გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საგვარეულო საფლავები | ქრისტო, ზემო აჩაბეთი

ერთ ლურსმანსაც ვერ იპოვიდი. სახლი ბოლომდე დამწვარი იყო. 2008-შივე, მერე ტრაქტორები მოაყენეს და სულ გახვეტეს. ეხლა ნასახლარიც აღარ ეტყობა. 

თავის მიწა-წყალს და იქ დატოვებულ მიცვალებულებს ვინც იხსენებს, კი არ ლაპარაკობენ, ისინი ტირიან. რა ვიცოდით, ასე თუ მოხდებოდა. 1991 წლის მერე ჩვენ მაინც დავრჩით. ჩვენი ხეობიდან კაციშვლი არ წამოსულა, არც ქალი, არც ბავშვი. 2008-ამდე იქ ვიყავით. აგვისტოშიც ყველგან შრომა მიდიოდა, მინდვრებში - მოსავალს რომ იღებდნენ, მაშინ მოხდა ყველაფერი. 

ყოველთვის ძალით ძაბავდნენ და ძაბავდნენ ხოლმე. სულ გარედანა. 

მე რვა აგვისტოს საღამოს წამოვედი, მეუღლე გამიხდა ცუდად და წამოვიყვანე. უკან რო ავედი, ჩეჩნებმა მითხრეს, გაბრუნდიო. მაღლიდან გადამახედეს და ბოლი იდგა უკვე. დარბოდნენ, სახლებს ცეცხლს უკიდავდნენ. დედაჩემი იქ დამრჩა. ვერ მოვასწარი გამოყვანა. მეორე ღამეს ტყვედ აიყვანეს. ცხრა დღე ცხინვალის იზოლატორში იყო. მერე შინაურები გვყავდა იქით, დაგვეხმარნენ და დედა იმათ გამოიყვანეს. 

ეხლაც მაქვს შენახული ის ტანსაცმელი, რითიც გამოვედი. ეგ მახსენებს იქაურობას. თორემ თითზე გადასახვევიც არ წამოგვიღია. 

იქ არც ოსის და არც ქართველის სახლი არ უნდა გადარჩენილიყო - ეგ იყო მოსკოვის გადაწყვეტილება. კეხვიდან დაწყებული, თამარაშენით დამთავრებული სულ გახვეტეს, არც ნასახლარი ეტყობა და არაფერი. ეხლა თავისთვის იშენებენ რაღაცებს, ინაწილებენ ტერიტორიებს. ყიდიან და აშენებენ დაჩებს. ჩემი ბიჭის საკარმიდამო ნაკვეთზე სამსართულიანი კორპუსი ააშენეს. 

ჩვენც არ ვიცით ეს სად ვართ. აქ რო პირველად მოვედით, ჩიტიც კი არ დაფრინავდა, ეს ყველაფერი მერე დავრგით. თითქოს კომპენსაცია უნდა მოეცათ და ყველა იყიდიდა მიწას. ვიმუშავებდით მიწაზე. აგერ, შეხედე, მთელი დღე კედელს ხან აქიდან მიეყუდებიან, ხან იქიდან - არა აქვთ სამუშაო. ჩვენთან, ხეობაში მეტისმეტი ლოთი და ზარმაცი ნუ იქნებოდა და ყველა კარგად ცხოვრობდა. აქ კიდევ, ეს სახლები ერთმანეთს ისე მიაწყვეს, ვითომ არ შეგეშინდეთ ომში მოყევითო, გულში არ ჩაგრჩეთ შიშიო და ასე მიწყობილად შეგვასახლეს. აბა, სულ ჩვენი დარდი ქონდათ, ცემა-ტყეპით რო გამორეკეს ხალხი ქალაქიდან. ვითომ, რა, ვარკეთილში ცხოვრობდნენ, შვეიცარიელების აშენებულში, მაგრამ არაო, ძალით გამოასახლეს იქიდან. 

პირუტყვი გინდოდა, მანქანა გინდოდა, თუ ტრაქტორი - ყველაფერი იქ დარჩა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, იქ სასაფლაო რომ გვაქვს ჩვენი, საგვარეულოსი, და არ გვიშვებენ მამაჩემის საფლავზე. 

ეხლა ვიგონებთ და ვართ. შენ რომ იყო, არ მოიგონებდი? არ იფიქრებდი ასე იყო, ისე იყო, არ მოგენატრებოდა?

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

______________________________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტრანსკრიპზე მუშაობდა ნინუცა მეტრეველი
ფოტო: თაკო რობაქიძე

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა