შიმშილი - ანუ მდგომარეობა, როცა ადამიანი სრულფასოვნად ვერ იკვებება.
თუ შიმშილი ან უხარისხოდ კვება დიდხანს გრძელდება, ეფექტი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე კიდევ უფრო მწვავეა. რამდენგვარ ფაქტორს უნდა ითვალისწინებდეს კვების სისტემის ორგანიზება საჯარო განათლების სისტემაში? მოზარდებთან ჩაწერილ ინტერვიუებში ეს ფაქტორები გარკვევით ჩანს.
...
- რა კარგია, რომ მოხვედი. დედა, იცი, როგორ მშიოდა? ვეღარ ვხედავდი.
- ახლავე, ახლავე. ეგრე როგორ გაძელი გაკვეთილებზე?
- ვერც გავძელი. ვერ ვისვენებდი და მასწავლებელმა გადი გარეთო.
- გთხოვ, წყალი დალიე რა მანამდე.
12 წლის ბიჭი ჭიქას ავსებს წყლით და ერთბაშად სვამს. მერე იჭმუხნება და მუცელზე იჭერს ხელს:
- წყალი რომ ჩამივიდა, მთელ მუცელში შემცივდა.
- ეგრე როგორ მოიშიე თავი.
- ბარათი დამრჩა, ბუფეტში ვერ შევედი, დილით კიდე ხო გახსოვს, რა ცოტა ვჭამე, ვერ ვასწრებდი.
- მუცელში როგორ შეგცივდა ისე?
- აი, სულ ცარიელი რომ გქონდეს და ცივი წყალი ჩაგასხან, არ შეგცივდება?
ეს 12 წლის მოსწავლე კერძო სკოლაში სწავლობს. აქვთ სრულფასოვნად აღჭურვილი ბუფეტი, შედარებით ჯანსაღ კვებაზე აწყობილი მენიუ და ხელმისაწვდომი ფასები. ტკბილი გაზიანი სასმელები და მშრალი ნამცხვრები სკოლის ტერიტორიაზე არ იყიდება. ამიტომ ყველაზე პრეტენზიული მჭამელებიც, თუ წვნიანებს, ლობიოს და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის სალათას არ ყიდულობენ, იძულებულნი არიან, ყველიან სენდვიჩს დასჯერდნენ სკოლის კაფეტერიაში ან რამე სხვას, ნაკლებად საზიანოს.
უფრო დაბალ კლასებში ბავშვები კლასშივე ტრაპეზობდნენ დილის 11-ის ნახევრისკენ. ზოგჯერ ხელითაც აცხობდნენ პურებს, საზიაროდ აკეთებდნენ წვნიანს და სხვა კლასების მოსწავლეებსაც ასინჯებდნენ. მცირეკონტინგენტიანი სკოლის კამერულ სოციალურ სივრცეში, სადაც პარალელური კლასები თითქმის არ აქვთ, ასეთი შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა უფრო იოლი და მეტად ნაყოფიერიცაა. სიახლოვის, ნაცნობ ადამიანებზე ზრუნვის შთაბეჭდილება იქმნება. ეს ემოციური ფაქტორები საჭმლის ყუათიანობასაც ზრდის. ყველაზე აბსტრაქტული „ნუტრიენტები” რაც საჭმელშია, სწორედ ემოციურ განზომილებას სწვდება და სწავლის პროცესისთვის ასე საჭირო მენტალური სიჯანსაღის ფონს ქმნის კონკრეტული ნუტრიციული სარგებლის გარდა.
დიდ სკოლებში კი, სადაც უნივერსალური წესები ვრცელდება, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება რთულია. თუმცა, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სკოლაში ბავშვთა კვება პრიორიტეტული საკითხია, როგორც შემეცნებისა და პიროვნული ზრდისთვის საჭირო კომპონენტის, როგორც განათლების პროცესის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილის, ამ სისტემას ხშირად ხვეწენ და აახლებენ. აშშ-ში, 1940-იანი წლებიდან მოყოლებული დროის და ბავშვების განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების პასუხად იცვლება საგანმანათლებლო სისტემის ის ნაწილი, რომელიც ბავშვების შემეცნებითი უნარების გაზრდაზე ზრუნავს კვების მოწესრიგების გზით. საჯარო განათლებაზე უფლება ნიშნავს უფლებას კვების უსაფრთხოებაზეც ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანაში. მოდელი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოში მოქმედებს განსხვავებულია, მაგრამ პრინციპი ბავშვებისთვის საკვები რესურსების სამართლიანად გადანაწილებაა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად.
კვებამ სკოლის მოსწავლეებს შორის არ უნდა შექმნას საკვების უსამართლოდ, უთანასწოროდ გავრცელების, მოზარდებს შორის კვების გამო დაცინვისა და ბულინგის რისკები. ამიტომ საკვები, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე იყიდება ყველასთვის საერთო და მსგავსი უნდა იყოს. შესაბამისად, მის ყიდვას უნდა ახერხებდეს ყველა.
მეორე კომპონენტი ნუტრიციული სიმდიდრე და უსაფრთხოებაა. კვების რაციონი უნდა იქმნებოდეს ჰიგიენური ნორმების დაცვით, ალერგიული რისკების და დიეტური შეზღუდვების გათვალისწინებით, ვიტამინებით და მინერალებით სავსე და ყუათიანი უნდა იყოს საჭმელი, რომელსაც სკოლა მოსწავლეს სთავაზობს. ასევე, მაქსიმალურად უნდა ეწყობოდეს სასწავლო პროცესს (შესვენების დროებს, კაფეტერიებისა და საკლასო ოთახების განლაგებას, სამზარეულოს აღჭურვას).
საქართველოს საჯარო სკოლებში, ჯერჯერობით, ვერც ნუტრიციული სრულფასოვნების მიღწევაა შესაძლებელი მოზარდთა კვების ორგანიზებისას და ვერც სამართლიანი ხელმისაწვდომობის, რაც საჭიროების მიხედვით საკვების ვაუჩერების ანდა უფასო საკვების მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს ბევრგან. ეს ორი კომპონენტი განათლების სისტემის ხელმძღვანელთა დეკლარირებულ მიზნებში შედის, თუმცა, რეალურ კალენდარულად გათვლილ ნაბიჯებად ჯერ არ თარგმნილა.
უფასო კვება მხოლოდ საჯარო ბაგა-ბაღების მოსწავლეებს ეკუთვნით საქართველოში. საჯარო სკოლებში კი, ამ ეტაპზე, როცა საჯარო სკოლების ნაწილში რემონტი მიმდინარეობს და ბავშვებს ორ-ორ ცვლად უწევთ სწავლა, რეალობა მხოლოდ უსისტემობის თანმხლებ სიძნელეებს ავლენს. 2023 წლის ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში ცალკე ქვეთავი ეთმობა სკოლის დროს კვებას. ამ უახლესი მონაცემების მიხედვით, სასკოლო საათების განმავლობაში „ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%), ხოლო არასდროს იკვებება ბავშვების 35%”. იმ ბავშვებში კი, ვინც მატერიალურად შეჭირვებული და სოციალური დანაკლისის მქონე ოჯახებიდან მოდიან, არჭამის შემთხვევები კიდევ უფრო ხშირია (45%).
უჭმელობის მიზეზები სხვადასხვაგვარია, ყველაზე უნივერსალური მიზეზი კი საკვებისთვის საჭირო ყოველდღიური ხარჯის არქონაა. თუმცა, რადგან მოზარდთა კვება კომპლექსური ფენომენია, ამ საერთო მიზეზს მრავალი ინდივიდუალური თავისებურება ემატება - მარტივად, ზოგჯერ ბავშვს კატეგორიულად არ მოსწონს საჭმელი, ანდა ვერ ინელებს მას და ჭამისგან მოგვრილ დისკომფორტსს შიმშილი ურჩევნია. ზოგჯერ არ ჭამს იმიტომ, რომ თავისი ღარიბული მენიუსი რცხვენია, ანდა პირიქით - ერიდება თავისზე უფრო ღარიბი ბავშვის, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს და მისი არშერცხვენის მიზნით თვითონაც უარს ამბობს ჭამაზე.
როცა მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი სახლის საუზმის დროს მაინც დაანაყრა, ზოგჯერ არც ეს ამართლებს - ხშირად მოზარდები დილაადრიან ბევრს ვერ ჭამენ, მუცლის ტკივილი კი ის დისკომფორტია, რაც შემდეგ გაკვეთილზე ყურადღების მოკრებაში უშლით ხელს.
სწორედ ამ მრავალი თავისებურების, ერთი შეხედვით წვრილმანი დეტალის, სინამდვილეში კი ყურადსაღები გარემოების გამო ბავშვთა კვება გარემოსა და დროსთან მიმართებაში ყველაზე ფრთხილად გადასასინჯი, ყველაზე სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით დასაგეგმი პროცესია. გასაუბრება 12 წლის ბიჭთან, რომელიც, ოჯახის ხელმოკლეობის ან სხვა მიზეზის გამო, მართალია, პერმანენტულად არ განიცდის შიმშილს, მაგრამ სამაგიეროდ ხშირად განიცდის დისკომფორტს არასწორად მიღებული საჭმლის გამო, ამის მაგალითია.
“დილით დედა ალადებს მიცხობდა და შოკოლადის მინანქარს მიკეთებდა თავისი ხელით. ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ახალგაღვიძებულზე რომ ვჭამდი, სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავდი, მაგრამ მუცელი მტკივდება ხოლმე, პირველ გაკვეთილზე რომ ვზივარ”, - ესეც იმავე ბიჭუნას სიტყვებია.
„ამ დროს მინდოდა, სახლის სითბო გამეტანებინა მისთვის. შოკოლადის მინანქარი, როგორც მინიშნება, რომ შინ მზრუნველი გარემო ელოდება.”
- ასე ხსნის ტკბილ საუზმეს მისი დედა და ამატებს, რომ კარგა ხნის მერე გააცნობიერა, ბავშვების კვებაზე ზრუნვისას მთავარი არის ამ ემოციური და ფიზიკური ფაქტორების გაერთიანება. დილაადრიან, ხშირად გამოუძინებელი ბავშვის ორგანიზმზე, რომელსაც ქვეცნობიერად თუ ცნობიერად სკოლაში წასვლა ისედაც სტრესავს, შაქარი შოკურად მოქმედებს. ენერგიით ავსებს, მაგრამ მალე ისევ ენერგიისგან ფიტავს. ზოგჯერ ეს მუცლის ტკივილსა და სისუსტეში გამოიხატება, ზოგჯერ მოუსვენრობაში, ცქმუტვასა და ყურადღების დეფიციტში.
მასწავლებლები იმეორებენ ხოლმე, რომ ბავშვს კლასში შესვლისთანავე ეტყობა, რა სიმძიმე ან რა სიხარული მოიტანა სახლიდან. დაკვირვებული პედაგოგი უთქმელად ხვდება, იმ დღეს ბავშვი მშობლების კონფლიქტის მომსწრე გახდა თუ სხვა ნერვიულობა გაიარა. კიდევ უფრო ადვილია მიხვდე, როცა ბავშვი მშიერია:
„მუცელი მიყუყუნებს ხოლმე და ხელს ვიჭერ, ვიკუნტები, რომ სხვებმა არ გაიგონ. ზოგჯერ არაფერი მესმის. რამდენჯერ მომხვედრია მაგის გამო, ყურადღებით იყავიო. მაგრამ თუ მომშივდა, ვერ ვუსმენ და ჩხაპნას ვიწყებ, ან ლაპარაკს. მერე მეუბნებიან, სხვებსაც ხელს ნუ უშლიო”, - ამბობს 12 წლის მეორე ბიჭი.
შიმშილი სტრესია. გაკვეთილები ხშირად ამ სტრესით სავსე, დამფრთხალი და სხვადასხვაგვარი რთული წინაპირობის მქონე ბავშვების ყურადღების მოსაპოვებლად გაწეულ ძალისხმევასაც ნიშნავს.
შეუძლებელია ბავშვების მხარდამჭერი ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც განგრძობადი თუ ერთჯერადი ნუტრიციული დეფიციტის შევსებას უნივერსალურად, თითოეული ბავშვისთვის შეძლებს. თუმცა, მთავარი ნიშნების გათვალისწინება მაინც შესაძლებელია, მაგალითად, ასეთია ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ სრულფასოვანი კვება არასრულწლოვანს განათლების მისაღებად, შემეცნებისა და განვითარებისთვის სჭირდება, გამოდის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საჯარო განათლების სისტემა უნდა გულისხმობდეს კიდეც მოსწავლეთა კვების კომპონენტის მოწესრიგებაზე ზრუნვას. სხვა მხრივ, ზოგად განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი არაეფექტურია. ესაა არასრულფასოვნად გაცემული უფლება განათლებაზე. ბავშვი ვერ მიიღებს განათლებას, თუ ის მშიერია. ამიტომ სამართლიანი, თანასწორი წვდომა განათლების უფლებაზე უნდა მოიცავდეს კიდეც წვდომას ნუტრიციულად დაბალანსებულ საკვებზე. ასეთი კომპონენტი საჯარო განათლების სისტემის ნაწილი უნდა იყოს ისევე, როგორც წვდომა სახელმძღვანელოებზე, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სასწავლო გარემოზე და სხვა.
რამდენიმე ხნის წინ მოძრაობა “ხმამ” სკოლაში უფასო საკვების ადვოკატირების პროცესი დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში სკოლის მოსწავლეებმა ბავშვების შიმშილზე დაწერილი პიესის კითხვა მოაწყვეს თეატრის სცენაზე. ეს ამ საკითხის ზედმიწევნით კონცენტრირებულად წამოწევის პირველი თანმიმდევრული ნაბიჯებია. თუ მანამდე თემა ზედმეტად ვიწროდ მიიჩნეოდა და ადვოკატირების დღის წესრიგში ვერ დგებოდა, გადაწყვეტილების მიმღებთათვისაც რჩებოდა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებულ მიზნად.
2023 წელს ასე, ანუ შუა გზაზე მიტოვებულ ინიციატივად იკითხება განათლების მაშინდელი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას 2017 წლის ბრძანება „სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე”. ბრძანებაში ეწერა, რომ მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილი უნდა ყოფილიყო იმგვარ პროდუქტებზე უარის თქმა, როგორიცაა მაიონეზი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი…), დაკონსერვებული საკვები.. ამ ბრძანებას მოჰყვა მოსწავლეთათვის ვაშლების დარიგების ინიციატივა, თუმცა, რეალურ ცვლილებებს სასკოლო ინფრასტრუქტურის და სამზარეულოების გადაწყობის, გარდა, კომპლექსური იდეური ცვლილებებიც სჭირდებოდა. ამის შემდეგ, სასკოლო კვების სისტემის გაუმჯობესებაზე დისკუსია 2021 წლიდან განახლდა - როცა თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ნიკა მელიამ მეორე ტურის საარჩევნო პროგრამაში თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის უფასო კვების დაპირება შეიტანა, შემდეგ კი იგივე თემაზე ინიციატივა „ქართული ოცნების” მხრიდანაც გაჩნდა.
ბოლო მონაცემებით, უფასო კვების დივერსიფიცირებული სისტემა - ისე, რომ მან საქართველოს 2100 საჯარო სკოლის სპეციფიკური საჭიროება გაითვალისწინოს - არ ამოქმედებულა. ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეებში თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ბავშვები ისევ იმავე დისკომფორტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც სწავლაში ხელი შარშან, შარშანწინ და კიდევ უფრო ადრე შეუშალა.
ჩვენი კიდევ ერთი დაკვირვება ისაა, რომ ბავშვები სკოლაში ყოფნისას მოშიების ან უხარისხოდ ჭამის შესახებ დასმულ კითხვებს პირდაპირ ვერ პასუხობენ. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკვირთ, ამ თემით დედის გარდა, უცხო ადამიანი რომ ინტერესდება. ანდა უჭირთ, თავიდანვე მიხვდნენ, რომ უჭმელობა, ან ცუდად ჭამა, ვერდანაყრება, სწავლის უნარს უქვეითებთ, ამიტომ კითხვას - შეუწუხებიხარ მოშიებას გაკვეთილზე და მაგ დროს რას გრძნობ, რა გემართება? - ზოგიერთი პასუხობს, რომ არა, არ შეწუხებულა ამით, თავსაც ართმევს და მხოლოდ რამდენიმე კითხვის მერე ამბობენ, სინამდვილეში რა ემართებათ.
ამ საუბრებმა ჩვენთვის თითქმის ყველა ის აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოება გამოავლინა, რომელთა გარეშეც უფასო სასკოლო კვება საქართველოში უახლოეს მომავალში რომც დაინერგოს, სრულფასოვანი ვერ იქნება; სხვა სიტყვებით - უფასო სასკოლო კვება ერთჯერად წარმატებას ვერ მიაღწევს დეტალიზებული გათვლის შემთხვევაშიც კი. ეტაპობრივი და მულტიდისციპლინური მიდგომის მიუხედავად, სკოლის მოსწავლეების თავისებურებების გათვალისწინება გადაწყვეტილებების გადასასინჯად და შესაცვლელად მუდმივად საჭირო გახდება.
“მე ვსწავლობ 123-ში, მაგრამ რემონტის გამო 155-ში დავდივართ. ეს რემონტი ორი წელია გრძელდება. წესით წელს უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ მეორე სემესტრამდე არაო. 2-ს რომ ოცი აკლია, მაგ დროს მეწყება და 6-ის ხუთ წუთზე მიმთავრდება. რომ გამოვდივარ სკოლიდან, თუ ცეკვა არ მაქვს, ეგრევე ავტობუსში ვჯდები და სახლში მივდივარ, ოღონდ ავტობუსს ჯერ ძველ სკოლასთან მივყავართ ყველა, იქ გვტოვებს და იქიდან ვნაწილდებით ჩვენ-ჩვენს ტრანსპორტში და სახლამდე არაფერს ვჭამ. თუ ცეკვა მაქვს, მაშინაც ეგრე გავრბივარ ცეკვაზე. ისე, შიმშილი არ მაწუხებს დიდად. შეიძლება ზოგჯერ “სნიკერსი” ვიყიდო და ეგრევე ცეკვაზე მერე. ბუფეტი რომც გვქონდეს, მაინც არ ვიყიდდი არაფერს, რადგან არ მიყვარს ეს ხაჭაპური და ლობიანი და რა ვქნა. ეგ ბაბუმაც იცის და ამიტომ ან ფულს მაძლევს, ან პეჩენიას ან კრეკერს თვითონ მატანს”, - მაშო სანაია, 12 წლის.
“ჩემს სკოლაში, 221-ში, ბუფეტი არის, მაგრამ საჭმელები არ კეთდება, მარტო სასუსნაოები გვაქვს. ცომეული რა, ფუნთუშები, ლობიანი, ხაჭაპური. მე ეგენი არ მიყვარს. სახლიდან მატანენ ზოგჯერ ბუტერბროდს, ანდა ისეთ ფუნთუშას მიყიდიან, როგორიც მე მიყვარს. შიგნით რომ ქიშმიშები აქვს, ეგეთს არა. მშია ხოლმე გაკვეთილზე, მაგრამ მასწავლებელს მაინც ვუსმენ. ა, ძალიან თუ მომშივდება? მაშინ - ვეღარ. მეძინება ან სხვა რამეებზე მეფიქრება”, - კატო სანებლიძე, 10 წლის.
“დღეს დამემართა ეგრე. მეხუთე გაკვეთილზე ჩამომეძინა კინაღამ. მომშივდა ძალიან. მაგ დროს მიჭირს კონცენტრირება.” - ნუცა კობერიძე, 16 წლის.
“ზოგჯერ, თუ გვიანობამდე ვმეცადინეობდი წინა ღამეს და ვერ გამოვიძინე, პირველივე გაკვეთილიდან მოთენთილი ვარ. განსაკუთრებით ფიზიკა ან მათემატიკა თუ მაქვს. ამ დროს მშივდება ხოლმე მალე. ან მგონია, რომ თუ შევჭამ, გამოვფხიზლდები და მაგაზე მეფიქრება”, - სალომე ბეჭვაია, 15 წლის.
“მაგრამ რა არის, იცი? ბუფეტში ახლა კიდევ უფრო გაძვირდა ჭამა. პორციები დააპატარავეს. თან გააფუჭეს და თან დააპატარავეს, ამიტომ აღარ ღირს. ადრე თუ ვყიდულობდი ლარნახევრად ხაჭაპურს და ლობიანს, ახლა ხუთი ლარისკენ არის. პეჩენიები თუ სამოცი თეთრიდან გვქონდა, ახლა ეგეთი ღირს 2 ლარი. სწავლა ჩვენ პირველ ექსპერიმენტულში, ცხრის ნახევარზე გვეწყება, ორისკენ მიმთავრდება. ახლოს ვცხოვრობ და რეპეტიტორებთან სანამ წავალ, სახლში მისვლას ვასწრებ. ამიტომ თუ რომელიმე გაკვეთილზე მომშივდა ხოლმე, ჩემთვის ვამბობ, ერთი გაკვეთილიც მოვითმენ და მერე საცხობში ვიყიდი ან სახლში შევჭამ. არ ღირს რა, იმდენად პატარებია ეს გამოცხობილი რაღაცები, რომ აზრი არ აქვს რამდენჯერაც ვნახე”, - ლიზა კანდელაკი, 16 წლის.
„ანუ ღარიბი ბავშვი თუ შემიმჩნევია? ხო, გავიგე, ეგრე პირდაპირ რომ არ გიკითხავს. ეგ თუ ითვლება არ ვიცი, მაგრამ სხვა ბავშვებს რომ ჩიფსი მოაქვთ, მაგათთან გარბიან ხოლმე, მივარდებიან და აღარაფერს უტოვებენ. ზოგი არის, რომ საერთოდ არაფერი არ მოაქვს სახლიდან. საგზალი ერთი-ორჯერ მე კი მქონდა წაღებული, მაგრამ მასწავლებლები ხშირად აჭარბებენ დროს, დასვენების ხუთ წუთზე შეიძლება კიდევ აგვიხსნან რაღაცები და ჭამას ვერ ვასწრებთ, ხუთი წუთის ნაცვლად, შეიძლება ორი წუთი დაგვრჩეს. ამიტომ გვირჩევნია ადვილად და უცებ რაც იჭმევა, ის გვქონდეს. ხო, ჩიფსები ეგეთია. ისე, ძველ სკოლაში სასუსნავები, ლობიანები და ხაჭაპურები იყიდებოდა და ორ ლარში შეგეძლო გეყიდა”, - მაშო.
“მეოთხე კლასში რომ ვიყავი, დაწყებით კლასებში ნისიების რვეული გვქონდა, მაგრამ თუ მასწავლებელი შვილი არ იყავი და არ გიცნობდა მებუფეტე, არ მოგცემდნენ ასე. რომც მოეცათ საშინელი კვება იყო. შეფუთულ ხმელ ჩხირებს, მაგალითად, სასარგებლო რა უნდა ჰქონოდა? ან ჰოთდოგს, ან ლობიანს. უცებ გამომცხვარ ცომზე ვართ გადასულები. რაც გვჭირდება, ვერ ვიღებთ. და ამ საშინელებასაც ყოველდღე ხუთი ლარი მაინც სჭირდება - ლობიანზე და წყალზე ან წვენზე რომ გეყოს, ვთქვათ. წინა სკოლაში, ბუფეტში, კატლეტები და წიწიბურა და ეგეთი ოჯახური საჭმელები მარტო მასწავლებლებისთვის იყო. ვამბობ დაახლოებით ოთხი წლის წინანდელ ამბავს”, - ანა.
“ხუთი ლარი ვერ მიმაქვს ყოველდღე. ვერ მატანენ ეგრე ჩემები. ჩემს კლასელებსაც შივდებათ და ვერ ჭამენ ხშირად. ზოგს ფული არ აქვს, ზოგს ის საკვები არ მოსწონს. ჯანსაღი კვება რომ იყოს სკოლაში და მეტი არაფერი და ცოტა იაფი ღირდეს, გაგვიადვილდებოდა. საღი გონება ხომ გინდა, არა? და როცა გშია, ვერ გაქვს”, - ნუცა.
“მე შორიდან დავდიოდი შარშან სკოლაში. შვიდ საათზე ვდგებოდი, მეტროში ჩავდიოდი, მეტროდან კიდევ სკოლის აღმართზე - ფეხით. მეოთხე გაკვეთილიდან უკვე თავბრუ მეხვეოდა. მასწავლებელი რომ ლაპარაკობდა, მე ვითიშებოდი, გათიშვები მქონდა. მერე კანფეტების ტარება დავიწყე. შოკოლადს მაინც ტონუსში მოყავხარ. და სხვებსაც ვურიგებდი, თორემ სულ გვეძინებოდა”, - ანა.
“მე მუცელი მტკივდება შიმშილისგან. მასწავლებელს ვცდილობ, ვუსმინო, მაგრამ ყურადღებაზე უფრო მაგაზე მაქვს გადატანილი. ზოგი მასწავლებელი ისეთია, გაგიშვებს, რომ პეჩენია მაინც შეჭამო. ზოგი კიდევ, საჭმელად კი არა, საპირფარეშოში გაშვებაზეც უარს გვეუბნება, ამიტომ ზოგჯერ ჩუმად ვჭამთ ხოლმე გაკვეთილზე”, - სალომე.
“ზოგი კიდევ რატომ ვერ ჭამს, იცი? ვიღაცა დაგცინებს აუცილებლად და იმიტომ. ძაან ბევრია, რომ გიყურებს, როგორ ჭამ. თვალებში რომ უყურებ, ხედავ, რომ მასაც შია, არ არის საჭირო, გითხრას. მე კიდევ მაზნიაშვილის ლეგიონში ვარ და იქ ისე გვწვრთნიან და ისედაც, ჩემი პრინციპებიც ასეთია: თუ ერთი სვამს, ყველა სვამს, თუ ერთი ჭამს, უნაწილებს სხვასაც. ამიტომ თუ ვერ უნაწილებ, გასაგებია, რომ შეიძლება შენც ვერ ჭამდე”, - ანა.
“პეჩენია რომ მომქონდა ადრე სკოლაში, ერთი-ორი ცალი თუ შემხვდებოდა, სხვებს ვაძლევდი. ზოგჯერ თუ ფული გვაკლდება, ერთმანეთს ვუმატებთ. და როცა ბევრს არ მოაქვს, შეიძლება უხერხულად იგრძნო თავი თუ სახლიდან მოტანილ საჭმელს ჭამ. თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, მერხთან ზიხარ მარტო და ჭამ სახლში გაკეთებულ საჭმელს და სხვები ამ დროს შეიძლება გიყურებდნენ. მეც ვყოფილვარ ისე, რომ ფული არ მქონია საჭმელად. თან ბუფეტში არც ისე დაბალი ფასებია. გარეთ რომ წვენი ღირს ლარნახევარი, ბუფეტში სამი ლარი ღირს”, - სალომე.
“ისე, ზოგ ბავშვს უკრძალავენ მშობლები ბუფეტში ჭამას. არ ვიცით, როგორი ხარისხისააო. რას რისგან ამზადებენო. პატარა რომ ვიყავი და პატარების შენობაში ვსწავლობდით, მაშინ მახსოვს, ჭუჭყი იყო ძალიან ბუფეტის კუთხეებში”, - ლიზა.
ინდიგოს გამოკითხვაში მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა უბნის ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი