სამიდან ერთი | თამაზ ფანჩულიძე, მხედრიონის წევრი
30.11.2020თამაზ ფანჩულიძე, 64 წლის, თბილისი, მხედრიონის წევრი, ჯაბა იოსელიანის ყოფილი დაცვის უფროსი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992.
მე სამაჩაბლომ რომ იფეთქა, აი, მაშინ შევუერთდი.
იქამდე ტელევიზიაში, პირველ არხზე ვმუშაობდი ცვლის უფროსად. ზალიკო ამაშუკელიც ერთ-ერთი თანამშრომელი იყო ტექნიკურ ჯგუფში. ახალი მისული იყო ბატონ ჯაბასთან.
ერთ დღეს, სამედიცინო ინსტიტუტში მიმიყვანა, ვაჟა-ფშაველაზე. პირველ სართულზე, დარბაზში ვარჯიშობდნენ ხოლმე ჯაბას ბიჭები. იქ გავიცანი ბატონი ჯაბა იოსელიანი. ძალიან უბრალო კაცი იყო. სასიამოვნოა, რომ შემოუერთდი ჩვენ ჯგუფსო. თავიდან ორმოცდაათამდე ვიყავით.
ჯაბა ძალისმიერად ოსებთან ლაპარაკის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ზვიად გამსახურდიას ფრთამ გაამწვავა იქ სიტუაცია, კოსტავას საზოგადოებამ.
ბატონი ჯაბა ამბობდა, მოდით, მოვილაპარაკოთო. კარგად იცნობდა კოსტავასაც, ზვიადსაც, მაგრამ ზვიადთან უფრო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მას მერე, რაც ზვიადმა „ვრემიაში” ის ცნობილი აღიარება წაიკითხა, აღარ ენდობოდა (კადრებიც არის). მერე გაიმართლა თავი, ეგ ტაქტიკური სვლა იყოო და ბატონი ჯაბა შეწინააღმდეგებია, რას ქვია ტაქტიკური, მაშინ დედოფალი ქეთევანიც ასე გააკეთებდა, მიიღებდა ისლამს და ჩუმად ქრისტიანულად ილოცებდაო.
სამაჩაბლოში მე მახსოვს მომენტი, როცა შერიგებისკენაც მიდიოდა საქმე. ცხოვრებოვს შეხვდა ბატონი ჯაბა ცხინვალის გარეუბანში. მე ვესწრებოდი ამ ლაპარაკს. ბატონმა ჯაბამ ყველა დაშოშმინდება, პიკეტები მოიხსნება, ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგებაო. მაშინ ჯერ-ჯერობით მსხვერპლიც არ იყო, შევთანხმდით ყველაფერზე. ცხოვრებოვიც დაჰპირდა, ჩვენგანაც ასე იქნებაო. ბინდდებოდა, იქიდან რომ წამოვედით.
ორი ათწლეული აგვისტოს ომამდე
სადაც ჩვენი პიკეტი იყო, ბატონმა ჯაბამ ყველა იმ საღამოსვე მოშალა - წადით სახლებში, არანაირი პიკეტი აღარ იქნებაო. შევიარეთ ვაჟა ადამიასთან, კოსტავას საზოგადოების შტაბში. იქაც გააფრთხილა ბატონმა ჯაბამ, ცხოვრებოვთან ასე მოვილაპარაკეთო. უთხრა, ყველა უკან, სახლებში გაუშვით ვინც შეიარაღებული მოვაო, ხან თოფებით მოდიოდნენ, ხან კუსტარული რაღაცეებით, - სამშვიდობო პროცესი დაიწყოო. მაგრამ იმათ უკუღმართად გააკეთეს.
ალბათ ყველაფერი ზვიადისგან მოდიოდა. მიტინგზე რომ გამოიტანეს ზვიადის მომხრეებმა აკვანი, ვითომ ოსებმა ქართველი ბავშვი მოკლეს აკვანშიო. ეხლაც მახსოვს, ეს აკვანი როგორ ეჭირათ ხელში მიტინგზე. სინამდვილეში სულ სხვანაირად მოხდაო. პანაშვიდი, ყველაფერი გადაღებული ჰქონდათ და მაშინდელი ტელევიზია უჩვენებდა სისხლიან აკვანს, ნახეთ, ოსები რას შვრებიანო. აი, ამ ტალღაზე მოვიდნენ გამსახურდიას მომხრეები ხელისუფლებაში და მაგ ტალღამ გაამწვავა სამაჩაბლოშიც სიტუაცია.
ბატონმა ჯაბამ უცადა და ბოლოს გამგზავნა სამაჩაბლოსკენ ორ პიროვნებასთან ერთად. რა არეულობა იყო, ზუსტი ინფორმაცია უნდა ჩამოგვეტანა ბატონი ჯაბასთვის. რეალურად, ჩვენ რომ გამოვედით, მერე კიდევ უფრო დაიძაბა. ძალიან არასწორად იქცეოდნენ ოს მოსახლეობასთან. ხან მოხუცებს, ქალებს, ახალგაზრდა ბიჭებს ატყვევებდნენ, ხან შეყრიდნენ მდინარეშიო, ჩაგრავდნენ უმიზეზოდ.
იქ ველაპარაკეთ ოსებს და გვაჩვენეს კადრები. საავადმყოფოშიც ვიყავით. ჩვენი თვალით ვნახეთ ნაცემი ხალხი.
ჩამოვედი და ვუთხარი ყველაფერი - ასეა-მეთქი. ჩვენ სამიდან, სხვათაშორის ერთ-ერთი ის იყო, მერე ხილიანზე ვინც აგვაფეთქა. ტერაქტი რომ მოგვიწყვეს. ამ ტერაქტის დროს, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი რვა წლის ბიჭი იყო.
წლების მერე შემხვდა კუს ტბაზე. თვითონ მიცნო, თამაზ, თამაზო. შევხედე და გავგიჟდი, შენ გვაფეთქებდი, გვკლავდი ყველას და ეხლა როგორ მელაპარაკები-მეთქი. გაშრა. არაფერი მითხრა. გრიშა ერქვა მახსოვს, მაგრამ გვარი დამავიწყდა. მაშინ იმ ორმოცდაათი კაციდან ეგ ერთ-ერთი იყო. მერე ზვიადმა გადაიბირა, ხელისუფლებაში რომ მოვიდა.
აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან