გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სამჯერ აკოცე და ნუ გადააგდებ!

ამბავი პურზე

ეს ამბავი არის პურზე და ის 30 ათას წელზე მეტია გრძელდება. ქიმია, ფიზიკა, კულინარია, შემოქმედება, ღონე, ზრუნვა, კონცენტრაცია, არსებობის წყარო და კულტურა – პური ყველაფერია – ადამიანური ურთიერთობების საწყისიც, გაზიარების სიმბოლოც და ყოველი სუფრაც მისით იწყება.

თუმცა პური შეჩვეული სიყვარულივითაა – გგონია, სულ შენი იყო და შენი იქნება; კვლავაც გიყვარს, მაგრამ გგონია, არც ზრუნვა უნდა, არც პატივისცემა, არც შექება. აარჩევ დახლზე, თითქმის თვალდახუჭული, მექანიკურად და ბრმად და მერე მექანიკურადვე მიაყოლებ კერძს, რომლის გასინჯვაც გეჩქარება, პურის ფორმას, ჩაკბეჩისას წარმოქმნილ გემოს და ფაქტურას კი არც დაუკვირდები. რად უნდა დაკვირვება, ის ხომ შენია – როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გარესამყაროს მიღებაში, ამ შემთხვევაში კერძის გასინჯვაში გეხმარება.

ისე, ცოტათი მართალი ხარ – პური შენია. პურმა გაგაადამიანურა. მართალია, ეს ათასწლეულების წინ მოხდა, მაგრამ გენეტიკურად გადმოცემული ყოველი ინფორმაცია მძლავრია და შენც ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ კარგად იცი, რომ სულ თან მოგყვება; რომ ადამიანობის სხვა საფეხურზე მაშინ გადახვედი, როცა ხორბალი მოაშინაურე, ყანა მომკე, კალო გალეწე, მარცვალი დაფქვი, წყლის და ქარის წისქვილი მოიგონე, მუჭებითა და თითებით მოზილე ცომი, საფუვრის საიდუმლო აღმოაჩინე, პურის დედას პურის დედა დაარქვი, ოთახიდან ყველა გაყარე და ილოცე, მთელი გულით ილოცე ცომის მოზელისას შენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე, შენს სახლში სიყვარულის, სიმშვიდისა და ბარაქის დამკვიდრებაზე,

პურს სიყვარული მწიკვი მარილივით მოაფრქვიე და მერე მუშტად შეკრული ხელით ღონივრად შეაზილე ყველა მხრიდან; კარგად, მძლავრად შეაზილე, რომ პურის ცხობაში გულში, ჩუმად წარმოთქმული ლოცვა პურის ჩაკბეჩისას ყველა შენს საყვარელ ადამიანზე გადასულიყო, რადგან იცოდი, რომ პურით მზე შემოდის ადამიანის ორგანიზმში, წრედი იკვრება მზეს, მიწას და ადამიანს შორის.

ხო, როცა დაგივარდა, სამჯერაც აკოცე, – არ განაწყენებულიყო, არ მიეტოვებინე.

ასე აკეთებდი ყოველდღე, ერთი კვირის, ერთი წლის და მერე უკვე მრავალი საუკუნის და ათასწლეულის განმავლობაში. ეს იყო ნამდვილი სიყვარული, რომელიც მერე რა, თუ მექანიკურ ქმედებაში გადავიდა, ყოველი მორიგი ცხობისას, ყოველი მორიგი გასინჯვისას თავიდან ახლდებოდა და იმუხტებოდა ფიქრით, რადგან შენს საყვარელ ადამიანებს გამოკვება ყოველდღე სჭირდებათ, რათა ლოცვებითა და ვიტამინებით თანაბრად დახუნძლული პურით დაიცვა ავადმყოფობისგან; საფუარს განახლება ყოველდღე სჭირდება, რათა ახალი პური არ მოგაკლდეს; ომშიც ხშირად გიწევს წასვლა და რით უნდა ისაზრდოო გაჭირვებაში, თუ არა პურით; სტუმარიც არ გელევა და რა უნდა გაუზიარო გულითადი დახვედრის აღსანიშნავად, თუ არა – პური.

პურამდე მონადირე და შემგროვებელი იყავი. პურთან ერთად კი უფრო მეტად გაიგე სახლის და კერის ფასი.

როდის შეაჩვიე თვალი, ყნოსვა და გემო? როდის დაასკვენი, რომ ის შენი კუთვნილებაა? რომ რაც უფრო გაათეთრებ ფქვილს, მით უფრო გემრიელი იქნება; რაც უფრო მეტად ქიმიურ საფუარს გამოიგონებ, მით მალე გამოგიცხვება; რაც უფრო მალე გამოაცხობ, მით მალე აგავსებს ვიტამინებით და ენერგიით? ანდა რაც უფრო მეტად მოარიდებ თავს, მით უფრო არ გაგასუქებს?

ინდუსტრიალიზაციამ დაგღუპა. მასობრივმა წარმოებამ. დაუკვირვებლობამ, რის გამოც ენდემური ჯიშები ლამის გააქრე, ხორბლის ნაირსახეობები ერთმანეთში აურიე და იფიქრე, რომ პურის ძალას ამით მაინც შეინარჩუნებდი; წყალში ქიმიური საფუარი ხსნადი ყავასავით გახსენი და ორ საათსაც არ დაელოდე ცომის ამოფუებას. მესმის, რომ ლოცვას ვეღარაფერში ჩააქსოვდი, რადგან პურს უკვე დიდი ხანია, მაღაზიაში ყიდულობ, მაგრამ სულ დაკარგე კავშირი მასთან, დაივიწყე მისი ძალა, ინსტრუმენტად აქციე, რომელიც შენ მიერვე მოგონილი დახვეწილი და ნატიფი კერძების გემოს გიათკეცებს. საშიშ პროდუქტად აქციე, რომელიც ასუქებს, გბერავს, გაავადებს. თუ დაგივარდა, ინსტინქტურად შეიძლება მაინც აკოცო სამჯერ, მაგრამ ამ რიტუალის აღარ გჯერა.

ვიცი, რომ უკვე ნანობ. გატყობ, უკვე რამდენიმე წელია, ნანობ. და გინდა, დაიბრუნო – კოცნამ გაჭრას.

რა უნდა ქნა? წარსულში ვეღარ დაბრუნდები. მასობრივ წარმოებაზე დამოკიდებული გახდი და ვეღარ მოსპობ. ყველგან გჭირდება, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდე, თან ბევრი, სწრაფად და უწყვეტად. მაგრამ ნუ ღელავ. დრომ, რომელშიც ცხოვრობ, ყველაზე დიდი სიკეთე რაც მოგიტანა, არჩევანია. მთელი ისტორია შენ თვალწინ იშლება. ისტორია შენ თვალწინ იცვლება კიდეც, მაგრამ შენ იმდენნაირ ინსტრუმენტსა და იმხელა ინფორმაციას ფლობ, განსხვავებით შენი წინაპრებისგან, რომ თუ მოინდომებ, არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდება. კი, გაბედე, შეგიძლია, ხორბალი თვითონ დათესო. კი, გაბედე, შეგიძლია, ენდემურ ჯიშებს მიუბრუნდე, რადგან მათშია ჩაქსოვილი შენი გენეტიკური კოდები. კი, გაბედე და მოზილე ცომი. გაიხსენე, რომ არსებობს ჭვავი, ქერი, შვრია. დაამჟავე პურის დედა, გადაყარე ხსნადი საფუვრის პაკეტები, ანდა საერთოდაც უარი თქვი საფუარზე, გაიხსენე, როგორ მზადდება ხმიადები, მზესუმზირის მარცვლებით, ნიგვზითა და ჩირით. აჰ, დრო არ გაქვს? მაშინ გაიხედ-გამოიხედე, ნახავ, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი მცხობელები, რომლებიც ამ ყველაფერს გაცნობიერებულად აკეთებენ – ცომს მთელი ღამით აყოვნებენ, სუფთად და გულმოდგინედ აცხობენ, ვიტამინებსა და ენერგეტიკულ ძალას უნარჩუნებენ. იყიდე, დაჭერი და საცხობში კეთილსინდისიერად დაწყებული პროცესი სახლში შენ თვითონ გააგრძელე – პურის დაჭრისას იფიქრე საყვარელ ადამიანებზე, სუფრაზე მიტანის წინ ჩაუთქვი, რომ შეგერგოთ, გაგაძლიეროთ, სიმშვიდე, სიყვარული და ბარაქა მოგიტანოთ. გაიხსენე, რომ პური შენი კულტურულობის ამსახველი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ნუღარ დაიჯერებ, რომ ის სიმსუქნესა და გულის დაავადებებს იწვევს, დაუბრუნე მას ძალა, რომელიც ერთმანეთს თქვენი ურთიერთობის დასაწყისში მიანიჭეთ.

გამოაცხვე თვითონ,

ეძებე კეთილსინდისიერი მცხობელები.

ავტორი : ოლივია ჯაში
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა